მარიამ ლორთქიფანიძე: „უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე უნდა იკითხებოდეს საქართველოს ისტორიის კურსი“

21 ივნ 2017

„ასეთი რამ იშვიათად ხდება: 95 წლის ღვაწლმოსილი პროფესორი ზის დარბაზში და მას სტუდენტები და კოლეგები სახელოვან იუბილეს ულოცავენ. დიახ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს ზეიმობს საუნივერსიტეტო ოჯახის ერთ-ერთი გამორჩეული წევრის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის, ისტორიკოსთა მრავალი თაობის აღმზრდელის, საზოგადო მოღვაწის, პროფესორ მარიამ ლორთქიფანიძის 95 წლის იუბილეს“, – ამ სიტყვებით გახსნა 13 ივნისს საიუბილეო ღონისძიება თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა. 
იუბილარი კი ჩვეული სიდინჯით და მოკრძალებით იჯდა იმ აუდიტორიის წინაშე, რომელსაც თავის დროზე თავად გაუკვალა გზა წარმატებებისკენ.
უნივერსიტეტს მარიამ ლორთქიფანიძე ახსოვს ენერგიული, შემართული და მუდმივად საქმიანი. მისი დინჯი საუბარი და უმდიდრესი ინფორმაციით დატვირთული ლექციები კი დღემდე აღაფრთოვანებს სტუდენტობას. იგი რეალურად არის ხიდი ძველ და ახალ თაობას შორის; არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომელსაც საკუთარი ქვეყანა უყვარს; როგორ უნდა იღვაწოს მეცნიერმა, რომელსაც მომავალი თაობის აღზრდის ბედნიერება ხვდა წილად. 
„თაობათა კავშირის გარეშე საუნივერსიტეტო ცხოვრება შეუძლებელია. მეტიც, თაობათა კავშირის გარეშე უნივერსიტეტის იდეაც მკვდარია. ქალბატონმა მარიამმა თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მრავალი ფორმაცია, რეფორმა და გარდაქმნა გამოიარა, მაგრამ ყოველთვის ჰქონდა სწორი ორიენტირები და თავის სტუდენტებსაც ამ ორიენტირებზე ზრდიდა. საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეგხვდებათ ადამიანი, რომელიც სიამაყით გეტყვით – „დიახ, მე უნივერსიტეტში ლექციებს ლეგენდარული პროფესორი მარიამ ლორთქიფანიძე მიკითხავდა“. ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძე სჭირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძე სჭირდება ქართულ საზოგადოებას, ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძე სჭირდება საქართველოს!“ – აღნიშნა ნანა გაფრინდაშვილმა.


ქალბატონი მარიკა ეკუთვნის უნივერსიტეტს და უნივერსიტეტი – ქალბატონ მარიკას!

„ქალბატონი მარიკა ეკუთვნის უნივერსიტეტს და უნივერსიტეტი ეკუთვნის ქალბატონ მარიკას! – ერთგვარი სლოგანი შესთავაზა დარბაზს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და აღნიშნა, რომ მარიამ ლორთქიფანიძე არის ყველაზე ახალგაზრდა პროფესორი უნივერსიტეტში თავისი სულით, შემართებითა და სიმხნევით: „უნდა გითხრათ, რომ ძალიან რთული იყო, რაღაც ჯილდო გადაგვეცა მისთვის, რადგან, მგონი, არ არსებობს საქართველოში ისეთი ჯილდო, რომელიც ქალბატონ მარიკას არ აქვს მიღებული. ძალიან გაგვიხარდა, როცა ერთი ასეთი ჯილდო მაინც აღმოვაჩინეთ – მას არ აქვს უნივერსიტეტის მედალი. დღეს აღვადგენთ ისტორიულ სამართლიანობას და გვინდა ქალბატონი მარიკა უნივერსიტეტის მედლით დავაჯილდოვოთ“, – ასე მიულოცა იუბილე მარიამ ლორთქიფანიძეს უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
ღვაწლმოსილი მეცნიერის წინაშე საიუბილეო ღონისძიებაზე გამოვიდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ იუბილარს ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა და აღნიშნა, რომ მარიამ ლორთქიფანიძე ნამდვილად არის იმ რანგის მოღვაწე, რომელიც უძვირფასესი შენაძენია მთელი საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეებისთვის: „თსუ-ში სწავლისას არ მქონია ქალბატონ მარიკასთან და მის მიმართულებასთან შეხება, მაგრამ მახსოვს, რომ იგი ჩვენს ოჯახში მოიხსენიებოდა, როგორც სამეცნიერო და საუნივერსიტეტო ცხოვრების ერთ-ერთი დასაყრდენი და ღირსეული ლიდერი. თქვენი სახელი ჩემთვის უკავშირდება ოჯახიდან გამომდინარე ამ პირად ემოციას. მეორე საკითხი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, არის ის, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ ის ხალხი, ვინც აფასებს დამსახურებას და, მგონი, აქ გადის სწორედ ცივილიზებულობის, კულტურის, ევროპელობის, ქრისტიანობის საზღვარი. თუ ჩვენს ფესვებს მოვწყდებით, აღარ ვიქნებით ის, რაც გვინდა ვიყოთ. მგონია, რომ ქალბატონი მარიკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვისა და მთელი საქართველოს სამეცნიერო და საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც უნდა დავაფასოთ და რომელსაც უნდა დავეყრდნოთ ჩვენი მომავლის მშენებლობისას. გვახსოვს, რომ ცოტა ხნის წინ მეორე და მესამე ხარისხში იყო გადატანილი ჩვენს ქვეყანაში მიღებული განათლება და რატომღაც უცხოეთში მიღებული განათლება ჩაითვალა განვითარების დასაყრდენად. ცხადია, არავინ აკნინებს არცერთ უნივერსიტეტს და საგანმანათლებლო კერას მსოფლიოში, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ჩვენი ალმა მატერი, ჩვენი სახელმწიფო უნივერსიტეტი ნამდვილად არის იმ რიგში, რომლითაც მთელ მსოფლიოს შეუძლია იამაყოს“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 
„გულწრფელად მეამაყება, რომ ვცხოვრობ მარიამ ლორთქიფანიძის საქართველოში და მქონდა ბედნიერება, რომ თქვენი მოღვაწეობისთვის მედევნებინა თვალი“, – მიმართა იუბილარს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა. მან გაიხსენა ის პერიოდი, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ პერიოდში ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმგვარი მოღვაწეების მიმართვებს, როგორიც აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძეა: „ჩემთვის უაღრესად დიდი პატივია, შემოვუერთდე ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებას. დღეს მე სტუმრის სტატუსით გესწრებით, მაგრამ საქართველოს პარლამენტში ჩვენ აუცილებლად აღვნიშნავთ თქვენს საიუბილეო თარიღს და კოლეგებთან ერთად თქვენი მასპინძლობის და ღვაწლის დაფასების შესაძლებლობაც გვექნება. ალბათ, საქართველოში ვერ მოიძებნება სხვადასხვა ასაკის თუ პროფესიის ადამიანი, რომელიც არ იცნობს ქალბატონი მარიკას მოღვაწეობას და უაღრესად დიდ პატივს არ სცემდეს მას, როგორც გამორჩეულ ქალბატონს, ისტორიკოსს, მეცნიერს, აკადემიკოსს. ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია ჩამონათვალი სახელმწიფო ჯილდოებისა, რომელიც ქალბატონ მარიკას მიენიჭა მისი მოღვაწეობის დროს, თუმცა, გარდა ეროვნული ჯილდოებისა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ გადაცემული ჯილდო – ათასწლეულის ღირსების მედალი, რომელიც ქალბატონ მარიკას 2000 წელს გადაეცა. ეს იყო გამორჩეული აღიარება ჩვენი სამეცნიერო საზოგადოებისა. თაობები იზრდებოდნენ „ქართლის ცხოვრების“ თუ რუსთაველის ეპოქის შესახებ შექმნილ სამეცნიერო პუბლიკაციებსა და ნარკვევებზე, მაგრამ დღეს მინდა, განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება ქალბატონი მარიკას ღვაწლზე საქართველოს უახლეს ისტორიაში. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს 1989 წლის მოვლენები. მახსოვს თქვენი, როგორც გამორჩეული საზოგადო მოღვაწის, როლი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესებში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.
საიუბილეო სხდომის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა ქალბატონმა მარიამ ლორთქიფანიძემ, რომელმაც გულწრფელ მადლიერებას ჩვეული პრინციპული მოთხოვნაც მოაყოლა: „სექტემბრიდან ვაპირებ, ჩვენს ახალგაზრდობასთან ერთად, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რაც ერთხელ უკვე გავიარე და გავაკეთე – უნივერსიტეტში ყველა ფაკულტეტზე უნდა იკითხებოდეს საქართველოს ისტორიის კურსი! თავის დროზე, როდესაც ილია ვეკუამ ეს გადაწყვეტილება დიდი საბჭოს წინაშე გამოაცხადა, 100 კაცზე მეტი ფეხზე ადგა და ტაშის გრიალით შეხვდა მას. ვფიქრობთ, მივაღწევთ ამას და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რამ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის“, – განაცხადა ქალბატონმა მარიამმა.

საიუბილეო კრებული

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების მე-12 ტომის პრეზენტაცია. კრებული მიეძღვნა აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის 95-ე წლისთავს და სამი სეგმენტისგან შედგება: იუბილე, სამეცნიერო კვლევები და შრომები და საერთაშორისო პრეზენტაცია. კრებულის რედაქტორები არიან თსუ-ს პროფესორი თედო დუნდუა და ალექსანდრე ბოშიშვილი. 
როგორც ჩვენთან საუბარში პროფესორმა თედო დუნდუამ აღნიშნა, საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი არის სამართალმემკვიდრე იმ დიდი კათედრისა, რომლის გამგეც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ბრძანდებოდა მარიამ ლორთქიფანიძე. „ამ კათედრაზე მუშაობა განსაკუთრებული პატივია იმის გათვალისწინებით, რომ მისი გამგეები იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი, შოთა მესხია, მარიამ ლორთქიფანიძე და როინ მეტრეველი. შესაბამისად, ამ ინსტიტუტის თანამშრომლებს განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა გვაწევს მხრებზე. კრებულის შედგენაში ინსტიტუტის თითქმის ყველა წევრმა მიიღო მონაწილეობა. მასალები გამოქვეყნებულია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე“, – აღნიშნა თედო დუნდუამ. უმოკლეს ხანში კრებულის ელექტრონული ვერსია ინტერნეტშიც განთავსდება და Gოოგლე შცჰოლარ-ის მეშვეობით მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„ისტორიამ რა ჰქმნა?“

სხდომის მონაწილეებისთვის ასევე გაიმართა დოკუმენტური ფილმის – „ისტორიამ რა ჰქმნა?“ – პრემიერა, რომელიც ქალბატონ მარიამ ლორთქიფანიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა. ფილმის რეჟისორია გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი ნინო კაკულია.
თხრობის აკადემიური სტილი, ფაქიზად შერჩეული კადრები და სწორად დასმული აქცენტები – ესაა ის, რასაც მაყურებელი ფილმში გამოარჩევს. ავტორი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება მარიამ ლორთქიფანიძის ცხოვრებას და თითოეული ეტაპის სიფრთხილით გადასინჯვის შედეგად აღწევს იმ ემოციას, რომელიც გასული საუკუნეების რეპრესიების მძიმე წლებისა და საქართველოს ისტორიის ხელყოფის ფაქტების გახსენებამ უნდა მოიტანოს. ფილმს მეტ დამაჯერებლობას სძენს ზუსტად შერჩეული კომენტარები და დამატებითი ვიზუალური მასალა, რაც მის დოკუმენტურობას უსვამს ხაზს.
ფილმის ჩვენებას დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა როგორც დარბაზში მსხდომთა მხრიდან, ასევე სოციალურ ქსელში.
პროფესორმა ოთარ ბაქანიძემ მას კარგად გააზრებული ფილმი უწოდა და აღნიშნა, რომ ავტორის ჩანაფიქრი – წარმოეჩინა მარიამ ლორთქიფანიძის ცხოვრება და პიროვნული ღირსებები, შესრულებულია: „ფილმი კარგადაა გააზრებული, ჩაფიქრებული და განხორციელებული. საქმე ის არის, რომ მასში მარიკა წარმოჩნდა მთლიანად – როგორ მოდის ბავშვობიდან; როგორ ყალიბდება მასში ნამდვილი ადამიანი, თუ გნებავთ, მებრძოლი ქალი; რამ შეუწყო ხელი, როგორ მოერგო სიტუაციას და როგორი შეუპოვარი ადამიანი გაიზარდა. ისიც ზუსტადაა ნაჩვენები, რომ მარიკა დიდი მეცნიერი, მოღვაწე, სამშობლოსთვის და უნივერსიტეტისთვის თავდადებული ადამიანია. რეჟისორმა მიზანს მიაღწია“, – აღნიშნა მან ჩვენთან საუბარში. 
„მინდა გულწრფელად მივულოცო ნინო კაკულიას, ფილმის რეჟისორს და ავტორს. ეს იყო არაჩვეულებრივი ქრონიკა ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობისა, იმ წარმოუდგენლად დიდი ღვაწლისა, რომელთა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებისთვის არც კი არის ასე ფართოდ ცნობილი. რამდენიმე ეპიზოდი, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის პერიოდში ქართული ენის და საქართველოს ისტორიის სწავლების შევიწროვებისა, ასეთ დეტალებში ჩემთვის ცნობილი არ იყო. ალბათ სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია იმ დამსახურებისა, რაც ქალბატონ მარიკას მიუძღვის მთლიანად საქართველოს თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. დიდი მადლობა მინდა ქალბატონ ნინოს გადავუხადო. აგვისტოს მიწურულს ჩვენ საქართველოს პარლამენტში ვუმასპინძლებთ ქალბატონ მარიკას და დიდი სურვილი მაქვს, ეს ფილმი ჩვენმა კოლეგებმაც ნახონ“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

* * * 
მარიამ ლორთქიფანიძის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები უნივერსიტეტში დასრულდა სამეცნიერო კონფერენციით, რომელმაც ორი დღის განმავლობაში იმუშავა. მასზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები ისტორიის, ლიტერატურათმცოდნეობის, ეთნოლოგია/არქეოლოგიის, ენათმეცნიერების, კულტურის კვლევების, ფილოსოფია/თეოლოგიის სექციებში. 
მთავარი მესიჯი კი, რაც უნივერსიტეტს დიდმა მეცნიერმა დაუტოვა, მისივე სურვილია: „უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე იკითხებოდეს საქართველოს ისტორიის კურსი!“.