თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზვიად გამსახურდიას წლევანდელი სტიპენდიატები გამოვლინდნენ

08 ოქტ 2015

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს უკვე მეორედ გამოვლინდნენ ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიატები. გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნის უკვდავსაყოფადმისი სახელობის სტიპენდია დაწესდა, რომელსაც მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის საკეთესო სტუდენტები მიიღებენსტიპენდიის ოდენობა ბაკალავრისა და მაგისტრისთვის 300 ლარით, ხოლო დოქტორანტისთვის - 400 ლარით განისაზღვრება. თსუ-ის ფილოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ზვიად გამსახურდიამ მრავალ მიუძღვნა.

პირველ სტიპენდიანტებს შორის არიან: თსუ-ის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ნათია ბოტკოველი; თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ელენე კიკნაძე და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი გვანცა ჭოლიკაური.

 

თსუ-ში შრომა სათანადოდ ფასდება!

ნათია ბოტკოველი

ნათია საქართველოს ულამაზეს კუთხეში - კახეთში გაიზარდა. ბავშვობიდან უყვარს ქართული ენა და ლიტერატურა, მაგრამ ფილოლოგობაზე არასდროს უფიქრია: 

„იმ დღეს სერიოზულად დავფიქრდი, თუ რომელ სფეროში ვხედავდი საკუთარ თავს... უამრავი წარმოდგენიდან, ერთი გაკრთა ჩემს გონებაში და მოვიწამლე... ამ ფიქრით მოვიწამლე... და გადავწყვიტე, არ გამეთვალისწინებინა სტერეოტიპი ფილოლოგის უპერსპექტივობასთან დაკავშირებით. 2013 წელს, პირველივე ლექციაზე, მივხვდი, რომ ეს იყო ყველაზე სწორი არჩევანი, რაც კი ოდესმე გამიკეთებია... რთულია, ამ სიხარულის სიტყვებით გადმოცემა. დღეს უკვე დარწმუნებული ვარ, რომ მთავარი ის კი არ არის, რამდენად პერსპექტიულია შენი პროფესია, არამედ ის, თუ რამდენად გიყვარს იგი," - ამბობს იგი.

ნათია პირველ კურსზე იყო, როცა სახელმწიფო სტიპენდია მიიღო. მას შემდეგ არცერთი სემესტრი აღარ გამოუტოვებია. თუმცა ეს თვითმიზნად არ ქცევია. როგორც თვითონ ამბობს: "საბედნიეროდ, ჩვენს უნივერსიტეტში შრომა სათანადოდ ფასდება. ეს ყველაზე სასიხარულო შეგრძნებაა სტუდენტისთვის. ზვიად გამსახურდიას სტიპენდია ქართული ფილოლოგიიის ბაკალავრიატში მხოლოდ ერთ სტუდენტს უნდა მიეღო, კონკურსში ჩემი მეგობრებიც მონაწილეობდნენ, ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდები... რთული იყო შედეგების პროგნოზირება, არ ვიცი, გაუჭირდა თუ არა ჟიურის გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ჩემს გარშემო რატომღაც ყველას სჯეროდა, რომ ამ სტიპენდიას მე მივიღებდი, მამხნევებდნენ და გამარჯვების შემდეგ გულწრფელად მილოცავდნენ!

ზვიად გამსახურდია ჩემთვის ყოველთვის ბრძოლის, შეუპოვრობის სიმბოლო იყო, მისი სახელობის სტიპენდია, პირველ რიგში, მავალდებულებს ვიყო ღირსეული, აქტიური, შრომისმოყვარე სტუდენტი და გავამართლო ის ჯილდო, რითაც სხვებისგან გამომარჩიეს“...

 

გახდე ზვიად გამსახურდია სტიპენდიატი - საპასუხისმგებლო გრძნობაა

ელენე კიკნაძე

ელენე დიდი ხნის განმავლობაში ვერ წყვეტდა, რა პროფესია აერჩია სამომავლოდ. დაინტერესებული იყო ხელოვნების სხვადასხვა დარგით - ფსიქოლოგიით, ჟურნალისტიკით და მედიცინითაც კი. ამ ყველაფრის ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელად გადაწყვიტა ფილოლოგობა. მალევე აღმოაჩინა, რომ განსაკუთრებით ენათმეცნიერებით დაინტერესდა და ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, სწორედ ამ მიმართულებით განაგრძო სწავლა. "როდესაც სწორად აგნებ შენი ინტერესის საგანს და თავს ამ მხრივ კომფორტულად გრძნობ, ეს უკვე ბედნიერებაა. წარმატების მიღწევისათვის მთავარი მაინც საკუთარი საქმის სიყვარული და შრომისუნარიანობა მგონია"... - ამბობს ელენე და დასძენს, რომ ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიატობა არაერთი სტუდენტისთვის სასურველი და, უფრო მეტიც, საოცნებო მდგომარეობაა, მაგრამ, ამავდროულად, მეტად საპასუხისმგებლოც. „ალბათ ზედმეტიც კია იმის ახსნა, თუ რამდენად სასიხარულო აღმოჩნდა ჩემთვის ამ სტიპენდიის მოპოვება. ეს არის ჩემს სტუდენტურ ცხოვრებაში საუკეთესო სიახლე და კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი, რაც ჩემთვის ახალი სასწავლო წლის კიდევ უფრო მეტი შემართებით დაწყების საწინდარია. ფინანსური კეთილდღეობისა და საოცნებო სტატუსის გარდა, ამ სტიპენდიის მიღება, რა თქმა უნდა, სასურველი საქმისათვის გაწეული შრომის დაფასება და ერთგვარი სტიმულიც არის ჩემი მომავალი წინსვლისათვის,“ - აცხადებს ელენე.

 

სტუდენტების წახალისება ხელს უწყობს ქართული ფილოლოგიის განვითარებას

გვანცა ჭოლიკაური

გვანცა ჭოლიკაური ქართული ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე (ქართული ლიტერატურის ისტორია) 2014 წლიდან სწავლობს. მისი ინტერესის სფეროა: XVI-XVII საუკუნეების ინგლისური დრამატურგია, სარაინდო სიყვარულის დასავლეთ ევროპული ფენომენი და მისი შესაძლო გამოვლინება "ვეფხისტყაოსანში". გვანცა თურქულ ენასაც ინტერესით ეუფლება და დიდი სურვილი აქვს, მასწავლებლად იმუშაოს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან.

როგორც გვანცა ამბობს, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის მიღება მისთვის მეტად საამაყოა. „მიხარია, რომ ჩვენი უნივერსიტეტი, ჩვენი ფაკულტეტი, ყურადღების მიღმა არ ტოვებს ქართულ ფილოლოგიას, ხელს უწყობს მის განვითარებას და სტუდენტების წახალისებაც ამ მიზანს ემსახურება...“ - ამბობს იგი.

ზვიად გამსახურდიას სტიპენდიის მომავალი მფლობელები ახალი სასწავლო წლიდან შეირჩევიან. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ეს სიხარული წინ ელით.