ჯაზის საღამო თსუ-ში

18 ნოე 2017

თბილისის მერიის ბიგ-ბენდმა თსუ-ის სტუდენტებისთვის უსასყიდლო კონცერტი გამართა. ბიგ-ბენდის ორკესტრთან ერთად მაია ბარათაშვილმა, მარიკო ებრალიძემ, გიორგი სუხიტაშვილმა, ნესტან ჯიბლაძემ, ნინი გველესიანმა, ვასილ დოლიძემ და ზაურ ჯიბლაძემ ჯაზ-მუსიკის ცნობილი ამერიკელი კლასიკოსი კომპოზიტორების სიმღერები შეასრულეს. კონცერტზე წარმოდგენილი იყო ქართული სიმღერების ჯაზური ინტერპრეტაცია და გუნდური სიმღერებიც. მრავალფეროვანი რეპერტუარი თბილისის მერიის ბიგ-ბენდის ვოკალისტების შესრულების ინდივიდუალურმა სტილმა განაპირობა.

„თითოეულ ჩვენთაგანს გაგვაჩნია საკუთარი ნიშა და, ამდენად, რეპერტუარი საკმაოდ ფართოა. თანამედროვე მუსიკის სხვადასხვა ჟანრს წარმოვადგენთ. 20 წელია, რაც შევუერთდი ამ ორკესტრს და მაქვს ტრადიციული ჯაზური ნიშა, კერძოდ კი სვინგი, რომელიც განუყოფელი შემადგენელი ნაწილია, რა თქმა უნდა, ჩვენს რეპერტუარში; მასში ასევე შედის ქართული სიმღერები და გუნდური სიმღერებიც“, – აღნიშნა მაია ბარათაშვილმა. 
თბილისის ბიგ-ბენდი არის ოჯახი, მუსიკა, გამოცდილება, ბევრი პოზიტივი – ასე ახასიათებენ ერთმანეთს ბიგ-ბენდის მუსიკოსები. ფიქრობენ, რომ მათი წარმატების მნიშვნელოვანი წილი „პოზიტივის ბუმერანგზე“ მოდის, ანუ იმ დადებით ემოციებზე, რომელსაც ისინი ერთმანეთისგან იღებენ, კონცერტების გამართვისას კი მსმენელსაც უნაწილებენ და შემდეგ მათგან უკან უბრუნდებათ.
„ყველას ჩვენი მიმართულება გვაქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ჟანრი, სხვა სიმღერები არ უნდა შევთავაზოთ მსმენელს. ჩვენ ვმღერით ქართულ სიმღერებს, „ფოლკს“ და ეს ერთი ათად კიდევ ზრდის ჩვენს მუსიკალურ გემოვნებასა და დამოკიდებულებას. რა ემოციაც ტრიალებს გუნდში, კონცერტის მსვლელობისას გადადის მსმენელზეც და შესაბამისად გვიბრუნდება პოზიტივი, ეს დადებითი ემოცია“, – ამბობს მარიკო ებრალიძე. 
თბილისის ბიგ-ბენდი მუდმივად აახლებს შემადგენლობას. ძველი და ახალი თაობის ნაზავი მუსიკალურ შესრულებას კიდევ უფრო განსხვავებულსა და საინტერესოს ხდის. თითქმის ორი წელია, რაც ბიგ-ბენდს ნესტან ჯიბლაძე და ნინი გველესიანი შეუერთდნენ. 
„დიდი გამოცდილებაა ასეთ არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან ერთად მოღვაწეობა. ძალიან ბედნიერი ვარ“, – გვითხრა ნინი გველესიანმა. 
„მინდა ვუთხრა ადამიანებს, რომლებიც ამ კონცერტს ესწრებიან, რომ უფრო მეტად მოგვისმინონ, გაეცნონ ჩვენს მუსიკას და მათი მუსიკალური გემოვნება ბევრად დაიხვეწება“, – განაცხადა ნესტან ჯიბლაძემ. 
თბილისის ბიგ-ბენდის კონცერტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა. კონცერტი თავად მუსიკოსების მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში შედგა, რომლის მთავარი მიზანიც სტუდენტების მუსიკალური გემოვნების დახვეწა და მათთვის ჯაზ-მუსიკის გაცნობაა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თბილისის ბიგ-ბენდი უკვე რამდენიმე წელია უსასყიდლო კონცერტებს მართავს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. წელს არჩევანი თსუ-ზე გაკეთდა, თუმცა მუსიკოსები, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებულები დარჩნენ, თსუ-ის I კორპუსის სააქტო დარბაზი მხოლოდ სანახევროდ გაივსო.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის საგანმანათლებლო და კულტურის კერა. მეც ვსწავლობდი აქ და ძალიან მიყვარს აქაურობა. უბრალოდ, მიკვირს, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში კონცერტების გამართვისას დარბაზებში მსმენელის ტევა არ არის, აქ კი, როგორც ხედავთ, დარბაზი ვერც კი შეივსო. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ თსუ-ში გემოვნებიანი ღონისძიებების მიმართ ინტერესმა იკლო?!“, – განაცხადა მაია ბარათაშვილმა.
სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლების მიზანი, რის გამოც თბილისის ბიგ-ბენდი თსუ-ში მოიწვიეს, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება, გახალისება, გემოვნებიანი მუსიკის შემოთავაზება გახლდათ. საინფორმაციო აქცია, კონცერტის გამართვის შესახებ, სამი დღით ადრე დაიწყო, თუმცა, როგორც ჩანს, ჯაზის მოსმენის სურვილი სტუდენტების მცირე ნაწილს აღმოაჩნდა. 
„ინფორმაცია გავავრცელეთ, მაგრამ ეტყობა ეს მუსიკალური ჟანრი არ აღმოჩნდა სტუდენტებისთვის საინტერესო“, – აღნიშნა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელმა შოთა კეზერაშვილმა.
მსმენელი იყო ცოტა, მაგრამ ვინც თბილისის ბიგ-ბენდის მუსიკალურ საღამოზე დასასწრებად მოვიდა, ყველა გახლდათ ჯაზ-მუსიკის ერთგული მსმენელი: „ჩემთვის უპირველესი მუსიკალური მიმდინარეობა ჯაზია, მაია ბარათაშვილი კი – უსაყვარლესი შემსრულებელი. დიდი მადლობა ორგანიზატორებს“, – გვითხრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტმა ლიკა მამალაძემ.
თბილისის ბიგ-ბენდმა თსუ-ის სტუდენტებისთვის კონცერტი 3 ნოემბერს გამართა.