სპარსული ქრესტომათიის ახალი ტომი

30 ოქტ 2017

თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების თანადგომით, „სპარსული ქრესტომათიის“ ახალი ტომი გამოიცა, რომლის პრეზენტაცია 18 ოქტომბერს ირანისტიკის ოთახში გაიმართა.

წიგნის გამოცემის იდეის ავტორისა და ერთ-ერთი შემადგენელის, ირანისტიკის კათედრის გამგის, პროფესორ ნომადი ბართაიას ინფორმაციით, საქართველოში დღემდე არსებობდა ქართველი ირანისტების მიერ სხვადასხვა დროს (1963, 1967, 2006 წლებში) გამოცემული სპარსული ქრესტომათიები, რომლებიც ასახავს X საუკუნიდან დღემდე არსებულ სპარსულ ლიტერატურაში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს, თუმცა, გამოტოვებული იყო მნიშვნელოვანი მონაკვეთი, კერძოდ, სეფიანთა და მისი შემდგომი ხანა (XVI-XIX საუკუნეები). სწორედ ამ პერიოდის ლიტერატურული ნიმუშები შევიდა ახალ ქრესტომათიაში. 
„ჩემი აზრით, ეს სერიოზული დანაკლისი გამოიწვია ამ პერიოდის ლიტერატურისადმი არაობიექტურმა მიდგომამ. ჯერ კიდევ დიდმა აღმოსავლეთმცოდნემ, სპარსული ლიტერატურის ისტორიის დიდმა მკვლევარმა ედუარდ ბრაუნმა და მერე, ასევე, დიდმა აღმოსავლეთმცოდნემ და სპარსული ლიტერატურის დიდმა მკვლევარმა ევგენი ბერტელსმა და სხვა მეცნიერებმა ვერ მოასწრეს კვლევისას გასცდენოდნენ სპარსული ლიტერატურის XV საუკუნეს, რაც იმის საბაბი გახდა, რომ მომდევნო ხანის სპარსული ლიტერატურის ოთხი საუკუნე გარკვეულწილად ჩრდილში მოექცა. აღსანიშნავია, რომ დღეს ირანში უკვე სეფიანთა ხანის სპარსულ მწერლობას არა დაცემის, არამედ განვითარების პერიოდის ლიტერატურად განიხილავენ, ამ მოსაზრებას ქართველი მკვლევრებიც ვიზიარებთ. 
საგულისხმოა, რომ როდესაც 1963, 1967 წლებში ცნობილი ირანისტის დავით კობიძის მიერ სპარსული ქრესტომათიების I და II ტომი გამოიცა, საქართველოს ირანთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა, ამიტომ გმირობის ტოლფასი იყო მათი შედგენა და გამოქვეყნება, ამასთან, მასალის მიუწვდომლობის გამო ვერ მოხვდა სწორედ ეს პერიოდი ამ ქრესტომათიებში. ამიტომ არის ამ ტომის გამოცემა მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ნომადი ბართაიამ.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, სწორედ ამ პერიოდში ბევრი გამაჰმადიანებული პოეტი თავისი მხატვრული სიტყვით ამდიდრებდა სპარსულ მწერლობას, ამიტომ ქრესტომათიაში მათ ნაწარმოებებს სპეციალური თავი: „ქართული წარმოშობის სპარსულენოვანი პოეტები“ დაეთმო.
„სპარსული ქრესტომათიის“ პრეზენტაციაზე თავისი მოსაზრება გამოთქვა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების გამგემ მოჯთაბა ქამრანფარდმა, რომელმაც ისაუბრა ქართულ-ირანულ კულტურულ ურთიერთობებზე და მაღალი შეფასება მისცა წიგნს. აღინიშნა, რომ ამ ქრესტომათიით უკვე დაინტერესდა ირანის მხარე, მაგალითად, თავრიზის უნივერსიტეტმა მისი ხუთი ეგზემპლარი მოითხოვა. 
ქრესტომათიის გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ირანელმა პროფესორმა ლეილა რეზაიმ, წიგნის ერთ-ერთმა შემდგენელმა ალექსანდრე ელერდაშვილმა, პოეტმა და მთარგმნელმა ბელა შალვაშვილმა, ირანელმა პროფესორმა ქამიაბიმ, პროფესორმა მაია სახოკიამ, წიგნის რეცენზენტმა ფატი ანთაძემ და სხვებმა. აღინიშნა, რომ ეს წიგნი დაეხმარება ირანისტიკის დარგის სტუდენტებსა და სპეციალისტებს, რომლებსაც აქამდე ხელი ვერ მიუწვდებოდათ სპარსული ლიტერატურის ამ საინტერესო პერიოდის ტექსტებზე.
ირანელმა პროფესორმა, სპარსული ლიტერატურის სპეციალისტმა ჯაჰედიჯამ კი ახალი ქრესტომათია ირან-საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა შორის გაჭრილ კიდევ ერთ ლამაზ ფანჯარას შეადარა.