ყველა დროისა და ყველა ქვეყნის ხელოვანი

20 ნოე 2017

„ყველა დროისა და ყველა ქვეყნის ხელოვანი“, – ასეა შეფასებული გერმანიაში გამოცემულ ენციკლოპედიაში ოთხ ქართველ მხატვართან ერთად საქართველოს დამსახურებული მხატვარ-მოქანდაკის გიორგი ჩალაძის შემოქმედება, რომლის ნახატები განსხვავებული სტილით და მანერით გამოირჩევა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული გამოფენა მხატვარმა შოთა რუსთაველის 850 წლისთავს მიუძღვნა და თავისი ფერწერული ნაწარმოებები წარმოადგინა. „სიბერე“, „როგორი იქნება XXI საუკუნე“, „სიცოცხლის წარმოშობა“, „შეხვედრა წარსულთან“, „შოთა რუსთაველი“, „რუსთაველი იერუსალიმში“, „ექვთიმე თაყაიშვილი“, „მარიამ ღვთისმშობელი“, „კონტრასტები“, „ვაჟა-ფშაველა“ და სხვა ფერწერული ტილოები, სპეციალისტების აზრით, ეროვნული ნიშნით არის „დაღდასმული“.

87 წლის რუსთაველ მხატვარს თსუ-ის მუზეუმის დირექტორი მაია გურაბანიძე მიესალმა: „გიორგი ჩალაძე გამორჩეული ხელოვანია, ამის დასტურია დღევანდელი გამოფენაც, სადაც წარმოდგენილია მცირედი ნაწილი იმ მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობისა, რომელიც მხატვარმა თავისი მოღვაწეობის მანძილზე შექმნა. იგი პროფესიით მოქანდაკეა, მაგრამ, ამავე დროს, საინტერესო ფერმწერადაც გვევლინება. გიორგი ჩალაძის ნახატების თემატიკა ეროვნულია, მის პუანტელისტური ტექნიკით შესრულებულ ნახატებში გარკვეულწილად იგრძნობა ქართული შუა საუკუნეების მხატვრობის გავლენა, სწორედ ამ ტექნიკით აქვს შესრულებული ნახატები, რომლებშიც კარგად ჩანს ადამიანური სითბო და ნამდვილი ემოცია. ჩვენთვის დიდი პატივია მისი სტუმრობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია – კარგად იცნობდნენ ასეთი ადამიანების შემოქმედებას“, – აღნიშნა მაია გურაბანიძემ.
გამოფენის გახსნაზე მხატვრის შემოქმედებაზე, მის დამსახურებასა და პედაგოგიურ მოღვაწეობაზე ისაუბრეს საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ ზურაბ ცერცვაძემ და რუსთავის მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ დავით ფიცხელაურმა.
გიორგი ჩალაძემ თბილისის სამხატვრო აკადემია 1957 წელს დაამთავრა. იმ დროდან იგი აქტიურად ჩაერთო შემოქმედებით საქმიანობაში, მონაწილეობდა საერთაშორისო თუ რესპუბლიკურ გამოფენებზე. აღსანიშნავია ასევე მისი მოღვაწეობა საბერძნეთში, სადაც მან არგონავტებისა და ალექსანდრე მაკედონელის თემაზე შექმნა ფერწერული პანოები, გააფორმა არა ერთი სპექტაკლი. იგი ფაზისის მეცნიერებათა ნამდვილი წევრი, მრავალი ჯილდოსა და სიგელის მფლობელია. გიორგი ჩალაძე – საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ღირსების ორდენის, იაკობ გოგებაშვილის მედლის, საქართველო-უკრაინის მეგობრობის მედლისა და სხვა ჯილდოების კავალერია. მის შემოქმედებას ეძღვნება მრავალი ხელოვნებათმცოდნეობის გამოცემა და კატალოგი როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მის მიერ შექმნილი ქანდაკებები დგას საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, ხოლო მისი ფერწერული ნამუშევრები სამხატვრო ფონდებში, მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში ინახება. გიორგი ჩალაძის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს რუსთავის სამხატვრო სკოლის დაარსება. ცნობილმა მოქანდაკემ ბედი ფერწერაში მოგვიანებით სცადა. სპეციალისტების შეფასებით, სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა, რომ მისი ნახატები განსხვავებული სტილით და მანერით გამოირჩევა. მათი აზრით, ქანდაკებისა და ფერწერის შერწყმა მთლიანობაში წარმოადგენს ფორმის, მოცულობისა და ფერის სინთეზს, რაც ორიგინალურობას სძენს მის ნახატებს.
გამოფენაზე გიორგი ჩალაძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და სტუდენტებს თავისი მოსაზრებაც გაუზიარა: „მიხარია, რომ ჩემს ნახატებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა თაობაც გაეცნობა. მინდა მათ ვურჩიო, რომ რა პროფესიაც უნდა აირჩიონ, ხელოვნების სიყვარული აუცილებლად შეინარჩუნონ და ამგვარად გაილამაზონ ცხოვრება“, – განაცხადა მხატვარმა.