სისხლის სამართლის მეცნიერება ერთიან ევროპაში - ქართულ-გერმანული სამეცნიერო დიალოგი გრძელდება

12 ოქტ 2015

ქართულ-გერმანული დიალოგი გრძელდება - თსუ-ში სისხლის სამართლის დარგში რიგით მეორესაერთაშორისო კონფერენცია „სისხლის სამართლის მეცნიერება ერთიან ევროპაში“ გაიმართა. სამეცნიერო ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები და გერმანიის 6 წამყვანი უმაღლესი სასწავლებლიდან სისხლის სამართლის სფეროში აიღიარებული მეცნიერები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიხსნა, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ მოხსენება - „არასრუწლოვნათა მართლმსაჯულების აქტუალური საკითხები“ - წარმოადგინა. კონფერენციის მსვლელობისას ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა სისხლის სამართლის არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გააანალიზეს. მათ შორის იყო: მარტინ ჰეგერის - „ევროპის კავშირის წევრი ქვყნების სისხლის სამართლის პროცესის ადევერზატორული და ინკვიზიციური ელემენტები, როგორც გამოწვევა სისხლის საპროცესო სამართლის ევროპეიზაციისთვის“, ასოცირებული პროფესორის ირინა აქუბარდიას „შეჯიბრობითობის ქართული მოდელის ზოგიერთი ასპექტი“, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმლიანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის ჰელმუტ ზათცგერის „ბრალდებულისა და დაცვის უფლებების საფრთხეები ტრანსნაციონალური სისხლისსამართლებრივი დევნის დროს ევროპის კავშირის ფარგლებში“, პროფესორ მერაბ ტურავას „სისხლის სამართალში ქართულ-გერმანული თანამშრომლობის პერსპექტივები“ და ა.შ.

კონფერენციას ორგანიზება გაუწიეს ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის პროფესორმა მარტინ ჰეგერმა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, თსუ-ის პროფესორმა მერაბ ტურავამ.

„მიმდინარე ეტაპზე საქართველოში ბევრი რეფორმაა დაგეგმილი, როგორც სისხლის სამართალში, ასევე სისხლის სამართლის პროცესში და ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, ამ აქტუალურ საკითხებზე ქართველ კოლეგებთან ერთად გვემსჯელა. პირველ რიგში აღვნიშნავ საკითხს, რომელზეც კონფერენციის პირველ ნაწილში ვიმსჯელეთ. ეს გახლავთ სისხლის სამართლის პროცესი, კერძოდ, რომელი მიდგომა ჯობია სისხლის სამართლის პროცესისთვის საქართველოში - ამერიკული თუ გერმანული. ასევე, ძალიან აქტუალურია კიბერდანაშაულის საკითხი, რომელიც ერთი ქვეყნის საზღვრებს სცილდება და საერთაშორისო პრობლემაა,“ - განაცხადა ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის პროფესორმა მარტინ ჰეგერმა.

ქართულ-გერმანული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გერმანულ სამართლის სკოლასთან თანამშრომლობის პროცესში ერთერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია – ასე შეაფასეს იურისტება აღნიშნული სამეცნიერო ღონისძიება. პროფესორ მერაბ ტურავას ინფორმაციით, ამ მიზნით, ბოლო წლების განმავლობაში, ქართველი სტუდენტების, დოქტორანტების და პროფესორების სამეცნიერო მივლინებების რაოდენობა გერმანიის ცნობილ უნივერსიტეტებში გაიზარდა. ასეთ ფორმატში გერმანელებთან სამეცნიერო საკითხებზე დიალოგი ქართული სისხლის სამართლის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში გვაქვს უნიკალური მდგომარება. ვვითარდებით არაერთი მიმართულებით. ჩვენი სისხლის სამართალი ვითარდება და კანონმდებლობაში, პრაქტიკაში, დოგმატიკაში ასახვას პულობს, როგორც ანგლოამერიკული, ასევე კონტინენტალური ევროპის სამართლებრივი იდეები. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ ანგლოამერიკულ სამართლებრივ სივრცესთან. თუმცა, ქართული სისხლის სამართალი ტრადიციულად ორიენტირებულია გერმანულ სისხლის სამართლებრივ აზროვნებაზე. ჯერ კიდევ თინათინ წერეთელი აქტიურად იყენებდა გერმანელ მეცნიერთა ნაშრომებს თავის წიგნებში და ჩვენ ვცდილობთ, ეს ტრადიცია – ქართული სისხლის სამართლის გერმანულ სამართალზე ორიენტაცია, არ დავკარგოთ. ამავე დროს, ეს არ ნიშნავს ჩვენი სამართლებრივი სისტემის ცალმხრივ განვითარებას. საბოლოდ ვცდილობთ, ანგლოამერიკულ და კონტინეტურ სამართლებრივ აზროვნებას შორის მოხდეს ჰარმონიული კონვერგენციია და შედეგად, ქართული სამართლის განვითარება,“ - განაცხადა მერაბ ტურავამ.

სისხლის სამართლის სფეროში ქართულ-გერმანული დიალოგის გაღმავებისა და, ასევე, ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების აღზრდის მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. კონკრეტულად კი შეიქმნა ქართულ-გერმანული ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი, რომლის პირველი ნომერიც მომდევნო წლის პირველ კვარტალში გამოქვეყნდება.

სისხლის სამართალში ქართულ-გერმანული კონფერენცია „სისხლის სამართლის მეცნიერება ერთიან ევროპაში“ 8 ოქტომბერს გაიხსნა და სამი დღის განმალობაში გრძელდებოდა. კონფერენციის მუშაობაში ჩართული გახლდათ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რამდენიმე წამყვანი უმაღლესი სასწავლებლი - ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი, თიუბინგენის ებერჰარდ კარლის უნივერსიტეტი, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი, კიოლნის უნივერსიტეტი, ჰანოვერის უნივერსიტეტი.