მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში მოღვაწე ბაჩანა ლომსაძე მშობლიურ უნივერსიტეტში დაბრუნებაზე ფიქრობს

22 ნოე 2017

2006 წელს გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულების წარმატებულ და პერსპექტიულ სტუდენტზე – ბაჩანა ლომსაძეზე წერდა. მაშინ მას დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებდნენ და ამბობდნენ, რომ ცოტა ხანში მის სახელს უცხოეთის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებიდანაც გავიგონებდით.
გავიდა სულ რაღაც 11 წელი და ჩვენ ისევ ვწერთ ბაჩანა ლომსაძეზე, რომლის მნიშვნელოვან სამეცნიერო მიგნებებს დღეს ევროპისა და ამერიკის მედიასაშუალებები აშუქებენ. 
ვინ არის ბაჩანა ლომსაძე და როგორ აპირებს იგი მშობლიური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ვალის დაბრუნებას, მასთან ინტერვიუში ამოიკითხავთ.

ინტერესები

– ბაჩანა, ჩვენ გვახსოვს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას შენ ითვლებოდი განსაკუთრებული მონაცემების და დიდი სამეცნიერო პერსპექტივის მქონე სტუდენტად. ჩვენი გაზეთი ამის შესახებ 2006 წელს წერდა კიდეც. როდის წახვედით საქართველოდან და რა იყო წასვლის მიზეზი?
– ჩემი სამეცნიერო კვლევის ინტერესი, ბაკალავრიატიდან მოყოლებული, იყო ლაზერული სპექტროსკოპია, კერძოდ კი, უწყვეტი ტალღის მქონე ლაზერების საშუალებით ატომებისა და მოლეკულების გაცივება და შემდგომ მათი დინამიკისა და ურთიერთქმედებების შესწავლა მოკლე ხანგრძლივობის იმპულსების (ფემტო-წამები) და მაღალი გარჩევისუნარიანობის მქონე ლაზერების გამოყენებით. სამწუხაროდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ მიმართულებით სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამა არ იყო, რამაც გამოიწვია ჩემი გამგზავრება შეერთებულ შტატებში. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, 2008 წელს, ჩავირიცხე სადოქტორო პროგრამაზე (სრული დაფინანსებით) კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტად ითვლება ლაზერული სპექტროსკოპიის დარგში. 
– ვიცით, რომ კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდგომ რამდენიმე უნივერსიტეტში საქმიანობდი. ამჟამად სად მოღვაწეობ?
– დოქტორის ხარისხის მინიჭების შემდეგ (2012 წელს) მიწვეული ვიყავი კოლორადოს უნივერსიტეტში და მასთან არსებულ ასტროფიზიკის გაერთიანებული ლაბორატორიების ინსტიტუტში (JILA), როგორც მკვლევარი მეცნიერი. ყველა თაობის ფიზიკოსი დამეთანხმება, რომ ეს არის მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ცენტრი, სადაც საფუძველი ჩაეყარა მაღალი გარჩევისუნარიანობის მქონე ლაზერების სპექტროსკოპიას და ლაზერების მეშვეობით გაცივებული ატომებისა და მოლეკულების მიღებას. ინსტიტუტის პრესტიჟულობაზე ისიც მეტყველებს, რომ აქ გაიცა 5 ნობელის პრემია, რომელთაგან 3 – ზუსტად იმ სფეროში, რომელშიც მე ვსაქმიანობ. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო – ყოველდღიურად მემუშავა დღესაც აქტიურად მოღვაწე ნობელის პრემიის ლაურეატების გარემოცვაში.
ამჟამად ვმუშაობ მიჩიგანის უნივერსიტეტში, როგორც პოსტდოქტორანტი.
– მკითხველისთვის და კოლეგებისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, მოკლედ გვესაუბრეთ თქვენი სამეცნიერო ინტერესების თაობაზე. რა შედეგები გაქვთ ბოლოდროინდელ კვლევებში?
– როგორც აღვნიშნე, ჩემი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: უწყვეტ-ტალღებიანი ლაზერებით ატომებისა და მოლეკულების გაცივებას, მათ კვანტურ კონტროლს და ატომებისა და მოლეკულების ურთიერთქმედებისა და დინამიკის შესწავლას მაღალი გარჩევისუნარიანობის მქონე ლაზერების გამოყენებით. 
უნდა აღვნიშნო, რომ კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვმუშაობდი ცივი ატომებისა და მოლეკულების მიღებაზე მაგნიტურ-ოპტიკური ჩამჭერის მეშვეობით. უშუალოდ ჩემ მიერ დაგეგმილი და აწყობილი ექსპერიმენტით მე და ჩემმა ხელმძღვანელმა ბრეტ დეპაოლამ (Brett DePaola) წარმატებით ვაჩვენეთ, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ცივი სისტემების აღგზნების და იონიზაციის კონტროლი ლაზერების მოკლე-ხანგრძლივობის იმპულსების ამპლიტუდის და ფაზის ცვლილებით. ეს შედეგები ძალზედ მნიშვნელოვანია კვანტური კომპიუტერების განვითარებისთვის.
რაც შეეხება ურთიერთქმედების და დინამიკის შესწავლას, მათ შესახებ მაღალი სიზუსტის (დეტალური ინფორმაციის) მიღება შეუძლებელი იყო არსებული ოპტიკური მეთოდებით. სწორედ ამიტომ, დოქტორის ხარისხის მიღების შემდგომ, მიზნად დავისახე, რომ შემექმნა ისეთი მაღალი გარჩევისუნარიანობის მქონე ოპტიკური მეთოდი, რომელიც აღნიშნული პრობლემების წარმატებით გადაწყვეტას შეძლებდა. საბოლოოდ, მე და ჩემმა პოსტდოქტორანტურის ხელმძღვანელმა სტივენ კანდიფფ'მა (Steven Cundiff’) შევიმუშავეთ იდეა ასეთი მეთოდისთვის. 
როგორც ანალიზმა აჩვენა, ეს მეთოდი ასევე შეძლებდა ნივთიერებათა გარჩევას უცნობ ნარევში, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგალითად, ასაფეთქებელი, აალებადი და მომწამლავი აირების დეტექტირებისთვის გარემოში. სწორედ ამის გამო, ჩემი პროექტი დაფინანსდა გრანტით ამერიკის უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, რაც მიზნად ისახავდა ამ მეთოდის შექმნას და მის პრაქტიკულ გამოყენებაში დემონსტრირებას. როგორც გაირკვა, ამ პრობლემის მიმართ ინტერესი ძალზედ დიდი იყო და მის რეალიზებას ჩვენგან დამოუკიდებლად ცდილობდა მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ცენტრი.
– რა ეტაპები გაიარეთ ამ მეთოდის პრაქტიკაში დასანერგად?
– ხსენებული საკითხის გადაჭრას კომპლექსური მიდგომა სჭირდებოდა და მკვლევრისაგან დიდ გამოცდილებას, ძალისხმევას და დაუღალავ შრომას მოითხოვდა. ყურადღებას გავამახვილებ იმ მნიშვნელოვან მომენტზე, რომ თვით ექსპერიმენტის დაგეგმვა, მისი დიზაინი, აწყობა, გაზომვა და შედეგების დამუშავება უშუალოდ ჩემ მიერ იქნა შესრულებული. სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ დასმულ ამოცანას და მის მოთხოვნებს წარმატებით გავართვი თავი, რის შედეგადაც ამიერიდან შესაძლებელი იქნება – რეკორდული და უპრეცედენტო სიზუსტით მოხერხდეს ატომებისა და მოლეკულების ზენაზი სტრუქტურული დონეების (გადაგვარებული დონეების) გარჩევა და მათი დინამიკისა და ურთიერთქმედებების შესწავლა. ახლა დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩემ მიერ შექმნილი მეთოდი უახლოეს მომავალში გამოყენებული იქნება სხვადასხვა პრაქტიკული მიზნებისთვის, კერძოდ: გარემოს და ბრძოლის ველის მონიტორინგისთვის; ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერების იდენტიფიცირებისთვის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ხალხთა მასიური შეკრების ადგილების დასაცავად (აეროპორტები, რკინიგზის სადგურები და ა.შ). დავამატებდი, რომ ჩემ მიერ შექმნილი მეთოდი იძლევა საშუალებას – მონიტორინგი უმოკლეს დროში (წამებსა და წუთებში) და, რაც ასევე არსებითია, დისტანციურად (უშუალოდ შეხების გარეშე) და უპრეცედენტო საიმედოობით ჩატარდეს.
დღიდან მეთოდის გამოქვეყნებისა (2017 წ. 29 სექტემბერი), მიღებულ შედეგს უკვე გამოეხმაურა 100-მდე ქვეყანა და კომპანია. მეამაყება, რომ ჩემ მიერ შექმნილი პროდუქტი წარმატებით შუქდება როგორც აშშ-ს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა სატელევიზიო „ნიუსებში“, გაზეთებსა და ონლაინ-ჟურნალებში.

საქმე

– სად შეიძლება გაეცნონ ჩვენი მეცნიერები თქვენს შრომებს?
– ფაქტია, რომ მეცნიერულ მიღწევას გამოქვეყნებული შრომის პრესტიჟულობა (იმპაქტ-ფაქტორი) განსაზღვრავს. ზოგიერთ ასეთ პრესტიჟული ჟურნალების რიცხვს განეკუთვნება: Physical Review A (იმპაქტ-ფაქტორი – 2.8), Optics Letters (იმპაქტ-ფაქტორი – 3.4) და გაცილებით პრესტიჟული Physical Reeviw Letters (იმპაქტ-ფაქტორი – 8.5). მაგრამ არსებობს ჟურნალები – NATURE და SCIENCE, სადაც შრომის გამოქვეყნება ყველა მეცნიერის ცისფერი ოცნებაა (იმპაქტ-ფაქტორი – 37-40). ეს არის ის თამასა, რომლის დაძლევასაც ნებისმიერი მეცნიერი ნებისმიერ ასაკში ინატრებდა. მეამაყება, რომ ჩვენს უნივერსიტეტში მიღებული განათლებით, ჩემს ასაკში, მომიწია ამ მეტად პრესტიჟულ, ზღვრული იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში შრომის გამოქვეყნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს გაკეთდა ორი მეცნიერის – ჩემი და ჩემი ხელმძღვანელის თანაავტორობით.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჟურნალი „ოპტიკისა და ფოტონიქსის სიახლეები“ ყოველ წელს ბეჭდავს სპეციალურ გამოშვებას, სადაც თავმოყრილია ბოლო 12 თვეში გამოქვეყნებული დაახლოებით 20-30 საუკეთესო შრომა/მიღწევა ოპტიკისა და ლაზერების დარგში. ამ შრომების შერჩევა ხდება წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული რეფერების მიერ. ჩემი შრომა არჩეული იქნა ამ სპეციალური გამოშვებისთვის და იგი 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება. 
გარდა ამისა, გამოქვეყნებული მაქვს 10-მდე სტატია პირველი თანაავტორობით (ამას მნიშვნელობა აქვს) მაღალ იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში. გამომცემლობა „თანამედროვე ოპტიკის ენციკლოპედიამ“ შემომთავაზა დავწერო სტატია მათი ენციკლოპედიისთვის, რომელიც ასევე დეკემბერში გამოქვეყნდება.
დავამატებდი, რომ ჩემ მიერ შექმნილ მეთოდზე წარდგენილი მაქვს პატენტი, რომელმაც უკვე გაიარა ექსპერტიზა და მინიჭებული აქვს შიფრი. 
– გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა, თუ გაქვთ პედაგოგიური პრაქტიკა და რა მეთოდით ასწავლით სტუდენტებს?
– დოქტორანტურაში სწავლის განმავლობაში (კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და მის შემდგომაც, მიჩიგანის რამდენიმე უნივერსიტეტში ვატარებდი ლექციებს როგორც ფიზიკის, ასევე ქიმიის, ბიოლოგიის და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. როგორც წესი, ყოველი სემესტრის ბოლოს კონფიდენციალურად ხდებოდა სტუდენტების მიერ ლექტორების შეფასება და მიხარია, რომ ყოველ წელს ვიღებდი უმაღლეს შეფასებებს, რაც შემდგომ აისახა ფიზიკის დეპარტამენტის მიერ ჩემდამი საუკეთესო ლექტორის წოდებით და სიგელებით დაჯილდოებაში.

რა მომცა თსუ-მ

– ბაჩანა, ამ გადასახედიდან, შეგიძლიათ გვითხრათ, რა საფუძველი მოგცათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ?
– თავს შევიკავებდი ჩამოთვლისგან, რადგან არ მინდა – ვინმე გამომრჩეს, მაგრამ მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს (იმ დროისთვის (2003-2007 წწ.) ფიზიკის ფაკულტეტის) ლექტორებს და უშუალოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საბაზისო ცოდნის გადმოცემისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აქ მიღებული ცოდნით მოვახერხე სადოქტორო პროგრამაზე, რამდენიმე საგნის წინსწრებით, კლასების აღების გარეშე გამოცდების ჩაბარება, რამაც საშუალება მომცა – მეტი დრო დამეთმო ლაბორატორიული კვლევებისთვის. ამავდროუალდ, დავამატებდი, რომ საბაზისო განათლების გარეშე ძალიან რთული იქნებოდა ასეთი მაღალი დონის ლაბორატორიებში მუშაობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა კომპლექსური ექსპერიმენტების ჩატარება, მონაცემების დამუშავება და შემდგომ მათი გამოქვეყნება უშუალოდ ჩემზე იყო დამოკიდებული. სხვათა შორის, ცნობილია, რომ აშშ-ში საკვალიფიკაციო ხარისხის მინიჭება ხუთ (პლუს-მინუს ერთ) წელიწადში ხდება და, რომ არა ის საბაზისო ცოდნა, რაც მე ჩვენმა უნივერსიტეტმა მომცა, დოქტორის ხარისხს 4 წელიწადში ვერ დავიცავდი.
– ქართველი სტუდენტები ხშირად აკრიტიკებენ აქაური სწავლების მეთოდებს. მას შემდეგ, რაც გაეცანი სწავლების ამერიკულ სისტემას, შეგიძლია გვითხრა, რა განსხვავებაა ქართულ და ამერიკულ სწავლის მეთოდებში?
– დიდი განსხვავება სწავლის მეთოდებს შორის არ არის. ისევე, როგორც ყველგან, ზოგადი ფიზიკის კურსებს თან ახლავს პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოები. ფორმატი შეიძლება განსხვავდებოდეს. მაგალითად, ზოგ უნივერსიტეტში პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოები გაერთიანებულია. ასეთ მიდგომას ის დადებითი მხარე აქვს, რომ სტუდენტი თეორიულად ხსნის ამოცანებს და შემდგომ იქვე ატარებს შესაბამის ექსპერიმენტებს. აქცენტი უფრო მეტად კეთდება ვიზუალიზაციაზე, რაც ეხმარება სტუდენტს, რომ უფრო ადვილად აითვისოს საკითხი და ნახოს, სად შეიძლება მისი პრაქტიკული გამოყენება.

გამოცდილება

– თუ არის ისეთი სწავლების ფორმა, რომელიც ძალიან მოგწონს და ქართულ სინამდვილეშიც კარგი იქნებოდა მისი დანერგვა?
– დიახ, არის – ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული „დახმარების საათები“, როცა ყოველდღე, ნებისმიერ დროს სპეციალურად გამოყოფილია სადოქტორო პროგრამის 4-5 სტუდენტი, რომლებთანაც ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ მისვლა და დახმარების მიღება ფიზიკის ამა თუ იმ საკითხზე.
გარდა ამისა, რაც ასევე მნიშვნელოვანია და რაც მკაცრად სრულდება ამ ქვეყანაში, ეს არის „ღია კარის დღეები“, რომელსაც ფაკულტეტის ადმინისტრაცია აწყობს, კვლევითი ლაბორატორიების დათვალიერების ჩათვლით. ეს ეხება როგორც სკოლის დამამთავრებელ მოსწავლეებს მათი შემდგომი სპეციალობის განსაზღვრაში, ასევე ბაკალავრიატის სტუდენტებს – სამეცნიერო მიმართულებათა არჩევაში. ასე განსაჯეთ, აქ კვლევით ლაბორატორიებს სხვადასხვა პროფესიის დაწესებულებათა თანამშრომლებიც სტუმრობენ. 
ზოგადად, ამერიკაში რესურსები და მეცნიერებისადმი ხელშეწყობა ძალიან დიდია, რაც, თავის მხრივ, აისახება კიდევაც თანამედროვე დონის, როგორც სამეცნიერო, ასევე სასწავლო ლაბორატორიების აღჭურვილობებში.
ამავდროულად, სტუდენტებს აქვთ ფართო არჩევანი ბაკალავრიატის თუ სადოქტორო ხარისხის მინიჭების შემდეგ, რომ გააგრძელონ კარიერა მეცნიერებაში ან ინდუსტრიაში. ამერიკაში ძალიან ბევრი კომპანიაა, რომლებიც დაინტერესებულები არიან მეცნიერებით ან ახალგაზრდებით, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ სამეცნიერო სფეროებში.

კავშირები

– როგორ ცხოვრობთ ამერიკაში, გაქვთ თუ არა კავშირები ახალგაზრდა ქართველ მკვლევრებთან და რას იტყოდით მათზე?

– ამერიკაში სტუდენტისთვის ყოფითი პირობები კანონის რანგშია აყვანილი. აქ, გარდა სწავლისა და მეცნიერებისა, ყველანაირი პირობაა შექმნილი „რელაქსაციისათვის“. საცხოვრებლებიც და სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებიც აღჭურვილია ყველანაირი სპორტული „ტრენაჟორებით“, საცურაო აუზებით, ეწყობა უამრავი სტუდენტური ღონისძიება. სიმართლე გითხრათ, ბოლო წელიწადნახევარი ამ სიკეთით არ მისარგებლია. გულწრფელად რომ ვთქვა, არც ვნანობ ამას, რადგან კონკურენცია ასეთი ლაზერული მეთოდის ტექნიკის და უნიკალური გაზომვის მეთოდის გამოგონებისა ძალზედ დიდი და მნიშვნელოვანი იყო „ვინ ვის დაასწრებდა“ სამი ქვეყნიდან (აშშ, იაპონია, გერმანია). ამისთვის ღირდა ყველაფრის გადადება.

რაც შეეხება კავშირებს ქართველ მეცნიერებთან, ჩემდა სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ნაკლებად მაქვს. ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ უნივერსიტეტები, სადაც მე მიწევს მოღვაწეობა, წამყვან ცენტრებად ითვლებიან ფიზიკის იმ კონკრეტულ დარგში, რომელშიც მე ვმოღვაწეობ. თუმცა, მაშინ, როდესაც ჩვენი უნივერსიტეტი ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების შორისაა, რაც ძალიან სასიხარულოა, შეუძლებელია, თვალს არ ვადევნებდე ჩვენი მეცნიერების (სხვადასხვა წამყვანი ცენტრებიდან) წარმატებებს, მათ გამოქვეყნებულ შრომებს ფიზიკის სხვადასხვა დარგში. ამაყად ვგრძნობ თავს, როდესაც მესმის ჩვენი თანამემამულის, განსაკუთრებით ახალგაზრდა მკვლევრების მიღწევები, ვინაიდან ეს ჩვენი უნივერსიტეტის პრესტიჟზე მეტყველებს.
მოცემულ ეტაპზე, ინტენსიურად ვფიქრობ მჭიდრო კოლაბორაციული კავშირები დავამყარო თსუ-სთან. საბოლოოდ კი, განზრახული მაქვს სამშობლოში დაბრუნება, რათა მოხერხდეს შეძენილი ცოდნის და გამოცდილების თსუ-ში რეალიზება, როგორც სამეცნიერო, ასევე სასწავლო სფეროში.