ილია ვეკუას მემკვიდრენი

21 ნოე 2017

ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტს წელს განსაკუთრებული წელი აქვს – აღინიშნა აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადებიდან 110 წლისთავი, 80 წელი შეუსრულდა ამ ინსტიტუტის და ქართული მეცნიერების ორ თვალსაჩინო მოღვაწეს თამაზ ვაშაყმაძეს და თენგიზ მეუნარგიას, რომლებიც ილია ვეკუას მეცნიერულ მემკვიდრეებად მიიჩნევიან.
მათემატიკა მათთვის მთელი ცხოვრებაა, მეცნიერება კი – ის ლაბირინთი, რომლიდან გამოსვლის გზასაც ახალი მოდელების შექმნით და მიგნებებით ახერხებენ – ათეულობით წლები ერთმანეთის გვერდით გაატარეს, ერთად მოუტანეს ინსტიტუტს უამრავი წარმატება, ერთად შეეჭიდნენ ნიკო მუსხელიშვილის, ილია ვეკუას, შალვა მიქელაძის და სხვა დიდი მათემატიკოსების მიერ დატოვებულ მოდელებს და აგერ, 80 წლის თავზე, კვლავ ჩვეული ენერგიითა და მათემატიკისადმი უდიდესი სიყვარულით ემსახურებიან მეცნიერებას.


თამაზ ვაშაყმაძე: „თუ გონება მუშაობს, 80 წელი არც ბევრია და არც ცოტა – ჩვეულებრივი ასაკია“

თამაზ ვაშაყმაძე დაიბადა 1937 წელს თბილისში. სკოლაში კლასელებთან შედარებით ადრე შეიყვანეს და, მიუხედავად იმისა, რომ მამა მათემატიკოსი ჰყავდა (მან საბჭოთა კავშირში პირველმა დაიწყო მათემატიკური ოლიმპიადების ჩატარება) და დედა ძალასა და ენერგიას არ იშურებდა მისთვის განათლების მისაცემად, თავად სამეცნიერო და პიროვნულ წარმატებაში სკოლის ორ მასწავლებელს – ოლია ჭეიშვილს და თამარ ყაზახაშვილს გამოარჩევს. ამბობს, რომ ქალბატონმა ოლიამ ასწავლა კითხვა და ფიქრი, ხოლო ქალბატონმა თამარმა პირველად აღმოაჩინა მერვეკლასელ ცელქ ბიჭში მომავალი მათემატიკოსი და წარმატებული მეცნიერი. 
თამაზ ვაშაყმაძემ 1959 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ამის შემდეგ ჩააბარა ასპირანტურაში და დღემდე მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა გამოთვლითი მათემატიკა, მყარი დეფორმადი სხეულის მექანიკა, მათემატიკური მოდელირება, ჩვეულებრივი და კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები; კომპიუტერული მეცნიერებანი, ინფორმატიკა, არის მეცნიერებათა დოქტორი და, რაც ყველაზე საგულისხმოა, არასოდეს წასულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან – აქ მუშაობდა იგი წლების განმავლობაში სხვადასხვა ადმინისტრაციულ თუ აკადემიურ თანამდებობაზე (1968-1973 წწ. – თსუ-ის ი. ვეკუას გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი (გმი), უფროსი მეცნ. თანამშრომელი, 1973-2006 წწ. – თსუ-ის გმი განყოფილების გამგე, 2009 წლიდან – მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლითი მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნ. თანამშრომელი; 2009 წლიდან დღემდე – თსუ-ის ემერიტუს პროფესორი);
თამაზ ვაშაყმაძე მონაწილეობდა არაერთი სამეცნიერო გრანტის განხორციელებაში, სხვადასხვა დროს მიწვეული იყო მოსკოვში, პუშჩინოში, დელავერის უნივერსიტეტში, არის საერთაშორისო საზოგადოებათა ISIMM, IUSBEM, ISPOROS წევრი, თეორიული და გამოყენებითი მექანიკისა და მეცნიერებათა ისტორიის საზოგადოებათა ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (2005 წ.), საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის წევრი (1962 წ.), თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში საქართველოს ეროვნული კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
იგი არის 150-ზე მეტი სტატიის, 5 მონოგრაფიის და 2 სახელმძღვანელოს ავტორი, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 სადოქტორო დისერტაცია, მიღებული აქვს პრეზიდენტის ბრწყინვალებისა (2012 წ.) და ღირსების (2003 წ.) ორდენები, ივანე ჯავახიშვილის მედალი (1977 წ., 2009 წ.), აკად. ილია ვეკუას პრემია (1995 წ.), თურქეთის მათემატიკოსთა საზოგადოების საერთაშორისო პრემია უცხოელი მათემატიკოსებისათვის („მთელი ცხოვრება მათემატიკის სამსახურში“; 2016 წ.).
თამაზ ვაშაყმაძის სამეცნიერო მოღვაწეობას ასე აფასებს თსუ-ის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ჯაიანი: „ბატონი თამაზ ვაშაყმაძის წარმატებული მოღვაწეობის ორი სფერო შეიძლება გამოიყოს – გამოთვლითი მათემატიკა და მექანიკა. მექანიკაში მან შემოიტანა პარამეტრი მოდელში და ამ პარამეტრს თუ მისცემთ სხვადასხვა რიცხვით მნიშვნელობას, მაგალითად, მიიღებთ ვეკუას ან რაისნერის მოდელს და ა.შ. ყველა მოდელი, ფაქტობრივად, ჩასვა თავის მოდელში, როგორც კერძო შემთხვევა. თუ მოხერხდა მოდელის გამოკვლევა ზოგადი პარამეტრისათვის საწყისი სასაზღვრო ამოცანების თვალსაზრისით, ეს, ფაქტობრივად, უნივერსალური წრფივი თეორია გამოვა. დღეს კი მისი ღირებულება ისაა, რომ ვერავინ შექმნის ისეთ წრფივ მოდელს, რომელსაც ბატონი თამაზი თავის პარამეტრს ვერ შეუსაბამებს. ბატონი თამაზი ჯერ კიდევ ილია ვეკუას დროს იყო პროექციული განყოფილების გამგე, ახლა კი არის მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლითი მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელი. იგი იყო გამოთვლითი მათემატიკის ფუძემდებლის – აკადემიკოს შალვა მიქელაძის მოწაფე. საკანდიდატო დისერტაცია დაცული აქვს გამოთვლით მათემატიკაში და შემდეგ ჩაერთოO ილია ვეკუას თემატიკაში“. 
ბატონი თამაზისთვის სამეცნიერო მაგალითი ილია ვეკუა ყოფილა. ამბობს, რომ, მიუხედავად ბატონი ილიასთვის განგებისგან მინიჭებული გენიალურობისა, მისი ტიტანური შრომა და სხვა ადამიანებში სიკეთის დანახვის ნიჭი ახალგაზრდა მეცნიერებს ყოველთვის უბიძგებდა თავიანთ გარშემო კარგი (ადამიანი, მოვლენა) ეძებნათ. 
კითხვაზე, კმაყოფილია თუ არა ცხოვრებით, ბატონი თამაზი ცდილობს ორი სიტყვით შემოიფარგლოს – თურმე კრიტიკული დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი ამ კმაყოფილების საშუალებას არ აძლევს. იგი კიდევ იმითაა გამორჩეული, რომ თავისუფლების შინაგანი განცდა აქვს და შეზღუდვები არ მოსწონს, მაგალითად, უამრავი სამეცნიერო სტატიის ავტორია, მაგრამ დაკვეთით ამ სტატიებს ვერ წერს. 
რაც შეეხება დროს და მასთან მიმართებას, თამაზ ვაშაყმაძე ამბობს, რომ მეცნიერებისგან შორს გატარებულ არც ერთ წუთს არ ნანობს: „ჩემი მეგობრები არიან ციცინო გაბისკირია და ლერი გოგოლაძე, სანამ ისინი შეუღლდებოდნენ, ყოველდღე ერთად ვიყავით. ამ ურთიერთობებს კიდევ გავაგრძელებდი, მას არაფერი შეედრება. ჩვენ, ფაქტობრივად, ციცინომ, 10 წლით უმცროსმა გოგონამ გაგვზარდა. არასოდეს დამავიწყდება, როგორ წაგვიკითხა „უფლისციხის ვერხვები“, როგორ დავდიოდით ერთად სხვადასხვა ადგილების მოსანახულებლად... ეს რომ არ გამეკეთებინა, რა ვიქნებოდი ახლა? თუ უკან არ გიდგას შენ მიერ გაკეთებული ცხოვრებისეული მაგალითი, ჩათვალე, რომ არაფერი გაგიკეთებია. 80 წელი რა არის?! როცა ტვინი მოძრაობს და ქმნის პროდუქტს... არც ბევრია, არც ცოტა... ჩვეულებრივი ასაკია“.


თენგიზ მეუნარგია: „რაც უნდა დიდი მიღწევები გქონდეს, გეჩვენება, რომ 80 წელი მეცნიერებისთვის ცოტაა“

თენგიზ მეუნარგია დაიბადა 1937 წლის 17 აგვისტოს ქალაქ ზუგდიდში, ცნობილი ექიმის ვალერიან მეუნარგიას და ქალბატონ თამარ შონიას ოჯახში. თენგიზთან ერთად იზრდებოდნენ უფროსი ძმა ვახტანგი და უმცროსი და ოფელია. მან ზუგდიდის ვაჟთა საშუალო სკოლა 1955 წელს ოქროს მედლით დაამთავრა. მიუხედავად მამის სურვილისა, სამივე შვილი ექიმი ყოფილიყო, თენგიზმა თავის პროფესიად მათემატიკა აირჩია და იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მათემატიკოსის პროფესია აირჩია ასევე ოფელიამაც. როგორც ბატონი თენგიზი ამბობს, მათემატიკით მათი გატაცება დედის, ქალბატონ თამარის დამსახურებაა, მამის პროფესიას კი უფროსი ძმა ვახტანგი გაჰყვა, რომელიც დღეს ცნობილი მედიკოსია.
1960 წელს, უნივერსიტეტის წარჩინებით (წითელი დიპლომით) დამთავრების შემდეგ, თენგიზ მეუნარგია ჩაირიცხა ასპირანტურაში ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიის განხრით.
1966 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად დაინიშნა ილია ვეკუა. მისი თაოსნობით უნივერსიტეტში ბევრი ნოვატორული იდეა განხორციელდა – დაარსდა ახალი ფაკულტეტი, ჩამოყალიბდა ახალი კათედრები და ლაბორატორიები. ამავე წელს შეიქმნა გამოყენებითი მათემატიკის პრობლემური ლაბორატორია, რომელიც აღიჭურვა იმ დროისთვის საუკეთესო ელექტრონული გამომთვლელი მანქანებით. ამ ლაბორატორიის პირველ თანამშრომლებს შორის თენგიზ მეუნარგიაც იყო. სწორედ ამ დროიდან, ილია ვეკუას ხელმძღვანელობით, იწყება მისი ნაყოფიერი მეცნიერული მუშაობა გარსთა მათემატიკურ თეორიაში.
1973 წელს თენგიზ მეუნარგიამ წარმატებით დაიცვა დისერტაცია ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „ცვლადი სისქის ფირფიტების ღუნვის თეორიის შესახებ“. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ილია ვეკუა. 
1989 წელს თენგიზ მეუნარგია აირჩიეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის გარსთა თეორიის განყოფილების გამგედ. მისი თაოსნობით განყოფილებაში წლების განმავლობაში მუშაობდა სამეცნიერო და სასწავლო-სამეცნიერო სემინარები გარსთა თეორიაში, დრეკადობის მათემატიკურ თეორიაში, ვარიაციულ მეთოდებში, ტენზორულ ანალიზში. 
1997 წელს თენგიზ მეუნარგიამ წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „სწრაფად ცვალებადი გეომეტრიის მქონე დრეკადი გარსების მათემატიკური თეორიის სასაზღვრო ამოცანები“. თენგიზ მეუნარგიას ამ ფუნდამენტურ ნაშრომში ილია ვეკუას მიერ აგებული გარსების თეორია გათავისუფლდა დაშვებისგან გარსების დამრეცობის შესახებ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გაფართოვდა კლასი იმ სხეულებისა, რომელთა დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის განსაზღვრა შესაძლებელი გახდა შემოთავაზებული თეორიის გამოყენებით. ბატონი თენგიზი 2006 წლამდე იყო ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის გარსთა თეორიის განყოფილების გამგე. 2007 წლიდან, ინსტიტუტის რეორგანიზაციის შემდეგ, იგი ამ ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია და აქტიურად განაგრძობს სამეცნიერო მუშაობას.
მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 სადოქტორო დისერტაცია, მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2012 წ.).
თენგიზ მეუნარგიას სამეცნიერო მოღვაწეობას ასე აფასებს თსუ-ის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ჯაიანი: „თენგიზ მეუნარგია არის ბატონი ილია ვეკუას მიმდევარი, მისი ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და არის, ფაქტობრივად, ერთადერთი მეცნიერი, რომელიც გარსთა თეორიაში ილია ვეკუას მიერ დატოვებულ მოდელებს ღრმად იცნობს. ილია ვეკუას ბევრი მიმდევარი ჰყავს, მაგრამ ჯერ კიდევ არის მის მიერ დატოვებული მოდელები, რომლებიც არ არის შესწავლილი, ბატონი თენგიზი კი ის მეცნიერია, რომელიც ყველა მისი მოდელის ღრმა მცოდნეა. იგი ცდილობს ახალგაზრდები და საშუალო თაობაც ჩააბას ამ მოდელების შემდგომ განვითარებაში. მუდამ წუხს, რომ უკვე ასაკშია და ვერ მოასწრებს ყველაფერი მიიტანოს ახალგაზრდა თაობამდე, რათა ბატონი ილიას იდეებმა შემდგომი განვითარება ჰპოვოს“.
ადამიანის სიდიდეს მისი შინაგანი ბუნება განაპირობებს. თენგიზ მეუნარგიას სამეცნიერო შედეგების აქ მოყვანილი მოკლე და არასრული მიმოხილვიდანაც კარგად ჩანს იუბილარის მეცნიერული გამჭრიახობა, მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა. მისი სამუშაო მაგიდა ყოველთვის სავსეა რვეულებით, რომლებიც გავსებულია წვრილი ასოებით დაწერილი ფორმულებით, ამასთან თითოეულ რვეულს აწერია წელი, თვე და რიცხვი, ხოლო ზოგიერთს – საათი და წუთიც. მეცნიერს თვითონაც ძალიან უყვარს დაფასთან ცარცით მუშაობა და ამას აჩვევს თავის მოწაფეებსაც. უზარმაზარი დაფა, რომელიც მის სამუშაო კაბინეტში ჰკიდია, ყოველთვის გავსებულია რაციონალურად განაწილებული ფორმულებითა და ნახაზებით. ხშირად, დაფაზე ამ ნაწერების შინაარსისგან აბსტრაგირებული ვიზუალური მხარეც ისეთ ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს მნახველს, რომ მისი წაშლაც დაეზარება.
თენგიზ მეუნარგია ის მეცნიერია, რომელიც თავისი თავმდაბლობით, სტუდენტებისა და კოლეგებისადმი დამოკიდებულებით თავად გამოარჩევს საკუთარ თავს და ისე გესაუბრება, თითქოს ამდენი წლის წარმატებული მეცნიერული მოღვაწეობა მის მხრებზე არ იდოს: მორიდებით ახსენებს დედას, რომელიც მისი მათემატიკური ნიჭის საწყისი ყოფილა, იხსენებს მის დიდ მასწავლებელს ილია ვეკუას, რომლის მეცნიერული მემკვიდრეობის განვითარებისათვის დღესაც იღვწის და ამბობს, რომ ცხოვრების თავიდან დაწყებაც რომ მოუწიოს, ისევ მათემატიკას აირჩევდა, რადგან უყვარს და არასოდეს უფიქრია მისგან შორს ყოფნა. რაც შეეხება იუბილეს, დიდად არაფრად მიიჩნევს, რადგან ფიქრობს, რომ ბევრი არაფერი გაუკეთებია და როცა საქმე გაქვს, წინ კიდევ ბევრი მათემატიკური ამოცანაა ამოსახსნელი და ახალგაზრდობა დიდ მეცნიერთა მემკვიდრეობასთან არის მისაახლოებელი, გეჩვენება, რომ 80 წელი ცოტაა.