ხალხური მსოფლაღქმა და როზეტა გუჯეჯიანის მონოგრაფია

31 ოქტ 2017

„თამარ დედოფლის დროს სვანეთში თოვლიც არ ყოფილაო“, – ჩაუწერია ცნობილ მკვლევარს ქსენია სიხარულიძეს სვანი მთხრობლისგან... ეს ამბავი, ერთი შეხედვით, მიამიტურიც არის, მაგრამ მასში მთელი სისრულით იკვეთება ისტორიული მეხსიერების მთავარი ფაქტი – ქართული სახელმწიფოებრიობის ოქროს ხანის ხსოვნა – თამარ მეფის დროინდელი ძლიერი საქართველოს ხატება... ასეთი ცოცხალი მაგალითები მრავლად არის თსუ-ის ასოცირებული პროფესორის, ეთნოლოგის და ისტორიული ეთნოლოგიის სპეციალისტის როზეტა გუჯეჯიანის ახლად გამოცემულ სამეცნიერო მონოგრაფიაში: „ისტორიის რეპრეზენტაციის ეთნოლოგიური ასპექტები“, სადაც მთელი სიცხადით არის წარმოდგენილი ისტორიული მეხსიერების სხვადასხვა სეგმენტი და ისტორიის რეპრეზენტაციის საკითხები.
როგორც მონოგრაფიის ავტორი როზეტა გუჯეჯიანი ამბობს, წიგნის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2010 წლის ზაფხულში, მორიგი საველე ეთნოგრაფიული კვლევის დროს დაიბადა, როდესაც ქვემო სვანეთში (ლენტეხის რაიონი) ლეგენდარულ გმირად აღიარებული ყანსავ ყიფიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დიდძალი ისტორიულ-ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მასალა გამოვლინდა. კვლევამ დაადასტურა, რომ გვიანი შუა საუკუნეების სვანეთში ეს პიროვნება ნამდვილად ცხოვრობდა და იგი მხოლოდ ფოლკლორული პერსონაჟი არ იყო. 
„წიგნზე მუშაობის დაწყებას წინ უძღვოდა სხვა მოსამზადებელი ეტაპებიც: თორმეტამდე საველე-ეთნოგრაფიული ექსპედიცია როგორც საქართველოში, ასევე თურქეთის ეთნიკურ ქართველთა დასახლებებში; საარქივო მასალის მოძიება; შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურის (ქართული და უცხოური) დამუშავება და სხვა. აღსანიშნავია, რომ ნაშრომში შესული ცალკეული თავები გამოქვეყნებულია ქართულ სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში. წიგნზე მუშაობა კი 2014 წელს დავიწყე“, – ამბობს როზეტა გუჯეჯიანი. 
აღსანიშნავია, რომ წიგნში წარმოდგენილია ქართველთა ისტორიული მეხსიერების რამდენიმე სეგმენტი, ყურადღება გამახვილებულია ისტორიის რეპრეზენტაციის საკითხზე. ეთნოგრაფიულ და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით გამოვლენილია ისტორიის რეპრეზენტაციის ზოგიერთი ეთნოგრაფიული ასპექტი.
წიგნი 7 თავისაგან შედგება. პირველ და მეორე თავებში ასახული ინფორმაცია უნივერსალურია საქართველოს ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისთვის: გაანალიზებულია დიდგორის გამარჯვებისა („ძლევაი საკვირველის“) და შემდგომ წმიდა თამარ მეფის ნათელი ხატების ადგილი და მნიშვნელობა ქართველთა ისტორიულ მეხსიერებაში და ამ სიუჟეტების გამოვლინებები ტრადიციულ ქართულ ყოფაში. სხვა თავებში განხილულია ლოკალურ არეალებში – ქართველთა რამდენიმე ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში დალექილი ისტორიული მეხსიერების ფაქტები, როგორც მუდმივად აღდგენადი და გაცოცხლებადი თემები: გვიანი შუა საუკუნეების გმირის – ყანსავ ყიფიანის – სახება სვანეთში, კულტურული მეხსიერების ფაქტები მკვიდრ თურქეთელ ქართველთა ტრადიციულ ყოფაში (ისტორიული ტაო, იმერხევი, ზემო მაჭახელი, ნიგალის ხეობა), ისტორიული მეხსიერების ფაქტები თურქეთის რესპუბლიკის მარმარილოს ზღვის რეგიონის ეთნიკურ ქართველთა შორის, ბათუმთან დაკავშირებული სოციალურ-კულტურული ასპექტები თურქეთელ ქართველთა ტრადიციულ ყოფაში და სხვ. 
როგორც წიგნის ავტორი ამბობს, „კვლევის თემატიკა, ფაქტობრივად, ახალია ქართული მეცნიერებისათვის, რადგან მასში წარმოჩენილია ისტორიის რეპრეზენტაციის ეთნოლოგიური ასპექტები. ამ ტიპის კვლევები დიდი ხანია წარმატებით ხორციელდება ევროპასა და ამერიკაში. მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტერესი ისტორიული (კულტურული) მეხსიერების, როგორც კვლევის ინტერდისციპლინური მიმართულების მიმართ, დღითიდღე იზრდება. ისტორიული მეხსიერების მკვლევართა შორის არიან ისტორიკოსები, კულტურის ისტორიკოსები, ეთნოლოგები, ფილოლოგები, სოციოლოგები. ისტორიული მეხსიერების კვლევაı მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, როგორც ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქვეყნისთვის. ამიტომ შევეცადე, რომ საქართველო ამ მხრივაც შეერთებოდა მსოფლიოში არსებულ სამეცნიერო ტენდენციებს. წიგნში წარმოჩენილია ხანგრძლივი ისტორიის მქონე ქართველი ეთნოსის ისტორიული მეხსიერების ის დანაშრევები, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდათ ტრადიციულ ყოფაში. ასეთად გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა – ქართველთა ისტორიული მეხსიერების საერთო და ლოკალური მახასიათებლები ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეთა მიხედვით: დიდგორის ომში გამარჯვების ასახულობა ქართულ ხალხურ ყოფაში, თამარ მეფის ნათელის სახება ქართველთა ტრადიციულ კულტურაში, მუჰაჯირთა შთამომავალ თუ ტაოკლარჯელ ქართველთა შორის არსებული ისტორიული მეხსიერების ფაქტები და სხვა. ვფიქრობ, რომ წიგნი დააინტერესებს არა მხოლოდ ქართული კულტურის სპეციალისტებს, სტუდენტებს, არამედ ფართო საზოგადოებასაც, რადგან მასში საუბარია ხალხურ მსოფლაღქმაზე, მოთხრობილია ხალხში დაცული ისტორიული ფაქტებისა და რეპრეზენტაციის ასპექტების შესახებ“.
როგორც წიგნის რეცენზენტი ქეთევან ხუციშვილი აღნიშნავს: „როზეტა გუჯეჯიანის მონოგრაფია მკვლევრის დაუღალავი შრომის შედეგია. ავტორი აანალიზებს უაღრესად მნიშვნელოვან სამეცნიერო საკითხს – თუ როგორ ხდება კონკრეტული კულტურული კონტექსტის ფარგლებში ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების კოლექტიურ მეხსიერებაში ფიქსირება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს როზეტა გუჯეჯიანის მიდგომის სიახლე – მან ყურადღება ეთნოლოგიურ მასალას მიაპყრო და მისი ისტორიულ წყაროებთან შეპირისპირების გზით მნიშვნელოვანი დასკვნები გააკეთა ქართველთა კოლექტიური ისტორიული მახსოვრობის ფორმირების მექანიზმების შესახებ. ამ მეტად საინტერესო მონოგრაფიაში განხილულია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველების კოლექტიურ მეხსიერებაში ფიქსირებული უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტები და მათი ტრანსფორმაცია ეთნო-კულტურული თვითაღქმის ქვაკუთხედებად. აღსანიშნავია, რომ ნაშრომის ენა აკადემიურთან ერთად ლიტერატურულად გამართულია, რაც მას მიმზიდველს ხდის როგორც სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთათვის, ასევე ფართე საზოგადოებისთვის. მონოგრაფიაში უხვად არის წარმოდგენილი ეთნოგრაფიული და ისტორიული მასალა, საინტერესო განმაზოგადებელი დასკვნები და დასახულია კვლევის სამომავლო პერსპექტივები. ნაშრომი თანამედროვე სამეცნიერო მიდგომებსა და აპარატს ეფუძნება და ამ მხრივაც გამორჩეულია. როზეტა გუჯეჯიანის მონოგრაფია უდავოდ დიდი შენაძენია სამეცნიერო საზოგადოებისთვის“, – აღნიშნავს ქეთევან ხუციშვილი.
წიგნის რედაქტორია აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე, რეცენზენტები: პროფესორი ჯაბა სამუშია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მანანა ხიდაშელი, პროფესორი ქეთევან ხუციშვილი.
„მინდა მადლიერება გამოვხატო რედაქტორის და რეცენზენტების მიმართ, რომლებმაც საყურადღებო რჩევები მომცეს, რაც, ბუნებრივია, ნაშრომზეც აისახა“, – ამბობს მეცნიერი.