შემდგარი საიუბილეო საღამო და აკაკი შანიძე სხვა რაკურსით

30 მაი 2017

რატომ დაინტერესდა საუნივერსიტეტო საზოგადოების (მათ შორის სტუდენტობის) მხოლოდ მცირე ნაწილი – დასწრებოდა აკაკი შანიძის 130 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს? უკვე საკმაოდ ბევრი ვიცით აკაკი შანიძის შესახებ თუ, უბრალოდ, დაგვეზარა წასვლა ღონისძიებაზე, სადაც ქართველოლოგიის პატრიარქზე ახალ წიგნს და დოკუმენტურ ფილმს წარადგენდნენ – ამის პასუხად, დარწმუნებულნი ვართ, სხვისკენ თითის გაშვერის პოლიტიკას აირჩევს ყველა, ფაქტი კი ერთია – უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის მხოლოდ წინა რიგები იყო შევსებული და წიგნისა და ფილმის პრეზენტაცია შეუვსებელ დარბაზში შედგა. ჩვენ შეგვრცხვა! 
არადა გვინდოდა, აკაკი შანიძეზე ახალი რამ გვეთქვა – სიახლის თქმის უფლებას კი მისი მართლაც მრავალმხრივი და საინტერესო მოღვაწეობა გვაძლევს... და გვინდოდა, რაც შეიძლება ბევრს სცოდნოდა, განსაკუთრებით სტუდენტებს, ამ სიახლის შესახებ...
„აბა, ფხიზლად, ქართველებო!“ – ამ სიტყვებით იწყებდა აკაკი შანიძე თავის დაწერილ ჰიმნს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა ჰორიზონტზეც არ ჩანდა. ქართველებს შეფხიზლება ახლაც ხშირად გვჭირდება, როგორც ჩანს! ამჯერად, გვინდა, სხვისკენ თითის გამშვერებს შევახსენოთ ამ დიდბუნოვანი მეცნიერის კეთილსინდისიერი მოლოდინი – „ნუ თუ არ უნდა აპრიალებულიყო 1600 წ. რომის ქუჩაზე, ცივ თებერვალში კოცონი, რომელზედაც ზვარაკათ შეიწირა ჭეშმარიტებისთვის მებრძოლი ჯორდანე ბრუნო? ნუ თუ ქრისტე უნდა გაჩუმებულიყო, რადგან „ნიადაგი არ იყო მომზადებული“ მისი მოძღვრებისათვის, და არ ეტვირთა მას ის ჯვარი, რომელზედაც ის აცვეს? ნუ თუ სოკრატი არ უნდა შებრძოლებოდა სოფისტების წაჯექ-უკუჯექობის შკოლას, მხოლოდ იმიტომ, რომ მას მოელოდა საწამლავით სავსე ფიალის დაცლა? ნუ თუ უნდა გაეკმინდათ ხმა რენესანსის (აღორძინების) ეპოქის დევ-გმირებს და არ შებრძოლებოდნენ საშუალო საუკუნოების კერპებს? არა, და არა! სიმართლისათვის არა სდუმენო, თუ როგორღაცაა ნათქვამი და ამიტომ თუ ჩვენ ვართ გულწრფელი ადამიანები და გვრწამს ჩვენი იდეების პრინციპების სისპეტაკე, ყოველთვის და ყოველგვარ პირობებში უნდა ვეცადოთ მათ გავრცელებას და ჭეშმარიტების გამეფებას; უნდა შეუპოვრათ ვიბრძოლოთ მის დასამყარებლათ, რა შედეგიც უნდა მოყვეს მას (ან კი რა შედეგი უნდა მოყვეს მას გამარჯვების მეტი?)“, – ასე წერდა გამარჯვების მოლოდინით აღსავსე აკაკი შანიძე ახალგაზრდობაში (მოყვანილია ციტატა მისი პუბლიკაციიდან – „რას ვუცადოთ“). სწორედ ამ ახალი რაკურსით გვქონდა გადაწყვეტილი დიდი მეცნიერის გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის (ღონისძიებაზე დასასწრებად მოსაწვევები დარიგებული იყო, ინფორმაცია ამ იუბილეს შესახებ კი – მრავალგზის გავრცელებული), რომელსაც ღონისძიებაზე ველოდით და რომელთაგან ნაწილი, როგორც ჩანს, კვლავ შესაფხიზლებელია...

აკაკი შანიძე „უმცირესობის ჭეშმარიტების გადასარჩენად“

აკაკი შანიძე სხვა რაკურსით – ეს აქცენტი გახლავთ სიახლე, რაც აკაკი შანიძეზე გამოცემულ წიგნშია შესული. წიგნის – „აკაკი შანიძე – ქართული საქმის კაცი“ პრეზენტაცია 17 აპრილს გაიმართა. ახალგაზრდობაში დიდი მეცნიერის პოლიტიკური გემოვნება და ინტერესები იმდენადაა ყურადსაღები, რამდენადაც მასში პროგრესული აზროვნება ჩანს. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა აკაკი შანიძე XIX საუკუნის დასაწყისში პოლიტიკური ვნებათაღელვის გავლენასაც განიცდის (შემოქმედებითი ინტერესების სფეროს მიღმა) და ყურადღებას იქცევს იმ პერიოდის პოლიტიკური მოძღვრებების შეფასებებით, რომელიც ჭრელი საზოგადოებრივი სპექტრითა და მრავალპარტიულობით გამოირჩევა. საზოგადოება დააბნიეს სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიის მქადაგებლებმა და აკაკი შანიძე შეეცადა, თავისი აზრი გამოეთქვა ამ საკითხზე. და, აი, ანარქისტების ყოველდღიურ ორგანოში, გაზეთ „მუშაში“, 1906 წელს იგი, 19 წლისა, აქვეყნებს წერილს – „რას ვუცადოთ?“ (გაზეთი „მუშა“ 1906 წელს გამოდიოდა თბილისში. სულ გამოიცა 52 ნომერი და დაიხურა თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით). 
ანარქისტებთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ დაპირისპირებული სოციალ-დემოკრატები, როგორც მენშევიკები, ისე ბოლშევიკები და თვით აკაკი შანიძის გადაწყვეტილება, რომ სტატია დაებეჭდა ანარქისტების გაზეთში, უკვე ნიშნავდა იმას, რომ იგი უპირისპირდებოდა სოციალ-დემოკრატების ორივე ფრთას. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა აკაკი შანიძე უფრო მეტად „ბრძენ ფილოსოფოსებს“ ემხრობოდა და ფიქრობდა, რომ ანარქია უტოპია იყო. მის ნაწერში საგულისხმო სხვა რამ უფროა, კერძოდ: იგი უპირისპირდებოდა სოციალ-დემოკრატიას იმ მხრივ, რომ, თითქოსდა, უმრავლესობას ყველაფრის უფლება აქვს, ხოლო უმცირესობა ყოველთვის ცდება. ეს მიანიშნებს აკაკი შანიძის პროგრესულ პოზიციაზე იმ უაღრესად რთულ პერიოდში. აკაკი შანიძე ამბობდა, რომ სიმართლე ყოველთვის უმრავლესობის მხარეზე არ არის და შეიძლება ჭეშმარიტება ანარქიზმის მოძღვრებაშიც იყოს, რომელსაც ძალიან მცირე ნაწილი უჭერდა მხარს. 
„საბრალონო! როგორ ვერ შეგიგნიათ უბრალო ჭეშმარიტება, რომ უმრავლესობა ყოველგან და ყოველთვის ყოფილა და არის უსამართლობისა და ძალმომრეობის განხორციელება, დამყარებული უხეშ ძალაზე? სად გინახავთ, ან გაგიგონიათ, რომ უმრავლესობას სამართლიანობა დაეცვას და რაიმე ახალი მოძღვრება მიეღოს? იცის თუ არა ისტორიამ ისეთი მაგალითი, რომ უმრავლესობა ჭეშმარიტების მხარეზე ყოფილიყოს და არ ედევნოს და არ ეწამებინოს მისი (ჭეშმ.) მატარებლები? არა, უმრავლესობა არის, ვიმეორებთ, ჭეშმარიტების მდევნელი ძალა. და, როგორც ასეთი, არ შეგვიძლია მივაკუთვნოთ მას გადამწყვეტი ხმის უფლება ამგვარ შემთხვევებში. მაგრამ ამ აზრის უფრო ნათლათ გარკვევისთვის მივმართოთ ისტორიულ ფაქტებს. ავიღოთ, მაგ., სოკრატი, რომელმაც ჭეშმარიტებისთვის დალია სული სწორეთ იმ უმრავლესობის წყალობით, რომელიც სულს უხუთავდა ყოველ თავისუფალ აზრს ათინაში. ავიღოთ სპარტაკი, თავისუფლების მებაირახტრე ძველ რომში, ავიღოთ თუ გინდ თვით ქრისტე, რომლის მოძღვრებაც მიმართული იყო ძალმომრეობის, სახელმწიფოებრივობის, კანონის და სოციალურ უთანასწორობის წინააღმდეგ. ვინ აცვა იგი ჯვარს? თქვენისთანა „მწიგნობრებმა“ და თქვენებრ ფარისევლებმა, იმ უმრავლესობამ, რომელიც ალმაცერათ უყურებდა ნაზარეველის ქადაგებას. არა, ბატონებო, ეგ ძლიერ ვიწრო მასშტაბი გაქვთ საქმის ვითარების გასაზომავათ... ჰმ, დღეს ნიადაგი არ არის ანარქიზმის განსახორციელებლათო! კარგი და პატიოსანი, მაგრამ გასაკვირველი ის არის, რომ ამას ამბობთ და მაინც „მეცნიერებათ“ და „მეცნიერულ“ სოციალიზმის იდეოლოგებათ მოგაქვთ თავი. ისეთი მეშჩანური ადგილი, რომელიც თქვენა გაქვთ გასაზომავათ, და ისეთი ვაჭრული „ჩოთქი“, რომლითაც თქვენ ანგარიშობთ მოგება წაგებას, ესეთი საწყაო რომ ქონოდათ ყველა ადამიანებს, მაშინ ისტორიას ვერ დაამშვენებდნენ ისეთი პირები, როგორიც არიან გალილეი, ჯორდანო ბრუნო, კოპერნიკი და სხვ.“, – წერდა ახალგაზრდა აკაკი შანიძე გაზეთ „მუშა“-ში. მისი წერილის შესახებ სტატია წიგნისთვის („აკაკი შანიძე – ქართული საქმის კაცი“) მოამზადა გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორმა ნინო კაკულიამ, რომელიც კრებულის შემდგენელი და რედაქტორია. სტატიის ბოლოს ავტორი წერს: „აკაკი შანიძის წერილის – „რას ვუცადოთ“ გამოქვეყნების შემდეგ საქართველოში მალევე დადგა კომუნისტური იდეოლოგიის ბატონობის პერიოდი. კომუნისტური იდეოლოგიის მიხედვით, სიმართლე ყოველთვის უმრავლესობის მხარეზე იყო და დამხობილ ბურჟუაზიასა და თავადაზნაურობაზე მუშებისა თუ გლეხების ბატონობა პროგრესულ მოვლენად მიიჩნეოდა. აკაკი შანიძე კი 1906 წელს ამტკიცებდა, რომ უმრავლესობა ხშირად ბოროტების წყაროც გამხდარა. ალბათ, ამით იყო განპირობებული, რომ კომუნისტურ სისტემაში გაბატონებულ უმრავლესობასთან აკაკი შანიძე ვერ ითანამშრომლებდა და, შესაძლოა, ამიტომაც მიუძღვნა მან მთელი თავისი სულიერი და ფიზიკური ძალა მეცნიერებას“.

საღამო უნივერსიტეტში

აკაკი შანიძის 130 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილეს თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, თსუ-ს ქართული ენის ინსტიტუტის წარმომადგენლები, აკაკი შანიძის ოჯახის წევრები, სოფელ ნოღას საჯარო სკოლის ხელმძღვანელები და მოსწავლეები, უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორი და სტუდენტი დაესწრნენ. 
საღამოზე გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციის მიერ მომზადებული კრებულის „აკაკი შანიძე – ქართული საქმის კაცი“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებულის წარდგენის შემდეგ ფილმის „აკაკი შანიძე“ (სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ მერაბ კოკოჩაშვილი) ჩვენება შედგა.
დამსწრე საზოგადოებას თსუ-ს რექტორი მიესალმა და მადლობა გადაუხადა აკაკი შანიძის მშობლიური სოფლიდან, ნოღადან ჩამოსულ სტუმრებს: „დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პატივს მივაგებთ აკაკი შანიძის ხსოვნას. ეს არის ადამიანი, რომელმაც შექმნა ის საძირკველი, რომელზეც დგას დღეს ქართული ენათმეცნიერება, ქართული უნივერსიტეტი. აკაკი შანიძე ის მეცნიერია, რომლის ღვაწლის დაფასებაც ქართული სამეცნიერო საზოგადოების მიერ ყოველწლიურად, ყოველ დღე უნდა ხდებოდეს. ჩვენ აღვნიშნეთ აკაკი შანიძის დაბადებიდან 130 წლის იუბილე, გაიხსნა ძალიან საინტერესო კონფერენცია, მოეწყო გამოფენა. მისი ნაღვაწის წარმოსაჩენად ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ვინაიდან თავად აკაკი შანიძის პერსონა გაცილებით დიდია, ამ ადამიანზე ჯერ კიდევ ბევრია სათქმელი. ამიტომ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ფილმის გადამღებ ჯგუფს, რომლებმაც კიდევ ერთხელ „გააცოცხლეს“ აკაკი შანიძე და კრებულის შემდგენელს, გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორს ნინო კაკულიას, რომელმაც წიგნში მრავალ საინტერესო პუბლიკაციას მოუყარა თავი. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ დიდი წინაპრები და კარგად უნდა გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, რადგან სხვაგვარად მომავალს ვერ ავაშენებთ“, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ. 
ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ქურდაძემ ქართული ენის დაცვისთვის მებრძოლი აკაკი შანიძის წვლილზე ისაუბრა: „აკაკი შანიძის საუკუნოვანი ცხოვრება სავსე იყო მნიშვნელოვანი მოვლენებით – პირველი მსოფლიო ომი, რევოლუცია, სამოქალაქო ომი, საქართველოს გასაბჭოება, 30-იანი წლების რეპრესიები, ტოტალიტარულ სახელმწიფოში ხანგრძლივი ცხოვრება. საგულისხმოა ისიც, რომ 1978 წელს კონსტიტუციის ფორმალური განხილვის დროს მან უარი განაცხადა მიეღოთ კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც ქართულ ენას, როგორც სახელმწიფო ენას, საფრთხეს უქმნიდა. აკაკი შანიძის ცხოვრება მაღალი ზნეობისა და აკადემიურობის მაგალითია. იმედი მაქვს, როდესაც ჩვენი სტუდენტები ამ წიგნს გაეცნობიან, სწორედ ასეთ პიროვნებად დაინახავენ მას“, – განაცხადა რამაზ ქურდაძემ. 
დიდი მეცნიერი და მამა პროფესორმა მზექალა შანიძემაც გაიხსენა: „დღეს ჩვენ საკმაოდ რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ. ერთ-ერთი, რამაც ძალიან იმძლავრა, პრაგმატიზმია – დავიწყება იმ საერთო, საზოგადოებრივი საქმისა, რომელიც ბოლოს და ბოლოს ყოველი ჩვენგანისთვის უნდა იყოს მთელი ცხოვრების წარმმართველი. აკაკი შანიძე ამ გადასახედიდან, 130 წლის შემდეგაც, ეკუთვნის იმ მოღვაწეთა პლეადას, რომელმაც უდიდესი საქმე გააკეთა. ივანე ჯავახიშვილის თაოსნობით დაწყებული საქმიანობა, მოგეხსენებათ, უნივერსიტეტის გახსნით დაგვირგვინდა. ეს არ იყო ერთ-ერთი რიგითი დაწესებულების გახსნა. ეს ბრძოლა ძნელი იყო... ჯერ თებერვლის, შემდეგ კი ოქტომბრის რევოლუციამ დაღი დაამჩნია უნივერსიტეტისა და მეცნიერების განვითარებასაც. დამაარსებლებს იმდენი ბრძოლისა და შეურაცხყოფის გადატანა მოუხდათ ამ გზაზე, რომ არა ასეთი თავდადება, ამას ნამდვილად ვერ გაუძლებდნენ. შემიძლია ვთქვა, რომ ის, ვინც ამ საქმის ერთგული დარჩა ბოლომდე, აკაკი შანიძეც გახლდათ. დღეს არ ვისაუბრებ აკაკი შანიძის მეცნიერულ მოღვაწეობაზე. ქართველოლოგიის არც ერთი დარგი არ დარჩენილა, აკაკი შანიძეს დიდი და ფუნდამენტური ნაშრომები რომ არ მიეძღვნა. მისი ბიბლიოგრაფია 700-მდე ნაშრომს მოიცავს. ხანდახან მიკვირს, არა როგორც შვილს, არამედ როგორც ადამიანს, როგორ შეძლო ამდენი. ასეთი ადამიანების საქმიანობა უნდა დარჩეს საზოგადოებისთვის მაგალითად. ამიტომ ძალიან დასაფასებლად მიმაჩნია, რომ 130 წლის თავზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კვლავ გაიხსენა აკაკი შანიძე. მის საქმიანობას მიეძღვნა სამეცნიერო სესია, ფილმი, გამოიცა წიგნი. მე მონაწილეობას ვიღებდი ამ წიგნის შექმნაში და ვიცი, როგორი დიდი სიყვარულით და ზრუნვით ცდილობდა ნინო კაკულია მასალების შეგროვებას, რაც არც ისე ადვილი საქმე იყო. ჩვენ ერთხელ კიდევ ვიხსენებთ იმ ადამიანს, რომელმაც ჩათვალა, რომ მისი სიცოცხლე და მისი საქმიანობა უნდა მიეძღვნას ერთ დიდ საქმეს – არა მარტო ქართულ ენას, არამედ ქართულ ენას, როგორც ქართველი ერის დედაენას“, – განაცხადა მზექალა შანიძემ. 
დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა აკაკი შანიძის შვილმა ლელა შანიძემაც და აღნიშნა: „დღეს მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აკაკი შანიძე არა მარტო თავის ოჯახს, არამედ ქართველ ერს ეკუთვნის. მადლობელი ვარ წიგნის და ფილმის შემქმნელების და მთლიანად მთელი უნივერსიტეტის, ვინც გაითავისა ეს საქმე და პატივი მიაგო აკაკი შანიძის ხსოვნას“, – აღნიშნა ლელა შანიძემ. 
აღსანიშნავია, რომ კრებულში აკაკი შანიძის მრავალმხრივი მოღვაწეობის ასპექტებია გაშუქებული და გაანალიზებული. წიგნი იწყება მეცნიერის ბიოგრაფიის ძირითადი შტრიხებით, თარიღებისა და მოვლენების აღწერით. კრებულში შესულია თსუ-ს პროფესორების: თამაზ გამყრელიძის, ავთანდილ არაბულის, რამაზ ქურდაძის, ვახტანგ გურულის, ელგუჯა ხინთიბიძის, ზურაბ ჭუმბურიძის, დარეჯან თვალთვაძის, თედო უთურგაიძის, ასევე ჟურნალისტების: ნინო კაკულიას და მაია ტორაძის სამეცნიერო-პუბლიცისტური წერილები, რომლებიც დიდი მეცნიერის მრავალმხრივ მოღვაწეობას ეხება. აქვეა შვილების: მზექალა შანიძისა და ლელა შანიძის მოგონებები მამაზე. წიგნის რედაქტორების თქმით, „მომავალი თაობებისთვის ერის ღირსეულ შვილთა სახისა და საქმის შემონახვა მხოლოდ ამ კრებულით არ შემოიფარგლება. თსუ-ს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქცია საზოგადოებას პერიოდულად შესთავაზებს ნარკვევთა სერიულ გამოცემებს, რომლებიც უნივერსიტეტის დამაარსებლებს, სხვადასხვა სამეცნიერო სკოლებისა და დარგების მესაძირკვლეებს, ღვაწლმოსილ მეცნიერებსა და პროფესორებს მიეძღვნება“.

* * *
კრებულის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ფილმის ჩვენება, რომელიც მომზადდა პროექტის – „მათ შექმნეს უნივერსიტეტი“ – ფარგლებში. ფილმის სამხატვრო ხელმძღვანელის მერაბ კოკოჩაშვილის თქმით, ურთულესი იყო ფილმის გადაღება ასეთ დიდ მეცნიერზე, საზოგადო მოღვაწეზე და პიროვნებაზე, რომელმაც უზარმაზარი კვალი დააჩნია ქართული ენის განვითარებას. „ჩვენთვის სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტის დამაარსებლებზე ფილმის გადაღების იდეა ჩვენს სტუდენტს იზა თითბერიძეს ეკუთვნის, რომელიც ამჟამად წარმატებით აგრძელებს მაგისტრატურაში სწავლას ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში და უკვე მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია“, – აღნიშნა მერაბ კოკოჩაშვილმა. „საკმაოდ რთული გამოდგა ამ პროექტზე მუშაობა, ვინაიდან უამრავი მასალაა აკაკი შანიძეზე და ვფიქრობდით – რომელი გზა უნდა აგვერჩია. საბოლოო ჯამში, როდესაც მასალები შევაგროვეთ, თვითონ ბატონმა აკაკიმ „მოგვცა გეზი“, თუ როგორი ფილმი უნდა გაგვეკეთებინა“, – განაცხადა ფილმის რეჟისორმა ირაკლი სოლომონაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა გადამღებ ჯგუფს: რეჟისორსა და ასისტენტს ნინო გელოვანს, მთავარ ოპერატორს იმედა თეთრაძეს, ფილმის მეორე რეჟისორსა და მკვლევარს ზაზა ჯღარკავას და სტუდენტებს.