ზაალ კოკაია: უნდა გადაფასდეს – ვინ არის მეცნიერი, ვინ – ლექტორი და როგორ უნდა შეერწყას მეცნიერება და განათლება ერთმანეთს

05 მაი 2017

უკვე წლებია, მეცნიერების ხელშეწყობა ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებათა ჩამონათვალში მყარად იკავებს ადგილს, თუმცა, განათლების და მეცნიერების სფეროს ექსპერტთა აზრით, ყოველ 3-4 წელიწადში ერთხელ ახალი რეფორმის დაწყება მეცნიერების განვითარების პროცესს აფერხებს.
საზოგადოებას ახსოვს, რომ 2012 წელს შეიქმნა განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისია, რომელშიც მსოფლიოში დღეისათვის ყველაზე ცნობილი ქართველი მეცნიერები გაერთიანდნენ და რომელსაც ფიზიკოსი გია დვალი ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ კომისიის მიერ შემუშავდა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების კონცეფციის პროექტი, რომელიც, ექსპერტთა შეფასებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ საუკეთესო გამოცდილებას ითვალისწინებდა. ამ კომისიის წევრი გახლდათ შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ზაალ კოკაია, რომელთან საუბარიც სწორედ მეცნიერების განვითარების პრობლემებზე დავიწყეთ.
– ბატონო ზაალ, იმ პერიოდში, როცა განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისია მუშაობდა, კონცეფციის ამა თუ იმ პუნქტზე საზოგადოებაში დისკუსია აქტიურად მიმდინარეობდა. მერე თითქოს მიჩუმდა ყველაფერი და საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის – რა ბედი ეწია ამ კონცეფციას?
– შემოიდო თაროზე. და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს პროექტი კი შეჩერდა, მაგრამ არც არანაირი ალტერნატივა არ შექმნილა. ჩვენ ჩვენი ვალი მოვიხადეთ. ახალი ველოსიპედი კი არ გამოგვიგონებია, უბრალოდ შევაჯამეთ ის გამოცდილებები, რაც ევროპასა და ამერიკაში წარმატებით მუშაობს. ამ კონცეფციის მთავარი მახასიათებელია ის, რომ შევეცადეთ წარჩინებული და ძლიერი პოტენციის მქონე სამეცნიერო ინდივიდების იდენტიფიცირებას. გვინდოდა მათზე აგვეღო ორიენტაცია, რომ გასაქანი მიგვეცა. ეს იყო არა რევოლუციური, არამედ ევოლუციური მიდგომა, რომელიც ითვალისწინებდა საერთაშორისო რეფერირებას. შემდგომში ეს ადამიანები, რომლებიც გარე რეფერირების გზით იქნებოდნენ ტენუირებული, ერთგვარი ლოკომოტივის ფუნქციას შეასრულებდნენ სხვებისთვის. ისინი დადებდნენ თამასას, რომელიც ასწევდა სამეცნიერო კვლევის ხარისხის სტანდარტს. ისეთი განცდა დამრჩა, რომ ამ პროგრამის წინააღმდეგი იყო ყველა, ისიც კი, ვისაც არ ვეხებოდით. ამ მეცნიერებმა წინასწარ იცოდნენ, რომ თავად წარმატებულთა სიაში ვერ მოხვდებოდნენ, მაგრამ მათ არ უნდოდათ, რომ სხვას მიეღო რაიმე პრივილეგია. ეს ყოველივე კი ხდებოდა იმისდა მიუხედავად, რომ წარმატებული მკვლევრების შერჩევა, ჩვენი კონცეფციის მიხედვით, განხორციელდებოდა გარეშე რეფერირებით და მაქსიმალურად ობიექტურად.
– ფიქრობთ, რომ კონცეფცია ხელოვნურად შეჩერდა?
– ყოველ შემთხვევაში, არაფერი გაკეთებულა, რომ ეს კონცეფცია ამოქმედებულიყო.
– მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრებისადმი მოთხოვნები გაიზარდა, აქ ხშირად გაიგონებთ წუხილს იმის თაობაზე, რომ მეცნიერების განვითარების პირობები არ არის, რომ დაბალია ანაზღაურება, არ გამოიყოფა თანხები კვლევებისთვის, არ გვაქვს სამეცნიერო ჟურნალები...
– არც უნდა იყოს ყველა მიმართულებაში ჟურნალი საქართველოში. კონკურენტუნარიანობას უნდა მივეჩვიოთ. ევროპასთან ინტეგრაცია სწორედ ის არის, რომ შენ შენი ნაშრომი უცხოეთში გაგაქვს. ავიღოთ, მაგალითად, ქართველოლოგია. ბევრს აქვს ასეთი მიდგომა – „იმათ რაში აინტერესებთ ქართული ენის, ფოლკლორის ან ჩვენი მემკვიდრეობის საკითხები“... როგორ არ აინტერესებთ? ასეც რომ იყოს, შენი ამოცანა სწორედ ისაა, რომ დააინტერესო და მოიზიდო უცხოელი მეცნიერი. აფრიკის რომელიმე ტომის ენის საკითხებსაც შეიძლება იკვლევდეს ევროპელი მკვლევარი, არათუ ქართულ ენას, რომელიც ასეთი მდიდარი ისტორიისაა. ბურთი ჩვენს მხარესაა და უნდა გავიტანოთ, დავაინტერესოთ და დავანახოთ ჩვენი პოტენციალი.
ვფიქრობ, ეს განწყობა მოდის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან, როცა ჩვენს წვენში ვიხარშებოდით და გვეგონა, რომ ჩვენს გარდა ეს არავის აინტერესებდა და ადგილობრივად უნდა გვქონოდა ჟურნალიც და კონფერენციაც. საბჭოთა პერიოდიდან გამოგვყვა, რომ აქ უნდა იყო წარმატებული მეცნიერი და არა იქ, ამიტომ ყველაფერი ადგილზე უნდა გვეკეთებინა, მათ შორის კვლევის შეფასებაც.
– მეცნიერება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტთა ჩამონათვალში წელსაც მოხვდა. ასე იყო გასულ წლებშიც: შედეგად, შეიცვალა მიდგომები და მოთხოვნები მკვლევრებისა და პროფესორების მიმართ, გაიზარდა უცხოეთში გამოქვეყნებულ სტატიათა რიცხვიც. აქ საუბრობენ, რომ ცვლილებები შეიმჩნევა და სტანდარტებიც მაღლდება, მაგრამ, როგორ ჩანს, ეს ყველაფერი უცხოეთის თვალით... თქვენი აზრით, დაიძრა თუ არა მეცნიერების განვითარების პროცესი საქართველოში?
– მართალი გითხრათ, ვერ ვგრძნობ, რომ ამ კუთხით რამე წინ წავიდა ან ახლა მიდის, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რეგრესი არ არის. ამას დიდად განაპირობებს რუსთაველის ფონდის და საგრანტო დაფინანსების არსებობა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. იმისდა მიუხედავად, თუ რას ამბობენ, მგონია, რომ ამ ქვეყანაში მეცნიერება რეალურად არ არის პრიორიტეტული და ამაზე ჩემი მოსაზრებაც მაქვს: მეცნიერება ხანგრძლივ ინვესტიციას მოითხოვს. დღეს ჩადებული ინვესტიცია 10 და 20 წლის შემდეგ მოგცემს ნაყოფს. ისეთი ქვეყნისთვის კი, როგორიც საქართველოა, მეცნიერების დაფინანსება, პოლიტიკური თვალსაზრისით, არამომგებიანია. პოლიტიკოსი დღეს რომ ჩადებს ინვესტიციას, 4 წლის შემდეგ არჩევნებია და შედეგი უნდა ნახოს. მეცნიერება ასე მოკლე დროში შედეგს ვერ მოგცემს. ამიტომ ამის გაკეთება ნაკლებად მიმზიდველია. მიუხედავად ამ განწყობისა, უნდა აღვნიშნო, რომ, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით, საინტერესო რაღაც-რაღაცები მაინც ხდება: მაგალითად, გაიხსნა ტექნო-პარკი; არ ვიცი, რამდენად განხორციელებადია, მაგრამ იგეგმება გრანდიოზული უნივერსიტეტის გახსნა, თუმცა ეს არის ერთეული შემთხვევები. 
– მაშ, რა გზას ხედავთ მეცნიერების განვითარების პროცესის დასაჩქარებლად?
– დავუბრუნდები ზემოთ ნათქვამს და გეტყვით, რომ გარე რეფერირების გზით უნდა მოხდეს იმ რესურსების და პოტენციალის გამოვლენა და შეფასება, რაც ქვეყანას აქვს – ეს იქნება ინტელექტუალური თუ მატერიალური კუთხით. უნდა გამოიყოს მიმართულებები და ჯგუფები, რომლებსაც შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ საერთაშორისო სამეცნიერო დონეს და ისინი უნდა წახალისდეს. ასეთი სიცოცხლისუნარიანი ჯგუფები რომ განვითარდება, დროთა განმავლობაში გაიყოლიებს იმას, ვისაც განვითარების უნარი აქვს. ხოლო ვისაც ეს უნარი არ აქვს, უნდა გაქრეს – შენ ხელოვნურ სუნთქვაზე ვერ ამყოფებ მიმართულებას, იმიტომ, რომ ასი წლის წინ მაღალი დონე ჰქონდა ან საბჭოთა კავშირის დროს წარმატებული იყო. თუ დღეს არ გაქვს საერთაშორისო სტანდარტების სკოლა და ის სიცოცხლისუნარიანი არაა, არ გყავს ადამიანური რესურსი ან არ გაქვს ინფრასტრუქტურა, რაც აუცილებელია მისი განვითარებისთვის, ფიზიკურად შეუძლებელია დარგის ან მიმართულების გაცოცხლება. მე იმისიც მჯერა, რომ, როგორც ადრე ბერიტაშვილი ჩამოვიდა და ნულიდან შექმნა სკოლა, ასე შეიძლება დღესაც ვინმე ჩამოვიდეს ან აქ განვითარდეს პიროვნება, რომელიც რომელიმე მიმართულებას ახალ სიცოცხლეს მიანიჭებს. ეს პროცესი დინამიკური უნდა იყოს – დღეს ერთი სეგმენტი განვითარდება, ხვალ – სხვა და მიაღწევს წარმატებას. ჩემი აზრით, ეს დინამიკურობა არის მნიშვნელოვანი და იძლევა იმის საშუალებას, რომ სწრაფად მოხდეს განვითარება. აქვე იმასაც დავძენ, რომ არის ტრადიციული მიმართულებები, რომელსაც მეტი დრო სჭირდება, მაგრამ არის ისეთი მიმართულებები, რომელიც ამგვარ დინამიკას საჭიროებს, რათა სწრაფად მოხდეს მსოფლიო სტანდარტებზე გადართვა.
– ეს რაც შეეხება ზოგადად მეცნიერების განვითარებას... უნივერსიტეტში რა უნდა გაკეთდეს? რით უნდა დავიწყოთ?
– პირველ რიგში, უნივერსიტეტთან სამეცნიერო ინსტიტუტების რეალური ინტეგრირება უნდა მოხდეს. იმ ინსტიტუტების თანამშრომლები, რომლებიც უნივერსიტეტთან არიან მიერთებულნი, დღესაც მიიჩნევენ, რომ არ არიან უნივერსიტეტის ნაწილი. ვფიქრობ, თავად უნივერსიტეტიც უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ეს ხალხი მის სივრცეში ინტეგრირდეს. თანამშრომლობა და ურთიერთობა ორმხრივი უნდა იყოს – უნდა ვიცოდე, შენთან თანამშრომლობით რას ვიღებ და შენ რა ინტერესი და მოგება გაქვს ამით. უნივერსიტეტმა და სამეცნიერო ინსტიტუტებმა თვალნათლივ უნდა დაინახონ, რა სიკეთე შეუძლიათ მოუტანონ ერთმანეთს. ერთი მხრივ, იმ მეცნიერულმა პოტენციალმა, რაც სამეცნიერო ინსტიტუტებშია და რაც უნივერსიტეტს აკლია და, მეორე მხრივ, განათლების სისტემისადმი წვდომამ და ახალი ცოდნის მიღებამ, რაც ინსტიტუტებს არ აქვს, ერთმანეთი უნდა შეავსოს. კვლევითმა ინსტიტუტებმა სტუდენტებისგან უნდა მოამზადოს ახალი კადრები. ეს კი ამ ორი სეგმანტის ინტეგრაციის გარეშე ვერ მოხდება. 
დასავლეთში მეცნიერება კეთდება პოსტდოკების და დოქტორანტების ხელით. მაგალითად, მე ვზივარ და სტატიებს და პროექტებს ვწერ, რომ დაფინანსება მივიღო, კვლევას კი დოქტორანტები აკეთებენ. ისინი საიდან მოდიან? უნივერსიტეტიდან. ჩემს ლაბორატორიაში მუდმივი თანამდებობა მხოლოდ მე მაქვს, დანარჩენი ყველაფერი საგრანტო სისტემაზეა დამოკიდებული. ასე იქნება საქართველოშიც, თუ ორივე მხარემ დაინახა ერთმანეთის საჭიროება და მათი ინტეგრაცია მოხდა. 
მიჭირს ახლა იმის თქმა, ეს ყველაფერი ადმინისტრაციულად როგორ უნდა განხორციელდეს, მაგრამ, პრინციპი ასეთი უნდა იყოს. აქ ტრადიციაა ასეთი, რაკიღა უნივერსიტეტის თანამშრომელი ხარ, აუცილებლად ლექციას უნდა კითხულობდე. მე შეიძლება წელიწადში ერთი ლექცია წავიკითხო ან არც წავიკითხო, მაგრამ კვლევას ვატარებ და უნივერსიტეტის ნაწილი ვარ. დოქტორანტურა განათლების ბოლო საფეხურია. მე ვასწავლი მათ, მაგრამ არ არის აუცილებელი, ყოველდღე ლექციას ვკითხულობდე და სემინარზე შევდიოდე. 
აი, ესაა გასაკეთებელი – უნდა გადაფასდეს – ვინ არის მეცნიერი, ვინ ლექტორი, რა ევალება პროფესორს, როგორ უნდა შეერწყას მეცნიერება და განათლება ერთმანეთს. თუ მკითხავთ, ესაა რეალისტური გზა იმისა, თუ როგორ განვითარდეს უნივერსიტეტი. დღეს ვხედავ, რომ უნივერსიტეტის ახალი ხელმძღვანელობა ამ გზით მიდის – ყოველ შემთხვევაში, თვალნათლივ იკვეთება, რომ მას ეს გზა აქვს აღებული და ასეც უნდა იყოს – ვერ გექნება პრეტენზია მაღალი დონის უნივერსიტეტზე, თუ კვლევა არ არის ინტეგრირებული სწავლებასთან. 
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბევრი მეცნიერი აღუზრდია და მათგან დიდი ნაწილი წარმატებით მოღვაწეობს საზღვარგარეთ. წლებია, ვხედავთ, რომ მათ შორის, ვინც ჯიუტად არ ანებებს თავს მშობლიური უნივერსიტეტის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ბრძოლას, თქვენც ხართ. ამჯერად რა საგანს კითხულობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში?
– დიდი ხანია, მედიცინის მიმართულების დოქტორანტებისთვის შემოვიტანე საგანი „პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება“, რათა მათ, როგორც მომავალმა მკვლევრებმა და ლექტორებმა, იცოდნენ, რომ, გარდა კლასიკური ლექციისა და სემინარისა, არსებობს სხვა მეთოდებიც. ამ კურსის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი, როგორც სტუდენტები, თავად მონაწილეობენ სწავლების პროცესში და უშუალოდ ეცნობიან ამ მეთოდის პრივილეგიას. ეს მეთოდი არ არის ადვილი დასანერგი, არის ინტერაქტიული და დამყარებულია ჯგუფურ მუშაობაზე. დაახლოებით 100 დოქტორანტი იქნება, ვინც ეს კურსი გაიარა და ჯერ არ მინახავს ვინმე, ვინც ამ მეთოდით არ იყოს აღფრთოვანებული.
მეორე საგანი, რასაც ვასწავლი, ესაა აკადემიური წერა – როგორ გააკეთონ პრეზენტაცია, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, როგორ დაწერონ სამეცნიერო გრანტი და სამეცნიერო სტატია. ისინი პრაქტიკულად ასრულებენ ამას და ახლა გვაქვს სურვილი, იმ დონეზე დაწერონ საგრანტო აპლიკაცია, რომ, ვინაიდან რუსთაველის ფონდმა გრანტების გაცემა უკვე დოქტორანტებისთვისაც დაიწყო, ჩვენმა სტუდენტებმაც სცადონ ბედი. მომავალში ამ კონკურსებში მონაწილეობა სავალდებულო გახდება. არ ვფიქრობ, რომ ყველა დაფინანსდება, მაგრამ, მთავარია, კონკურენტუნარიანი საგრანტო პროექტი დაწერონ და, ექსპერტების შენიშვნების გათვალისწინებით, გაიზარდონ, როგორც მკვლევრები და მეცნიერები. ეს არის მეცნიერების დღევანდელი დღე.


მომავალში შესაძლებელი იქნება ადამიანის ტვინში დაზიანებული ნეირონების ახლით ჩანაცვლება

ზაალ კოკაიას ახალი პუბლიკაცია და საინტერესო აღმოჩენა

– წარმოუდგენელია, ესაუბრო ზაალ კოკაიას და არ დაინტერესდე მისი ბოლო სამეცნიერო კვლევებით. რას ეტყვით უნივერსიტეტის საზოგადოებას – ამჯერად რა სიახლეები გაქვთ სამეცნიერო ასპარეზზე?
– ბოლო პუბლიკაცია, რომელიც გამოვაქვეყნე, ძალიან საინტერესო აღმოჩენას ეხება – ესაა ტვინის უჯრედებში დაზიანებული ნეირონების ჩანაცვლება ახალი ნეირონებით. 
კვლევა საინტერესო იყო იმდენად, რამდენადაც ექსპერიმენტები ტარდებოდა ვირთაგვებზე და ნეირონების შესაქმნელად ვიყენებდით ადამიანის კანს და ადამიანის კანიდან მიღებულ ნეირონებს. ეს არის ე.წ. ინდუცირებული პლურიპოტენტული უჯრედების გამოყენების მეთოდი, რომელიც 2012 წელს ნობელის პრემიით აღინიშნა. ეს მეთოდი გაძლევს საშუალებას, რომ მოახდინო უჯრედის რეპროგრამირება, ანუ ერთი ტიპის უჯრედი გარდაქმნა მეორე ტიპის უჯრედად. ჩვენ ადამიანის კანიდან მიღებული ნერვული უჯრედები გადავნერგეთ ვირთაგვას იშემიით დაზიანებულ ტვინის ქერქში. დავაკვირდით, რომ გადანერგილი ნეირონები განვითარდა და ჩამოყალიბდა, როგორც ფუნქციური ნეირონები, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ სინაფსური კავშირები დაამყარეს მასპინძლის ნეირონებთან. როცა ამ ცდების დროს ვახდენდით ვირთაგვას თათის ან ცხვირის სტიმულაციას, ეს გადანერგილი ნეირონები პასუხობდნენ ელექტრული განმუხტვით – ანუ გახდნენ ვირთაგვას ნერვული რკალის ნაწილი და მოხდა მათი ფუნქციური ინტეგრირება მასპინძლის ტვინში, ეს კი თავის მხრივ მიუთითებს იმაზე, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება ადამიანის ტვინში დაზიანებული ნეირონების ახლით ჩანაცვლება. ამ მიდგომით ჩვენ ვაწვდით ტვინს ახალგაზრდა, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ნეირონებს, რათა ტვინში მიმდინარე რეგენერაციის პროცესში მოხდეს მათი გამოყენება და ნერვული რკალების აღდგენა. ეს მასალები გამოქვეყნდა ძალიან ცნობილ სამეცნიერო ჟურნალში „Bრაინ“, რომელსაც ოქსფორდის უნივერსიტეტი გამოსცემს. 
ამ ეტაპზე გვინდა გავაგრძელოთ ეს კვლევა და ვნახოთ, რამდენად შეაქვს წვლილი ახალი ნეირონების ფუნქციონირებას რეგენერაციის პროცესში. დღეს უკვე ვიცით, რომ გადანერგვა იწვევს გაუმჯობესებას, ახლა გვაინტერესებს, რამდენად უწყობს ხელს ნერვულ რკალში ახალი უჯრედების ჩართვა ნეირონული ფუნქციის აღდგენას და რეგენერაციის რა ნაწილშია ისინი მნიშვნელოვანი. ამისთვის მოვახდენთ გადანერგილი ნეირონის აქტივობის შეკავებას გენეტიკური მანიპულირების გზით და ვნახავთ – რა გავლენას იქონიებს ეს ტვინის ფუნქციაზე. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი საინტერესო და მიმზიდველია ჩემი პროფესია...
– თუ იგეგმება ამ მეთოდის კლინიკაში დანერგვა?
– ჩვენ ვმოღვაწეობთ ტრანსილაციურ მედიცინაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ის აღმოჩენები, რასაც საბაზისო კვლევა იძლევა, მიგვაქვს კლინიკაში. ტრანსილაციური მედიცინა არ არის ცალმხრივი მოძრაობა ლაბორატორიიდან კლინიკაში – ეს ორმხრივია – კლინიკამაც უნდა განსაზღვროს, რისი საჭიროება აქვს და რა დაინერგება რეალურად პრაქტიკაში, რომ ღირებული რამ შეიქმნას, რაც საბოლოოდ პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უნდა მოემსახუროს.
ინსულტი არის ინვალიდობის ნომერ პირველი გამომწვევი. დღეისათვის რეალურად ასეთ პაციენტებს ვერაფერს ვთავაზობთ, რომ ის ფუნქცია, რაც დაუქვეითდა, გაუმჯობესდეს. პრაქტიკულად ასე ხდება – თუ გადარჩა ადამიანი, რასაც თავისით აღიდგენს, აღიდგენს, რასაც ვერა, რჩება იგივე მდგომარეობაში. მართალია, არის რეაბილიტაციის კურსი, მაგრამ ეს უფრო ახალ რეალობასთან შეგუებაა, ვიდრე მკურნალობა, მედიკამენტურად ვერ ვეხმარებით. ინსულტის ადრეულ სტადიებში კეთდება ტრომბოლიზი ან ტრომბოქტომია (სისხლის კოლტის დაშლა ან ამოღება), მაგრამ ეს ძალიან ხანმოკლე პერიოდში, დაახლოებით 4 საათის განმავლობაში შეიძლება მოხდეს და ამის გაკეთება პაციენტების მხოლოდ მცირე რაოდენობაში ხერხდება. ამის შემდეგ, რეგენერაციის პროცესში, უკვე ვერაფერს ვთავაზობთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მეთოდი, ტვინს შეიძლება დაეხმაროს რეგენერაციაში და ის გახდეს უფრო ჩქარი და ინტენსიური.
– და ბოლოს, საქართველოში გახშირდა რეკლამები ღეროვანი უჯრედების ბანკებისა, რომლებიც მოუწოდებენ ადამიანებს, შეინახონ ახალშობილის ჭიპლარი, რაც, ამ რეკლამების მიხედვით, პანაცეაა გარკვეული დაავადებების განკურნების პროცესში. ჩვენ ამის თაობაზე ერთხელ უკვე ვისაუბრეთ. მაშინ თქვენ ამბობდით, რომ მთლად ასეც არ არის საქმე...
– ვამბობდი და ახლაც ვიტყვი. ხშირად მეკითხებიან ამის შესახებ და ჩემი პასუხი ესაა: მე რომ გამიჩნდეს შვილი, ჭიპლარის ღეროვან უჯრედებს ჩემი შვილისთვის არ შევინახავ, რადგანაც არ მაქვს გენეტიკური მიდრეკილება არც ჰემატოლოგიური და არც მეტაბოლური დაავადებისკენ. ჭიპლარის ინდივიდუალური შენახვა, ჩემი აზრით, არ არის გამართლებული. თუმცაღა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დონაცია არ მოხდეს და საზოგადოებრივ ბანკში არ დაგროვდეს ეს ღეროვანი უჯრედები. მათ ის გამოიყენებს, ვისაც დასჭირდება და ვისთვისაც თავსებადი იქნება.
– ვიღაცებისთვის ეს ბიზნესი გახდა... 
– დიახ, ბიზნესია და ბევრი ადამიანი ამ ბიზნესში ნებაყოფლობით ჩაერთო, მაგრამ წლებია გასული და მე პირადად ერთი შემთხვევაც არ ვიცი, რომ ვინმემ მოახერხა შენახული ღეროვანი უჯრედების წარმატებით გამოყენება. უჯრედები რომც დაგჭირდეს, ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც მათ გამოყენებას პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის და ამის შესახებ ძალიან ბევრჯერ მაქვს დაწერილი.