ეკონომიკური ზრდის გააქტიურებისათვის საჭირო რეკომენდაციები უშანგი სამადაშვილის წიგნში

01 ნოე 2017

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ბიზნესის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა უშანგი სამადაშვილმა ეკონომიკური ზრდის სტიმულირების საკუთარი ხედვა და რეკომენდაციები წარმოადგინა წიგნში „დივერსიფიკაცია – საქართველოს ეკონომიკური ზრდის კატალიზატორი"“.
ეკონომიკურ ზრდაზე და საგარეო სავაჭრო-ეკონომიკური ლიბერალიზაციის ცალკეულ ასპექტებზე მრავლად აქვთ ნაშრომები მეცნიერ-ეკონომისტებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველოში ეს პრობლემები, ქვეყნის პირობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით, მაინც ნაკლებად შესწავლილ სფეროდ ითვლება. წინამდებარე გამოკვლევა სწორედ არსებული სიცარიელის შევსების ერთ-ერთი ცდაა. სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებას საფუძვლად დაედო ავტორის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ასევე, კონფერენციებზე გაკეთებული მოხსენებები და წაკითხული სალექციო კურსები. 
ნაშრომში საქართველოს ეკონომიკაში არსებული არასახარბიელო მდგომარეობის ანალიზისა და შეფასების საფუძველზე დასაბუთებულია ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ობიექტური აუცილებლობა და განსაზღვრულია ძირითადი პრიორიტეტები. 
„თანამედროვე საქართველოს ეკონომიკაში პრობლემების ნაკლებობა ნამდვილად არ იგრძნობა, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მწვავეა მოსახლეობის ცხოვრებისა და კეთილდღეობის არასაკმარისი დონე.
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევაა ეკონომიკის სტაბილური და გრძელვადიანი ზრდა, რადგანაც ამის გარეშე შეუძლებელია ევროკავშირში გაწევრიანებაზე ორიენტირებული საქართველოს ეკონომიკური ჩამორჩენის დაძლევა, საშინაო და საგარეო სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება. ამ წიგნში არა მარტო საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას განვიხილავ, არამედ ეკონომიკური ზრდის გააქტიურებისათვის საჭირო რეკომენდაციებსაც წარმოვადგენ, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის კეთილდღეობასა და ეკონომიკის ზრდას“, – აღნიშნა წიგნის ავტორმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა უშანგი სამადაშვილმა. 
წიგნში „დივერსიფიკაცია – საქართველოს ეკონომიკური ზრდის კატალიზატორი“ ავტორის სამეცნიერო-კვლევის ძირითადი შედეგების მიხედვით გაანალიზებულია: „საქართველოს ეკონომიკაში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა და გამოვლენილია მისი მომხმარებლური ბუნება. ხაზგასმულია, რომ მიწოდებისა და მოთხოვნის უდიდესი ნაწილი ქვეყნის გარეთ იქმნება, რის გამოც მწარმოებელი და მომხმარებელი არასაკმარისადაა წარმოდგენილი, ხოლო შუამავალი სჭარბობს. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკა, არსებითად, დგას არა სამ (მწარმოებელი, შუამავალი, მომხმარებელი), არამედ ერთ ფეხზე (შუამავალზე). ეს კი ეკონომიკის ამორფულობასა და არამდგრადობაზე მეტყველებს, რაც ამცირებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს. სწორედ ამიტომ, ეროვნული ეკონომიკის დაჩქარება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ სამამულო საქონლის წარმოებისათვის, არამედ შიგა ბაზრის უმთავრესი სუბიექტის, მყიდველუნარიანი მომხმარებლების შესაქმნელადაც, ვინაიდან წარმოებაში საქონელთან ერთად მისი მომხმარებელიც იქმნება“, – ვკითხულობთ წიგნის შესავალში, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას – თუ რა აქტუალური ეკონომიკური საკითხებია გამოკვეთილი, გაანალიზებული, არგუმენტირებული და დასაბუთებული წინამდებარე ნაშრომში. 
წიგნში ავტორის მიერ საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და ბიზნეს-სექტორისთვის შეთავაზებულია ურთიერთდაკავშირებული ღონისძიებები და წინადადებები, რომელთა სამეურნეო ცხოვრებაში გატარება, ავტორის აზრით, ძლიერ გავლენას მოახდენს ხელისუფლების, მეცნიერებისა და ბიზნეს-სექტორის ეფექტიან თანამშრომლობაზე, ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებაზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოდინებაზე და დივერსიფიცირებაზე, საქართველოს კომპანიების საშინაო და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე და სხვა. 
აღსანიშნავია ისიც, რომ ნაშრომს არა მარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს. მასში ჩამოყალიბებული და განვითარებული თეორიულ-პრაქტიკული ხასიათის იდეები, წინადადებები და რეკომენდაციები, რომელიც მიზანშეწონილია გამოყენებული იქნას ეკონომიკის ცალკეული დარგების განვითარების სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტების შემუშავებასა და განხორციელებაში. 
როგორც წიგნის ერთ-ერთმა რეცენზენტმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თეიმურაზ შენგელიამ განაცხადა: „ამ მონოგრაფიულ ნაშრომს დიდი დატვირთვა გააჩნია როგორც სტუდენტებისათვის, ასევე მეცნიერ-მკვლევარებისათვის. ეს არის უაღრესად საინტერესო, აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ავტორის მიერ არის განხილული. ჩემთვის ყველაზე ღირებულია ის, რომ წიგნი არის ორიგინალური. აქ წარმოდგენილი შეხედულებები არა მარტო ღრმა მეცნიერული მნიშვნელობით, არამედ ავტორის ობიექტური შეფასებებითაც გამოირჩევა. მან საინტერესოდ დაუკავშირა ერთმანეთს ეკონომიკური ზრდისა და დივერსიფიკაციის პრობლემა. საყურადღებოა, რომ მათი შეერთება საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში ასე საინტერესოდ იშვიათად მომხდარა“, – აღნიშნა პროფესორმა თეიმურაზ შენგელიამ. 
წიგნი „დივერსიფიკაცია – საქართველოს ეკონომიკური ზრდის კატალიზატორი“ განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, პროფესორ-მასწავლებლების, დამწყები და მოქმედი მეწარმეებისა და მენეჯერებისათვის, ასევე, დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.
წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 30 ივნისს, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რომელსაც ესწრებოდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები.