თბილისის მერი უნივერსიტეტს თანადგომას ჰპირდება

01 ნოე 2017

კახა კალაძე: „ყველაფერს გავაკეთებ ჩემს გუნდთან ერთად, რომ განათლების სისტემა და, კონკრეტულად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი იყოს მოწოდების სიმაღლეზე!

– როგორც თსუ-ის კურსდამთავრებულს, რა მოგცათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა?
– მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი სპორტსმენი ვიყავი, აქ მიღებულმა განათლებამ დიდი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში. განათლება და ინტელექტი ხელს გიწყობს – ნებისმიერ სფეროში წინ წახვიდე, არ აქვს მნიშვნელობა – ეს სპორტი იქნება, ბიზნესი თუ სხვადასხვა მიმართულება. ამიტომ ჩემს ცხოვრებაში ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია იმ წარმატებებში, რაც მქონდა წლების განმავლობაში. 
– თქვენი გადასახედიდან, რა შეგიძლიათ გააკეთოთ უნივერსიტეტისთვის?
– ზოგადად, განათლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ჩვენს ქვეყანაში და პრიორიტეტადაც სახელდება. პოლიტიკოსებმა და, საერთოდ, საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი განათლებული ახალგაზრდა ჰყავდეს ქვეყანას.
რაც შეეხება ჩემს შესაძლებლობებს, ყოველთვის მზად ვარ, ვიყო ჩართული საკეთილდღეო საქმეებში. ჩემი დღევანდელი პოზიციიდან, თანამდებობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებ ჩემს გუნდთან ერთად, რომ განათლების სისტემა და, კონკრეტულად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნივერსიტეტია ქვეყანაში. აქ ბევრი წარმატებული ადამიანი სწავლობდა, რომლებსაც დღეს საქართველოს სახელი გააქვთ უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში.