შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა თსუ-ში

30 მაი 2017

„ვეფხისტყაოსანი“ და რუსთაველის ეპოქა
შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა გამოფენა – „ვეფხისტყაოსანი“ და რუსთაველის ეპოქა“, რომელზეც თსუ-ს ბიბლიოთეკაში, თსუ-ს ემიგრაციის მუზეუმსა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული უნიკალური მასალა – „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერები, გამოცემები, ილუსტრაციები იყო წარმოდგენილი. გამოფენას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე დაესწრნენ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თსუ-ს ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ ყველა საეტაპო მნიშვნელობის მქონე უნიკალური გამოცემა. მათ შორის, პირველი, 1712 წლის ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსანი“, ასევე, 1888 წლის „ქართველიშვილისეული“ გამოცემა, რომელიც გაფორმებულია ცნობილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით. 
დამთვალიერებელმა ასევე იხილა მსოფლიოს ხალხთა ენებზე თარგმნილი (ფრანგული, გერმანული, სომხური, აზერბაიჯანული, თურქული, უკრაინული, მოლდოვური, სპარსული, არაბული, ჩეჩნური, ლატვიური, ოსური და ა.შ) და ბოლოდროინდელი გამოცემები. მათ შორის აღსანიშნავია „ვეფხისტყაოსნის“ კორეული თარგმანი, რომელიც პირველად 2016 წელს ითარგმნა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კორეის ელჩმა გადასცა საჩუქრად.
თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „ვეფხისტყაოსნის“ სხვა ენებზე თრგმნის პროცესი კვლავაც გრძელდება. 
„რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლისთავი არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ერის ისტორიაში. ეს არ არის მხოლოდ ლიტერატურა! „ვეფხისტყაოსანი“ ჩვენი ფასეულობების სისტემის საფუძველია და, შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიო რანგის ნაწარმოებია. ამიტომ მის აღნიშვნას, ლოკალურის გარდა, საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მისი თქმით, მომავალ წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმრობის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ რუსთაველი და მისი უკვდავი პოემა იქნება. „წელს გვაქვს ძალიან ბევრი ღონისძიება დაგეგმილი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ კარგი ევროპელები და კარგი ქართველები ვიქნებით მაშინ, თუ ჩვენი ფესვები და ის ფასეულობები, რაზეც აშენდა ქართული სახელმწიფო, გვემახსოვრება და მსგავსი ღონისძიებები კარგია, რათა გავამყაროთ ეს ჩვენი კავშირი“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 
ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისათვის“ შესრულებული ილუსტრაციების ორიგინალები, ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების შექმნამდე გადაღებული ე.წ. „ცოცხალი სურათების“ ორიგინალები („ვეფხისტყაოსნის“ დადგმითი სცენები), რომლებიც მხატვარმა გადაიღო თბილისსა და ქუთაისში და ეს ფოტოები გამოიყენა ილუსტრაციების შესაქმნელად. ფოტოებზე ასახულნი არიან XIX საუკუნის 80-იანი წლების გამორჩეული ქართველი სახეები: გიორგი შერვაშიძე, ბაბო დადიანი და სხვა; „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელნაწერების ზუსტი ასლები. მათ შორის გამოიფინა იმერეთის მეფის, სოლომონ მეორესეული ე.წ. „წერეთლისეული“ ხელნაწერი, ქართლის მეფის, გიორგი XI-ის მიერ დაკვეთილი ე.წ. „ბეგთაბეგისეული“ ნუსხა, ლევან II დადიანის დაკვეთით მამუკა თავაქარაშვილის მიერ გადაწერილი უნიკალური ხელნაწერი და სხვ. 
„ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერების გვერდით წარმოდგენილი იყო თამარ მეფის პირადი დაკვეთით რომანას ქართულ მონასტერში (კონსტანტინოპოლი) გადაწერილი ხელნაწერი – „ვანის სახარება“, რომელიც თამარის კუთვნილება გახლდათ.
„დღეს პრაქტიკულად იწყება ოფიციალური ნაწილი რუსთაველის წლისა. სად, თუ არა უნივერსიტეტში უნდა გამოგვეფინა ის ხელნაწერები, ის უზარმაზარი სიმდიდრე, რომლებიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწორედ უნივერსიტეტის შენობაში იყო განთავსებული საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმი, რომელშიც თავის დროზე თავი მოიყარა ყველა ამ ხელნაწერმა“, – აღნიშნა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ.


„ვეფხისტყაოსნის” ახალი თარგმანების პრეზენტაცია

„ვეფხისტყაოსნის“ ახალი თარგმანების პრეზენტაცია თსუ-ს ბიბლიოთეკაში 2 მაისს გაიმართა. რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა „ვეფხისტყაოსნის“ უცხო ენებზე თარგმნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა: „სხვადასხვა ერებს საშუალება აქვთ მშობლიურ ენაზე გაეცნონ ქართული ლიტერატურის მთავარ ძეგლს, ჩასწვდნენ მის შინაარსსა და სიბრძნეს“.
„ვეფხისტყაოსნის“ ჩეჩნური გამოცემა წარადგინა საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველმა მექა ხანგოშვილმა. მისი თქმით, „ვეფხისტყაოსანი“ ჩეჩნურ ენაზე 1969 წელს თარგმნა ნურდინ მუზაევმა. იმდროინდელი გამოცემა თითქმის არ მოიპოვება საქართველოში. ამიტომ ეს თარგმანი ხელახლა გამოიცა.
„მიუხედავად ტექსტის სირთულისა, არაჩვეულებრივი თარგმანია, ძალიან ახლოსაა ორიგინალთან. მნიშვნელოვანია, რომ ეს სწორედ კადიროვის პერიოდის ჩეჩნეთში მოხდა, რაც ადასტურებს ქართულ-ვაინახური ურთიერთობების სიძლიერეს. წიგნის პრეზენტაცია საკმაოდ მასშტაბური გახლდათ როგორც ჩეჩნეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ასევე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში“, – განაცხადა მექა ხანგოშვილმა. 
„ვეფხისტყაოსნის“ ახალი, ლინ კოფისეული ინგლისური პოეტური თარგმანი წარადგინა გამომცემლობა „პოეზიის“ დირექტორმა ნატო ალხაზიშვილმა. მისი განცხადებით, „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობა მთარგმნელმა, პოეტმა და მწერალმა ლინ კოფინმა 2012 წელს დაიწყო, ხოლო პწკარედები პროფესორმა დოდონა კიზირიამ მოამზადა. თარგმანის ტექსტს საფუძვლად უდევს 1966 წელს „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის მიერ მომზადებული და პროფესორ ნოდარ ნათაძის მიერ კომენტირებული გამოცემა. პროფესორმა ნათაძემ თარგმანის პირველად ვარიანტში შენიშვნები შეიტანა, ხოლო პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა ამ გამოცემის ბოლოსიტყვაობა დაწერა. 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი პოეტური თარგმანია, რომელიც შესრულებულია 16-მარცვლიანი შაირით. ინგლისურ ენაზე აქამდე არსებული თარგმანები, მათ შორის, მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილი, პროზაში იყო შესრულებული. ეს თარგმანი საშუალებას მისცემს უნგლისურენოვან მკითხველს „ვეფხისტყაოსნის“ სილამაზეც და სიბრძნეც შეიგრძნოს“, – აღნიშნა ნატო ალხაზიშვილმა. 
დღეისათვის ვეფხისტყაოსანი მრავალ ენაზეა გადათარგმნილი. ზოგიერთ ენაზე თარგმნილია ნაწილობრივ, უმრავლესობაზე – სრულად, ზოგიერთზე კი – როგორც პროზაული, გაურითმავი ნაწარმოები.
„ვეფხისტყაოსნის“ თარგმნის ისტორია იწყება XIX საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც 1802 წელს ევგენი ბოლხოვიტინოვმა გამოაქვეყნა პოემის პირველი სტროფის სიტყვასიტყვით ნათარგმნი რუსული ვერსია.
1912 წელს გამოიცა მარჯორი უორდროპის „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურენოვანი პროზაული თარგმანი, რომელიც, მკვლევართა შეფასებით, შინაარსობრივად, დედანთან სიახლოვის მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესოა. პოემა ინგლისურად თარგმნა ვენერა ურუშაძემ. 
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ევროპაში „ვეფხისტყაოსანი“ ასევე ნათარგმნია უნგრულად, რუმინულად (ორჯერ: ერთხელ პროზაულად, მეორედ კი ლექსად), მოლდავურად, პოლონურად, ჩეხურად და  ესპანურად. 
აზიური ენებიდან „ვეფხისტყაოსანი“ სხვადასხვა დროს ითარგმნა ჩინურ, იაპონურ, მონღოლურ, ებრაულ, ქურთულ ენებზე. პოემის ნაწყვეტები ნათარგმნია ასევე სპარსულად.