რჩენას შეწირული ოჯახური ურთიერთობები

21 ნოე 2017

კვლევა ქალთა შრომით მიგრაციაზე

ბოლო 20-25 წლის განმავლობაში საქართველომ მყარად დაიმკვიდრა ადგილი იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოსახლეობის კლება, გარდა შობადობის შემცირებისა და სიკვდილიანობის მატებისა, შრომითი მიგრანტების რიცხოვნობის გაზრდითაცაა განპირობებული. პრობლემაა ისაა, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ადამიანების დიდი ნაწილი ქვეყნიდან გადის და უკან აღარ ბრუნდება (მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთ სიტუაციაში დაბრუნების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია), ნაწილი კი ცდილობს ლეგალური ცხოვრების უფლება მოიპოვოს და ოჯახის სხვა წევრებიც წაიყვანოს. 

როგორც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 2015 წლის მონაცემებშია მითითებული, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა საქართველოდან ემიგრაციის მახასიათებლები, მოცულობა და მიმართულებები. დღეისათვის ქართველი მიგრანტების ჯგუფების პოვნა სხვადასხვა ქვეყანაშია შესაძლებელი, ძირითადად კი მათთვის მიმზიდველ ქვეყნებად ისევ რჩება ამერიკა, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საბერძნეთი და თურქეთი, თუმცა მათი ნაკადი უკვე სხვა ქვეყნებისკენაც მიემართება. 
ემიგრაცია ძირითადად შრომით ხასიათს ატარებს. მის ხელშემწყობ გარემოებათაგან კი სპეციალისტები გამოყოფენ: უმუშევრობას, არასრულ დასაქმებას; მცირე შემოსავალს; ქვეყნებს შორის შრომის ანაზღაურებაში დიდ განსხვავებას და სხვ.
ზოგადად მიგრაციის საკითხები ძალიან რთული და მრავალშრიანია და ამ საკითხების საფუძვლიანი გაანალიზება ერთ საგაზეთო წერილში მართლაც რომ შეუძლებელია, თუმცა პრობლემა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა იკვლია, ძალზედ აქტუალურია. შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე დიდი ინტერესი გამოიწვია პროფესორების გიორგი გოგსაძისა და ია იაშვილის მიერ წარმოდგენილმა კვლევის – „ქალთა შრომითი მიგრაცია: სოციალურ-ეკონომიკური გავლენა მიგრანტთა ოჯახებზე საქართველოში“ – შედეგებმა. 
კვლევა შეეხებოდა მიგრანტ ქალთა ოჯახებს საქართველოში. პროექტში მონაწილეობდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორი სტრუქტურა – საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება და სოციოლოგიის დეპარტამენტი. კვლევის თანახელმძღვანელები იყვნენ საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების პროფესორი გიორგი გოგსაძე და ასოცირებული პროფესორი ია იაშვილი, ხოლო სოციოლოგიის დეპარტამენტიდან – ასოცირებული პროფესორი ლია წულაძე (ექსპერტი) და დოქტორანტი თინათინ გვენეტაძე. პროექტში, ასევე, ჩართული იყვნენ საზოგადოებრივი გეოგრაფიის მაგისტრატურის სტუდენტებიც.
კვლევის მიზანს შეადგენდა ქალთა შრომითი მიგრაციის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შესწავლა ქართულ ოჯახებზე – მისი ეკონომიკური სარგებელი და სოციალური დანაკარგები; ასევე, მიგრაცია, როგორც ოჯახის სტრატეგია შემოსავლების დივერსიფიკაციისათვის.

გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ ესაუბრა თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების ასოცირებულ პროფესორს ია იაშვილს, რომელმაც კვლევის მიზნებსა და ძირითად დასკვნებზე გაამახვილა ყურადღება.

ინტერვიუ

– ქალბატონო ია, რა იყო კვლევის ძირითადი ასპექტები, ვინ გამოიკითხა და რა მეთოდებით?
– კვლევის ფარგლებში გამოიკითხა მიგრანტი ოჯახის წევრები, კერძოდ, მეუღლეები – საქართველოში მცხოვრები ქმარი და მიგრანტი ცოლი. სამიზნე ქალაქებად შეირჩა ქუთაისი და რუსთავი, ყოფილი მსხვილი სამრეწველო ცენტრები, საიდანაც, დღეისთვის, შრომითი ემიგრაცია მაღალია. 
კვლევის სიახლე მდგომარეობდა იმაში, რომ ქართული შრომითი მიგრაციის შესწავლა პირველად მოხდა მოვლენის ორივე მხარის – მიგრანტისა და მისი მეუღლის – უშუალო მონაწილეობით.
– გამოიწვია თუ არა დაინტერესება ქალებსა და მათ ოჯახებში თქვენმა კვლევამ?
– უნდა გითხრათ, რომ რესპონდენტები არაერთგვაროვნად შეხვდნენ შეთავაზებულ პროექტში მონაწილეობას – თითქმის სრული თანამშრომლობა შედგა ქალებთან მაშინ, როცა რთული აღმოჩნდა მამაკაცების დათანხმება, რის გამოც ბევრ ოჯახთან მოგვიწია გასაუბრებაზე უარის თქმა (აღნიშნული მიზეზის გამო, მოლაპარაკება წინასწარ შერჩეულ 50-მდე ოჯახთან გვქონდა). საბოლოოდ, პროექტში 21-მა ოჯახურმა წყვილმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენი რესპონდენტები მხოლოდ დასაქმებული მამაკაცები აღმოჩნდნენ, რადგან ყველა უმუშევარმა მეუღლემ კვლევაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. უნდა ითქვას ისიც, რომ თანხმობის შემთხვევაშიც, ქმრების პასუხები საკმაოდ ლაკონური და მწირი იყო.
– რა გამოიკვეთა კვლევის შედეგად?
– კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ, მიუხედავად ქალთა ემიგრაციის დროებითობისა, მასპინძელ ქვეყანაში არსებული შრომის უკეთესი ანაზღაურება (საქართველოში დასაქმების ნაკლები შანსის საპირისპიროდ) სრულიად გაურკვეველს ხდის მიგრანტი ქალების ოჯახის წევრებთან განშორების ხანგრძლივობას. შედეგად, პროცესში მონაწილენი, ერთდროულად, მოსარგებლენიც არიან და დაზარალებულნიც.
გამოიკვეთა, რომ მიგრაციის ინიციატორები ძირითადად ქალები არიან, ანუ გამგზავრების სურვილი ქალის მხრიდან მოდის, მაგრამ ცოლ-ქმარი გადაწყვეტილებას ერთად იღებს. ყველა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ მათ გაითვალისწინეს ოჯახის წევრების (მათ შორის შვილების, მშობლების) აზრი, თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მეუღლეებს შორის (კოლექტიურად) შეთანხმების შედეგად მოხდა. უნდა ითქვას, რომ ოჯახის სხვა წევრების დამოკიდებულება შესაძლო მიგრაციის მიმართ უარყოფითი იყო (განსაკუთრებით ფიქსირდება წინააღმდეგობა ქალის მშობლების მხრიდან), ემიგრანტის მეუღლეებისათვის კი ცოლის ემიგრაცია ოჯახის პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზად ისახებოდა.
საყურადღებოა, რომ გადაწყვეტილება ემიგრაციის შესახებ ემთხვევა შვილების სასკოლო ასაკისა და ემიგრანტის მშობლების ხანდაზმულობის პერიოდს, როცა მზარდია მოთხოვნა განათლებასა და სამედიცინო მომსახურების ხარჯებზე. ამ მიმართებით, ქალთა ემიგრაცია ოჯახის შემოსავლების დივერსიფიკაციისა და გაზრდის ყველაზე მისაღებ სტრატეგიად მიიჩნევა.
– რა სირთულეებს გამოყოფენ ემიგრანტი ქალები ოჯახიდან მოშორებით ცხოვრების პერიოდში?
– ემიგრანტი ქალები ყველაზე მტკივნეულად აღნიშნავენ შვილებთან განშორებას. ყველამ მიუთითა წლების თუ არა, თვეების განმავლობაში, ოჯახის მონატრების გამო უმძიმესი ცრემლიანი პერიოდის შესახებ; თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ მამაკაცი რესპონდენტები ცოლების საზღვარგარეთ მუშაობის მთავარ სირთულედ ენობრივ ბარიერს მიიჩნევენ. ისინი ნაკლებად არიან საქმის კურსში სოციალური და ემოციური პრობლემების დეტალებზე. მთავარ პრობლემად კი ისინი პარტნიორთან გაუცხოებას მიიჩნევენ. 
– გამოიკვეთა თუ არა ქართული დიასპორას როლი ახლად ჩასულ ემიგრანტთა დახმარებაში?
– დიახ, დადასტურდა, რომ საქართველოში არსებული სამეგობრო, სამეზობლო თუ სანათესავო ქსელი ემიგრაციის ქვეყანაში რესურსის ანუ სოციალური კაპიტალის ფუნქციას იძენს. ქსელი ხელშემწყობი ხდება ახალჩასულთა დახმარებისა და ემიგრანტთა სოციალიზაციისთვის.
– რა შეიძლება ითქვას მიგრაციის მიზნებსა და რეალობას შორის ბალანსზე – დასტურდება თუ არა, რომ შრომითმა მიგრაციამ გაამართლა?
– კვლევამ დაადასტურა შრომითი მიგრაციის ძირითადი აქცენტი – მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა რესპონდენტი მამაკაცი დასაქმებულია, მათი შემოსავლები მხოლოდ მცირედით აკმაყოფილებს ოჯახის ფინანსურ მოთხოვნებს. გამოკითხულთა უმეტესობამ აღნიშნა, რომ მეუღლე შემოსავლის უდიდეს ნაწილს საქართველოში ყოველთვიურად აგზავნის და თავისთვის მხოლოდ „საარსებო მინიმუმს“ იტოვებს. ეს ქალების პასუხებითაც დასტურდება.
თანხის განკარგვა-განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღება ემიგრანტის ოჯახში, საქართველოში ხდება.
უცხოეთიდან მიღებული გზავნილი ფარავს შვილების სწავლის გადასახადს (როგორც მოსწავლეების, ასევე სტუდენტების), მშობლების მკურნალობის თანხებს და საყოფაცხოვრებო ხარჯებს; ოჯახების ნაწილმა შეძლო გაესტუმრებინა ვალი, გაერემონტებინა ბინა, შეეძინა საოჯახო ნივთები და ავტომანქანა; რამდენიმემ იყიდა ახალი საცხოვრებელი. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ თანხების უკმარისობის გამო რესპონდენტები ვერ ახერხებენ ვერც ფინანსური გზავნილის შენახვა-დაგროვებას და ვერც ბიზნესში ინვესტირებას.
– ვიცით, რომ მიგრანტ ქალთა ნაწილი იქ იბრძვის ლეგალური სტატუსის მისაღებად. რა მიზანი აქვს ამ სტატუსის მიღებას – მასპინძელ ქვეყანაში დარჩენა თუ სოციალური სტატუსის ამაღლება?
– რესპონდენტ ქალთა ერთი ნაწილის მიერ ლეგალური სტატუსის მიღება ემიგრაციის სოციალურ-ეკონომიკური სარგებელია. ეს მათ თავისუფალი გადაადგილების, დაცულობის და სიბერეში ევროპული პენსიის მიღების საშუალებას მისცემს. 
– რა გვერდითი მოვლენები ახლავს ქალთა შრომით მიგრაციას იმის ფონზე, რომ ისინი ძირითადად ოჯახის მარჩენლები არიან, ოჯახი კი მათ გარეშე ვითარდება?
– ოჯახის წევრების ხანგრძლივად დაშორება, ორივე სქესის რესპონდენტების მხრიდან, მიგრაციის სოციალურ დანაკარგადაა მიჩნეული. ეკონომიკური სარგებლის მიუხედავად, ემიგრაციამ უარყოფითად იმოქმედა ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობებზე. მეუღლეების მიერ მათი დღევანდელი მატერიალური მდგომარეობა ფასდება, როგორც „საშუალო“.
სოციალურ დანაკარგში, მამაკაცები პირველ რიგში მეუღლეებთან ურთიერთობის „გაფუჭებაზე“ მიუთითებენ, ქალი რესპონდენტები კი შვილებთან გაუცხოებაზე და ემოციური კავშირის გაწყვეტაზე. ერთ-ერთი მათგანი წერს: „4 წელი შვილი არ გვყოლია. რომ შემეძინა, მეგონა ოთხ დღესაც ვერ დავტოვებდი. ახლა კი წლებია – უჩემოდ იზრდება. ჩემი ქმარ-შვილის დანაკარგს ვერაფერი შეცვლის“ (ქალი, 42 წლის, რუსთავი).
ქალი რესპონდენტების მხრიდან, ზოგადად, ემიგრაცია გამართლებულ პროექტად მიიჩნევა. მამაკაცთა მხრიდან კი, ნაწილი, სოციალური დანაკარგების გამო, გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს – „ძნელია, როცა ქალი შინ არ არის და ბავშვები უდედოდ იზრდებიან. დედას ვერავინ შეცვლის... მე აქ ვარ, მაგრამ... ფინანსურად ჰო, ზოგადად კი, არანაირი სარგებელი აქედან არ არის“, – პასუხობს მამაკაცი (42 წლის) ქუთაისიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საკვლევ ოჯახებში მამები საქართველოში ცხოვრობენ, მათი შვილები, უფრო ხშირად, ბებია-ბაბუის მეთვალყურეობით იზრდებიან (ბებიის როლი ბევრად მეტია). ორივე მეუღლე მიიჩნევს, რომ ბავშვებისათვის ასე სჯობს.
ასევე უნდა ითქვას, რომ ემიგრანტ ოჯახებში გენდერული როლები შეცვლილია და მარჩენლად ქალი გვევლინება. მისი ფინანსური გზავნილი ოჯახის ძირითად ბიუჯეტს შეადგენს. 
კვლევამ გამოავლინა უცხო გარემოში ქალთა ადაპტაციის მაღალი ხარისხი; მათ ისწავლეს მასპინძლების სასაუბრო ენა და შეძლეს ურთიერთობების ქსელის შექმნა სრულიად უცნობ გარემოში.
– საბოლოოდ რა დასკვნები გამოიკვეთა კვლევის შედეგად?
– დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო შრომითი მიგრაცია საქართველოში ოჯახის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული და მთავარი პრიორიტეტია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება.
კვლევის შედეგებმა ცხადად აჩვენა, რომ ქალთა შრომითი მიგრაცია და, აქედან გამომდინარე, ფულადი გზავნილი ემიგრაციიდან, ქართული ოჯახების მნიშვნელოვანი ნაწილის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთერთ, ხშირ შემთხვევაში ერთადერთ საშუალებად იქცა. 
ემიგრაცია მნიშვნელოვნად ცვლის ურთიერთობებს ოჯახის წევრებს შორის. როგორც ორივე სქესის რესპონდენტები აღნიშნავენ, დაკარგული ურთიერთობების აღდგენა თავდაპირველი სახით თითქმის შეუძლებელია. მამაკაცები უფრო მეუღლეებს შორის შეცვლილ ურთიერთობებს გულისხმობენ, ხოლო ქალები მათსა და შვილებს შორის გაუცხოების მაღალ ხარისხზე მიუთითებენ.
კვლევის შედეგებმა ცხადად აჩვენა შვილების აღზრდის ფინანსური სიმძიმე, რომელსაც ქართული ოჯახი ადგილობრივი მწირი შემოსავლებით ვერ უმკლავდება. რესპონდენტი მამაკაცების შემოსავლები ვერ ფარავს მოზარდი შვილების გაზრდილ მოთხოვნებსა და ხანდაზმული მშობლების საჭიროებებს. სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პროგრამების გაუქმება და დაბალი პენსიები, რიგით მოხუცს, უპირატესად, ოჯახის წევრებზე დამოკიდებულს ხდის. ამ შემთხვევაში კი გზავნილი ემიგრაციიდან პრობლემათა დაძლევის ერთადერთ საშუალებად მიიჩნევა.
გახანგრძლივებული ემიგრაციის პირობებში, რესპონდენტების ნაწილმა შეძლო იმიგრანტის ლეგალური სტატუსის (ზოგმა მოქალაქეობისაც კი) მიღება, რაც მათი დაცულობის კუთხით დადებითად უნდა შეფასდეს.
ქალთა შრომითი მიგრაციის შედეგად შინამეურნეობაში შრომის მოსალოდნელი დივერსიფიკაცია ან არ ხდება ან შემოიფარგლება ბიზნესის ისეთი ფორმით, როგორიცაა ბინის გაქირავება. იშვიათია შემთხვევები, როდესაც ფულადი გზავნილების საფუძველზე მოხდა მეტნაკლებად შემოსავლიანი ბიზნესის გამართვა.
რადგან ვერ ხერხდება მიღებული თანხების დაგროვება და ინვესტირება, ძნელია ემიგრანტთა დაბრუნების სტრატეგიაზე საუბარი. მომავლის იმედის უქონლობა კი კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის ქალთა დაბრუნების ახლო პერსპექტივას საქართველოში.
– მიაწვდით თუ არა ამ კვლევის შედეგებს სათანადო ორგანოებს და რა გამოხმაურებას ელით მასზე?
– 2011 წელიდან, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (International Center for Migration Policy Development (ICMPD) ინიციატივითა და ევროკავშირის ხელშეწყობით, საქართველოში ფუნქციონირებს მიგრაციის სამთავრობო კომისია, რომელიც თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო, ასევე აკადემიურ სტრუქტურებთან და ეხმარება ჩვენს ქვეყანას მიგრაციული პოლიტიკის შემუშავებაში. ჩვენი კვლევა წარდგენილ იქნა მათ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე მიმდინარე წლის 10-12 მაისს, თბილისში. ვფიქრობთ, აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზები გათვალისწინებული იქნება ჩვენი ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურების მიერ საქართველოს მიგრაციული პოლიტიკის შემუშავებისას.
– აპირებთ თუ არა კვლევის გაგრძელებას?
– კვლევის გაგრძელებას, ცხადია, ვაპირებთ. შრომითი მიგრაცია ვრცელი სფეროა და საკმაოდ აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი გუნდის სახელით, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელმძღვანელობას პროექტის ინიცირებისა და ფინანსური მხარდაჭერისათვის.

მაია ტორაძე