13 რამ, რაც გიორგის შესახებ უნდა იცოდე

29 მაი 2017

გიორგი არც ძალიან მაღალია, არც ძალიან დაბალი. ჰგონია, რომ ბეჭებში მძიმე ბას-გიტარამ მოხარა, მაგრამ, ერთი შეხედვით, ბეჭებში მოხრის არაფერი ეტყობა. სათვალის ჩარჩოს მიხედვით, ხან კლარკ კენტს (მარველის კომიქსების ერთ-ერთი გმირი, ცნობილი, როგორც „სუპერმენი“), ხან კი ჰარი პოტერს ამსგავსებენ, მაგრამ მას არც ერთი უყვარს, არც მეორე. 
შოტლანდიის მთიანეთში, ისტორიაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა – 27.2 გრადუსი ცელსიუსით რომ დაფიქსირდა, დუშეთში არც ისეთი სიცივე იყო, გიორგის დაბადებისთვის ხელი რომ შეეშალა. ასე მიისაკუთრა გიორგი მეგრელიშვილმა 1995 წლის 30 დეკემბერი.
დედაჩემს გიორგის რომ ვაცნობდე, ვეტყოდი, რომ გიორგი არის:
1. ჩემი კურსელი, თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტი.
2. ადამიანი, რომელიც სწავლის პარალელურად ორ სხვადასხვა სამსახურში მუშაობს (თუმცა, შემეძლო ამით დამეწყო, რადგან ადამიანებს ეს უფრო აღაფრთოვანებთ.)
დედაჩემი კი დაასკვნიდა, რომ გიორგი არის:
1. შრომისმოყვარე, პატიოსანი ბიჭი.
2. ძალიან მეგობრული და გულღია, რადგან მე დამიმეგობრდა.
გიორგის ძმა ნოდარი, ადამიანი, ვინც მას ყველაზე კარგად იცნობს, კი იტყოდა, რომ გიორგი არის: 
1. ჩემი ძმა გიო, რომლის გარეშეც ცხოვრებას ვერც წარმოვიდგენ.
2. ჩემზე ბევრად მშვიდი, გაწონასწორებული, არამწეველი, პუნქტუალური ადამიანი, რომელიც მღერის და უამრავ ინსტრუმენტზე უკრავს.
გიორგის ცხოვრება წიგნი რომ იყოს, ალბათ, მხოლოდ ოთხი თავი ექნებოდა, რადგან ფიქრობს, რომ მისი ცხოვრების თავგადასავალი, ჯერჯერობით, მეტ მამრავლებად არ დაიშლება:

 

თავი I – ცხოვრება 13 წლამდე, ანუ სანამ გიორგი ბენდის წევრი გახდებოდა

სწორედ ეს თავი აკავშირებს გიორგის ყველაზე მეტად დუშეთთან, ბედნიერ და მნიშვნელოვან მოგონებებთან, რომლებიც მისი ცხოვრების არსებითი ნაწილია. მართალია, დუშეთში დაბადებული და წამოზრდილი მალევე მამის სამშობლოს, ხაშურს დაუბრუნდა, მაგრამ საუკეთესო მოგონებები მაინც ბებია-ბაბუის სახლ-კარს უკავშირდება.

 

თავი II – ბენდი და სკოლა, ანუ „ვაა, გიორგი, რა საინტერესოა“

გიორგის ოცნება – გამხდარიყო ბენდის წევრი, რეალობად იქცა, როდესაც 13 წლის ასაკში გიტარის ახალმა მასწავლებელმა მას ბენდის შექმნის იდეა გააცნო. გიორგის საყვარელი ინსტრუმენტი გიტარაა, მაგრამ ბენდში დაკვრის სურვილი ინსტრუმენტის სიყვარულზე ძლიერი აღმოჩნდა და მან ბას-გიტარისტის როლი მოირგო. სკოლის ერთფეროვანი ცხოვრება გიორგისთვის სრულიად შეიცვალა. 13 წლის ასაკში მუსიკისთვის ყველაფერი გადადო. ოჯახი გვერდში დაუდგა და მაქსიმალურად ცდილობდა მისთვის ხელის შეწყობას. ფიქრობს, რომ ყოველდღიურად 6-7 საათიანმა რეპეტიციებმა და დაუღალავმა შრომამ ბევრი რამ ასწავლა და უზომოდ დიდი გამოცდილებაც მისცა. ხაშურში საკუთარი სახსრებით ხშირად აწყობდნენ კონცერტებს, ხოლო თბილისს სხვადასხვა ფესტივალის ფარგლებში სტუმრობდნენ. ერთ-ერთ ასეთ „გასტროლზე“ მყოფმა მოინახულა პირველად თსუ-ს VIII კორპუსი, მაშინ ჯერ კიდევ 14 წლის იყო და არ ფიქრობდა, რომ ხუთი წლის შემდეგ ეს კედლები მისი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდებოდა.

 

თავი III – სტუდენტობა, ანუ გიორგი ჩამოდის თბილისსა შინა

ხაშურის სკოლის ყველაზე განსხვავებული ცხოვრების მქონე გიორგისთვისაც დადგა ის დრო, სკოლის დამთავრების შემდგომ ცხოვრებაზე რომ უნდა ეფიქრა. აბიტურიენტობისას სწავლა მისთვის ყველაზე პრიორიტეტული აღმოჩნდა, ამიტომ ბენდის დატოვებაც მოუწია. ბავშვობაში მსახიობობა ან ჟურნალისტობა უნდოდა, მაგრამ, საბოლოოდ, სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენის გამო იურიდიულ ფაკულტეტზე გადაწყვიტა ჩაბარება. თუმცა, ბედი მას ჰქვიან, რომ კარზე მოგადგეს უშრომელადო – გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზე ცვლილებების შეტანის ბოლო დღეს გიორგიმ სიაში რიგით მეხუთე ჟურნალისტიკა მეორე ადგილზე გადმოიტანა და 50%-იანი გრანტით ჩაირიცხა. თბილისში ჩამოსული სულ სხვანაირი ცხოვრების სტილს შეეჭიდა. ფიქრობს, რომ გაუმართლა, რადგან მისი უფროსი ძმა სასწავლებლად მასზე ორი წლით ადრე ჩამოვიდა და მას ხშირად სტუმრობდა. გიორგისთვის ყველაზე რთული ხალხთან შეგუება აღმოჩნდა, მაგრამ უნივერსიტეტმა და ჟურნალისტების მცირერიცხოვანმა ჯგუფმა ძალიან შეუწყო ქალაქთან მის ე.წ. ადაპტაციის პროცესს.

 

თავი IV – გიორგი დიდ გამოწვევებს ეჭიდება, ანუ „ზაფხული მოდის, დროა მუშაობა დავიწყო“

მართალია, გიორგი მესამე კურსზეა და ჯერ სტუდენტობის თავი არ ჩაუმთავრებია, მაგრამ მუშაობის დაწყების ერა მისთვის მაინც განყენებულია, რადგან სამსახურის წყალობით ცხოვრების ბევრ ასპექტს სხვანაირად შეხედა. თავდაპირველად გასართობ ცენტრში ანიმატორად დაიწყო მუშაობა. სტაბილური შემოსავლის არქონის გამო ახალი სამსახურის პოვნა გადაწყვიტა და ახლა ჰარდ ღოცკ ჩაფé-ში მუშაობს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, თქვენი შვილის დაბადების დღეზე „ადამიანი-ობობას“ ნიღბის ქვეშ გიორგი იმალებოდეს, რომელსაც მეორე სამსახურში, ან ლექციაზე აგვიანდება. 
იდეალური პროფესია გიორგისთვის მუსიკოსობაა. ეს იდეალი მისთვის უკვე შორეული ოცნებაა, რადგან საქართველოში მუსიკოსის პროფესია, ფაქტობრივად, არ არსებობს. ამჟამინდელი რეალობიდან გამომდინარე კი სურს იყოს კარგი ჟურნალისტი, სიამოვნებით იქნებოდა მუსიკალური ან საზოგადოებრივ-კულტურული გადაცემის წამყვანი. 
იცხოვრებდა იტალიაში, რადგან ბავშვობიდან ძალიან უყვარს.
ცხოველი რომ იყოს არ იცის რა იქნებოდა, ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი ნებისმიერ ალტერნატიულ რეალობაში ადამიანი იქნებოდა.
ვერ იცხოვრებდა წყლის გარეშე. არა იმიტომ, რომ წყალი სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტია, არამედ იმიტომ, რომ ხელდაუბანელი ვერ იარსებებდა.
განმსაზღვრელი პიროვნული თვისება თავმდაბლობაა. 
გაიდეალებული პიროვნება/პერსონაჟი არ ჰყავს, მაგრამ მისი საყვარელი პერსონაჟი მეფე გიორგია რომანიდან – „დიდოსტატის მარჯვენა“.
საყვარელი ინსტრუმენტი კლასიკური გიტარაა, მაგრამ მრავალ სხვა ინსტრუმენტსაც ფლობს: ბას-გიტარა, უკულელე, ფანდური, სალამური, ფორტეპიანო, ტამტამი და ჰარმონიკა. მუსიკალური ნიჭი მემკვიდრეობით მამამისისგან ერგო, მაგრამ ფიქრობს, რომ მამისნაირად კარგად ვერ მღერის.
ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება, რომელიც მიუღია საქართველოში დარჩენაა, როდესაც შეეძლო საბერძნეთში წასულიყო საცხოვრებლად. 
რეინკარნაციის, წინა და მომავალი ცხოვრების არ სჯერა.
იმოგზაურებდა ეგვიპტეში და ლათინურ ამერიკაში.
აგროვებს მუსიკალურ ინსტრუმენტებს.
თამაშობს ფეხბურთს, ბავშვობიდან, მცველის პოზიციაზე. გულშემატკივრობს იუვენტუსის საფეხბურთო კლუბს.
ბედნიერება გიორგისთვის იმის კეთებაა, რაც ძალიან მოსწონს და სიამოვნებს. 
გიორგი ახლა 21 წლისაა, მომავალს არ გეგმავს და ყოველ ოთხშაბათს საღამოს კარგ ხასიათზეა, რადგან ხუთშაბათს დასვენების დღე აქვს.

მარიამ ზუბაშვილი,
ჯენი ჭოლაძე