თსუ-ის პროფესორის ვიზიტი ოქსფორდში

09 ოქტ 2015

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მანანა გელაშვილი ოქსფორდის უნივერსიტეტთან თვრამეტი წელია თანამშრომლობს. წელსაც იგი სამკვირიანი სამეცნიერო მივლინებით ეწვია ბრიტანეთს. ქართველ მეცნიერს და მის მაგისტრანტებსა თუ დოქტორანტებს მსგავსი მივლინებები საშუალებას აძლევთ - იმუშაონ ოქსფორდის უნივერსიტეტის არქივებში, ბიბლიოთეკებში.

„ოქსფორდში ვიზიტის მიზანი, უპირველეს ყოვლისა, სამეცნიერო მუშაობა გახლდათ. მოგეხსენებათ, თსუ-ში ინგლისურ ლიტერატურას ვასწავლი და ვიკვლევ. ვიზიტი მიზნად ისახავდა, გამეგრძელებინა და დამესრულებინა მუშაობა იმ პრობლემაზე, რომელზეც რამდენიმე წელია ვმუშაობ. კვლევები შეეხება XX საუკუნის ინგლისურ ლიტერატურას, მოდერნიზმსა და პოსტ-მოდერნიზმს. კონკრეტულად კი ეს არის თემა: დროისა და სივრცის მოდელირება მოდერნისტულ და პოსტ-მოდერნისტულ ლიტერატურაში. ამ პრობლემის შესახებ უკვე საკმაოდ ბევრი სტატია მაქვს გამოქვეყნებული და იმედია, ჩემი ნაშრომი მალე დასრულებული მონოგრაფიის სახით დაისტამბება.

სასიხარულოა, რომ ამ წიგნის ერთ-ერთი მონაკვეთით დაინტერესდა კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა. საუბარია პოსტ-მოდერნისტი, კემბრიჯელი პოეტის რიჩარდ ბერნსის შემოქმედებაზე. 2016 წელს კემბრიჯში გამოსაცემად მზადდება ვრცელი კრებული ბერნსის შესახებ, რომელშიც ერთ-ერთი თავის - „დროისა და სივრცის მოდელირება პოსტ-მოდერნისტულ პოემაში“ - ავტორი ვარ“, - გვითხრა პროფესორმა მანანა გელაშვილმა.

თუმცა, ვიზიტი მხოლოდ სამეცნიერო მუშაობით არ შემოიფარგლა. თსუ-ის პროფესორი მიწვეული იყო რამდენიმე საინტერესო ღონისძიებაზე, რომელიც ბლექუელის მიერ იყო ორგანიზებული. ბლექუელი ოქსფორდში არსებული საგამომცემლო სახლია, რომელიც რამდენიმე წიგნის მაღაზიას ფლობს და უკვე 150 წლის ისტორია აქვს.

„ბლექუელთანაც დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს, კარგად ვიცნობ მის პრეზიდენტს, ბატონ ჯულიანს და ბლექუელის საპატიო ისტორიკოსს, პროფესორ რიტარიკეტს, რომელმაც ორი წიგნი მიუძღვნა ბლექუელის საქმიანობასა და იმ ავტორებს, რომელთა პირველი ნაბიჯები ლიტერატურაში ამ საგამომცემლო სახლის დახმარებით შედგა. სწორედ რიტარიკეტის მიწვევით დავესწარი მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, როგორც ბოდლეის ბიბლიოთეკაში, ასევე, ერთერთ სკოლაში.

ბლექუელმა ასეთივე ქველმოქმედება გასწია ოქსფორდის ერთერთი კერძო სკოლისთვის, რომელიც, დაახლოებით, 500 წლისაა. მეცენატმა ამ სკოლას 20 ათასამდე წიგნი და ფული აჩუქა, რომლითაც ბიბლიოთეკა დაარსდა. 2005 წელს ვესწრებოდი ამ ბიბლიოთეკის გახსნას. ახლა კი 10 წლის იუბილეზე მიმიწვიეს“, – ამბობს თსუ-ის პროფესორი მანანა გელაშვილი.

„ყველა ვიზიტის დროს, მთავარი მიზანი და მთავარი საფიქრალი მაინც ის არის, თუ რას შემატებს ეს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტს, კერძოდ იმ სტუდენტებს, რომელთაც ინგლისურ ლიტერატურას ვასწავლი. ჩემი ყოველი ვიზიტი ოქსფორდში, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ არის სასიხარულო, რომ, ოქსფორდის უნივერსიტეტის ხელშეწყობით, მომავალ თაობას - ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს - საშუალებას აძლევს ერთი თვე სამეცნიერო მივლინებით დაჰყონ ოქსფორდში, იმუშაონ იქაურ არქივებში, ბიბლიოთეკებში და ა.შ. პრაქტიკულად, ყველა ჩემმა დოქტორანტმა დისერტაციის დაცვის წინ ეს კურსი გაიარა“, - აღნიშნა მან. 
რაც შეეხება გეგმებს, თსუ-ის პროფესორი და მისი ოქსფორდელი კოლეგები გეგმავენ ერთობლივ კონფერენციას. ერთ-ერთი ერთობლივი კონფერენცია თავად ოქსფორდში გაიმართა 2009 წელს.

შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლისთავი ახლოვდება, ვაპირებთ გავმართოთ საერთაშორისო კონფერენცია. ვინაიდან რუსთაველის თეატრი ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორია, კონფერენციის ფარგლებში, ვაჩვენებთ შექსპირის რომელიმე დადგმას. შემდეგ, ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ერთად ვაწყობთ მრგვალ მაგიდას, სადაც შექსპირის მიერ წარმოდგენილ ინტერპრეტაციაზე ვმსჯელობთ. რუსთაველის თეატრი გვიკეთებს კოსტიუმების, ესკიზების გამოფენას. ეს ამრავალფეროვნებს კონფერენციას და უცხოელ სტუმრებს ექმნებათ შთაბეჭდილება რომ ისინი მაღალი კულტურის ქვეყანაში მოხვდნენ. რაც მთავარია, ასეთი კონტაქტები საშუალებას იძლევა, გვესტუმრონ უცხოელი კოლეგები. რამდენიმე დღეში ჩამოვა ჩემი კოლეგა ენდრიუ გუდსპიდი, რომელიც ჩვენს დოქტორანტებს და მაგისტრატებს წაუკითხავს ლექციას მოდერნიზმის შესახებ და რაც ძალიან მახარებს, იგი მზადაა გაეცნოს ჩვენი დოქტორანტების ნაშრომებს და კონსულტაცია გაუწიოს მათ“, - განაცხადა პროფესორმა მანანა გელაშვილმა.