ჩვენი დროის „ყველაფერშიკი“

31 ოქტ 2017

არაფერი ისეთი – ერთი სტუდენტი მინდა გაგაცნოთ, რომელსაც, შესაძლოა, უნივერსიტეტის კედლებში ხშირად ხვდებით და არ იცით, რომ ამ ადამიანში უამრავი ნიჭი იმალება. 
საყურეები, თმის სამაგრები, კედები, მაისურები – ეს იმ ნივთების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც 20 წლის ელენე ბოჭორიშვილი რამდენიმე წელია საკუთარი ხელით აკეთებს. არა მარტო აკეთებს, არამედ უკვე პატარა ბიზნესიც აქვს და ბავშვობის ოცნებას, გამხდარიყო დიზაინერი, ნელ-ნელა ფრთებს ასხამს.
„ბავშობიდანვე მიზიდავდა დიზაინერობა და ჩემით რაღაცების შექმნა. პირველად ექვსი წლის ასაკში ავაწყვე თოჯინა ძველი რეიტუზებით და პატარ-პატარა დეტალებით,“ – ახლა ამ ფაქტს სიცილით იხსენებს, მაგრამ დიზაინერობის საწყის ეტაპად სწორედ ამას მიიჩნევს. უფრო სერიოზულად მუშაობა კი მოზარდობის პერიოდში დაიწყო.
პირველად გადააკეთა თეთრი კედები, რომლებიც ბეწვით და რამდენიმე დეტალით გაალამაზა. იდეა კი ინტერნეტში ტანსაცმლების თვალიერებისას მოუვიდა: „სურათებს ვათვალიერებდი და ვიფიქრე, ამის გაკეთებას რა უნდა-მეთქი, ამიტომ უბრალოდ გავიარ-გამოვიარე მაღაზიებში, შევათვალიერე მასალები დალოცვილ „ლილოში“, ვიყიდე საჭირო მასალა და უბრალო კედი ტყავის ლამაზ კედად გადავაქციე“. მისმა გადაკეთებულმა ფეხსაცმელმა კი ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ გაყიდა კიდეც. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ამ გატაცებით შეიძლებოდა ფულის შოვნა. თუმცა სანამ აქტიურად დაიწყებდა შეკვეთების მიღებას, მანამდე თავისთვის ქმნიდა ტანსაცმელს: „ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, როცა ყველა ახალ ტანსაცმელს ყიდულობს, მე ჩემით გადავაკეთე ტანსაცმელი და იმით მივედი,“ – იხსენებს ელენე.
აქსესუარების კეთება კი დის დაჟინებული თხოვნით დაიწყო. იდეების მიმწოდებელიც ის იყო. სოციალურ ქსელში რამდენიმე მათგანის დადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგ უფრო დიდი სტიმული მიეცა და აქსესუარების პატარა ბიზნესიც აამუშავა: „უკვე არა მარტო გოგოებისგან, არამედ ბიჭებისგანაც ვღებულობ შეკვეთებს, რომლებსაც თავიანთი შეყვარებულებისთვის ან მეგობრებისთვის სურთ ლამაზი ნივთის ჩუქება, ეს ფაქტი კი, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს“.
ელენე დიზაინერობასთან ერთად ანიმატორობასაც ახერხებს. ეს მისი საყვარელი საქმიანობაა, რომელიც არასოდეს სწყინდება და აბედნიერებს. ანიმატორად მუშაობა შემთხვევით დაიწყო, როდესაც მეგობარმა შესთავაზა ერთად მისულიყვნენ ანიმატორის ვაკანსიის გასაუბრებაზე. იქიდან მოყოლებული დღემდე არაერთი გასართობი ცენტრის ანიმატორია.
ბავშვების გარდა ელენეს აუდიტორიას ხშირად მოზრდილებიც წარმოადგენენ. „რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა, რომ 30 ან 45 წლის იუბილარის პროგრამა წამიყვანია, რა თქმა უნდა, მათზე მორგებული თამაშებით და სახალისო აქტივობებით. ამ ყველაფერზე კი ჩვენ – ანიმატორები ვფიქრობთ და ვთანხმდებით. ვერ გეტყვი ბავშვებთან უფრო მსიამოვნებს დროის გატარება თუ დიდებთან, ორივეს დადებითი მხარე აქვს. ბავშვებთან მეც ბავშვი ვხდები, დიდებთან კი ის ვარ, ვინც ვარ“, – ამბობს ელენე, ვისთვისაც ანიმატორობა მხოლოდ ჯამბაზობა კი არა, დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან დიდწილად მასზეა დამოკიდებული – რამდენად კარგი იქნება იუბილარის საღამო, რამდენ ბავშვს თუ მოზარდს გაუხალისებს დღეს.
გარდა ამ საქმიანობებისა, ელენე წლებია, რაც გალობს, ყველაფერთან ერთად კი სტუდენტობასაც ახერხებს და წარმატებულად სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
არაფერი ისეთი – ერთი სტუდენტი გაგაცანით, შესაძლოა, უნივერსიტეტის კედლებში მას ხშირად შეხვედრიხართ და არ იცით, რომ ამ ადამიანში უამრავი ნიჭი იმალება. ერთ მშვენიერ დღეს კი წარმატება მის კარზეც მოაკაკუნებს.

ლანა კაპანაძე, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი