ლევ ტოლსტოის ტრაქტატი – „რა არის ხელოვნება?“ და მისი მნიშვნელობა

29 მაი 2017

რა არის ჭეშმარიტი ხელოვნება? – ეს კითხვა კაცობრიობას დღემდე აწუხებს. ცნობილი რუსი მწერლის ლევ ტოლსტოის ტრაქტატმა თავის დროზე საზოგადოებაში დიდი დაინტერესება და აზრთა სხვადასხვაობაც გამოიწვია. მწერლის ნააზრევი დღემდე დიდ ინტერესს იწვევს. სწორედ ლევ ტოლსტოის ამ გახმაურებული ნაშრომის ანალიზს მიეძღვნა თსუ-ს ასოცირებული პროფესორის ეკა ვარდოშვილის ახალი წიგნი – „ლევ ტოლსტოის ტრაქტატი – „რა არის ხელოვნება?“ და მისი მნიშვნელობა“, რომლის პრეზენტაცია 19 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიმართა. ღონისძიება თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა თედო დუნდუამ გახსნა, რომელმაც ავტორს წიგნის გამოცემა მიულოცა. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნი გამოსცა გამომცემლობა Pალმარიუმ Aცადემიც Pუბლისჰინგ-მა (საარბრიუკენი) 2016 წელს და იგი გათვალისწინებულია ჰუმანიტარულ სფეროში მომუშავე მეცნიერებისა და მკითხველთა ფართო წრისთვის. გერმანიის ნაციონალურ ბიბლიოთეკას აღნიშნული მონოგრაფია შეტანილი აქვს გერმანიის ნაციონალურ ბიბლიოგრაფიაში, რაც მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ქართულ-გერმანული ურთიერთობებისთვის.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა წიგნის ავტორი ეკა ვარდოშვილი, რომელმაც ლევ ტოლსტოის ტრაქტატის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნაშრომში აღნიშნულია, რომ ლევ ტოლსტოის თეორიული სახის ტრაქტატი – „რა არის ხელოვნება?“, ხელოვნების არსისა და დანიშნულების საკითხებზე მსჯელობასთან ერთად, შეიცავს კულტურული ინტეგრაციის საკითხებისადმი თანამედროვე მიდგომებს. ნაშრომში, ასევე, საუბარია – როგორ აისახა კულტურული ინტეგრაციის საკითხი XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის 10-იან წლებში ქართულ ლიტერატურასა და მეცნიერებაში საერთო ევროპული ლიტერატურული პროცესების ფონზე. 
ავტორი შესავალ ნაწილში ყურადღებას ამახვილებს ლევ ტოლსტოის ნაშრომის – „რა არის ხელოვნება“ – ძირითად ტენდენციებზე, ასევე საუბრობს რელიგიური ცნობიერების მნიშვნელობაზე საზოგადოებისათვის ნ. გოგოლის რელიგიური ნააზრევის საფუძველზე, განიხილავს კულტურული ინტეგრაციის საკითხს XIX საუკუნის საქართველოში ილია ჭავჭავაძის შემოქმედების და კიტა აბაშიძის მეცნიერული ნააზრევის საფუძველზე.
„ცნება – მსოფლიო ლიტერატურა – პირველად იოჰან ვოლფგანგ გოეთემ დაამკვიდრა. რომანტიკოსთა პოეზიაში გვხვდება გამოთქმა – მსოფლიო პოეზია, ქართულ სინამდვილეში კი ტერმინი – ევროპეიზმი ილია ჭავჭავაძეს შემოაქვს. 1897-1898 წლებში ლევ ტოლსტოი, მკაცრი ცენზურის პირობებში, აქვეყნებს ნაშრომს: „რა არის ხელოვნება?“. 1889 წელს ტრაქტატი გამოდის ლონდონში ინგლისურ ენაზე ავტორის წინასიტყვაობით. ლევ ტოლსტოი ცდილობს საზოგადოებას წარუდგინოს ნაშრომი, რომლის მთავარი მიზანი, ხელოვნების არსის განმარტებასთან ერთად, იმის დასაბუთებაა – თუ ვის ეკუთვნის ხელოვნება. მან თავისი ტრაქტატი მიუძღვნა მშრომელ ხალხს, როგორც საზოგადოების ყველაზე დიდ ნაწილს და თვლის, რომ ხელოვნება საერთო სახალხო კუთვნილებაა, რომლის შექმნაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით რიგით ადამიანებს და რომ ადამიანებს, საკუთარი შრომისა და სიცოცხლის გარდა, ხშირად უხდებათ ხელოვნებისათვის ისეთი უმაღლესი ღირებულებების მსხვერპლად გაღება, როგორიცაა სიკეთე და სიყვარული. ნაშრომში ლევ ტოლსტოი აღნიშნავს, რომ „მომავლის ხელოვნების“ შინაარსი იქნება მხოლოდ ის გრძნობა თუ განცდები, რაც ადამიანებს ერთობისკენ უბიძგებენ, ანდა აწმყოში აერთიანებენ“. ხელოვნების ამოცანაა: „ჭეშმარიტმა ხელოვნებამ მეცნიერების დახმარებით უნდა მიაღწიოს ადამიანთა მშვიდობიან თანაცხოვრებას“.
ამრიგად, ლევ ტოლსტოი თავის ტრაქტატში განიხილავს ხელოვნებისა და ლიტერატურის ზოგადთეორიულ საკითხებს. იგი აკრიტიკებს ხალხს მოწყვეტილ ბატონკაცურ ხელოვნებას. ტოლსტოის აზრით, რელიგიური ცნობიერების გარეშე შეუძლებელია ხელოვნების სრულყოფილად აღქმა. ტოლსტოის მსგავსად, ნ. გოგოლი თანამედროვე საზოგადოების უბედურების მიზეზს იმაში ხედავდა, რომ საზოგადოებაში ღვთისადმი რწმენამ იკლო. ამ მხრივ საყურადღებოა მისი ნაშრომი: „ნააზრევი საღვთო ლიტურგიის შესახებ“.
რაც შეეხება კულტურული ინტეგრაციის საკითხს XIX საუკუნის საქართველოში, ამ საკითხის გაანალიზებისას ნაშრომის ავტორი ილია ჭავჭავაძის შემოქმედების მაგალითზე მსჯელობს. „ილია დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს მსოფლიო განვითარების პროცესებს, ამასთანავე, ცდილობდა შეექმნა ეროვნული ნიშნის მატარებელი ტიპები. იგი იცნობდა და იყენებდა ჰეგელის შრომებს: პოეზიისა და სულის ურთიერთმიმართების საკითხის განხილვისას ილია ჭავჭავაძე ეყრდნობა ჰეგელის ნაშრომს: „ესთეტიკის კურსი, ანუ მეცნიერება ნატიფი ხელოვნების შესახებ“. ერის სულის ილიასეული გაგება ეფუძნება ჰეგელის ფილოსოფიურ ნააზრევს სულის შესახებ, კერძოდ, მის მეორე ნაშრომს: „სულის ფენომენოლოგია“. 
„ჩვენი მიზანი იყო, საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რამდენად ჩანს ლევ ტოლსტოის ტრაქტატში მომავლის ხედვა. ამოსავალ დებულებად მივიჩნიეთ, რომ „ხელოვნებას, ნებისმიერ ხელოვნებას თავისთავად ახასიათებს ადამიანთა გაერთიანების უნარი“ (ლევ ტოლსტოი). ხელოვნება არის უპირველეს ყოვლისა, ადამიანთა ურთიერთობის საშუალება, განურჩევლად სქესისა, წარმომავლობისა, აღმსარებლობისა, სოციალური მდგომარეობისა და ეროვნებისა. დღევანდელი გადასახედიდან, ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, რაზედაც ლევ ტოლსტოი მსჯელობს ტრაქტატში, გახლავთ კულტურული ინტეგრაციის საკითხი, რაც, მისი თვალთახედვით, ეფუძნება ერთიან რელიგიურ ცნობიერებას საზოგადოებაში. ჩვენი მიზანი იყო, ასევე, გვეჩვენებინა, როგორ აისახა კულტურული საკითხი XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში ქართულ ლიტერატურასა და მეცნიერებაში, რომ ქართული კულტურა თავისი არსით არის ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილი“, – ამბობს წიგნის ავტორი. 
პრეზენტაციაზე წიგნის შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა თსუ-ს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა აპოლონ სილაგაძემ: ,,ამ წიგნის გამოცემას მივესალმები... ავტორმა, ეკა ვარდოშვილმა საინტერესოდ გააანალიზა ტოლსტოის ეს ნაშრომი და საინტერესო პარალელები გაავლო ნ. გოგოლის შემოქმედებასთან. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, ილია ჭავჭავაძის ნააზრევის ამ კუთხით გაცნობა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ იგი მართლაც გლობალურად აზროვნებდა. საინტერესო იყო, ასევე, კიტა აბაშიძის მეცნიერული ნააზრევის საფუძვლების განხილვა. ამ წიგნის გაცნობის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იგი შესანიშნავი ლიტერატორი და კრიტიკოსია, რომელიც ბოლომდე არ არის დაფასებული. ვულოცავ წიგნის ავტორს და, ამავე დროს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს, რომ ასეთი კარგი წიგნი გამოიცა“, – განაცხადა აპოლონ სილაგაძემ. 
პრეზენტაციაზე წიგნის შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ლადო მინაშვილმა. „ის ფაქტი, რომ ეს წიგნი გამოიცა, თავისთავად, სასიამოვნო ფაქტია. ეს მკვლევარისთვის ერთგვარი აღიარებაა, რაც არა მარტო დიდი პატივია, არამედ მისთვის ერთგვარი პასუხისმგებლობაც არის. პრაქტიკულად, მეცნიერმა თავისი ნაშრომი შესთავაზა როგორც ქართველ, ისე სხვა ეროვნების მკითხველებსაც. როდესაც ქალბატონმა ეკამ, როგორც ასოცირებულმა პროფესორმა, უნივერსიტეტში თავისი მოღვაწეობა დაიწყო, მან შემოგვთავაზა კურსი – „XIX საუკუნის ქართული მწერლობა და დასავლეთ ევროპის ლიტერატურა“. იგი ამ სფეროში სერიოზულად მუშაობს და გარკვეული შედეგებიც სახეზეა. ტოლსტოის ეს ნაშრომი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ტრაქტატმა საზოგადოებაში თავიდანვე დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საინტერესოა, ასევე, ილია ჭავჭავაძისა და კიტა აბაშიძის შემოქმედებისა და ნააზრევის განხილვაც. ამ ნაშრომში, ასევე, სხვა დიდი ავტორების ნააზრევზეც არის საუბარი. წიგნის ავტორს ეკა ვარდოშვილს ვულოცავ ამ წარმატებას. გერმანიაში წიგნის გამოცემა, მართლაც, საპატიო საქმე და სასიხარულო ფაქტია. იმედი გვაქვს, მომავალში წიგნის ქართულ თარგმანსაც ვიხილავთ“, – განაცხადა ლადო მინაშვილმა. 
წიგნს მასარიკის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სლავისტიკის ინსტიტუტის ფილოსოფიის დოქტორის, ჯოზეფ დონალის რეცენზია ახლავს, რომელშიც მკვლევრის მთავარ მიგნებებსა და ნაშრომის ღირსებებზეა საუბარი.