სახალისო საკითხავი „მოსაწყენი ეკონომიკა“

30 მაი 2017

ლიტერატურული ჟანრი – სატირა – უკვე დიდი ხანია ქართული მწერლობიდან გაქრა, მაშინ, როცა არსებობდა ტრადიცია, რომელიც საბჭოთა საზოგადოებაშიც კი საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. სატირა საკმაოდ მძლავრი იარაღია იმისთვის, რომ დაანახოს საზოგადოებას ამა თუ იმ მოვლენის ნამდვილი სახე. პოლიტ-ეკონომიკური სატირის შესანიშნავი ნიმუშია თსუ-ს პროფესორის, ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ემზარ ჯგერენაიას ახალი წიგნი „პოლიტ-ეკონომიკური სატირა-3“. 
„წინამდებარე ნაშრომი ბოლო 10 წლის განმავლობაში ეკონომიკური პრობლემების პუბლიცისტურ ანალიზს წარმოადგენს. ნიშანდობლივია, რომ ნაშრომში გადმოცემულია ამ დროის განმავლობაში ჩვენი საზოგადოების წინაშე არსებული ეკონომიკური პრობლემების (რომელიც მუდამ წითელ ზოლად გასდევს ტრანსფორმაციის გზაზე მყოფ საზოგადოებას) არა მარტო მეცნიერული ხედვა, ანალიზი, არამედ მსუბუქი იუმორნარევი შარჟიც“, – ვკითხულობთ წიგნის შესავალში. 
წიგნის მესამე გამოცემა 7 წლის შემდეგ გამოვიდა. ავტორი ცრემლნარევი იუმორით გადმოგვცემს თავის ნაფიქრალს, დამოკიდებულებასა და ხედვას ეკონომიკური საკითხების მიმართ. „იუმორი ერთადერთია სიმღერასთან ერთად, რაც ჩვენს ერს არ დაუკარგავს და რამაც გაგვაძლებინა. ამიტომაც ავირჩიეთ სატირა... შეიძლება ჩემმა ოპონენტებმა ქოქოლა დამაყარონ, ეს სატირა არ არის, ფაბულით არ ჰგავს, შინაარსში გადახვევებიაო და ა.შ., მაგრამ ეს ეკონომიკური სატირაა“, – წერს ავტორი ჯერ კიდევ პირველი გამოცემის წინასიტყვაობაში. 
ასე გახადა ავტორმა მოსაწყენი ეკონომიკა ხალხისთვის უფრო გასაგები, სახალისო საკითხავი. უარყოფით საზოგადოებრივ მოვლენებზე მსუბუქი იუმორი და შარჟი სინამდვილის ასახვის ერთ-ერთი ხერხია, რომელსაც ოსტატურად იყენებს ავტორი სხვადასხვა პრობლემატური ეკონომიკური საკითხების განხილვისას, რაც წიგნს განსაკუთრებულ ხიბლსა და ორიგინალობას სძენს. 
წიგნის ახალ გამოცემაში ავტორი საქართველოს ევროპულ არჩევანსა და ამ გზაზე შემდგარი სახელმწიფოს ეკონომიკურ ხედვასა და მოდელზე საუბრობს. დაუფარავად ამხელს ყველაფერს, რაც სახელმწიფოს ეკონომიკის ფუნდამენტის მშენებლობას და ევროპულ ბაზარზე ინტეგრირებას უშლის ხელს. „ხან სინგაპურის გზა მოსწონდათ პოლიტიკოსებს და ხან ჰონკონგის, მაგრამ საქართველოს თავისი არჩევანი და თავისი გზა გააჩნია. ის არც სინგაპურია და არც ლიხტენშტეინი, ის საქართველოა (!!!), ევროპული საქართველო და სახეც თავისი აქვს, ტანიც და სულიც. ის განწირულია, დიახ განწირული... გამარჯვებისთვის! მაგრამ როდის? ეს ერთად უნდა გადავწყვიტოთ“. 
...აქ ვამხელთ ყველას და ყველაფერს სატირის ენაზე, რაც ხელს უშლის ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკის ფუნდამენტის მშენებლობას და ევროპულ ბაზარზე ინტეგრირებას, რათა არ მოვატყუებინოთ თავი არავის და ვაშენოთ ქვეყანა!.. სტილს არ ვღალატობთ და სატირანარევი იუმორით ვაწვდით მკითხველებს მწარე ეკონომიკური დეფექტებით გაზავებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს. ძნელია, მოსაწყენი ეკონომიკური თეზისებისა და პრობლემების ურიცხვ რიგს ადევნო თვალ-ყური, ამიტომ ვცდილობ, მას იუმორის ფერუმარილი შევურიო, რაც, ვფიქრობ, უფრო მისაღებია“, – ვკითხულობთ მე-3 გამოცემის წინასიტყვაობაში.
ავტორი საზრიანად იყენებს ბლოგებში გაჟღერებულ საკუთარ თვალსაზრისებს და ხედვებს დღევანდელი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური რეალობის წარმოსაჩენად. ერთი შეხედვით შესაძლოა, ავტორის ნაფიქრალმა მსუბუქი ღიმილი მოგვგვაროს, მაგრამ როგორც კი ნაწერს ჩავუღრმავდებით, მასში გარკვევით დავინახავთ იმ სერიოზულ და აქტუალურ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას დღეს ჩვენი ქვეყანა. 
წიგნის რედაქტორები არიან: პროფესორები: დავით ნარმანია და ეკა ლეკაშვილი. წიგნი გამოიცა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ეკონომიკის და ბიზნესის ინსტიტუტის“ მიერ.