„ანამ დახურა ფანჯრები“ – სტუდენტების ექსპერიმენტი სცენაზე

19 ნოე 2017

„დარწმუნებული ხართ, რომ თქვენ ნამდვილად ისეთები ხართ, როგორადაც საკუთარი თავი წარმოგიდგენიათ? რა მოხდება, თუ ერთ დღესაც ამოუცნობ ადგილას მოხვდებით, სადაც ორი უცნაური ადამიანი გამოცდის წინაშე დაგაყენებთ. გადალახავს კი ასეთ გამოცდას ებრაელი გოგონა, ანა ფრანკი?“ – ეს კითხვებია დასმული ახალგაზრდა დრამატურგის ალექსანდრე ლორთქიფანიძის ერთმოქმედებიან პიესაში „ანამ დახურა ფანჯრები“, – რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სცენაზე თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე-ხელოვნების მიმართულების სტუდენტებმა წარმოადგინეს. 
„13 წლის ებრაელი გოგონას ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეძრა, დღესაც რჩება იმის მაგალითად, თუ როგორ უნდა იბრძოლო თავისუფლებისათვის და როგორ შეიძლება შეინარჩუნო ღირსება... სწორედ ამიტომ, იგი დღესაც რჩება ახალგაზრდებისთვის საყვარელ და დაუვიწყარ პერსონაჟად. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი ექსპერიმენტის განსახორციელებლად სწორედ მისი პერსონაჟი შევარჩიეთ, რომელიც ამჯერად ახალგაზრდა დრამატურგმა გააცოცხლა თავის პიესაში“, – ამბობს სამსახიობო ხელოვნების საგნის პედაგოგი, რეჟისორი ნინო გელოვანი.
სპექტაკლის დადგმის იდეა ლექციების დროს დაიბადა, როდესაც პედაგოგმა გადაწყვიტა, რომ ლექციებზე მიღებული ცოდნა შესაძლებელი იყო სტუდენტებს პრაქტიკულადაც განეხორციელებინათ და მოსაწყენი კოლოკვიუმის მაგივრად თავიანთი სამსახიობო ხელოვნება გამოევლინათ. როგორც პედაგოგი და სტუდენტები ამბობენ, ეს ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, რომელიც დიდი შრომის და ძალისხმევის შედეგად წარმატებით განახორციელეს. გარდა ამისა, სპექტაკლის მუსიკალური და მხატვრული გაფორმებაც სტუდენტებმა ითავეს, რეკვიზიტებზეც მათ იზრუნეს და რეჟისორიც თავად შეარჩიეს.
„სამსახიობო ხელოვნება ჩემთვის არჩევითი საგანია, მაგრამ პირველივე დღეებიდან სერიოზულად დავინტერესდი. ჩვენი პედაგოგის იდეას სიხარულით დავთანხმდით, მე რთული მისია მხვდა წილად, მაგრამ მეგობრების დახმარებით, მგონი, თავი გავართვი. სახალისო და საინტერესო იყო სპექტაკლზე მუშაობა, დიდი გამოცდილება შევიძინე. პიესა ძალიან მოგვეწონა, მაგრამ გადაკეთება მოგვიწია, რადგან რამდენიმე როლი დავამატეთ“, – ამბობს სპექტაკლის რეჟისორი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტი თეკლა გილაშვილი. 
სპექტაკლზე მუშაობა ასეთივე საინტერესო იყო რეჟისორის ასისტენტის, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების მიმართულების სტუდენტის ლაშა მძელურისთვისაც. „რეპეტიციების ყოველი დღე საინტერესო და შთაბეჭდილებებით იყო სავსე. პირადად მე გუნდური მუშაობის გამოცდილება შევიძინე. გარდა ჩემი „თანამდებობისა“, სპექტაკლში პატარა როლიც მაქვს, რომელიც სიამოვნებით შევითავსე. მომავალშიც აუცილებლად მივიღებ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობას“, – ამბობს ლაშა.
„სპექტაკლში მე ანა ფრანკის „შინაგანი ხმა“ ვარ, რომელიც ანას წარსულის გახსენებაში ეხმარება. სკოლის პერიოდში პატარა როლები მითამაშია, მაგრამ „დიდ სცენაზე“ ჩემი პირველი გამოსვლაა და ძალიან ვღელავ, ეს სრულიად ახალი გამოწვევაა, რომელსაც, ჩემი აზრით, თავი გავართვი“, – გვიზიარებს თავის ემოციას თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტი თამარ ციცქიშვილი. 
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტი მარიამ წიკლაური სპექტაკლში ანა ფრანკის „წარმოსახვის ნაყოფია“, რომელიც ცდილობს ანა დააბნიოს, რეალობას ააცდინოს და შეცდომაში შეიყვანოს. „ჩემთვის ამ სპექტაკლში მონაწილეობა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მეგობრები შევიძინე, ვისწავლე ემოციის გამოხატვა, ეს იყო საუკეთესო დღეები“, – ამბობს მარიამი. 
„სამსახიობო ხელოვნება ყოველთვის მაინტერესებდა. მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა ჩემი თავი გამომეცადა. საინტერესო იყო რეპეტიციების პროცესი, როცა ნელ-ნელა იქმნებოდა ახალი სახეები. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჩემში „მსახიობი“ აღმოვაჩინე“, – ამბობს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტი თინათინ სამთელაძე. 
„სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი და საინტერესო გმირია ჩემი პერსონაჟი – მეჭე, რომელიც ანას ხან გონებას ურევს, ხან რეალობაში აბრუნებს. თავისთავად, მისასალმებელია, რომ უნივერსიტეტის სცენაზე სტუდენტების მიერ დაიდგა ქართველი დრამატურგის პიესა, რაც ჩვენი პედაგოგის ნინო გელოვანის დამსახურებაა. ვფიქრობ, ასეთი ექსპერიმენტები აუცილებელია, რათა სტუდენტური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდეს“, – აღნიშნა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ის-ტორიის მიმართულების სტუდენტმა ლევან გოგოლაძემ. 
სპექტაკლში ანა ფრანკის როლს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტ-უდენტი მარიამ ხოჭოლავა ასრულებს. „სცენაზე პირველად არ გამოვდივარ, მაგრამ ამ სპექტაკლში მთავარი როლის შესრულება დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. შევეცადე გმირის შინაგანი სამყარო გადმომეცა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორ შემაფასებს მაყურებელი“, – ამბობს მარიამი.
პრემიერის შემდეგ თავისი შთაბეჭდილება ნინო გელოვანმაც გაგვიზიარა: „სამსახიობო ხელოვნება ძალზე სპეციფიკური საგანია, მას მხოლოდ თეორიული მასალის შესწავლით ვერ ამოწურავ. სასწავლო მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, ეს სპეციალობა ითვალისწინებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მათ თავიანთი თეორიული ცოდნა პრაქტიკაშიც განეხორციელებინათ. სწორედ ამ რეპეტიციების დროს გაიგეს, თუ როგორ უნდა გაითავისოს მსახიობმა როლი. მიხარია, რომ სტუდენტები ასეთი სიყვარულით და სერიოზულობით მოეკიდნენ ამ საქმეს, მუშაობდნენ თავდაუზოგავად, არა იმისთვის, რომ კრედიტები დაეგროვებინათ, არამედ იმიტომ, რომ უყვართ თავიანთი საქმე. სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი ამ ექსპერიმენტს, რისთვისაც მინდა – მადლობა გადავუხადო მათ“, – ამბობს ნინო გელოვანი. 
პრემიერის შემდეგ სტუდენტებმა მსახიობისთვის ყველაზე ძვირფასი ჯილდო – ყვავილები და ოვაციები მიიღეს.