ერთი პიანინო, 44 სკამი და პრიზები

08 დეკ 2017

ერთი პიანინო, 44 სკამი და კონკურსებში მიღებული პრიზები „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდის“ მცირე საკუთრებაა. დიდი ხანი არ არის, რაც ამ გუნდმა პირველი კორპუსის სხვენში დაიდო ბინა და იმ დღიდან „დედა უნივერსიტეტს“ არ აკლია არც ქართული და არც უცხოური მუსიკა. ქართული ჰანგები მუდამ მიმზიდველად ჟღერს და იზიდავს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სიმღერა უყვარს. დატვირთული და დამღლელი დღის მიუხედავად, სტუდენტისთვის პრობლემას არ წარმოადგენს უნივერსიტეტის ბოლო სართულზე ასვლა. სხვენისკენ მიმავალი დაუსრულებელი ხვეული კიბეები თითქმის არასდროს აბნევს ადამიანს, იგი მუსიკას მიყვება... პატარა უფანჯრო ოთახი თეთრი კედლებით და შავი პიანინოთი სულაც არ ტოვებს სიცივის და სიცარიელის განცდას, პირიქით, შთაბეჭდილება გექმნება, რომ სახლთან მიახლოებულ ადგილას იმყოფები. ღიმილიანი სახეები, სიცილი და გემოვნებიანი მუსიკა დადებით აურას ქმნის. ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი გუნდის ხელმძღვანელი ლაშა მიროტაძეა. ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელიც ენერგიულად ემსახურება მუსიკალური სფეროს პოპულარიზაციას. იგი ჯერ კიდევ კონსერვატორიაში საგუნდო სადირიჟორო განყოფილებაზე სწავლობდა, როდესაც ჩამოაყალიბა „თსუ-ის გოგონათა გუნდი“. „დირიჟორი გუნდის გარეშე არ არსებობს, ანუ სანამ ჩავაბარებდი, იდეა უკვე არსებობდა, რომ მომავალში გუნდი უნდა მყოლოდა“, – ამბობს ჩვენთან საუბრისას ლაშა მიროტაძე.

გუნდის დაარსება დააჩქარა და ხელი შეუწყო 2014 წელს საქართველოს საგუნდო საზოგადოების ჩამოყალიბებამ. ამავე ორგანიზაციამ შექმნა „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი“, რომელშიც მთელი საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები და აკადემიური გუნდები იღებენ მონაწილეობას. შეიძლება ითქვას, ამ კონკურსმა განმსაზღვრელი როლი ითამაშა „თსუ-ის სტუდენტური გუნდის“ შექმნაში, რადგან ლაშას სწორედ ამ დროს გაუჩნდა კონკურსში მონაწილეობის სურვილი. 2015 წელს 14 გოგონას შემადგენლობით პირველად გამოვიდნენ დიდ სცენაზე და აღარ გაჩერებულან, დღემდე მიიწევენ წინ. ამავე წელს ოქროს მედალი აიღეს საქართველოს საგუნდო საზოგადოების გამართულ კონკურსზე, რომელიც ყოველწლიურია. 2016 წლის დეკემბერში გუნდი შერეული გახდა – დაემატნენ ვაჟები და უფრო გამრავალფეროვნდა როგორც გარემო, აგრეთვე რეპერტუარი. 2017 წელს „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნულ კონკურსში“ პირველ ადგილზე გავიდნენ და ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ვოკალური გუნდი თსუ-ის რექტორმა და კულტურისა და სპორტის დეპარტამენტმა დიპლომით დააჯილდოვა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის. 
რაც შეეხება რეპერტუარს, ცდილობენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკა შეასრულონ. მღერიან როგორც ქართულ, ასევე უცხოურ საგუნდო ნაწარმოებებს, თუმცა, ძირითადად, აფრო-ამერიკულ სპირიჩუალსებს ანიჭებენ უპირატესობას. მათი რეპერტუარი მრავალფეროვანია: შეუსრულებიათ სხვადასხვა ნაწარმოები კეჭაყმაძის შემოქმედებიდან და აგრეთვე ევროპელი კლასიკოსების კომპოზიციები, კერძოდ ბრამსის „იავნანა“.
გუნდისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 24 სექტემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიაში უზეირ ჰაჯიბეილის სახელობის IX საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობა. ფესტივალზე აზერბაიჯანის სახელმწიფო კაპელასთან ერთად მონაწილეობდა მუსიკალური კოლექტივი თბილისიდან, რომლის შემადგენლობაშიც იყო „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი“, ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური სკოლის უფროსკლასელების გუნდი და თბილისის გოგონათა გუნდი.
კონცერტი გახსნა აზერბაიჯანის სახელმწიფო კაპელამ გულბაჯ ივანოვას ხელმძღვანელობით. შემდეგ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქართული გუნდები, რომლებმაც წარმოადგინეს ქართული და უცხოური ნაწარმოებები. ხალხურ სიმღერებთან ერთად, ფილარმონიაში ჟღერდა მოცარტის, კეჭაყმაძის და სხვათა შემოქმედება. ფესტივალის დასასრულს ერთად შესრულდა რევაზ ლაღიძის „თბილისო“ და უზეირ ჰაჯიბეილის ოპერა „ქოროღლუდან“ („Кероглу“) სიმღერა „ჩანლი ბელი“. დამსწრე საზოგადოება დიდი ოვაციებით შეხვდა ქართულ მუსიკალურ გუნდებს. მთელი საღამოს განმავლობაში მსმენელისგან ისმოდა „ბრავო“ და არ წყდებოდა ოვაციები. 
უნივერსიტეტის გუნდის შემდეგი წარმატება ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე – „Fiestalonia Georgia 2017“ პირველი ადგილის მოპოვებაა. ფესტივალი თბილისის მერიის პატრონაჟითა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. მთავარი მიზანი კულტურული კავშირების გამყარება, კონკურსის მონაწილეებს შორის ურთიერთობების დამყარება და რეპერტუარის გაზიარება იყო. 
„რა თქმა უნდა, ყველა მომღერალი, დირიჟორი, მხატვარი და ზოგადად ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი ცდილობს, მიაღწიოს პროფესიონალიზმის რაღაც საფეხურს, რომელსაც დასასრული არ აქვს. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც, გვინდა დავიხვეწოთ, ვისწავლოთ და უფრო მეტი გავიგოთ. გუნდში სიმღერა არ არის მხოლოდ მუსიკალური მონაცემები და მღერა. ეს ძალიან დიდი ორგანიზმია, რომელიც ბევრი დეტალისგან და შრისგან შედგება. სასურველია, გავიზარდოთ რაოდენობრივად, რადგან, რაც უფრო დიდია გუნდი, მეტი შესაძლებლობაა რეპერტუარის არჩევის თვალსაზრისით. თუმცა კიდევ სხვა კრიტერიუმებშიც ჩანს დიდი გუნდის უპირატესობები. ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ვუსურვებ წარმატებას“, – ამბობს ლაშა მიროტაძე.
„თსუ-ის სტუდენტური გუნდი“ თითქმის ყველა სფეროს, ფაკულტეტის თუ მიმართულების ახალგაზრდებს აერთიანებს. აქ მღერიან ჟურნალისტები, ბიოლოგები, ეკონომიკის და სამართლის სტუდენტები. ამ ადამიანებისთვის შემოქმედებითი განვითარების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია პირადი ურთიერთობები. „თსუ-ის სტუდენტური გუნდის“ შექმნა ჩემთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. გუნდის მეშვეობით ის ოცნება, რომელიც ბავშვობიდან მქონდა, ნელ-ნელა მიხდება. იყო სოლისტი, არის ძალიან სასიამოვნო, მაგრამ იყო გუნდის წევრი, ჩემთვის სხვა სამყაროში გადასვლას ნიშნავს. გუნდის წევრებს შორის ურთიერთობა, ემოციების გაზიარება, ერთი და იმავე საქმის სიყვარული და ინტერესი უკეთეს ადამიანს მხდის. რაც მთავარია, მავითარებს არა მარტო მუსიკის სფეროში, არამედ, როგორც პიროვნებას. მართალია, ძალიან რთულია გუნდის რეპეტიციები სწავლას და სამსახურს შეუთავსო, მაგრამ გუნდის გარეშე ვერც ერთ სფეროში ვერ ვიქნები პროდუქტიული“, – ამბობს გუნდის წევრი თეო თუთაშვილი.
გუნდის წევრი შეიძლება გახდეს ის ადამიანი, რომელიც სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არ აქვს მნიშვნელობა გოგო იქნება თუ ვაჟი, მთავარია ჰქონდეს სმენა, სურვილი და მონდომება. ოფიციალური ქასთინგები არ ტარდება, მსურველის მისვლის შემთხვევაში, გუნდის ხელმძღვანელი სავარჯიშოების დახმარებით შეამოწმებს მის მუსიკალურ მონაცემებს. დაინტერესებული პირები გუნდის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის კულტურის დეპარტამენტისგან იღებენ. მიუხედავად ამისა, საჭიროა უფრო მეტი აქტიურობა უნივერსიტეტის კორპუსებში ბანერების, პლაკატებისა და საინფორმაციო დაფების განთავსების კუთხით.
ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნდა იცოდნენ გუნდის არსებობის შესახებ. ადგილი, სადაც კულტურული ცხოვრება მაღლა დგას და ირგვლივ მუდამ მყუდრო გარემოა. დღესდღეობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი 40 ადამიანს ითვლის და ყოველდღე ახალ წევრს ელოდება, რომელსაც დიდი სიყვარულით დახვდება.

მარიკა გაჩეჩილაძე,
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი