ვლადიმერ პაპავა: დაგროვებითი საპენსიო სისტემის ასამუშავებლად იძულებითი წესის კომპონენტის შემოღება მიზანშეწონილია

07 დეკ 2017

საქართველოში არსებული სოციალური დაცვის მექანიზმები, განსაკუთრებით საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენისთვის – ასაკით პენსიონერთათვის, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა ეს მექანიზმები მაინც შეზღუდული რჩება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით. ეს პრობლემა, მნიშვნელოვნად არის განპირობებული იმით, რომ საპენსიო ასაკში მყოფთა ძირითად შემოსავალს (უმრავლეს შემთხვევაში ერთადერთ შემოსავალს) სახელმწიფო პენსია წარმოადგენს. სახელმწიფო პენსიის მოქმედი სისტემა ვერ უზრუნველყოფს პენსიონერის საარსებო მინიმუმს. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ სახელმწიფო პენსია სოციალური დახმარების ხასიათს ატარებს, რაც საერთაშორისო არსებული პრაქტიკაა და, შესაბამისად, იგი თანაბარია ყველა ასაკის პენსიონერისათვის. გარდა აღნიშნული სოციალური შედეგებისა, სახელმწიფო პენსიის რეტროსპექტრული ანალიზი აჩვენებს, რომ სახელმწიფო პენსიის ზრდა ხორციელდებოდა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით და არ ეფუძნებოდა რაიმე მკაფიოდ განსაზღვრულ წესს ან პრინციპს, შესაბამისად, შეუძლებელი გახდება ამ სისტემის ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ შეიქმნას დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც თითოეულს მისცემს შესაძლებლობას, რომ, სახელმწიფო პენსიასთან ერთად, დამატებით შექმნას გარკვეული დანაზოგი საკუთარი საპენსიო ასაკისათვის, ამასთან ამ პროცესში მას დაეხმარება როგორც დამსაქმებელი, ასევე სახელმწიფო. სისტემის ძირითადი პრინციპი მარტივია: დასაქმებული სპეციალურ საპენსიო ფონდში მის საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხავს საკუთარი დაუბეგრავი ხელფასის 2%-ს, რაზეც სახელმწიფო და დამსაქმებელი ასევე დაუმატებს 2-2%-ს ანუ, ჯამში, ხელფასის აღებისას, დამსაქმებლის ხელფასის 6% მიემართება მის საკუთარ ანგარიშზე. თუკი პიროვნება არ არის 40 წელზე მეტი ასაკის, სისტემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო მეტი ასაკის ადამიანებისთვის კი ნებაყოფლობითია. აღნიშნული თანხა, რომელიც გროვდება მონაწილის ანგარიშზე, ინვესტირდება სხვადასხვა საშუალებებით და ასევე ახდენს შემოსავლის დაგენერირებას, შესაბამისად, მოქალაქეს საპენსიო ასაკში ანგარიშზე დახვდება მნიშვნელოვნად მეტი თანხა, ვიდრე მან შენატანების სახით განახორციელა.
რას გულისხმობს დაგეგმილი რეფორმა და მოგვიტანს თუ არა ის რეალურ კეთილდღეობასა და უზრუნველ სიბერეს – სწორედ ამ თემაზე საკუთარ მოსაზრებებსა და შეხედულებებს გვიზიარებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, თსუ-ის პროფესორი ვლადიმერ პაპავა.

 

თვალსაზრისი

ვლადიმერ პაპავა, თსუ-ის პროფესორი, აკადემიკოსი:
– დაგროვებითი პენსია მიღებული ფორმაა მთელ ცივილიზებულ სამყაროში, რითაც ადამიანი თავის სიბერეს უზრუნველყოფს. დაგროვებითი პენსიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ, თავისი საქმიანობის პერიოდში, დასაქმებული ყოველთვიურად გარკვეული თანხას რიცხავს საპენსიო ფონდში და როდესაც საპენსიო ასაკი მოუწევს, ამ დაგროვილ თანხებს უკან იბრუნებს. საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა უნდა განთავსდეს სხვადასხვა მომგებიან ქაღალდებში და მომგებიან ოპერაციებში, რომლის შედეგად, ადამიანი, რომელიც საკუთარ დანაზოგს საპენსიო ფონდს ანდობს, იღებს არა უბრალოდ იმ თანხის ჯამს, რომელიც საპენსიო ფონდს გადაუხადა, არამედ ამ თანხის გაზრდილ რაოდენობას. თანხის გაზრდის საფუძველი არის ის მომგებიანი ოპერაციები, რომლებშიც საპენსიო ფონდი ამ თანხას განათავსებს. ეს არის კლასიკური სქემა.
პრობლემა გახლავთ ის, რომ მოსახლეობა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი კულტურა არ არსებობდა, ვერ ელევა თავის შემოსავლებიდან ვერც ერთ თეთრს და, როგორც წესი, არ დებს ფულს დაგროვებით საპენსიო სქემაში. საქართველოში ეს სქემა უკვე დიდი ხანია არსებობს, არსებობს სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც ამ მიმართულებითაც მუშაობენ, მაგრამ ადამიანები, პრაქტიკულად, საკუთარ სიბერეს ნაკლებად აზღვევენ. ასეთ ვითარებაში კი საჭიროა იძულებითი კომპონენტის შემოტანა, როდესაც სახელმწიფო აიძულებს ადამიანს – გარკვეული თანხა თავისი სიბერის თვითუზრუნველყოფისათვის გადადოს. ეს სქემა საჭიროა, რათა თანდათან ჩამოყალიბდეს სიბერის თვითუზრუნველყოფის გარკვეული კულტურა. მაგალითისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა გავიხსენოთ. ეს კულტურა, ბოლო წლებია, რაც განვითარდა, თორემ თავიდან სადაზღვევო კომპანიებით ხალხი ნაკლებად სარგებლობდა. თანდათანობით გამოჩნდა გარკვეული კომპონენტები, რომლებიც იძულებით აზღვევდნენ მომსახურე პერსონალს. დღეს ეს უკვე იმდენად გავრცელებული ფორმაა, რომ ადამიანები თვითონ ეძებენ – რომელ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია დააზღვიოს მისი ჯანმრთელობა.
საქართველოში დიდი ხანია მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ დაგროვებითი პენსიის სქემა ამოქმედებულიყო, მაგრამ ახლა, მეტ-ნაკლებად რეალისტური ფორმა მიიღო ამ ყველაფერმა. საქმე იმაში გახლავთ, რომ არასდროს არ არსებობდა პოლიტიკური ნება – ეს საქმე ბოლომდე მიეყვანათ. შევარდნაძის მთავრობას ეს უჭირდა, ხოლო „ნაცმოძრაობის“ მთავრობას სულ სხვა მიდგომა ჰქონდა: თვითონ ადამიანმა გადაწყვიტოს – უნდა მას ეს თუ არა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ადამიანი ამას ვერასდროს გადაწყვეტს, თუ იძულების ელემენტი არ გაჩნდა და გარკვეული გამოცდილება არ შეიქნა. ხოლო გამოცდილება არ შეიქმნება, თუ ადამიანებმა ეს სქემა არ გამოიყენეს და მერე აქედან გარკვეული სიკეთე არ მიიღეს. სახელმწიფოს მხრიდან იძულება, ამ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ გამოცდილება დაგროვდეს. იძულებითი წესის კომპონენტის შემოღება მიზანშეწონილია, რათა ადამიანებს ეს კულტურა ჩამოუყალიბდეთ. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: შედეგი რომ დაინახო, სულ ცოტა, 20-30 წელი უნდა გავიდეს. ადამიანი შრომით საქმიანობას, დაახლოებით, ოცი წლის შემდეგ იწყებს და პენსიაზე გასვლამდე რამდენიმე ათეული წელი უნდა იმუშაოს. ამ პერიოდში საკმაო თანხა გროვდება, მით უმეტეს, როცა საპენსიო ფონდები ამას კარგად განათავსებენ. ამ ეფექტის ნახვას ძალიან დიდი დრო სჭირდება, ადამიანს ძნელად წარმოუდგენია 40 წლის შემდეგ რა იქნება, ამიტომ არის იძულებითი ელემენტი შემოსატანი...
აღსანიშნავია, რომ იძულებითი საპენსიო სქემის ამოქმედებაში მთელი საზოგადოება ვერ ჩაერთვება, ვინაიდან ის ადამიანები, რომლებიც უკვე 40 წელს გადაცილებულნი არიან, ეს სქემა მათთვის, უბრალოდ, აზრს მოკლებულია, რადგან საჭირო ოდენობის თანხის დაგროვებას ვერ მოასწრებენ. დღეს, რასაც პენსიის სახით ვიღებთ, სინამდვილეში არ არის პენსია. ეს არის შემორჩენილი სახელი საბჭოური წარსულიდან. პენსია არის ის დაგროვებული თანხა, რითაც სიბერეში საკუთარ თავს უზრუნველყოფ. დღევანდელი პენსია, უბრალოდ, სოციალური დახმარებაა გარკვეული ასაკის მიღწევის შემთხვევაში.