„ახალგაზრდა მკლევართა ჟურნალი“ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

07 ოქტ 2015

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წელი მეცნიერების წლადაა გამოცხადებული. ამ წელს სამეცნიერო კვლევებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობისათვის ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის, გამოვიდა არაერთი სამეცნიერო ჟურნალი, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა იყო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალის გამოცემის მიზანიც.

 „ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი“ არის რეფერირებადი ორენოვანი ელექტრონული გამოცემა, რომელიც მიზნად ისახავს - ხელი შეუწყოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობას და საშუალება მისცეს მათ, საკუთარი ნაშრომები გააცნონ ფართო აკადემიურ საზოგადოებას, თუმცა ჟურნალი ასევე ღიაა სხვა უნივერსიტეტების სტუდენტთათვის. ჟურნალში სტატიების მიღება ხორციელდება სამივე სასწავლო საფეხურის სტუდენტთაგან და მისი მოთხოვნები შეესაბამება საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის სტანდარტებს. ჟურნალი გამოსაქვეყნებლად იღებს სოციალური მეცნიერებების ფარგლებში შექმნილ ერთი ან რამდენიმე ავტორის მიერ შესრულებულ ქართულ ან ინგლისურენოვან სტატიას.

„ჟურნალში წარმოდგენილი ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური კვლევის შედეგი. მიუღებელია კომპილაციური ხასიათის ტექსტები, რომლებშიც არ ჩანს ავტორის კვლევა და  თვალთახედვა.  რედაქციაში შემოსული   სტატია ან მისი მოზრდილი ნაწილი ჟურნალში მიღებამდე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან კიდევ – სხვა გამოცემაში დასაბეჭდად წარდგენილი.  პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ნაშრომი ავტომატურად დისკვალიფიცირდება და ავტორის მიერ  მოწოდებული  სხვა ტექსტები  შემდგომში  აღარ მიიღება,“ - აღნიშნა  ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა თეონა მატარაძემ.

ჟურნალის სარედაქციო კოლეგია შედგება ფაკულტეტის ექვსი პროფესორისაგან (თამარ დოლბაია, ნინო დურგლიშვილი, კორნელი კაკაჩია, ვალერიან მელიქიძე, მანანა შამილიშვილი, ლია წულაძე), ხოლო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედის უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი, ვლადიმერ პაპავა და სოციალურ პრობლემატიკაზე მომუშავე გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები (რევაზ გაჩეჩილაძე,ზაზა ფირალიშვილი, ოლივერ რაისნერი და ფლორიან მიულფრიდი).

ჟურნალის პირველ ნომერში გამოქვეყნდა ხუთი ქართულენოვანი და ერთი ინგისურენოვანი სტატია, რომელთა გაცნობა შეუძლია ყველა დაინტერესებილს პირს ჟურნალის ვებ-გვერდზე: www.jyr.tsu.ge.

ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების თემატური მრავალფეროვნება და შესრულებული კვლევის ხარისხი გვაფიქრებინებს, რომ სარედაქციო კოლეგიას მართლაც მაღალი მოთხოვნები აქვს, რაც მომავალში ამ ჟურნალის მაღალ რეიტინგს მოუტანს.

თამარ დოლბაია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი: „ახალგაზრდა მკვლევართა და, ზოგადად, საფაკულტეტო სამეცნიერო ჟურნალის დაარსების შესახებ პუნქტი ჩემს საარჩევნო პროგრამაშიც მქონდა შეტანილი და დეკანად არჩევის შემდეგ, სხვა ადმინისტრაციულ საქმეებთან ერთად, აქტიურად დავიწყე ამ ჟურნალის შექმნაზე მუშაობა. მეამაყება, რომ ჟურნალი უკვე გამოვიდა, რაშიც უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ ლადო პაპავას ძალიან დიდი მხარდაჭერაცაა. ჟურნალი პასუხობს სამეცნიერო გამოცემის ყველა საერთაშორისო სტანდარტს. საერთოდაც მიმაჩნია, რომ თამასა თავიდანვე უნდა იყოს მაღალი და აქცენტი არ უნდა ავიღოთ რაოდენობაზე, რომელიც შემდეგ თვისებრიობაში ნაკლებად გადადის.


კიდევ ერთი საინტერესო რამ, რაც თან ახლავს ამ ჟურნალის გამოცემას -  ჩვენ სადისერტაციო საბჭოს და დოქტორანტურის დებულებაში შევიტანეთ ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, სავალდებულო ხდება ორი სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება და ინგლისურენოვანი რეფერატის მომზადება. აქვე ისიც გავითვალისწინეთ, რომ თუ დოქტორანტს უცხოეთში მაღალი დონის სამეცნიერო ჟურნალში ექნება გამოქვეყნებული სტატია, აქ შესაძლოა მას ერთი სტატია და რეფრატი ჩავუთვალოთ. რადგანაც გაჩნდა დოქტორანტების მიმართ მოთხოვნები, ჩვენ მათ ამ ჟურნალის გამოცემითაც ვუწყობთ ხელს და აქ გამოქვეყნებული სტატიები (ცხადია, შიდა და გარე რეფერირების შედეგად) მათ ჩაეთვლებათ.

აქვე მინდა გითხრათ, რომ უკვე  ვიწყებთ ორენოვანი სამეცნიერო ჟურნალის მომზადებას მკვლევრებისთვის, რომლის პრეზენტაციასაც დეკემბერ-იანვრის თვეში ვგეგმავთ. სურვილი გვაქვს, შევქმნათ მაღალი დონის სამეცნიერო ჟურნალი, რისთვისაც ყველა საერთაშორისო სტანდარტს დავეყრდნობით. აქ უკვე აქტიურად ვთანამშრომლობთ რეგიონის, კერძოდ სომხეთისა და აზერბაიჯანის  უნივერსიტეტებთან, ასევე, პირადი კონტაქტების მეშვეობით, პოლონეთის, ბულგარეთის, ლატვიის, ესტონეთისა და ამერიკის - რადგერსის უნივერსიტეტის მეცნიერებთან. გვინდა ჟურნალს ამ ქვეყნებშიც გაუკეთდეს პოპულარიზაცია და ის საერთაშორისო გახდეს“.

უნდა ითქვას, რომ მაღალი სამეცნიერო ღირებულების სტატიების მომზადება ახალგაზრდა მკვლევართაგან საკმაოდ დიდ შრომას და გამოცდილებას მოითხოვს და ამ მიმართულებით ქართველ მკვლევრებს დიდი გზა აქვთ გასავლელი, რომელშიც „ახალგაზრდა მკლევართა ჟურნალიც“ თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს.