ქართული ანდაზები და იდიომები ელექტრონულ ბაზაშია

01 ნოე 2017

ენის იდიომებისა და და ანდაზების ფონდი სხვადასხვა ეთნოსის ისტორიული, რელიგიური და საზოგადოებრივი გამოცდილების ერთ-ერთი ინდიკატორია. მათში გადმოცემულია ერის კულტუროლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მსოფლმხედველობა, ფასეულობანი, ცრურწმენები თუ სტერეოტიპები. ამის გამო იდიომები და ანდაზები ყოველთვის საინტერესოა არა მხოლოდ ენათმეცნიერებისთვის, არამედ კულტუროლოგებისა და საზოგადოების ფართო ფენებისთვის – მათთვის, ვინც დაინტერესებულია თარგმანით ან ინტერკულტურული კომუნიკაციით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015 წლიდან, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, დაიწყო ქართული ენის იდიომებისა და ანდაზების ფონდების მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, თურქული და არაბული ეკვივალენტებით. კვლევა ითვალისწინებდა რამდენიმე განსხვავებული კულტურის იდიომებისა და ანდაზების ფონდების მონაცემთა შედარება-შეპირისპირებით ქართული ენის იდიომებისა და ანდაზების ელექტრონული ბაზის შექმნას.
პროექტი ორწლიანი იყო. ის წელს დასრულდა და, თსუ-ის აკადემიური პერსონალის ძალისხმევით, დღეს უკვე არსებობს ელექტრონული ბაზა, სადაც თითოეულ იდიომსა და ანდაზას მოძებნილი აქვს შესაბამისი ეკვივალენტი შესწავლილ ენებში.
პროექტს ხელმძღვანელობდა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მანანა რუსიეშვილი. მასში ასევე ჩართულნი იყვნენ: ასოცირებული პროფესორები: რუსუდან დოლიძე (ინგლისური ენა), მანანა მუჯირი (გერმანული ენა), ქეთევან ლორთქიფანიძე (თურქული ენა), ხათუნა თუმანიშვილი (არაბული ენა), ტატიანა Mმოსკალენკო-ჭეიშვილი (რუსული ენა); დოქტორანტები: ნატო ახალაია (ქართული ენა), მარინა კვანტალიანი (ფრანგული ენა), სოფიო თოთიბაძე (პროექტის დამხმარე წევრი), დავით გულია (კომპიუტერული სპეციალისტი).
საგრანტო პროექტის ფარგლებში გაწეული მუშაობის შესახებ გვესაუბრება თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მანანა რუსეიშვილი.

– ქალბატონო მანანა, რა სამუშაოები ჩატარდა პროექტის ფარგლებში და რა შედეგები გამოიკვეთა – თუ აღმოჩნდა ქართულის იდენტური ანდაზები და იდიომები თქვენ მიერ შესწავლილ ენებში?
– როგორც ვიცით, იდიომები და ანდაზები წარმოადგენენ ძალიან საინტერესო შრეს არა მხოლოდ ენის, არამედ კულტურის თვალსაზრისითაც. მათი თარგმანი ძალიან რთულია, რადგან ხატოვანი შიდა ფორმა ხშირად საშუალებას არ იძლევა ისინი პირდაპირი მნიშვნელობით გადავიტანოთ სხვა ენაში. ერთ-ერთი დიდი სირთულე და ამოცანა ამ გრანტისა სწორედ ეს იყო – ქართული ენის იდიომებსა და ანდაზებს დაძებნოდა შესაბამისობები ყველა დანარჩენ საკვლევ ენაში. ცნობილია, რომ ეკვივალენტი შეიძლება იყოს როგორც სრული (ანუ ფორმითა და შინაარსით თანხვედრილი), ასევე ნაწილობრივიც. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, ფორმალური გამოხატვის ფორმა განსხვავებულია, მაგრამ აზრი – იდენტური. ქართული ენის იდიომებისა და ანდაზების Aსრული და ნაწილობრივი ეკვივალენტების დაძებნა იყო ამ კვლევის ამოსავალი წერტილი. შესაბამისად, კვლევამ გამოავლინა ქართული ენისა და სხვა ენის (ან ენების) სრული და ასევე ნაწილობრივ იდენტური ერთეულები.
კვლევა წარიმართა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებებით. პროექტის თეორიულ საფუძვლად ავიღეთ ჩემ მიერ შეთავაზებული მეტაფორის სემანტიკური სტრუქტურის მოდელი, რომელიც ეკვივალენტობის დიდი სიზუსტით დადგენის საშუალებას იძლევა და რომელიც გამოიყენება არა მხოლოდ ერთი ენის, არამედ ენათაშორის სიბრტყეზეც.
– რას გულისხმობს თქვენ მიერ შეთავაზებული მეტაფორის მოდელი?
– ამ მოდელის მიხედვით, მეტაფორის, მათ შორის, ანდაზისა და იდიომის მეტაფორის სემანტიკური სტრუქტურა შედგება სამი ურთიერთდაკავშირებული შრისაგან: პირველ შრეზე დაფიქსირებულია ანდაზის და იდიომის მეტაფორული ფორმა, მეორე შრეზე დაფიქსირებულია მისი ზოგადი მნიშვნელობა. აქვეა დაფიქსირებული კონტექსტუალური და პრაგმატიკული პარამეტრები, რომელიც გვეუბნება, თუ რომელ კონტექსტში რა მნიშვნელობით, ვისთან და რასთან მიმართებით იხმარება ანდაზა ან იდიომი. მესამე შრეზე კი ფიქსირდება ანდაზისა და იდიომის კულტუროლოგიური პარამეტრები, ანუ, ფაქტობრივად, ეს არის ფონური ცოდნის შრე, რომელიც ასახავს ფონური ცოდნის იმ მონაკვეთს, რომელიც კონკრეტულ ანდაზაში (ან იდიომში) აქტუალიზდება. მაგალითად, ქართული ანდაზის: „რკინა მაშინ გამოჭედე, როცა ცხელია“, – სემანტიკური სტრუქტურის პირველ შრეზე ფიქსირდება მისი მეტაფორული ფორმა, მეორე შრეზე მისი ზოგადი მნიშვნელობა. კერძოდ, ის, რომ საქმე დროზე უნდა გაკეთდეს, ხოლო მის მესამე შრეზე ფიქსირდება ფონური ცოდნა, რომლის მიხედვითაც რკინის გამოჭედვა, ან სასურველი ფორმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა იგი ცხელია.
პროექტი განხორციელდა რამდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე დაზუსტდა კვლევისთვის რელევანტური თეორიული აპარატი და ტერმინების მოცულობა, რითაც შეიქმნა მისი თეორიული ფუნდამენტი. სწორედ ამ ფუნდამენტზე დაშენდა შემდგომ იდიომებისა და ანდაზების ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, რომელიც აიგო სემანტიკური ველებისა და მათ შიგნით სემანტიკური მოდელების გამოყოფის პრინციპით. კვლევის შემდგომ, მეორე ეტაპზე შედარდა მიღებული მონაცემები და დადგინდა ამ ენების (ქართული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, თურქული და არაბული) იდიომებისა და ანდაზების სისტემების სემანტიკური და კულტუროლოგიური თავისებურებები. რა თქმა უნდა, გამოიკვეთა როგორც მათ შორის სრული თანხვედრა, ასევე აზრობრივი შესაბამისობები. ისეთ ერთეულებს, რომლებშიც არ დადასტურდა არც ერთი ტიპის ეკვივალენტურობა, დაერთო სიტყვა-სიტყვითი თარგმანი. 
– რამდენი იდიომი და ანდაზაა მონაცემთა ბაზაში შესული?
– ქართულში მოიძებნა 7 ათასამდე ერთეული და თითოეულ შესწავლილ ენაში მოიძებნა ამავე რაოდენობის ეკვივალენტი ან თარგმანი. ეს იყო კოლოსალური სამუშაო და პროექტში ჩართულმა მკვლევრებმა უზარმაზარი სამუშაო შეასრულეს. საერთო ჯამში თავი მოიყარა 35 ათასამდე ერთეულმა, თუმცა, ბაზა მუდმივად განახლებადია და მომავალშიც არაერთი ეკვივალენტური ფორმით შეივსება.
– რა სამეცნიერო და გამოყენებითი მნიშვნელობა აქვს ამ ტიპის ფონდის შექმნას, რას მისცემს ის მკვლევრებს, მთარგმნელებს და დაინტერესებულ ადამიანებს?
– საქმე ისაა, რომ ფრაზეოლოგიური (იდიომატური) და ანდაზების ფონდების კულტუროლოგიური და ენობრივი ასპექტების ასეთი მასშტაბის კვლევა ჯერ არ განხორციელებულა არც საქართველოში და არც, როგორც ინფორმირებულნი ვართ, საზღვარგარეთ, მით უფრო, ჩვენ მიერ შესწავლილი ენების (აღმოსავლურ და ევროპულ) ანდაზებისა და იდიომების ფონდების მონაცემთა გათვალისწინებით. სამეცნიერო თვალსაზრისით პროექტი მეტად შედეგიანი იყო – კვლევის ყოველი ეტაპის შედეგები განზოგადდა ერთობლივ პუბლიკაციებში, რომლებიც დაიბეჭდა საქართველოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოხსენებები გაკეთდა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე, კერძოდ, მილანსა და რომში. 
რაც შეეხება მის გამოყენებითობას, ელექტრონული ბაზის მისამართი ხელმისაწვდომია ყველასთვის და მთარგმნელებს და დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ ამ ბაზით ისარგებლონ. რათა ის მეტად ცნობილი გახდეს, გვინდა ეს ბაზა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზეც განვათავსოთ.