„ხუანხედალეულთა“ შთაბეჭდილებები

30 ოქტ 2017

„ხუანხედალეულები“, – ასე უწოდებენ იუმორით თავიანთ თავს ის სტუდენტები, რომლებმაც ჩინეთის საელჩოს სტიპენდია მოიპოვეს და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გასულ სასწავლო წელს ჩინეთის უნივერსიტეტებში შეძლეს სწავლის გაგრძელება. აღმოსავლეთ აზიის ამ უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყნიდან ქართველი სტუდენტები მართლაც წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტები – შალვა ჩიხლაძე, თეონა გელაშვილი და თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ოთარ ჭიღლაძე ჭეძიანის პროვინციაში, ქალაქ ხანჭოუში უნივერსიტეტის კულტურისა და ენის პროგრამაზე სწავლობდნენ. როგორც სტუდენტები იხსენებენ, ჩინეთში მათ არა მხოლოდ ჩინური ენა შეისწავლეს, უფრო ახლოს გაეცნენ ქვეყნის კულტურას და ტრადიციებს. „ჭეძიანის უნივერსიტეტში კულტურისა და ენის პროგრამაზე სწავლა ძალიან საინტერესო იყო. მიუხედავად იმისა, რომ საბაზისო ცოდნა გვქონდა, ჩინურ ენას საფუძვლიანად დავეუფლეთ. გარდა ამისა, სხვა საგნებთან ერთად, საბრძოლო ხელოვნებას, კალიგრაფიას და ჩინური კულტურის ისტორიასაც ვსწავლობდით. ძალიან პოზიტიური შთაბეჭდილებებით დავბრუნდით, რადგან ჩინეთის საელჩოს მიერ დანიშნული სტიპენდია იმის საშუალებასაც გვაძლევდა, რომ თავისუფალ დროს გვემოგზაურა ამ საოცარ ქვეყანაში, მოგვენახულებინა უძველესი ცივილიზაციის ისტორიული ძეგლები, ეროვნული პარკები და სხვა. ჩვენი მომავალი გეგმები კვლავ ჩინეთს უკავშირდება. პირადად მე, ძირითადი პროფესიიდან და ამ პროგრამიდან გამომდინარე, მინდა მეტი დრო დავუთმო აღმოსავლეთ აზიის და ჩრდილოეთ ჩინეთის საგარეო პოლიტიკის და პოლიტიკური სისტემების თუ უახლესი ისტორიის შესწავლას, ასევე, აკადემიური საქმიანობის გაგრძელებას“, – გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილება შალვა ჩიხლაძემ.


ემოციებით სავსე დაბრუნდა ჩინეთიდან თეონა გელაშვილიც, რომელიც გვიყვება, რომ იქ მიღებულმა შთაბეჭდილებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. „ჩემი არჩევანით, რომ მაინორად სწორედ ჩინური ენა ავირჩიე, კმაყოფილი ვარ. სასიამოვნოდ გამაკვირვა იქაურმა გამართულმა უმაღლესი განათლების სისტემამ. სტუდენტებს კომფორტულ გარემოში უწევთ ცხოვრება და უმოკლეს დროში ყველანაირ მომსახურებას იღებენ: ერთ სივრცეშია განთავსებული თეატრი, სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკა, საავადმყოფო და სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პედაგოგების დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ, რომლებიც ყოველთვის მზად იყვნენ, რომ ჩვენთვის ყველა კითხვაზე გაეცათ პასუხი და სწავლაში დაგვხმარებოდნენ. მინდა, ასევე, მადლიერებით მოვიხსენიოთ ჩვენი პროგრამის ხელმძღვანელი ნანა გელაშვილი. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ამ მიმართულებაზე ყოველწლიურად იხვეწება პროგრამები, მოეწყო ჩინური და იაპონური კაბინეტები, სადაც ქართველ სპეციალისტებთან ერთად ლექციებს მოწვეული უცხოელი სპეციალისტები გვიკითხავენ. თუმცა, სამწუხაროა, რომ ჯერ მხოლოდ მაინორ პროგრამა არსებობს და კრედიტებში შეზღუდულები ვართ. იმედია, მომავალში უფრო დაფასდება თსუ-ში ეს პროგრამა“, – ამბობს თეონა გელაშვილი. მას ოთარ ჭიღლაძეც ეთანხმება, რომელიც დიდი ხანია იეროგლიფების სისტემებით არის დაინტერესებული და ამიტომ თავიდანვე დიდი ინტერესით და გატაცებით დაიწყო ენის შესწავლა. მისი სამომავლო გეგმებიც ჩინეთს უკავშირდება, სადაც მაგისტრატურაში აპირებს სწავლის გაგრძელებას. 
ჩინური საელჩოს სტიპენდია მოიპოვეს, ასევე, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმაც: თამარ ქვლივიძემ და ნინა მანუკიანმა, რომლებმაც პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შეძლეს სწავლის გაგრძელება. გარდა ამისა, თამარ ქვლივიძე პირველი სტუდენტია თსუ-დან, რომელმაც ჩინური ენის საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მსოფლიოს 108 ქვეყნის მონაწილეთა შორის გაიმარჯვა. იგი მეორე ადგილზე გავიდა და საზაფხულო ბანაკში წასვლის უფლება მოიპოვა. 
„ჩინური ენა თავიდან იმიტომ ავირჩიე, რომ ლინგვისტიკით ვიყავი დაინტერესებული. პეკინის უნივერსიტეტში სწავლა ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ჩინური ენის გარდა ვსწავლობდი ჩინეთის კულტურას, გეოგრაფიას და ბიზნესს. რაც შეეხება საზაფხულო ბანაკს, იქაც ძალიან სასიამოვნო დრო გავატარე. ლექციების გარდა გვქონდა შემეცნებითი ტურები, სხვადასხვა კონკურსებშიც მივიღე მონაწილეობა. ჩემს მეგობრებს დავეთანხმები იმაში, რომ ჩინეთში ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარებისთვის მართლაც დიდი შესაძლებლობაა. მომავალში მაგისტრატურის გაგრძელებას ამ ქვეყანაში ვგეგმავ“, – ამბობს თამარ ქვლივიძე. 
ნინა მანუკიანი პეკინის უნივერსიტეტში გატარებულ წელს ნაყოფიერად მიიჩნევს, რადგან ენის შესწავლის გარდა საფუძვლიანად გაეცნო ამ ეგზოტიკური ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს. „მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყანაში მოვხვდი, სადაც არც თუ ისე მაღალ დონეზე ვიცოდი ენა, ყველაფერი გაგვიადვილდა პედაგოგების დახმარებით. ჩინელები ურთიერთობაში ძალიან მეგობრულები არიან. აღსანიშნავია, რომ იქ ინგლისურის გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი და „გაძალებენ“, რომ ისწავლო ჩინური. მომავალში ვაპირებ, ჩემი ცოდნა ჩინურ-ქართული ურთიერთობების გასამყარებლად გამოვიყენო“, – ასეთია ნინა მანუკიანის სამომავლო გეგმები. 
თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის „შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობის“ მიმართულება, რომელიც 2007 წელს დაარსდა, ორ მოდულს – სინოლოგიას (ჩინური ენა, კულტურა, ჩინეთის ისტორია) და იაპონისტიკას მოიცავს. ამ ხნის განმავლობაში მიმართულებაზე საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში და ჩინეთის საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდა ერთადერთი გაცვლითი პროგრამა, რაც მომავალშიც გაგრძელდება.