ქართული თარგმანი - როგორ დავწეროთ ისტორია

07 დეკ 2017

17 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ახალი სახელმძღვანელოს – „როგორ დავწეროთ ისტორია“ (შესავალი დისციპლინის ისტორიასა და პრაქტიკაში) – ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლებისთვის გამიზნული სახელმძღვანელოს თარგმნა, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს დადგენილების საფუძველზე, მთარგმნელობითი გრანტის ფარგლებში, თსუ-ის პროფესორმა მარიამ ჩხარტიშვილმა ორ დოქტორანტთან – სოფიო ქადაგიშვილთან და ზურაბ თარგამაძესთან ერთად ითავა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, წიგნი, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია ისტორიის სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე ჰუმანიტარული მეცნიერებების სხვა წარმომადგენლებისთვისაც. N
„წიგნში მოცემულია – თუ როგორ, როდის და რატომ აღმოცენდა ისტორიის წერისადმი ცალკეული მიდგომები, როგორ დამკვიდრდა და იცვლებოდა ისინი, ან თუნდაც, როგორ შეწყვიტეს მათ არსებობა. ჩვენს „ფოკუსშია“ ისტორია, რომელიც იქმნებოდა, როგორც სამეცნიერო დისციპლინა, უმეტესწილად – უნივერსიტეტების ისტორიის დეპარტამენტებში“, – წერენ შესავალში წიგნის რედაქტორები პიტერ ლამბერტი და ფილლიპ სკოფილდი. 
წიგნის პრეზენტაციაზე თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა თანამედროვე სახელმძღვანელოების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლად თარგმნილი ნაშრომი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. „სახელმძღვანელო ინოვაციურია. მთარგმნელთა ჯგუფმა, მარიამ ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით, დიდი შრომა გასწია, რადგან თარგმნის პროცესში მრავალი სირთულის გადალახვა მოუხდათ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი თარგმანები ხელს უწყობს როგორც სამეცნიერო ენის, ასევე დარგის განვითარებას. ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ასეთი მაღალი დონის თანამედროვე სახელმძღვანელოები, რომლებიც სტუდენტებს საშუალებას მისცემს – მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება“, – აღნიშნა ნანა გაფრინდაშვილმა. 
დამსწრე საზოგადოებას წიგნის მნიშვნელობაზე მოსაზრება გაუზიარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ის გამომცემლობის რედაქტორმა, სახელმძღვანელოს ქართული ტექსტის რედაქტორმა გრიგოლ ჯოხაძემ: „ასეთი წიგნების გამოცემის განსაკუთრებულობა ალტერნატივის შექმნაა: წმინდა ინტელექტუალური თვალსაზრისით, ასეთი წიგნებით და მათი წაკითხვით მოწმდება, რომელ ადგილზეა მოცემული საზოგადოების სკალაში მოაზროვნე მკითხველი. Mმარიამ ჩხარტიშვილისა და მისი გუნდის საქებრად უნდა ითქვას, რომ მათ ძალიან საჭირო წიგნი თარგმნეს. ის არა მხოლოდ სააზროვნოდ განგვაწყობს, არამედ პრაგმატულიცაა და გვამცნობს – რა ხდებოდა, რა ხდება და რა წიგნები უნდა წავიკითხოთ. ამ ნაშრომის გამოსვლით შეიძლება შემცირდეს ჩვენი კოლეგების წუხილი, რომ მათ ვერ შეძლეს მსოფლიო ისტორიოგრაფიული პროცესებისთვის თვალის მიდევნება“, – განაცხადა გრიგოლ ჯოხაძემ. 
საინტერესო იყო თავად მთარგმნელის, თსუ-ის პროფესორის მარიამ ჩხარტიშვილის მოსაზრება ახალი სახელმძღვანელოს შექმნასთან დაკავშირებით. „აუცილებლად ჩავთვალე დასავლურ წიაღში შექმნილი და დანერგილი კურსის საფუძველზე დაწერილი სახელმძღვანელოს თარგმნა, რათა გაუცხოება, რომელიც საბჭოურ ისტორიოგრაფიულ სივრცეში მოქცევის გამო დღემდე ახასიათებს ქართულ ისტორიოგრაფიას, ნაწილობრივ მაინც აღმოფხვრილიყო. 
დასავლურ გარემოში ამ პროფილის უამრავი სახელმძღვანელო არსებობს. ეს წიგნი იმიტომ შევარჩიე, რომ იგი, როგორც მისი რედაქტორ-შემგდგენლებიც აღნიშნავენ, ინოვაციურ მიდგომებს გულისხმობს. აქ წარმოდგენილ კვლევათა რეპრეზენტაციები თავისებურად ახალი, ზოგჯერ მოულოდნელიცაა – ამაში მკითხველი თავად დარწმუნდება, როცა წიგნს საფუძვლიანად გაეცნობა. მართალია, წიგნი პროფესიონალიზაციისა და ინსტიტუციონალიზაციის ისტორიას ევროპის ზოგიერთი ქვეყნისა და აშშ-ის მაგალითზე წარმოგვიდგენს, მაგრამ ეს ქართველი მკითხველისათვის უაღრესად აუცილებელი ფონია. წიგნი ისტორიკოსებისთვის ნამდვილად საინტერესოა სხვადასხვა ასპექტით. დღეს სამეცნიერო სფეროში დასაქმებულთა უმთავრესი მიზანი სწორედ ამგვარი თარგმანების შექმნაა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მეცნიერული აზრის განვითარებისთვის. ქართული კულტურისთვის ეს ახალი მოვლენა არ არის. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში ჩვენი ლიტერატურა თარგმანებით მდიდრდებოდა, თუმცა სამეცნიერო ლიტერატურის თარგმანები, მხატვრულ ლიტერატურასთან შედარებით, ნაკლებად გვაქვს. ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. სახელმძღვანელო მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლება, აქ არის ამერიკული და ევროპული ქვეყნების გამოცდილება, რაც ასე საჭიროა ჩვენი სტუდენტებისთვისაც. მნიშვნელოვანია, რომ თარგმნის პროცესში ჩართულები იყვნენ თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტები: სოფიო ქადაგიშვილი და ზურაბ თარგამაძე, რომლებმაც დიდი გამოცდილება შეიძინეს წიგნზე მუშაობის პროცესში. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ამ პროექტის განხორციელებისთვის“, – განაცხადა მარიამ ჩხარტიშვილმა. 
ახალ სახელმძღვანელოში – „როგორ დავწეროთ ისტორია“ – მკითხველი საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნობა. მისი შესავალი ნაწილი ისტორიული კვლევისა და წერის განვითარებას ეძღვნება. წიგნში აგრეთვე განხილულია მეთოდოლოგია: „მეცნიერული“ ისტორია და ობიექტურობის პრობლემა და სხვა საკითხები; ასევე მოცემულია ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა: „ბრიტანული ეკონომიკური ისტორიის წარმოშობის საკითხები“, „ანალების სკოლა და საისტორიო მწერლობა,“ „ქალთა ისტორია და გენდერის ისტორია“, „ისტორია და ფსიქოანალიზი“, „ისტორია და სოციოლოგია“, „ისტორია და ლიტერატურა“, „ისტორია და მემკვიდრეობა“ და სხვა მრავალი საინტერესო თემა, რომელთა გააზრებასაც ავტორები ინოვაციური მეთოდებით გვთავაზობენ.