ალექსანდრე ცისკარიძე ვიცე-რექტორად დაინიშნა

08 დეკ 2017

თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის კათედრის პროფესორი, დარგის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი ალექსანდრე ცისკარიძე რექტორის მოადგილედ დაინიშნა. 
რექტორის მოადგილეობამდე ალექსანდრე ცისკარიძე 2009 წლიდან თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი იყო. იგი არის ინსულტის ევროპული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და სხვა მრავალი საერთაშორისო საზოგადოების წევრი, არაერთი საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო ჯილდოს მფლობელი, რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი და რეცენზენტი.


„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის ხდება. საუკუნოვან იუბილეს იუნესკოს ეგიდით აღვნიშნავთ. ამ ღონისძიების ლაიტმოტივი იქნება ის, რომ უნივერსიტეტში შეიქმნება და განვითარდება ძლიერი კვლევითი ბაზა. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება მაღალპროფესიული მიდგომა. ამ გადასახედიდან გაცნობებთ, რომ ალექსანდრე ცისკარიძე თსუ-ის პრორექტორი გახდა“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ. 
ალექსანდრე ცისკარიძის რექტორის მოადგილედ დანიშვნას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გამოეხმაურა. თსუ-ის ყოფილმა პრორექტორმა მას ახალი მოვალეობის შესრულების პროცესში წარმატებები უსურვა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა. 
„ჩემი პრორექტორობის პერიოდში მე და ბატონი ალექსანდრე ხშირად ვმუშაობდით ერთად. იგი ბრწყინვალე ორგანიზატორია და თავისი საქმის პროფესიონალი. მიხარია, რომ მან თსუ-ში სამეცნიერო მიმართულება ჩაიბარა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით ვიტყვი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივებს, მათ შორის სამეცნიერო მიმართულებით, სრული მხარდაჭერა ექნება“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა. 
თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე 29 ნოემბერს ფაკულტეტის საბჭომ დეკანის მოვალეობის შემსრულებლად ყოფილი მოადგილე, პროფესორი დიმიტრი კორძაია აირჩია. მედიცინის ფაკულტეტის საბჭომ დეკანის არჩევნების ჩატარების თარიღად 2018 წლის 22 იანვარი გამოაცხადა. დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველი პირების განცხადებების მიღება 2018 წლის 8 იანვრიდან დაიწყება და 18 იანვარს დასრულდება.