ახალი სახელმძღვანელო – რევოლუციური მიდგომა ეკონომიკის სწავლებაში

31 მაი 2017

როგორც წესი, ეკონომისტები იწყებენ თეორიების შესწავლას და პრაქტიკულ ცოდნას მხოლოდ მოგვიანებით იღებენ კარიერის შექმნის დროს. სახელმძღვანელო, რომელიც თსუ-ის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის მიერ ითარგმნა და გამოიცა, სტუდენტებს ეფექტიანი ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესისათვის მომზადებაში დაეხმარება და ნამდვილად შეჰმატებს პოლიტიკურ ფასს მათ აკადემიურ განათლებას.
სახელმძღვანელოს „ეკონომიკური პოლიტიკის“ შესახებ გვესაუბრება თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ხელმძღვანელი, ეკონომიკური პოლიტიკის ქართულ-გერმანული ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი რევაზ გველესიანი:

– ბატონო რევაზ, სულ ახლახან თსუ-ს ეკონომიკური პოლიტიკის კათედრამ მოამზადა და თარგმნა ახალი სახელმძღვანელო ეკონომიკურ პოლიტიკაში, რომელიც ეკონომიკურმა საზოგადოებამ შეაფასა, როგორც რევოლუციური მიდგომა ეკონომიკის სწავლებაში. რით დაიმსახურა სახელმძღვანელომ ასეთი აღიარება?
– სამეცნიერო კვლევისა და პრაქტიკული მართვის უდიდესი გამოცდილების მქონე, მსოფლიოში ცნობილი ოთხი ფრანგი მეცნიერისა და ექსპერტის, პროფესორების: აგნეს ბენასი-კუერის, ბენუა კიურის, პიერ ჟაკის და ჟან პისანი-ფერის მიერ გამოცემული ეს წიგნი უმთავრესი და ყოვლისმომცველი სახელმძღვანელოა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს შეისწავლოს ეკონომიკური პოლიტიკა და მოღვაწეობა გააგრძელოს ამ სფეროში. 
სახელმძღვანელოში, როგორც არსად, თავმოყრილია ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი, უახლესი თეორიები და მოდელები, ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცდილების მქონე პოლიტიკოსების თვალსაზრისები, რაც მის უნიკალურობას განაპირობებს. ამ წიგნის გონივრული და თანმიმდევრული სტრუქტურა ეკონომიკური პოლიტიკის შესაძლებლობებისა და შეზღუდვების გააზრების საშუალებას იძლევა. მასში განხილულია პოზიტიური ასპექტები (რა გავლენას ახდენს პოლიტიკა თანამედროვე ეკონომიკებზე), ნორმატიული საკითხები (რა მიზნებს უნდა ესწრაფოდეს ის, ვინც პოლიტიკას განსაზღვრავს და რა კონტექსტში უნდა შეფასდეს მისი საქმიანობა) და ეკონომიკურ-პოლიტიკური იძულებები (შეზღუდვები და დაბრკოლებები, რომლებსაც სამოქალაქო ინტერვენციისას ვაწყდებით). 
წიგნის სტრუქტურა 8 თავს მოიცავს. პირველი ორი თავი გაგაცნობთ ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების ზოგად მონახაზს. პირველი თავი განიხილავს მეთოდოლოგიურ საფუძვლებს და იმ ხერხებს, რომლებიც გამოყენებულია წიგნში. მეორე თავი ეკონომიკური პოლიტიკის ყურადსაღებ ელემენტებს გთავაზობთ: ხაზს უსვამს მთავრობის ეკონომიკაში ჩარევის საზღვრებს და იმ ეკონომიკურ-პოლიტიკურ არგუმენტებს, რომლებიც შეიძლება იყოს გამოყენებული ამ საკითხის ოპტიმიზაციისათვის; 3-7 თავებში განხილულია ეკონომიკური პოლიტიკის ხუთი სახეობა: ფისკალური პოლიტიკა (თავი 3), მონეტარული პოლიტიკა და ფინანსური სტაბილურობა (თავი 4), საერთაშორისო კაპიტალის მოძრაობა, ვალუტის გაცვლის კურსის რეჟიმების არჩევა და ვალუტის გაცვლის კურსის პოლიტიკა (თავი 5), გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა (თავი 6) და საგადასახადო პოლიტიკა (თავი 7). ბოლოს, მე-8 თავი განიხილავს 2007-2009 წლების გლობალურ კრიზისს და ამ კრიზისიდან მიღებულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ გამოცდილებას.
– რით განსხვავდება ეს წიგნი სხვა სახელმძღვანელოებისაგან? რაში მდგომარეობს მისი უნიკალურობა? 
– ეს წიგნი ეფუძნება იმ აზრს, რომ თეორიასა და პრაქტიკას შორის გაწყვეტილი კავშირი ხელისშემშლელია, როგორც კარგი კვლევების წარმოებისთვის, ისე რაციონალური და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებისთვის. ის ამტკიცებს, რომ პრაქტიკასა და თეორიას შორის მუდმივი კავშირის დამყარებით შესაძლებელი ხდება როგორც პრაქტიკის გაუმჯობესება, ასევე უკეთესი თეორიების ჩამოყალიბება. როგორც ავტორები აღნიშნავენ, ჩვენში ეს რწმენა პირადმა გამოცდილებამ განამტკიცა. თითოეული ჩვენთაგანი მრავალჯერ იყო ჩართული აკადემიურ კვლევებში, პოლიტიკურ რჩევებსა და პოლიტიკის განსაზღვრაში ეროვნულ, ევროპულ და საერთაშორისო დონეებზე. ამ ყველაფერმა შეცვალა და დახვეწა ჩვენი ხედვა ეკონომიკურ თეორიებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ მოვკიდეთ ხელი ამ პროექტს და მიზნად დავისახეთ მკითხველისათვის მიგვეწოდებინა სისტემური და თეორიაზე დაფუძნებული მიდგომები ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებისთვის. ეკონომიკის სახელმძღვანელოები ძირითადად მოიცავენ ეკონომიკურ თეორიებს შემდეგ სფეროებში – მაკროეკონომიკა, მიკროეკონომიკა, ფინანსები, საერთაშორისო ვაჭრობა და ა.შ. რეალური ამბები და ფაქტები ხშირად წარმოდგენილია თეორიული შედეგების საილუსტრაციოდ. მიუხედავად ამისა, ეკონომიკურ-პოლიტიკური ინსტრუმენტებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის წარმოჩენა, მათი აზრით, ხდება ძალიან მარტივად და აბსტრაქტულად. არსებობს ბევრი შესანიშნავი ნაშრომი ეკონომიკურ პოლიტიკაში, მაგრამ ისინი უმეტესწილად გაჯერებულია ახალი იდეებისა და ინსტიტუციების სწრაფი ცვალებადობის აღწერით, ვიდრე ამ ყველაფრის თეორიული საფუძვლების განხილვით. წიგნის მიზანი სწორედ ამ სიცარიელის ამოვსებაა. შედეგად ნამდვილად განსხვავებული წიგნი მივიღეთ. ფაქტების, თეორიების და პრაქტიკის ნაერთი სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც სხვა სახელმძღვანელოებში შეხვდებით. ავტორები ფიქრობენ, რომ ამ წიგნის უპირატესობა სწორედ ეს სტრუქტურული ეკლექტიზმია. მათი უპირველესი მიზანი იყო დახმარებოდნენ მკითხველს ეპოვნა კავშირი იმ თეორიასა (რომელიც ისწავლეს უნივერსიტეტებში) და იმ ეკონომიკურ-პოლიტიკურ პრაქტიკას შორის, რომელიც გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში სამინისტროებში, ცენტრალურ ბანკებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
მოცემული სახელმძღვანელოს უნიკალურობაზე მეტყველებს საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეცნიერებისა და ექსპერტების ის შეფასებები, რომლებიც მოცემულია მის გარეკანზე. მათ შორის გამოვყოფთ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერის, ამ წიგნის წინასიტყვაობის ავტორის ოლივიე ბლანშარის მოსაზრებას: „ეს ის წიგნია, რომელსაც დიდი სიამოვნებით გამოვაქვეყნებდი. ნამდვილად დიდი ხნის განმავლობაში მსურდა ამ სახის წიგნის გამოცემა. ეს სურვილი დანაშაულის გრძნობამ გამოიწვია. დიდი ხანია ვგრძნობდი, უმაღლესი განათლების საფეხურისათვის განკუთვნილი წიგნი, რომელიც სტენ ფიშერთან ერთად გამოვეცი, არასწორ გზავნილს გასცემდა. მაშინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წარმოგვედგინა მოდელები და მათი ლოგიკა, ნაცვლად იმისა, რომ მათ გამოყენებაზე გაგვემახვილებინა ყურადღება. საკმაოდ კარგი გამამართლებელი არგუმენტიც გვქონდა – ჩვენ, პირველ რიგში, გვსურდა წარმოგვეჩინა მაკროეკონომიკური თეორიის ინტელექტუალური სტრუქტურა. მოგვიანებით, ემპირიული მასალის ნაკლებობამ კიდევ ერთი მინიშნება მოგვცა: თეორია მნიშვნელოვნად შორს იყო პრაქტიკისა და ფაქტებისგან. თეორია კი ფაქტების გარეშე ბევრად უფრო მარტივია და მისგან სარგებელიც მცირეა. მსგავსი წიგნის დაწერა ასევე იმიტომ მსურდა, რომ გამეზიარებინა სტუდენტებისთვის ჩემი აღფრთოვანება თეორიებს, ფაქტებსა და პოლიტიკას შორის არსებული კავშირებით. აგნეს ბენასი-კუერი, ბენუა კიური, პიერ ჟაკი და ჟან პისანი-ფერი მარწმუნებდნენ, რომ ეს მე უნდა გამეკეთებინა. ბედნიერი ვარ, რომ მათ თავად შეძლეს ეს და ბევრად უკეთესი სამუშაო შეასრულეს, ვიდრე მე ამის იმედი მქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი სტუდენტები ასეთი სახელმძღვანელოებიდან მიღებული ცოდნით ნამდვილად ლაღად იგრძნობენ თავს იმ კონკურენტულ გარემოში, რომელიც დასავლეთის წამყვანმა უნივერსიტეტებმა შექმნეს“, – აცხადებს ოლივიე ბლანშარი. 

P.S. შეგახსენებთ, ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის მიერ ითარგმნა და გამოიცა დასავლეთის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებული სახელმძღვანელოები ეკონომიკურ პოლიტიკასა და მეწარმეობაში: რაინერ კლუმპი – „ეკონომიკური პოლიტიკა: მიზნები, ინსტრუმენტები და ინსტიტუციები“ (2015 წ.), (ბაკალავრიატის საფეხური) და გიუნტერ ფალტინი – „გონება ამარცხებს კაპიტალს“ (2015 წ.), (მაგისტრატურის საფეხური); ხოლო 2016 წელს – ეკონომიკური პოლიტიკის კიდევ ერთი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო მაგისტრანტებისათვის – აგნეს ბენასი-კუერის, ბენუა კიურის, პიერ ჟაკის და ჟან პისანი-ფერის „ეკონომიკური პოლიტიკა (თეორია და პრაქტიკა)“.