2018 წლიდან უფასო ფაკულტეტების პროგრამა უქმდება

30 მაი 2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რექტორებთან ერთად აქტიურად განიხილავს სტუდენტთა დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებს. გარდა უფასო ფაკულტეტების გაუქმებისა, განიხილება სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების წესის ცვლილების საკითხიც. როგორც მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გასული წლის 28 დეკემბერს თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, 4 წლიანი სასწავლო გრანტი უნდა ჩანაცვლდეს ყოველწლიური დაფინანსებით, რომელიც სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე იქნება მიბმული - „ეს იქნება მეტი მოტივაცია სტუდენტებისათვის, აიმაღლონ თავიანთი სწავლის მაჩვენებლები“. სახელმწიფო დაფინანსების ცვლილებისა და უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ ჩვენს კითხვებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინე დარჩიამ უპასუხა:

– გასული წლის 28 დეკემბერს მინისტრმა გააკეთა განცხადება სტუდენტთა დაფინანსების მოდელის ცვლილებასთან დაკავშირებით. საუბარი იყო 4 წლიანი სასწავლო გრანტის გაუქმებასა და მის აკადემიურ მოსწრებაზე მიბმაზე. უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს ეს ცვლილებები და რატომ დადგა დღის წესრიგში ამ საკითხის განხილვა?
– სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა უმაღლესი განათლების არსებული მოდელის ცვლილების, მოდიფიკაციისა და მოდერნიზაციისათვის. საკითხის განხილვა მიმდინარეობს რექტორთა საბჭოში, რომელიც უკვე სამი წელია მუშაობს მინისტრის ხელმძღვანელობით. ჩვენ ვმსჯელობთ მათთან ერთად და არ ვწყვეტთ საკითხს ერთპიროვნულად. ფაქტია, არსებულმა მოდელმა თავი ამოწურა. იგი სტუდენტებს არ აძლევს მოტივაციას – კარგად ისწავლონ და შეინარჩუნონ დაფინანსება, სწორედ ეს გახდა ცვლილებების ინიცირების საფუძველიც. სტუდენტს უნდა ჰქონდეს მეტი მოტივაცია.
– რა პრობლემებს ხედავთ ამ მოდელში? თქვენი აზრით, გამოიწვევს თუ არა ეს მოდელი კორუფციის ზრდას, როცა ეროვნული გამოცდების ამ ფუნქციას ცაკლეული პიროვნებები შეითავსებენ?
– ეს ინიციატივა, ვფიქრობ, გახდება იმის მაპროვოცირებელი, რომ სტუდენტები ორიენტირებულნი გახდებიან არა სწავლის ხარისხის, არამედ ნიშნების გაუმჯობესებაზე. საქართველო იყო უაღრესად კორუმპირებული საგანმანათლებლო სისტემის მქონე ქვეყანა, ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა მოგვცა ის, რომ კორუფცია აღმოიფხვრა. თუმცა არსებობს ძალიან დიდი რისკი, რომ ამ ცვლილებით სტუდენტებმა ნიშნები მიიღონ არა ცოდნით, არამედ მაგალითად, თხოვნით, ახლობლების ჩართულობით ან გარკვეული ფინანსური ინტერესებით. 75-ზე მეტს აკრედიტებულ დაწესებულებაში არ არის გარანტია, რომ შეფასება იქნება ობიექტური, ამიტომ ამ მოდელს, სავარაუდოდ, არ დავამტკიცებთ. სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ სტუდენტის რეალურ ცოდნაზე იყოს დამყარებული შემდგომი კარიერა და არა სახელმწიფო გრანტი. თუმცა, ეს ჩემი დეპარტამენტის პოზიციაა და არა სამინისტროს ან მინისტრის.
– ანუ ცვლილება ამ სახით კანონში აღარ შევა?
– არა, ჩვენი დეპარტამენტი ამ ინიციატივას არ იზიარებს. ალტერნატივის სახით განიხილება საბაზო დაფინანსების მოდელის დანერგვა. ეს არის მსოფლიო ბანკისა და ევროკომისიის ექსპერტის რეკომენდაცია, რომელსაც ჩემი დეპარტამენტი იზიარებს, ასევე ვიზიარებთ მინისტრის ინიციატივას ე.წ. ყულაბების შემოღებასთან დაკავშირებით, რაც დამატებითი დაფინანსების მოპოვების საშუალებას მისცემს უნივერსიტეტს.
– რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ სტუდენტთა დაფინანსების წესში?
– 2018 წლიდან აღარ იარსებებს უფასო სპეციალობების დაფინანსების პროგრამა. მას ჩაენაცვლება უფრო თანამედროვე და განვითარებული მოდელი. სტუდენტები, რომლებიც უკვე სწავლობენ ამ ფაკულტეტებზე, რა თქმა უნდა, დაასრულებენ ბაკალავრიატს არსებული დაფინანსების მოდელის მიხედვით.
– უნივერსიტეტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ე.წ. სტატუსშეჩერებული სტუდენტები, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 36 000-ია. არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, 10 000-მდე სტუდენტმა სტატუსი თანხის გადაუხდელობის გამო დაკარგა. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი სესხები ან სწავლის საფასურის გადავადება.
– ჩვენ გვაქვს გრანტის გაუმჯობესების პროგრამა, 12 სხვადასხვა კატეგორიის სოციალური მხარდაჭერის პროგრამა მოწყვლადი ჯგუფებისთვის. სახელმწიფო სხვა ვარიანტებს ჯერჯერობით არ განიხილავს, დაბალპროცენტიანი სესხები არის უნივერსიტეტის ბანკებთან მოლაპარაკების საგანი. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ჩავერევით ამ საკითხში. სამინისტროს კვლევით, რომელიც ცალსახად უფრო სანდოა, მსგავს სტუდენტთა რაოდენობა 1200-დან 1400-მდე მერყეობს. არასამთავრობო სექტორს არ აქვს იმდენი მექანიზმი, რაც ჩვენს უწყებას. შესაბამისად, მათი მაჩვენებელი არაზუსტია.
– სტუდენტთათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს გაცვლითი პროგრამებისა და სტაჟირებების სიმცირე, რომელსაც სასწავლო დაწესებულებები მათ სთავაზობენ. როგორია სახელმწიფოს და უშუალოდ თქვენი დეპარტამენტის პოლიტიკა ამ საკითხთან მიმართებით?
– საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა გაცვლითი პროგრამების მხრივ, მე-7 ადგილზე ვართ მსოფლიოს 130 ქვეყანას შორის. ეს მსოფლიო მასშტაბის მაჩვენებელია, რითაც ნამდვილად ვამაყობთ. რაც შეეხება სტაჟირებას, რასაკვირველია, ყველა პროგრამას იგი ვერ ექნება. დღესდღეობით ეს არის ხარისხის შიდა უზრუნველყოფის პრობლემა. მომხრე ვარ, რომ აკრედიტაციაში გათვალისწინებული იყოს ამ ბერკეტის გამოყენება და სტუდენტებისთვის მეტი საშუალების მიცემა.
– თქვენ რას მიიჩნევთ უმაღლესი განათლების წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევად და პრობლემად?
– ამ ეტაპზე გამოვყოფ სამ მთავარ პრობლემას: უპირველესი – მცირე ფინანსებია. თუმცა წელს პირველად განათლების დაფინანსება გაუტოლდა GDP-ის 2.8 პროცენტს, რაც უპრეცედენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მთავარია, ამ დაფინანსების გადანაწილება მოხდეს არა მხოლოდ სტუდენტების დაფინანსებისთვის, არამედ ხარისხის გასაუმჯობესებლად;
მეორე პრობლემა ხარისხის ნაკლებობაა. რა თქმა უნდა, ბოლო 12 წლის განმავლობაში აშკარაა პროგრესი. თუმცა ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი;
მესამე კი არის ჩვენი მეცნიერების ხარისხობრივი მაჩვენებელი. დღეისთვის მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტი ქმნის საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო პროდუქციას და ვისურვებდი, რომ მათი რაოდენობა გაიზარდოს.

თამუნა ზარანდია,
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი

მომზადდა სასწავლო კურსის „ახალი ამბების ჟურნალისტიკის“ ფარგლებში (პედ. დალი ოსეფაშვილი)

თსუ-ს მულტიმედია ცენტრი