წლის სა­უ­კე­თე­სო მეც­ნი­ე­რე­ბი თსუ-დან

01 ნოე 2017

2017 წლის „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი“ 10 ოქტომბერს გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდა – გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წლის საუკეთესო მეცნიერები დაჯილდოვდნენ. ასევე, გამოვლინდნენ ფოტოკონკურსში და ჟურნალისტიკის სტუდენტურ კონკურსებში გამარჯვებულებიც.
„შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაჯილდოებულთა შორის იყვნენ: ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე წლის საუკეთესო უცხოელი მეცნიერი – ტიმოთი ბლაუველტი; საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო მეცნიერი – თამარ მახარობლიძე; საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი – ლევან ტიელიძე; 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი – გიორგი ტეფნაძე; 2017 წლის საუკეთესო მეცნიერი – რამაზ ქაცარავა; 2017 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი – თემურ ზაქარაშვილი, ვასილ კუხიანიძე და დავით ქურიძე.
გამარჯვებულებმა მიიღეს როგორც ფულადი, ასევე, მინის გრავირებული ჯილდოები და სერტიფიკატები. გარდა ამისა, წელს პირველად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში სამეცნიერო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დამსახურების სერტიფიკატები გადაეცა 24 მეცნიერს.

გამარჯვებულებს შორის იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები, სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი და სტუდენტები. საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო მეცნიერად დასახელდა თსუ-ის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერი ლევან ტიელიძე; 2017 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევით ჯგუფად აღიარებულ იქნა თსუ-ის ფიზიკოსთა ერთი ჯგუფი რამაზ ლომსაძის, მალხაზ გოჩიტაშვილის, რომან კეზერაშვილის და ნუგზარ მოსულიშვილის შემადგენლობით, მეცნიერების თემაზე შექმნილი საუკეთესო სიუჟეტის ავტორად დასახელდა თსუ-ის დოქტორანტი თათია მთვარელიძე, ხოლო საუკეთესო საჟურნალე სტატიის ავტორად – თსუ-ის მასობრივი კომუნიკაციის დოქტორანტი სალომე ბელქანია.

ჩვენ გავესაუბრეთ გამარჯვებულ მეცნიერებს და დავინტერესდით, კონკრეტულად რა სამეცნიერო სამუშაოებისთვის მიენიჭათ მათ ეს ჯილდო.


სამომავლოდ ჩემი პრიორიტეტია საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება

ინტერვიუ გეოგრაფიის დოქტორთან, თსუ-ის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერთან, გლაციოლოგ-გეომორფოლოგთან ლევან ტიელიძესთან

– ლევან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოებისთვის უაღრესად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გამარჯვებულთა შორის არის მის წიაღში აღზრდილი ახალგაზრდა მეცნიერი. კონკრეტულად რა პროექტის, ან ნაშრომისთვის მოგენიჭათ ეს ჯილდო?
– შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსი საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის უკვე ორი წელია არსებობს. ჯილდო კონკურსანტს ენიჭება არა კონკრეტულად ერთი პროექტის ან ნაშრომისთვის, არამედ მეცნიერებაში აქტიური და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, აგრეთვე განსაკუთრებული მიღწევების დაფასებისთვის, საქართველოს მეცნიერებისა და საქართველოს შესახებ კვლევების წახალისების და პოპულარიზაციისთვის. ჩემ შემთხვევაში ეს იყო საქართველოს და კავკასიონის მყინვარების შესახებ ბოლო წლებში ჩატარებული კვლევის შედეგები, როგორც სამეცნიერო პუბლიკაციების და მონოგრაფიების სახით, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით. 
– რა სამეცნიერო ინტერესები გაქვთ ამჟამად?
– ჩემი კვლევები ეხება საქართველოს და კავკასიის მყინვარების შესწავლას როგორც თანამედროვე, ასევე გეოლოგიურ წარსულში. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ ჩავატარეთ კავკასიონის მყინვარების ინვენტარიზაცია, რომელიც ბოლო ნახევარი საუკუნეა, არ ჩატარებულა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ კვლევაში, უცხოურ სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან ერთად, ლიდერის ფუნქციას თსუ-ის გეოგრაფიის ინსტიტუტი ასრულებდა. კვლევებს ვატარებთ როგორც საველე, ასევე კოსმოსური სურათების და სხვა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. 
მყინვარების შესწავლის პარალელურად, განვაახლეთ გეომორფოლოგიური კვლევები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, რომლის საფუძველზეც მომავალ წელს შვეიცარიაში, შპრინგერ ინტერნატიონალ-ის მიერ, დაიბეჭდება ინგლისურენოვანი მონოგრაფია.
– რამდენად მასტიმულირებელია თქვენთვის ეს ჯილდო? 
– მსგავსი ჯილდოების გადაცემა დიდი სტიმულია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვა ახალგაზრდა მეცნიერებისთვისაც, რომელთაც უკვე გაუჩნდათ სურვილი, რომ მომავალ წელს თვითონაც გახდნენ ამ ჯილდოს მფლობელები.
დავამატებდი იმას, რომ, სამწუხაროდ, მეცნიერება არც ისე პოპულარულია საქართველოში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობაში. ერთეული მეცნიერების წახალისების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში მეცნიერების განვითარებას კიდევ უფრო მეტი სტიმული, მხარდაჭერა, დაფასება და პირობების შექმნა სჭირდება. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტებში და სამეცნიერო ინსტიტუტებში დაიხვეწოს და შეიქმნას შესაბამისი გარემო, სადაც მოხდება ახალგაზრდების დაინტერესება და მეცნიერებაში ჩართულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოდან წასული თითოეული ახალგაზრდა მეცნიერი უახლოეს მომავალში შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს ჩვენ ქვეყანას.


აღიარება ფუნდამენტურ კვლევებში შეტანილი წვლილისათვის

ინტერვიუ ფიზიკა-მათემატიკის დოქტორთან, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ატომური ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგესთან რამაზ ლომსაძესთან

– ბატონო რამაზ, თქვენი სამეცნიერო ჯგუფის კვლევების შესახებ, რომელიც ატომურ ნაწილაკთა დაჯახებების ფიზიკას შეეხება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილია. ორიოდე სიტყვით მოგვიყევით, კონკრეტულად რომელი კვლევითი პროექტებისთვის გამოგარჩიათ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა?
– ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში ატომურ ნაწილაკთა დაჯახებების ფიზიკისადმი ინტერესმა მნიშვნელოვან მასშტაბებს მიაღწია, თუმცა ამ დარგის სრულყოფილი განვითარება მეთოდურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული, მოითხოვს კვლევის კომპლექსურ მიდგომას და მკვლევართა მაღალ კვალიფიკაციას.
პირველ რიგში ასეთი საჭიროება იგრძნობა, როცა კვლევები ეხება ჩაკეტილი ელექტრონული გარსის მქონე ნაწილაკებს. რეალიზებული პროცესების შესახებ საიმედო მონაცემების მიღებას და წარმართვის მექანიზმების დადგენას ფუნდამენტური მნიშვნელობა გააჩნია და ინტერესი მსგავსი კვლევებისადმი დიდია. ამ ფაქტზე მეტყველებს მსგავს კვლევებში უცხოეთის წამყვანი ჯგუფების აქტიური ჩართულობა. ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული მიმართულებით მხოლოდ ჩვენი ექსპერიმენტული ჯგუფი მუშაობს, რომელიც ინტენსიურადაა ჩართული ხსენებულ დარგში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში. 
წლების განმავლობაში ჩვენს ჯგუფს დაუგროვდა დიდძალი გამოცდილება. მას ხელეწიფება წარმართოს არა მარტო რთული ექსპერიმენტული კვლევები, არამედ მიღებულ შედეგებს მოუძებნოს თეორიული ინტერპრეტაცია.
– ამგვარი კვლევების ჩასატარებლად, ცხადია, საერთაშორისო კავშირები დიდ როლს თამაშობს. თქვენ შემთხვევაში რომელ სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან არის კომუნიკაცია და რა გამოცდილებას იძენთ ამ კავშირებით? 
– დიახ, ასეთი გამოცდილების შეძენა, გარკვეულწილად, კოლაბორაციული კავშირების შედეგიცაა. მაგალითად, მე, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი, მრავალგზის ვიყავი მიწვეული გისენის (გერმანია), რენოს, როლას, ბერკლის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტებსა და ლაბორატორიებში კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად. მიღებული შედეგები ასახულია მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში. ჯგუფის წევრს მალხაზ გოჩიტაშვილს აქვს უცხოეთში მუშაობის გამოცდილება, კერძოდ, მუშაობდა სანკტ-პეტერბურგში და ჰოლანდიის „FOM“ ინსტიტუტში.
ამავე ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ნუგზარ მოსულიშვილი ასევე ჩართულია „ატლას“ (ცერნი) ექსპერიმენტებში, ხოლო კიდევ ერთი წევრი – რომან კეზერაშვილი წარმატებით ხელმძღვანელობს ნიუ იორკის ტექნოლოგიური კოლეჯის თეორიული ფიზიკის განყოფილებას.
კოლაბორაციულ კავშირებზე და ჩვენი ჯგუფის სისტემატურ კვლევებზე მიუთითებს აღნიშნულ დარგში შესრულებული 5 საკვალიფიკაციო ნაშრომი, 120-მდე გამოქვეყნებული შრომა, ბიულეტენებში და მონაცემთა ბაზაში შედეგების განთავსება. ჩვენ მიერ მიღებული შედეგები აღიარებულია უცხოელი კოლეგების მიერ. ამაზე მეტყველებს ერთობლივ გრანტებში ჩვენი ჯგუფის ჩართულობა და ჯგუფის წევრების სისტემატური მიწვევა საერთაშორისო კონფერენციებზე, მათ შორის, როგორც მიწვეულ ლექტორებად. 
– რა სამომავლო გეგმები აქვს თქვენს სამეცნიერო ჯგუფს?
– ჩვენ მიერ მიღებული და გამოქვეყნებული საიმედო მონაცემებით დაინტერესებულია სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტი (აშშ). ასევე ჩვენ დაგვევალა, პასუხი გაგვეცა წლების განმავლობაში ჩაკეტილი გარსის მქონე ნაწილაკთა დაჯახების დროს რეალიზებულ პროცესებში არსებულ პრობლემებზე. ამ მიზნით, ჩვენს ჯგუფში შეიქმნა კვლევის გაუმჯობესებული მეთოდები, მოხერხდა ექსპერიმენტული დანადგარების ავტომატიზაცია. ჩვენი ჯგუფის მიერ კონსტრუირებულია ფართო შესაძლებლობების მქონე ანალიზატორი. კვლევის კომპლექსური მიდგომით მოგვეცა საშუალება – ამ სპეციფიკურ უმრავლეს საკვლევ წყვილებზე პირველად ჩაგვეტარებინა გაზომვები. ამჟამად სამეცნიერო ჯგუფი წარმატებით აგრძელებს სისტემატურ კვლევებს ასტროფიზიკური ამოცანების გადასაწყვეტად. მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს მიღებული მაღალაღგზნებულ მოლეკულურ მდგომარეობათა შესწავლის მიზნით. 
ჯგუფი ოპერატიულად რეაგირებს კვლევის აქტუალურ და თანამედროვე გამოწვევებზე. ამ მხრივ საინტერესო გაზომვები ტარდება ჩვენ მიერ დაბალი ენერგიის (5-120 ევ) ელექტრონების დაჯახებით რთულ ბიოლოგიურ მოლეკულებზე, მათ შორის. ე.წ. „ფულორენებზე“. ამ ნივთიერებათა ფრაგმენტაციის შესწავლით მნიშვნელოვანი განაცხადი კეთდება ზეგამტარებსა და მედიცინაში. უახლოეს მომავალში მიღებული შედეგები აისახება ერთობლივ პუბლიკაციებში.

* * *
მალხაზ გოჩიტაშვილი, ფიზიკის აკადემიური დოქტორი, სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის წევრი:

– მე ბირთვულ ფიზიკაშიც ვმუშაობ და ატომურ ფიზიკაშიც და უნდა ვთქვა, რომ ეს დარგი – ატომურ ნაწილაკთა დაჯახების ფიზიკა, პროგრესირებადია. ატომური დაჯახებები არის ყველაფრის საფუძველი და ამას მე სტუდენტებსაც ვასწავლი. უნდა აღვნიშნო, რომ ფიზიკის ბევრი მიმართულება განვითარებულა თავის დროზე და მერე მისი განვითარება შეჩერებულა, სრული კვეთებისადმი ინტერესი, კერძოდ, აბსოლუტური მნიშვნელობების გაზომვა და აქტუალობა კი არასოდეს მოკვდება, რადგან ეს არის როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი დარგი. ვმუშაობდი ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებსა და მეტასტაბილური ნაწილაკების გაზომვაზე, რომელიც დღესაც აქტუალურია, რადგან სრული კვეთები ამ დარგში მომუშავე მეცნიერებსაც სჭირდებათ. მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ მაგნიტური ქარიშხალი არის დამუხტული ნაწილაკების დიდი ნაკადი, რომელსაც მაგნიტური ველი მოჰყვება და დედამიწის მაგნიტური ველის შეშფოთებას იწვევს. ასეთ დროს ხდება ნაწილაკების აჩქარება ატმოსფეროს ზედა ფენაში, იწყება მათი ურთიერთქმედება აზოტის და ჟანგბადის მოლეკულებთან და, ამაზე რომ წარმოდგენა შეიქმნას, სწორედ ეს სრული კვეთები უნდა იყოს მაქსიმალურად ზუსტად გაზომილი. ამიტომ, ეს დარგი აქტუალობას არასოდეს დაკარგავს. 
მინდა ისიც დავამატო, რომ ჩვენი ნებისმიერი მოქმედება, სამეცნიერო კვლევა თუ აღიარება ახალგაზრდობის დაინტერესებისთვის უნდა გამოვიყენოთ. მათ გარეშე მომავალი არ იქნება.

ნუგზარ მოსულიშვილი, სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის წევრი:

– ჩვენ ატომის ფიზიკის დარგში დიდი ხანია ვმუშაობთ, იმ დროიდან, როცა არც ტრანსპორტი იყო, არც შუქი გვქონდა და არც ხელფასი, მაგრამ არასოდეს გვიფიქრია ჯილდოზე. ამას ჩვენ ინტერესის და ფიზიკის სიყვარულის გამო ვაკეთებდით. ამ ყველაფრის „მოტორი“ იყო მაშინდელი ჩვენი ხელმძღვანელი ბორის კიკიანი, ზუსტად ისე, როგორც ახლა რამაზია ჩვენთვის. ჯგუფის აღიარება – ეს დიდი სტიმულია, რომ ვიღაცამ შეგვამჩნია და დაინახა ჩვენი შრომა. მარტო ჩვენ კი არა, ახალგაზრდებიც დაინახავენ, რომ სამეცნიერო შრომა ფასდება.