გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორიის გადარჩენა ჩვენი მთავარი საზრუნავია

08 დეკ 2017

თსუ-ის ბაზაზე დღეს 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია და მათი წვლილი მეცნიერების ცალკეული დარგების განვითარების საქმეში საკმაოდ დიდია. ამ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის სამეცნიერო აქტივობებით, სამეცნიერო კვლევების სიმრავლითა და „საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობით გამოირჩევა მდიდარი ტრადიციების მქონე ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი. მას არსებობის 92 წლოვანი ისტორია აქვს და, მიუხედავად ახლო წარსულში შექმნილი მძიმე პოლიტიკური თუ ეკონომიკური ვითარებისა, ღირსეულად აგრძელებს თავის საქმიანობას. 
ინსტიტუტის საქმიანობის, გეგმების, წარმატებებისა და პრობლემების შესახებ გვესაუბრება ინსტიტუტის დირექტორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი თამარ წუწუნავა.

ინტერვიუ

– ქალბატონო თამარ, გეოლოგიის ინსტიტუტის წარმატებულ საქმიანობასა და საერთაშორისო აღიარებას წინ უძღოდა კოლექტივის მაღალი კომპეტენცია, პროფესიონალიზმი და თავდაუზოგავი შრომა. რა გზა გამოიარა ინსტიტუტმა, სანამ ასეთ წარმატებას მიაღწევდა?
– გეოლოგიის ინსტიტუტი დაარსდა პროფესორ ალექსანდრე ჯანელიძის ინიციატივით 1925 წლის 25 დეკემბერს. იგი გახდა გეოლოგიური პროფილის პირველი სამეცნიერო დაწესებულება ყოფილ საბჭოთა კავშირში. ინსტიტუტმა იგივე გზა განვლო, რაც ყველა სხვა სამეცნიერო კვლევითმა დაწესებულებამ – 1941 წლიდან ინსტიტუტი იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში, 2006 წლიდან ექვემდებარებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო 2010 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაშია. 
ინსტიტუტში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა იმთავითვე მიმდინარეობდა გეოლოგიის დარგის ფართო სპექტრით. გასული საუკუნის 40-იან წლებში ინსტიტუტში უკვე არსებობდა 15 ლაბორატორია,¬¬ საშლიფე და მექანიკური სახელოსნოები. ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ შეიქმნა უნიკალური პალეონტოლოგიური მუზეუმი, რომელშიც ინახება მრავალი წლის განმავლობაში მონოგრაფიულად შესწავლილი და გამოქვეყნებული 130 კოლექცია. ინსტიტუტს აქვს მდიდარი (მათ შორის უნიკალური გამოცემებიც) სპეციალური ბიბლიოთეკა. იმ დროისთვის, ინსტიტუტში უკვე ჩამოყალიბდა თვითმყოფადი ქართული გეოლოგიური სკოლა, რომელიც ერთ-ერთ ძლიერ სკოლად ითვლებოდა საბჭოთა სივრცეში. 1932 წლიდან ინსტიტუტი საკუთარ პერიოდულ ნაბეჭდ პროდუქციას გამოსცემს.
გარდა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა, ინსტიტუტის თანამშრომლები მუდმივად მონაწილეობენ ისეთ მასშტაბურ სახელმწიფო პროექტებში, როგორიცაა: ტრანსკავკასიური რკინიგზის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და შაჰ-დენისის გაზსადენის ტრასების და ჰიდროელექტროსადგურების გეოლოგიური და სეისმოტექტონიკური პირობების დადგენა, მსხვილი სამშენებლო ობიექტების გეოეკოლოგიური პირობების განსაზღვრა და სხვა; ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ შედგენილია კავკასიონისა და საქართველოს სხვადასხვა დატვირთვისა და მასშტაბის მქონე საერთაშორისო რუკების ციფრული ვერსიები (ქართულ და უცხოურ ენებზე); ინსტიტუტი მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეროვნული ატლასის შედგენაში, თიხა-ფიქლებიდან ბუნებრივი აირის მოპოვების კონცეფციის შექმნაში, საქართველოს სეისმური უსაფრთხოებისა და გეოეკოლოგიური უსაფრთხოების კონცეფციების მომზადებაში. დღეისთვის ინსტიტუტში მიმდინარეობს საქართველოს ლითონური და არალითონური საბადოების გეოლოგიის კვლევა; სამრეწველო ათვისების მიზნით, შეისწავლება მიწისქვეშა წყლების რესურსები, მათი ჰიდროქიმია და ეკოლოგია; ხდება წყლის დამუშავების ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სხვ. ინსტიტუტის მეცნიერების მიერ მოპოვებულია მრავალი საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო გრანტი. თანამშრომლებს მიღებული აქვთ სახელმწიფო და სახელობითი პრემიები და ჯილდოები. მათი ნაწილი ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობს სამაგისტრო და სადოქტორო თემებს. 
გადაუჭარბებლად გეტყვით, რომ ქართველ მეცნიერ-გეოლოგთა მიღწევები დიდი და მნიშვნელოვანია. გეოლოგიის ინსტიტუტის რამდენიმე თაობის მიერ ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევებმა ქართულ გეოლოგიურ სკოლას საერთაშორისო აღიარება მოუპოვა. მსოფლიოში ცნობილი მეცნიერის, აკადემიკოს ვიქტორ ხაინის აზრით: „ძნელია შეაფასო ქართული გეოლოგიური სკოლის, მისი სამი თაობის მიერ არა მარტო საქართველოს, არამედ კავკასიისა და მთელი ალპურ-ჰიმალაური სარტყლის გეოლოგიაში შეტანილი წვლილის მნიშვნელობა“.
– რა სამეცნიერო პროგრამებზე მუშაობთ?
– 2016 წლიდან ინსტიტუტის თანამშრომლები მუშაობენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ 10-წლიანი პროექტზე – „საქართველოს დედამიწის ქერქის აგებულების, შედგენილობისა და ტექტონიკური დეფორმაციების კვლევა და მადანწარმოშობის კანონზომიერებათა გამოვლენა კავკასიის გეოდინამიკურ ევოლუციასთან კავშირში“. პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს 5 მიმართულებით. გარდა სამეცნიერო საქმიანობისა, ინსტიტუტი აგრძელებს გამოყენებითი ხასიათის სამუშაოებს: გრძელდება საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა პროფილისა და მასშტაბის, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ლითონური და არალითონური სასარგებლო წიაღისეულის სპეციფიკური დეტალიზებული, მსხვილმასშტაბიანი ციფრული რუკების შედგენა; მიმდინარეობს თბილისის მიდამოების ახლად წარმოქმნილი რღვევების შესწავლა სეისმურ დარაიონებასთან დაკავშირებით; უზრუნველვყოფთ გეოტურისტული მეგზურების შედგენას საქართველოს ტერიტორიისთვის და სხვ.


– რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს გეოლოგიის ინსტიტუტი?
– ნება მომეცით, ცოტა უკან, წარსულში დავბრუნდე. არ გაგაკვირვებთ, თუ გეტყვით, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ხანგრძლივი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი ნეგატიურად აისახა ინსტიტუტის განვითარებაზე. წლების განმავლობაში ინსტიტუტის ბიუჯეტი მხოლოდ მწირ ხელფასებსა და კომუნალურ გადასახადებს ითვალისწინებდა. შესაბამისად, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის დამყარება და, რაც მთავარია, ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახლდათ. ეს ის პერიოდი იყო, რომელიც როგორმე უნდა გადაგვეტანა, რათა მომავალში მუშაობა გაგვეგრძელებინა და დღემდე მოვსულიყავით. მოგვიანებით, ინსტიტუტი კიდევ ერთი გამოცდის წინაშე დადგა: 2012 წელს გეოლოგიის ინსტიტუტის შენობა გაიყიდა. ინსტიტუტი პირვანდელი შენობიდან პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის შენობაში გადაიყვანეს, სადაც იგი დღემდე იმყოფება. ინსტიტუტი განთავსდა მისთვის შეუთავსებლად მცირე ფართობის, მწყობრიდან გამოსული და უმეტესად სამუშაოდ აბსოლუტურად გამოუსადეგარი ყოფილი ქიმიური ლაბორატორიების ოთახებში. გარდა ამისა, დემონტაჟისა და ტრანსპორტირების პროცესში მნიშვნელოვნად დაზიანდა ან საერთოდ გამოვიდა მწყობრიდან მთელი რიგი ხელსაწყო-დანადგარები და აპარატურა, დაზიანდა ინსტიტუტის მდიდარი ბიბლიოთეკის ნაწილი. გადაუჭარბებლად მოგახსენებთ, რომ ინსტიტუტი განადგურების პირას აღმოჩნდა. მიუხედავად ბევრი მცდელობისა (დახმარებისთვის წერილობით და სიტყვიერად არაერთხელ მივმართეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თსუ-ის მაშინდელ ხელმძღვანელობას), დახმარება ვერსაიდან მივიღეთ. ამ უმძიმეს პირობებშიც კი ინსტიტუტი აგრძელებდა მუშაობას. მე მადლობას ვუხდი ინსტიტუტის თითოეულ თანამშრომელს იმ გამძლეობისთვის, თავდადებისა და ენთუზიაზმისთვის, რაც მათ ამ პერიოდში გამოავლინეს. შედეგიც დადგა – მიუხედავად რიგი შემორჩენილი პრობლემისა, ინსტიტუტი წარმატებით ფუნქციონირებს. მეტსაც გეტყვით, გარდა მიმდინარე სამეცნიერო პროექტისა, დარგის წინაშე გაჩენილი გამოწვევების კვალდაკვალ, ინსტიტუტი მუშაობს ახალი, აქტუალური სამეცნიერო თემატიკის შექმნაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ და დაეფუძნება საკითხების თანამედროვე დონეზე შესწავლასა და პრობლემების სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრას. ჩვენ ვცდილობთ, რომ თანამშრომელთა მიერ შემოთავაზებულ ყველა ინოვაციურ თუ საინტერესო წინადადებას ან პროექტს სამეცნიერო საბჭოში მოსმენისა და განხილვის უფლება მივცეთ და, საჭიროების შემთხვევაში, მხარი დავუჭიროთ მათ დაფინანსებას. ასევე, ვცდილობთ, საქმიანი ურთიერთობა გვქონდეს გეოლოგიის დარგის ყველა სტრუქტურასთან.
ამჟამად, გეოლოგიის ინსტიტუტში მოღვაწეობს 12 მეცნიერებათა დოქტორი (მათ შორის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 5 წევრი) და 24 მეცნიერებათა კანდიდატი/აკადემიური დოქტორი. ტრადიციულად ინსტიტუტში იზრდებიან ახალგაზრდა კადრები. მას შემდეგ (2015 წლიდან), რაც საგრძნობლად გაიზარდა ინსტიტუტის ბიუჯეტი, გარემონტდა რამდენიმე სამუშაო ოთახი და სველი წერტილი, გარემონტდა და მოეწყო 4 ლაბორატორია, შევიძინეთ ხელსაწყო-დანადგარების თანამედროვე მოდელები, უახლესი ტიპის საშლიფე დაზგა, ანალიტიკური აპარატურა. ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეული – გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორია, სადაც ანალიტიკური კვლევები მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნულ ლაბორატორიას აქვს არა მარტო სამეცნიერო დანიშნულება, არამედ იგი საუკეთესო სასწავლო-პრაქტიკულ ბაზას წარმოადგენს. ინსტიტუტის ხელმძღვანელობა მუდმივად აფინანსებს მეცნიერ-თანამშრომლებს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად; ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილია სახსრებით საველე სამუშაოების ჩასატარებლად. რეგულარულად იმართება სამეცნიერო სემინარები. ინსტიტუტი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თსუ-ის მიერ ორგანიზებულ ყველა ღონისძიებაში. 
ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლების (49 მეცნიერ-თანამშრომელი) აქტიურ სამეცნიერო საქმიანობაზე მიუთითებს ბოლო 3 წლის მონაცემები: მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ მიღებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისგან 7 და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებისგან 5 გრანტი; განხორციელდა 31 სამეცნიერო კვლევა; საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნდა 73 სტატია, 2 საერთაშორისო ციფრული რუკა, 5 მონოგრაფია, 1 ლექსიკონი; თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს 102 საერთაშორისო კონფერენციაში; მიღებულია 2 პატენტი; მეცნიერთა ციტირების ჯამური მაჩვენებელია 2951. 
– რა მისცა გეოლოგიის ინსტიტუტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ინტეგრაციამ?
– თსუ-ის სტრუქტურაში გაერთიანება ინსტიტუტებისთვის, მთლიანობაში, პოზიტიური მოვლენა იყო. ვეთანხმები პოზიციას, რომ მეცნიერება და განათლება არ უნდა იმიჯნებოდეს. დღეს ყველა პატარა ორგანიზაციას სჭირდება ძლიერი და ავტორიტეტული „ქუდი“, რომელიც დაიცავს მის უფლებებს, ხელს შეუწყობს განვითარებაში და დაეხმარება პრობლემების გადაჭრაში. მინდა გითხრათ, რომ დღესაც გვიდგას ძალიან სერიოზული პრობლემა იმ ფართობთან დაკავშირებით, სადაც განთავსებულია გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორია, რომლის შექმნაზე ინსტიტუტის ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხა დაიხარჯა. 
ვთვლი, რომ უნივერსიტეტის მხრიდან მეტი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ანალიტიკურ თუ ტექნიკურ შესაძლებლობებს, რაც სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს გააჩნიათ. მაგალითად, უნივერსიტეტის ჩართულობის გაზრდა კერძო სექტორთან თანამშრომლობის დამყარებაში შესაძლებელს გახდის, მათი შეკვეთების შესრულების გზით, გაიზარდოს თსუ-სა და ინსტიტუტის ეკონომიკური შემოსავლები.
დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გაეცნოთ მომსახურებათა საკმაოდ ვრცელ ნუსხას, რომელიც ალ. ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტს შეუძლია შესთავაზოს საწარმოებს და სხვა დარგობრივ უწყებებს. 
– სამომავლო გეგმებსა და პროექტებზეც ვისაუბროთ...
– უპირველესი ამოცანა, რაც ამჟამად ინსტიტუტის წინაშე დგას, არის ინსტიტუტის ბოლო პერიოდის მონაპოვარის – გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორიის გადარჩენა. სამწუხაროდ, თუ ეს ვერ მოხერხდება, ცოტა ხნით მოგვიწევს ჩვენი საკმაოდ ამბიციური გეგმების გადადება და ყოველივეს თავიდან შექმნა. ვნახოთ, რა მოხდება და შემდეგ ვისაუბროთ მომავალ გეგმებსა და პროექტებზე.