„დაბრუნება“ უნივერსიტეტში

22 ივნ 2017

ვახტანგ კოტეტიშვილის „დაბრუნება“ უნივერსიტეტში – ეს განწყობა სუფევდა უნივერსიტეტში გამართულ ვახტანგ კოტეტიშვილის „წერილების“ წარდგინებაზე, რომელიც ჩვენი თანამედროვე ფოლკლორისტის, აწ გარდაცვლილი ვახუშტი კოტეტიშვილის მამა გახლდათ. 
კრებული ვახტანგ კოტეტიშვილის წერილების პირველ პუბლიკაციებსა და რეპუბლიკაციებს წარმოადგენს, რომელიც XX საუკუნის 10-20-იანი წლების პრესამ და ვახტანგ კოტეტიშვილის პირადმა არქივმა შემოგვინახა. წერილები როგორც კონკრეტული პიროვნების, ასევე იმ რთული და წინააღმდეგობრივი ეპოქის უტყუარი სურათია. 
„ჩვენი მიზანია ვახტანგ კოტეტიშვილს, რომელიც პირველსახოვანი ფოლკლორისტის სახელითაა ცნობილი, მეტი არგუმენტაციით შეემატოს ლიტერატორის კრიტიკოსის, ახალი ესთეტიკის შემქმნელისა და პუბლიცისტის სახელი. ამასთან, ვფიქრობთ, რომ წერილები ხელოვნების შესახებ უფრო რეალისტურსა და არგუმენტირებულს გახდის კულტურის ამ სფეროში მის მიერ შეტანილი წვლილის ხარისხსა და მნიშვნელობას. ყოველ შემთხვევაში, თქვენს წინაშეა ვახტანგ კოტეტიშვილის წერილების რეპუბლიკაციის იმგვარი ცდა, რომელშიც განმსაზღვრელი ავტორის ნებაა და არა რაიმე სახის კონიუნქტურა. იმედია, ეს წიგნი ხელს შეუწყობს საინტერესო და წინააღმდეგობრივი დროის ქართველის ნააზრევის ყოველდღიურ ლიტერატურულ მიმოქცევაში დაბრუნებას. ჩვენ მხოლოდ ბიძგს ვაძლევთ ამ ნაწერებს, გზას კი ისინი თავად გაიკვლევენ“, – წერს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნონა კუპრეიშვილი, რომელმაც თავი მოუყარა სტალინის რეჟიმის მიერ დახვრეტილი დიდი მამულიშვილის, ვახტანგ კოტეტიშვილის ნააზრევს – გაფანტულს გასული საუკუნის 10-20-იანი წლების ქართულ პერიოდიკასა და არქივებში. მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება – გაიცნოს ვახტანგ კოტეტიშვილი თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობით: იგი იყო ლიტერატურის ისტორიკოსი, ფოლკლორისტი, სოციოლოგი, ხელოვნების თეორეტიკოსი, ესეისტი, ისტორიკოსი, მოქანდაკე, მხატვარი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. 
აი, რა წერია დიდი პატრიოტის, საქართველოს დამოუკიდებლობის მგზნებარე დამცველის დაპატიმრების ოქმში, რომელიც ამ წიგნშია წარმოდგენილი: „აგენტებმა შინსახკომს აცნობეს, რომ ის განწყობილი იყო ანტისაბჭოურად, პესიმისტურად, თითქმის ვერ ხედავდა საბჭოთა სინამდვილის პერსპექტივას. ექსპედიციებში ცოტას მუშაობს. სამაგიეროდ, საჯარო გამოსვლებს აწყობს. უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსთაველის ინსტიტუტის ფოლკლორის ხელმძღვანელად ახალგაზრდა სპეციალისტი ჩიქოვანი დანიშნეს, რომლის ხელმძღვანელობით მუშაობა კოტეტიშვილს არ სურს. თავის ნაწარმოებებში სოციალიზმის გამარჯვება არ სჯერა“. სწორედ ეს ანტისაბჭოთა განწყობა გახდა მიზეზი „ტროიკის“ მიერ მისი დახვრეტისა. და აი, დღეს მისი გარდაცვალებიდან 80 წლის შემდეგ კიდევ ინტერესითა და აღფრთოვანებით ვსაუბრობთ დიდი პატრიოტის, სამაგალითო მოღვაწის კულტურულ-შემოქმედებით მემკვიდრეობაზე. 
პრეზენტაციაზე ვახტანგ კოტეტიშვილის „წერილების“ ლიტერატურულ ღირებულებასა და მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრეს რეცენზენტებმა: ასოცირებულმა პროფესორმა თამარ შარაბიძემ და ფილოლოგიის დოქტორებმა: ნინო პოპიაშვილმა და ნაირა ბეპიევამ. 
პროფესორმა თამარ შარაბიძემ ვახტანგ კოტეტიშვილის ლიტერატურული და კრიტიკული წერილების მიმოხილვა დაიწყო წერილით: „შავი სიტყვა“, სადაც ავტორი სინამდვილის სწორად აღსაქმელად მამხილებლურ ტონს ირჩევს. „ვახტანგ კოტეტიშვილმა მოღვაწეობა ილიასებური შეტევითი ხასიათის წერილებით დაიწყო: „მკაცრი სიტყვა დაგვეკარგაო, ჩვენი მწერლობა კი საჯირითო დოღად გადაიქცაო“, – მამხილებლად ჟღერს ახალგაზრდა ლიტერატორის ეს სიტყვები. წერილსაც „შავი სიტყვა“ ჰქვია; შავია, რადგან კარგად მოჩანს ჩვენი ცხოვრების სიმდაბლე, მასში შავი ფერი სჭარბობს, ნათელი ტონების მიმატება კი ავტორს არ ძალუძს. ვახტანგ კოტეტიშვილი გვიჩვენებს ლიტერატურისა და, ზოგადად, ხელოვნების ჩამორჩენის მიზეზს, ასახავს შედეგს და წინ უდებს ლიტერატორს გზას: „მახვილი სმენაა საჭირო, რომ ცხოვრების ნაკარნახევი გასაგონი გახდეს, ღრმა შეგნებაა საჭირო, რომ გაითვალისწინო, რა იკისრე... წინააღმდეგ შემთხვევაში, სინამდვილე წაგაბორძიკებს. მაღლა ასვლაა საჭირო, რომ მეტი დაინახო“. „საკაცობრიო დოღში ჩანჩალი“, მისი აზრით, ქართული მერნის ბრალი კი არ არის, არამედ – მისი მხედრის...“, – განაცხადა რეცენზენტმა. 
ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ნაირა ბეპიევამ წიგნის წარდგინებაზე ვახტანგ კოტეტიშვილის ორი წერილი: „ილია ჭავჭავაძე“ და „სიმახინჯე, როგორც სახე XIX საუკუნის ქართველისა – დღევანდლამდის“ მიმოიხილა და ავტორს ილიას გზის სულიერი და შემოქმედებითი მემკვიდრე უწოდა. 
„ჩემი მოკრძალებული აზრით, რაც კი ვახტანგ კოტეტიშვილს შეუქმნია, ყველაფერს წინ ეპითეტად სიტყვა ,,ეროვნული” უნდა ერთვოდეს და როგორც ლიტერატურათმცოდნეობაში, ენათმეცნიერებაში და მრავალ სხვა დარგში სწორი დიაგნოზის დამსმელმა მეცნიერმა მიხეილ ქურდიანმა წარმოაჩინა, იგი ,,ეროვნული ესთეტიკის შემქმნელად“ უნდა მოიხსენიებოდეს.
მნიშვნელოვანია, რომ ვახტანგ კოტეტიშვილი არ იყო „საკუთარ ნაჭუჭში“ გამოკეტილი პიროვნება, იგი ფართო დიაპაზონის მოაზროვნეა. მისთვის მოძმის საწუხარი საკუთარივით მტკივნეულია. ვახტანგ კოტეტიშვილი არა მარტო ქართველთა ცხოვრების, მისი მაჯისცემის თვალ-ყურმადევარია, იგი კავკასიელთა საერთო ტკივილსაც ღიად აცნობიერებს. ყველასთვის ცნობილია, რომ კავკასიელებს ველურებად ნათლავდნენ, მათ კულტურას ველურობას უწოდებდნენ. თუ სცადე შენი თავის დაცვა, შენი ერის დარაჯობა, შენი ერის ქომაგობა – ეს ველურობაა, უკულტურობაა?
ვახტანგ კოტეტიშვილმა კარგად იცოდა, რომ ველურობა და უკულტურობა სხვის კუთვნილებაზე ხელის წაპოტინება და მისაკუთრებაა და არა საკუთარის დაცვა-შენარჩუნება.
და ბოლოს, ვახტანგ კოტეტიშვილს უფლის საჩუქარი უწოდეს რადიო „თავისუფლების“ ერთ-ერთ რადიოგადაცემაში... დიახ, ვახტანგ კოტეტიშვილი იყო ერისათვის უფლის საჩუქარი. ღმერთმა ნუ მოაკლოს ქართველ ერს და მთლიანად კავკასიას ასეთი საჩუქარი... დროდადრო მაინც... – ამ სათქმელით დაასრულა თავისი გამოსვლა პროფესორმა ნაირა ბეპიევამ. 
კრებულის შემდგენელი ნონა კუპრეიშვილი რენესანსული ტიპის მოღვაწეს უწოდებს ვახტანგ კოტეტიშვილს და მისი მოღვაწეობის მასშტაბურობაზე მიგვანიშნებს: „იგი არის ლიტერატურის კრიტიკოსი, ესთეტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე და საზოგადო მოღვაწე. ამიტომაც წიგნში წერილები დაიყო ორ ჯგუფად: პირველი ჯგუფი არის „ლიტერატურა, კრიტიკა, ხელოვნება“, მეორე ჯგუფი – „საზოგადოება და პოლიტიკა“. ყველგან პრინციპული და მართალია ეს ადამიანი, ეხება საქმე ლიტერატურას თუ საზოგადოების მოწყობის საკითხებს და, რაც მთავარია, მისი ეს პოზიცია გამყარებულია ენციკლოპედიური ცოდნით“, – აღნიშნა ნონა კუპრეიშვილმა, რომელმაც ვახტანგ კოტეტიშვილის ცხოვრებიდან საინტერესო ფაქტებიც გაიხსენა: „ვახტანგ კოტეტიშვილს მუდმივად ეკეთა შავი დიდი ბაფთა. ამბობენ, რომ ესეც ერთ-ერთი საბაბი იყო მისი დაკავებისა. რატომ გიკეთია შავი ბაფთაო, ჰკითხეს. რას ნიშნავს ეს, შავი ბაფთა, საქართველოს გლოვობო? რაზეც უპასუხა: აბა, წითელი ბაფთა გავიკეთო? რა, კლოუნი ხომ არ ვარო. წითელი ბაფთა, მოგეხსენებათ, ლენინს ეკეთა ხოლმე“. ასე რომ, წიგნის ავტორი არა მარტო თავისი შემოქმედებით აპროტესტებდა საბჭოთა რეჟიმის მიუღებლობას, არამედ გარეგნული ნიშნებითაც უსვამდა ხაზს თავის პრინციპულობას. 
ვახტანგ კოტეტიშვილის მრავალმხრივი მოღვაწეობის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა აგრეთვე წიგნის ერთ-ერთმა რედაქტორმა ამირან არაბულმაც, რომელმაც სიმბოლურად მიიჩნია დიდი მამულიშვილის უნივერსიტეტში „დაბრუნება“.