რექტორობის პირველი წელი და უნივერსიტეტი დღეს

31 მაი 2017

არის თუ არა უნივერსიტეტში ავტონომია და არსებობს თუ არა უშიშროების მხრიდან ზეწოლა პერსონალზე? რა ცვლილებები განხორციელდა ბოლო დროს და კიდევ რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ სამომავლოდ? – ამ თემებთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი შარვაშიძეს ვესაუბრეთ.

– გასულ წელს, როდესაც თქვენ უნივერსიტეტის რექტორი გახდით, უნივერსიტეტში დიდი დაძაბულობა იყო. სტუდენტთა ჯგუფები ერთმანეთს იდეურად უპირისპირდებოდნენ. ასეთ სიტუაციაში ზოგი თვლიდა, რომ ყოფილი რექტორი თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო, ზოგიც ამის წინააღმდეგი იყო. რას გვეტყვით იმ პერიოდის შესახებ, რამდენად რთულ ვითარებაში გადაიბარეთ უნივერსიტეტი?
– უნივერსიტეტმა, უდავოდ, რთული პერიოდი გამოიარა, თუმცა, ვფიქრობ, ახლა უფრო დალაგდა სიტუაცია. განათლების ხარისხი, სასწავლო სივრცე, სტუდენტური სერვისები უკეთესი უნდა იყოს, ხოლო ხელმისაწვდომობა კი – ყველა სტუდენტისთვის ერთნაირი. არ უნდა არსებობდნენ პრივილეგირებული ჯგუფები – ეს არის ის საბაზისო პრინციპები, რაზეც ყველა ვთანხმდებით, ოღონდ სხვადასხვაგვარად გამოვხატავთ ჩვენს შეხედულებებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დაახლოვდა პოზიციები და რადიკალიზაციის მუხტი მოიხსნა, ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში. ეს არის ძალიან კარგი და მგონია, რომ ჯანსაღი პროცესია. პირველი, რაც გაკეთდა, არის ის, რომ კითხვები – ვინ, როგორ, ვის აფინანსებს თუ არ აფინანსებს – მოიხსნა! შეიქმნა კომისია. გასაგები გახდა, თუ რა პრინციპით ნაწილდება თანხა და ეს ყველაფერი ასახულია ბიუჯეტში. ამას ჰქვია ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა საზოგადოების წინაშე. გამჭვირვალე მექანიზმების არარსებობა ყოველთვის იწვევს კითხვის ნიშნებს, ყოველთვის დაისმის შეკითხვები და ყოველთვის შეიძლება ამ შეკითხვებზე აიგოს რაღაც წარმოდგენა ან სწორი, ან არასწორი.
– სტუდენტთა ნაწილი თქვენს რექტორად დანიშვნას არც ისე დადებითად შეხვდა. მათი ნაწილი, ისევე როგორც მაშინ, ახლაც საუბრობს იმაზე, რომ თქვენ სახელისუფლო კანდიდატურა ხართ... 
– მე ვმუშაობდი ხელისუფლებაშიც, არასამთავრობო სექტორშიც, უნივერსიტეტშიც, სკოლაშიც და მთელი ცხოვრება ვარ დაკავშირებული განათლებასთან. მინდა, არ მინდა – ეს ჩემი ბიოგრაფიის ნაწილია. გამომადგება ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორებში? ვფიქრობ, გამომადგება. ვფიქრობ, ჩემი სახელისუფლო კანდიდატად წარმოჩენა ცალმხრივი პოზიციაა. ვისურვებდი, რომ ნებისმიერი უნივერსიტეტის რექტორი იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი გავლენები, ჰყავს დიდი სანაცნობო წრე, რაც ნებისმიერ ქვეყანაში ითვლება რექტორის დადებით თვისებად. ჩვენში რატომ ითარგმნება ეს უარყოფითად, არ ვიცი. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს უნდა ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობა სახელმწიფო სტრუქტურებთან, რაც არ ნიშნავს, რომ 100%-ით იყოს თანხვედრა მოვლენების შეფასების დროს. მჯერა, რომ უნივერსიტეტი ახლა გაცილებით ავტონომიურია, ვიდრე იყო მანამდე. უნივერსიტეტის დამოუკიდებლობაში არავინ ერევა!
– ყოფილი რექტორი ვლადიმერ პაპავა კვლავ საუბრობს უშიშროების გავლენაზე, იმაზე, რომ უნივერსიტეტში ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ მართული ჯგუფები, რომელთაც ვიღაც საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. არსებობდა და არსებობს თუ არა დღეს უშიშროების მხრიდან ზეწოლა უნივერსიტეტის პერსონალზე? 
– ამ ზეწოლას მე ვერ განვიცდი, არ განვიცდი და არც გამიგია. არა მხოლოდ არ გამიგია, მცდელობაც არ ყოფილა არანაირი ზეწოლისა. რაც შეეხება წინა პერიოდს, იყო თუ არა, რა თქმა უნდა, იყო. ეს იყო, ასე ვთქვათ, ე.წ. ოდეერების ინსტიტუტი, რომელიც არსებობდა. ყველამ კარგად ვიცით, როდის და რატომ ჩამოყალიბდა. ეს იყო ძალიან ცუდი ფორმა. რაც შეეხება დღევანდელ ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ვინმემ იცის, სად არის ეს ავადხსენებული „ოდეერი“, იქნებ გვითხრას. რაც შეეხება მათი არსებობა/არარსებობის თემას, ხელისუფლების პოზიცია ასეთია – სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში დღეს არ არსებობს „ოდეერის“ ინსტიტუტი. ეს კანონი მიღებულია შარშან აგვისტოში და დღესაც მოქმედებს. ამის შემდეგ ის გვარები და სახელები, რომლებიც სახელდებოდა, გვაჩვენონ – სად არიან. ასე ზოგადად ლაპარაკი არ შეიძლება. ყველა შევთანხმდეთ ამაზე, რომ ეს ცუდი იყო. ამიტომ პრაქტიკა, რომელიც იყო მახინჯი და არასწორი, შეიცვალა.
უნივერსიტეტის ავტონომიის დონე დღეს უფრო მაღალია, ვიდრე ადრე იყო, მით უმეტეს, რომ ძალიან დიდი ცვლილებები შევიდა კანონში. შეიცვალა მმართველობითი ორგანოებიც. მაგალითად, აკადემიური საბჭო იყო ძალიან კამერული და პატარა, დღეს არის გაცილებით უფრო დიდი და წარმომადგენლობითი. აქ უკვე შედიან კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები, მეცნიერები. დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა ოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც წარმოადგენენ აკადემიურ საბჭოს. ასევე გაიზარდა წარმომადგენლობითი საბჭოც. ძალიან ბევრს აქვს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მმართველობაში, თუ აქვს ამის სურვილი და ეს არის მნიშვნელოვანი. სხვა მექანიზმები არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს და მივიღეთ ტრანსპარანტული, გამჭვირვალე მმართველობა. მაგალითად, სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც დაამტკიცა უნივერსიტეტმა, მივიღეთ ღია წესით – ყველას შეეძლო საკუთარი აზრის გამოთქმა. ეს იყო კოლექტიურად შექმნილი დოკუმენტი. შეთქმულების თეორიები ბევრს უყვარს, მე ამ ჟანრის მოყვარული არ გახლავართ. მგონია, რომ ღიაობა ყველაფერში არის უკეთესი. ამდენად, კითხვის ნიშნები მოიხსნება, რადგან პრინციპები იცვლება. დემოკრატია ნიშნავს დემოკრატიულ მმართველობას. ძალიან გვინდა, რომ ჩვენ მივცეთ მაგალითი სხვებსაც, თუ როგორი შეიძლება იყოს თანამედროვე უნივერსიტეტი, სადაც ღია და დემოკრატიული მართვაა!
– გადავიდეთ თსუ-ს სტრატეგიული განვითარების გეგმაზე. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა მეცნიერული პროექტების მიმართულებით, შეიცვალა მათი დაფინანსების წესიც: მსგავსი პროექტების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 600 000 ლარი გამოიყო, თუმცა პროფესორებისთვის დაწესებული მინიმალური სამეცნიერო სტანდარტის ამოქმედება 4 წლით გადავადდა. რატომ შეიქმნა იმის აუცილებლობა, რომ მისი ამოქმედება 2021 წლამდე გადაწეულიყო?
– ეს არის კოლეგიალური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ერთად აკადემიურმა და წარმომადგენლობითმა საბჭოებმა. გადავადება არ ნიშნავს, რომ ცუდი რამე გავაკეთეთ. აქ საუბარია ესტონურ მოდელზე. მოვა დრო და, ესტონელების მსგავსად, ჩვენც ყველა პროფესორს დავუწესებთ მაღალ თამასას. თუმცა ეს არ ეხება იმას, ვინც ახლა შემოდის სისტემაში. დღეს ახალი ვაკანსია რომ ცხადდება, მას უკვე მაღალი თამასა აქვს გადასალახი. მას კი, ვინც უკვე სისტემაშია, ექნება ახალი მოთხოვნები, ოღონდ ეცოდინება, რომ აქვს დრო, რათა ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს. უნივერსიტეტი არ არის სადამსჯელო ორგანო.
– გამოდის, რომ მხოლოდ მათთვის გადაიწია დრომ?
– არა, არავითარი დრო არ გადაწეულა. მათ მიეცათ საშუალება, რომ თუ უნდათ, ამ თამასას წელსვე განაახლებენ, თუ არა და, აქვთ დრო, რომ პუბლიკაციები გამოაქვეყნონ საერთაშორისო ჟურნალში და ა.შ.. აკადემიურ პერსონალს დახმარება სჭირდება, მარტო დადგენილებით ასეთი საკითხები არ წყდება. ერთმანეთის დახმარება უნდა ვისწავლოთ ყველამ. უნდა ვიზრუნოთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჩვენი სამეცნიერო პროდუქცია უფრო ხილვადი გახდეს, როგორ შეიძლება დავაინტერესოთ საერთაშორისო გამომცემლობები. გარემო კონკურენტულია და ჩვენ ვაძლევთ შანსს ჩვენს პროფესურას, რომ ღირსეული კონკურენციის გაწევა შეეძლოთ.
– რას გულისხმობს ერთი ფანჯრის პრინციპი, რომლის ნაწილიც არის სულ ცოტა ხნის წინ ვებ-გვერდზე განხორციელებული ცვლილება? (ვგულისხმობ გრაფას, რომელიც სპეციალურად სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი).
– ერთი ფანჯრის ნაწილია ესეც და ისიც, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პირველი იანვრიდან გადავიდა საქმის ელექტრონულ წარმოებაზე. მესამე და მთავარი არის სტუდენტური ბაზების მოწესრიგება, რასაც დრო სჭირდება და ახლა ამით ვართ დაკავებულები.
– ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ხორციელდება, ეს არის მოძრაობა „არა ბარბარიზმებს!“, ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
– ცუდია, რომ ბარბარიზმები შემოვიდა ქართულ ენაში, იმ შემთხვევაში, როდესაც ამის არანაირი საჭიროება არ გვაქვს. ამიტომ გამოვიდა ბარბარიზმების ლექსიკონი, რომლის ელ.ვერსიაც არსებობს. ქალბატონი თინა მარგალიტაძე არის ამ მოძრაობის ფუძემდებელი. მასში უამრავი ადამიანია ჩართული: მოსწავლეები, მეცნიერები. ქართულ ენას გაფრთხილება უნდა!
– მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა კვების ობიექტთან მიმართებით. 2 კვების ობიექტი გაიხსნა მაღლივისა და პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა იგივე ობიექტები ორი წლის წინ დაიხურა, რადგან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა არასასურველი შემოსავლის უქონლობის გამო დატოვეს ისინი. როგორ ფიქრობთ, რამდენად გაამართლებს ისინი ახლა?
– ეს არის ის, რასაც ითხოვდნენ სტუდენტები. ადრე კვების ობიექტი უნივერსიტეტში იყო დოტაციური, ახლა გეტყვით, რომ მომგებიანია, მარტო მაღლივიდან დღიური მოგება 1000 ლარს აღემატება. დღეს ფასები არის ძალიან დემოკრატიული და, რაც მთავარია, დასაქმებულები გვყავს პროფესიული პროგრამების სტუდენტები. ასევე დაგეგმილია, ელექტრონული კომერციის დანერგვა, თსუ-ს ონლაინ მაღაზიის ამუშავება, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში თანამედროვე გარემოს შექმნას.
– საკმაოდ რთულია, ერთდროულად შეინარჩუნო ხარისხი და დაბალი ფასები. ამიტომაც თავის დროზე განიხილებოდა ვერსია, რომ თვითონ უნივერსიტეტს გაეკეთებინა საწარმო, რომელიც გარე ფაქტორებზე დამოკიდებული არ იქნებოდა. ვინ დგას რეალურად დღეს კვების ობიექტის უკან?
– ეს არ არის უცხო ხალხი, ეს არ არის ფირმა, რომელიც მოვიდა და მოგებას იღებს. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც აკეთებს თავის საქმეს და ამაში მოგება რჩება უნივერსიტეტს.
– და ბოლოს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც იგეგმებოდა – 320-ადგილიანი სტუდქალაქია, რომელიც ლისის ტბასთან მდებარეობს. მშენებლობა დასრულებულია, თუმცა უნდა გამოცხადდეს ტენდერი ავეჯის შეტანაზე. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
– დარჩენილია გარემოს მოწყობა, ტენდერი გამოცხადდება, რათა ახალი სასწავლო წლისთვის გვქონდეს ახალი კეთილმოწყობილი საერთო საცხოვრებელი.

ნინო შუბითიძე,

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

მომზადდა სასწავლო კურსის „ახალი ამბების ჟურნალისტიკის“ ფარგლებში (პედ. დალი ოსეფაშვილი)

თსუ-ს მულტიმედია ცენტრი