რა უჯდებათ რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს თბილისში ცხოვრება?

01 ნოე 2017

დედაქალაქში რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტების ცხოვრება საკმაოდ რთული და პრობლემებით სავსეა. უამრავი სტუდენტი ამბობს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა ხშირად საშუალებას არ აძლევთ, ფეხი აუწყონ ახალი ცხოვრების ტემპს და სრულფასოვნად ინტეგრირდნენ მათთვის ახალ საზოგადოებასთან. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მათ აწუხებთ, მათი ფინანსური მდგომარეობაა.

ამ სტატიის დაწერამდე ჩვენ გამოვიკითხეთ თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული რეგიონიდან ჩამოსული 200 სტუდენტი, რათა გაგვეგო, რა ხარჯებთან არის დაკავშირებული მათი ცხოვრება დედაქალაქში.
გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ გამოკითხვაში მონაწილე თბილისში სასწავლებლად ჩამოსული ახალგაზრდების 50% 17-19 წლის თინეიჯერია, ხოლო 37,4 % 20-22 წლის ახალგაზრდა. ჯამში გამოკითხულთა 87,4 % 17-22 წლის ასაკობრივ ჯგუფს ეკუთვნის. 23-27 წლის სტუდენტების რაოდენობამ 11,5 %-ს მიაღწია. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში სტუდენტების ყველაზე მოცულობითი ასაკობრივი ჯგუფი 17-22 წლის ახალგაზრდები არიან, რომლებსაც, უმეტეს შემთხვევაში, არ გააჩნიათ სტაბილური სამსახური და, შესაბამისად, მათი შემოსავალიც არასტაბილურია (გამოკითხვას, ცხადია, რეპრეზენტატულობის პრეტენზია არ აქვს, მაგრამ მყარი სურათია ერთი ჟურნალისტური მასალის მოსამზადებლად).

სტუდენტები რეგიონებიდან

ჩვენთვის საინტერესო იყო იმის გარკვევაც, თუ საქართველოს რომელი რეგიონიდან ჩამოდის თბილისში ყველაზე მეტი სტუდენტი სასწავლებლად. შედეგებმა აჩვენა, რომ დედაქალაქში ყველაზე მეტი სტუდენტი, ანუ გამოკითხულთა 22,1%, სამეგრელოდან ჩამოდის. სხვა რეგიონებიდან ჩამოსულთა პროცენტული მაჩვენებელი კი ასეთია – 18,3% იმერეთიდან; 17,6 % კახეთიდან; 16,8% აჭარიდან; 6,9% ქვემო ქართლიდან, 5,3% შიდა ქართლიდან; გურიიდან ჩამოსულთა პროცენტული მაჩვენებელიც 5,3%-ია; სამცხე-ჯავახეთიდან 3,8%-ია ჩამოსული, ხოლო რაჭა-ლეჩხუმიდან და მცხეთა-მთიანეთიდან 1,5-1,5%.
ჩვენთვის საინტერესო იყო იმის გარკვევაც, აირჩევდნენ თუ არა რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტები თბილისში სწავლას, იგივე ხარისხის განათლება თავიანთ ქალაქებშიც რომ ხელმისაწვდომი იყოს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სტუდენტებს ძალიან გაუჭირდათ. მათი დიდი ნაწილი ამბობს, რომ ფინანსური თვალსაზრისით საკუთარ ქალაქში დარჩენას ამჯობინებდნენ, თუმცა სამსახურის შოვნა და კარიერის დაგეგმვა დედაქალაქში უფრო მარტივია.

ბინის ხარჯები

გამოკითხვამ აჩვენა, რომ რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტების მთავარ პრობლემას საკუთარი თავის საცხოვრებლით უზრუნველყოფა წარმოადგენს. გამოკითხულთა უმეტესობა, ანუ 42% ამბობს, რომ ისინი იძულებულები არიან – ბინა იქირაონ; 25,2 % ამბობს, რომ მათ ბინის ქირაობა არ უწევთ, რადგან თბილისში მცხოვრები ნათესავები მათთან ცხოვრებას სთავაზობენ, ხოლო 32,8 %-მა განაცხადა, რომ მათ აქვთ თბილისში მუდმივი ან ხანგრძლივი საცხოვრებელი (იგულისხმება გირაოც).
იმ ადამიანების 45,8%, რომელიც ბინას ქირაობს თბილისში, ამბობს, რომ ბინის ქირა ყოველთვიურად 300-600 ლარის ფარგლებში უჯდებათ. 40,7% ამბობს, რომ მათი ბინა თვეში 150-300 ლარი ჯდება, ხოლო 11,9%-ის თქმით, ყოველთვიური ქირის საფასური 900 ლარსაც აღწევს. ამ ყველაფერს ემატება კომუნალურებისა და ინტერნეტის ხარჯები, რაშიც გამოკითხულთა 52,4% 100 ლარამდე ხარჯავს, 22,2% 50 ლარზე ნაკლებს, 19% – 100-დან 150 ლარამდე, ხოლო 6,3% – 150 ლარზე მეტს.
სტუდენტები ბინის ქირაობის ეტაპებზეც საუბრობენ. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ ბინის გამქირავებლებთან მოლაპარაკება ძალიან რთული პროცედურაა, რადგან ხშირად გამქირავებლები კლიენტებად ისეთ სტუდენტებს ეძებენ, რომლებიც სანიმუშო ყოფაქცევით გამოირჩევიან. სტუდენტი ალეკო ხოშტარია ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ მას ბინის ქირაობაში დედამისი დაეხმარა, რომელიც ე.წ. „ხაზეიკას“ პირადად ესაუბრა.
„ბინის ძებნის პროცესში გამქირავებლებს დედაჩემი ელაპარაკებოდა ხოლმე. თითქმის ყველა ასე აკეთებს, რადგან უფრო მეტ ნდობას იწვევს. ბიჭმა რომ დარეკოს და უთხრას – ბინის ქირაობა მინდაო, ეგრევე უარს ეუბნებიან. ძირითადად გოგოებს ეძებენ. მათთან კომუნიკაცია საკმაოდ რთულია,“ – ამბობს ალეკო.
„ჩემს შემთხვევაში, დედაჩემმა გამქირავებელს უთხრა, ორთვიანი ვადა მიეცი და დააკვირდი, თუ არ მოგეწონება, გაუშვიო. უკვე წელიწადნახევარია ამ ბინაში ვარ და პრობლემა არ შემქმნია გამქირავებელთან,“ – აღნიშნა ალეკო ხოშტარიამ.
განსხვავებულია იმ სტუდენტების ხარჯები, რომლებიც ბინას არ ქირაობენ და ნათესავთან ცხოვრობენ ან მუდმივი საცხოვრებელი აქვთ. როგორც აღმოჩნდა, ნათესავებთან მცხოვრები სტუდენტების 35,4% თავიანთ მასპინძლებს გადასახადების გადახდაში ეხმარებიან, ხოლო 64,6%-ს ნათესავები გადასახადებს არ ახდევინებენ.
იმ 35,4%-ის 61,9% ამბობს, რომ თავიანთ ნათესავებს ყოველთვიურად 50-100 ლარით ეხმარებიან, ხოლო 23,8%-ის შემთხვევაში ეს თანხა 150-საც უკაკუნებს. 9,5%-ის თქმით, ნათესავებს 200 ლარითაც ეხმარებიან, ხოლო 4,8% ამბობს, რომ მათი დახმარების წილი მინიმალურია და ის 50 ლარს არ სცილდება.

ყოველთვიური ხარჯები

ბინის გარდა, სტუდენტებს უამრავი სხვა ხარჯიც აქვთ. მაგალითად, მათ ყოველდღიურად უწევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში საკვების მიღება ან სახლში მიტანა და, ამასთანავე, გართობაც.
ტრანსპორტის ხარჯები, როგორც ჩანს, გამოკითხულთა 60,5%-ისთვის ყოველთვიურად 20-40 ლარს შეადგენს, 24%-ისთვის 41-60 ლარს, ხოლო 15,5%-ისთვის 60 ლარს და ზოგჯერ მეტსაც.
როგორც ჩანს, სტუდენტები ყველაზე მეტ ფულს, ბინის ქირის გამოკლებით, სწორედ კვებაში ხარჯავენ. ამ მაჩვენებელში შედის სიგარეტისა და მსგავსი წვრილმანების ხარჯებიც. გამოკითხულთა 42,6% ამბობს, რომ მათი ყოველთვიური ხარჯი კვებაში 150 ლარს არ აღემატება და ეს იმის დამსახურებაა, რომ მათ ნათესავები ეხმარებიან. 40,3% ამბობს, რომ მათი ხარჯები 300 ლარს აღწევს; 13,2%-ისთვის ხარჯები 301 ლარსა და 600 ლარს შორის მერყეობს, ხოლო 3,9%-ს 600 ლარზე მეტიც ეხარჯება.
„კვებაში ყველაზე მეტი ფული მეხარჯება. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ პროდუქტები ძვირდება. ამის გარდა, უამრავი დეტალია – შამპუნი, ტუალეტის ქაღალდი, ჭიქა, თეფში და მრავალი რამ,“ – ამბობს ქუთაისიდან ჩამოსული სტუდენტი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.
რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტები ყველაზე მეტად გართობაში ფულის ხარჯვას ერიდებიან. მაგალითად, გამოკითხულთა 43,1% ამბობს, რომ ისინი ყოველთვიურად 50-100 ლარზე მეტს ვერ იმეტებენ გართობისთვის; 15,4% ამბობს, რომ გართობაში 150 ლარამდე ეხარჯება, 8,5%-ს 200 ლარამდე, ხოლო 6,9%-ს 200 ლარზე მეტი. ამის პარალელურად, 26,2% ამბობს, რომ მათ გართობისთვის საერთოდ არ რჩებათ ფული.

შემოსავლის წყარო

შემოსავლის წყარო სტუდენტებისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს არ აქვთ სტაბილური შემოსავალი და მათი დიდი ნაწილი სწავლის პარალელურად დედაქალაქში სამსახურის შოვნას ვერ ახერხებს.
გამოკითხულთა 68,7% ამბობს, რომ მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო მშობლების დახმარებაა. 27,5% ამბობს, რომ მუშაობენ, მაგრამ მათი შემოსავალი არ არის საკმარისი ცხოვრების უზრუნველსაყოფად და მათ მშობლებიც ეხმარებიან. მხოლოდ 1,5% ამბობს, რომ ისინი მუშაობენ და ეს არის მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო, მათ მშობლები არ ეხმარებიან; 2,3%-ისთვის კი შემოსავლის სხვა წყაროები არსებობს.
საბოლოო ჯამში, ყოველთვიური ხარჯი კვების, ბინის უზრუნველყოფისა და კომუნალურების ჩათვლით, გამოკითხულთა 39,5%-ისთვის საშუალოდ 300-დან 600-ლარამდე შეადგენს; 35,7%-ისთვის 300 ლარს, 12,4%-ისთვის 600-დან 900-ლარამდე და ასევე 12,4%-ისთვის 900 ლარს და მეტს.

დიმიტრი სანაია,
თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი