უნივერსიტეტის პრორექტორი საქართველოს განათლების მინისტრი გახდა

20 ნოე 2017

თსუ-ის ვიცე-რექტორი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად 14 ნოემბერს დაინიშნა.
„გპირდებით, მთელ ჩემს ენერგიას, ცოდნასა და გამოცდილებას მოვახმარ საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარებას. ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს – აცხადებს ახლად დანიშნული მინისტრი. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქვეყანაში განათლების ხარისხის გაუმჯობესება მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება.
საზოგადოება დიდი იმედით შეხვდა მიხეილ ჩხენკელის მინისტრად დანიშვნას და აქედანვე ნდობას უცხადებენ – რომ მდიდარი ბიოგრაფიისა და განათლების სფეროში დიდი გამოცდილების მქონე აწ უკვე მინისტრი მიხეილ ჩხენკელი წარმატებული რეფორმატორის იმიჯსაც მოირგებს. უნივერსიტეტში მას საქმის კაცის სახელი ჰქონდა და სტუდენტები კომუნიკაბელურ და კონსტრუქციულ ვიცე-რექტორად მოიხსენიებენ.
საუნივერსიტეტო საზოგადოება ყოფილ პრორექტორს ახალ პოსტზე წარმატებებს უსურვებს და მისგან ელოდება არაერთ სიახლეს, რაც ქვეყანასაც და უნივერსიტეტსაც წაადგება.

„აუდიტორია 115“ განათლების ახალ მინისტრს თანამშრომლობას სთავაზობს

განცხადება
საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას მიხეილ ჩხენკელი ჩაანაცვლებს.
მივესალმებით ბატონი მიხეილის დანიშვნას აღნიშნულ თანამდებობაზე. მისი თსუ-ში მუშაობა განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის. სწორედ მის სახელს უკავშირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გატარებული რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სტუდენტისთვის თანაბარ წვდომას უნივერსიტეტის ფინანსებთან.
იმედს ვიტოვებთ, რომ ის ასევე ღირსეულად გაართმევს თავს მინისტრის თანამდებობას და დაიწყებს განათლების სისტემის რადიკალურ გარდაქმნას.
„აუდიტორია 115“-ის არაერთი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა განათლების ხარისხისა თუ ხელმისაწვდომობის გაზრდას, მიუხედავად იმისა, რომ მოიწონეს წინა მინისტრებმაც, არ განხორციელდა პრაქტიკაში. მათ არ აღმოაჩნდათ შესაბამისი უნარი და კომპეტენცია ცვლილებების დასაწყებად.
ვინაიდან, ჩვენი მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში რადიკალური, პროგრესული რეფორმების გატარება და არა ხმაურიანი აქციების მოწყობა, ვთავაზობთ მინისტრს თანამშრომლობას, რათა ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ რეალური ცვლილებების დაწყება.
იმედს ვიტოვებთ, რომ ბატონი მიხეილი ჩვენთან ერთად იქნება ბრძოლაში უნივერსიტეტისთვის საბიუჯეტო დაფინანსების მოსაპოვებლად, გარე რეფერირების პრინციპის დასანერგად, სტუდენტებს შორის თანასწორობის დასამკვიდრებლად, რომელიც გარანტირებული იქნება კანონით და ა.შ.