ბერძნული წარწერები უკვე ონლაინ-კატალოგში იქნება ხელმისაწვდომი

04 მაი 2017

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დასასრულს უახლოვდება მუშაობა მეტად საინტერესო გამოყენებით სამეცნიერო პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში აღმოჩენილი ბერძნული წარწერების ონლაინ-კატალოგის შექმნას. 
პროექტი 2015 წელს დააფინანსა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა. მისი ხელმძღვანელია თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მსოფლიო ისტორიის მიმართულების პროფესორი ლევან გორდეზიანი, ხოლო ჯგუფი, რომელიც უკვე ორი წელია ამ პროექტზე მუშაობს, უნივერსიტეტის პროფესორებისა და პედაგოგებისაგან შედგება. კერძოდ, მასში ჩართულნი არიან თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები ირინა დარჩია და ეკა კობახიძე, მასწავლებლები ლელა ჩოთალიშვილი და ნათია ფიფია, ასევე დოქტორანტი ანა ჟორჟოლიანი.
პროექტის მიზანი იყო საქართველოში აღმოჩენილი ძველბერძნული წარწერების კომპიუტერული ბაზის შექმნა. რას მოიცავს ეს ბაზა და კონკრეტულად რომელი წარწერები მოექცევა ამჯერად ონლაინ-კატალოგში, გვესაუბრება პროექტის ხელმძღვანელი ლევან გორდეზიანი:

– ბატონო ლევან, რატომ გადაწყვიტეთ ონლაინ-კატალოგის შექმნა და რა სამუშაოები უძღოდა წინ პროექტის განხორციელებას?
– საქართველოს ბერძნული წარწერები რამდენჯერმე გამოიცა: ჯერ კიდევ 1950-იან წლებში თინა ყაუხჩიშვილის მიერ, ხოლო შემდგომ, 90-იანი წლების ბოლოს და ორიათასიანი წლების დასაწყისში, კიდევ რამდენიმე გამოცემა გამოვიდა (მაშინ მძიმე წლები იყო და წიგნებს მცირე ტირაჟით ვუშვებდით). მას შემდეგ, რაც არსებულ ბაზას სიახლეები შეემატა, კიდევ გამოვიდა სერიოზულად გადამუშავებული კორპუსი, რომელიც 2009 წლით თარიღდება. მასში შესულია ყველა ბერძნული წარწერა, რაც იმ დროისთვის საქართველოში იყო ნაპოვნი. სამწუხაროდ, ზოგი მათგანი, აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების გამო, უკვე დაკარგულია და მათი ბედი არ ვიცით. გარდა ამისა, 2002 წელს გამოვიდა მარიკა ნასიძის წიგნი „ბერძნული გრაფიტო“, სადაც შევიდა ნაკაწრი (ძირითადად კერამიკაზე ნაპოვნი) წარწერები.
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბერძნული წარწერების კორპუსიდან აგვეღო წარწერები უძველესი დროიდან ადრექრისტიანულის ჩათვლით, დაგვემატებინა გრაფიტო (მონუმენტურ-დეკორატიული ფერწერის სახესხვაობა – ბათქაშის ზედა თხელ ფენას კაწრავენ იმდენად, რომ გამოჩნდეს ქვედა ფენა, რომელიც ფერით განსხვავდება ზედა ფენისაგან; წარმოიშვა მე-15-17 სს-ში იტალიაში, საიდანაც გავრცელდა გერმანიაში, ჩეხეთში და სხვ.;) და გაგვეხადა ელექტრონულად ხელმისაწვდომი.
ჩვენმა ჯგუფმა ეს წარწერები ჯერ ტრადიციული სახით მოამზადა და შემდეგ გადაამუშავა – დამზადდა სპეციალური ფაილები, რათა მონაცემები საიტზე განთავსდეს. ახლა სწორედ ატვირთვის პროცესში ვართ და მაისში დასაწყისში საიტი ოფიციალურად გახდება ხელმისაწვდომი. იგი ორენოვანი იქნება. მის ინგლისურ ვერსიას ელენე ტატიშვილი ხელმძღვანელობს. 
აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ, წინასწარი მზადების პროცესში ჩვენ ჩართული გვყავდა ბულგარელი კოლეგა, სოფიის უნივერსიტეტის პროფესორი დიმიტარ ილიევი, რომელიც ბულგარეთში ანალოგიურ პროექტში მონაწილეობდა. მან ჩაგვიტარა სპეციალური ტრენინგი, თუ როგორ დაგვემზადებინა ფაილები და როგორ გაგვერთვა თავი იმ სირთულეებისთვის, რაც ამ ტექსტების კომპიუტერულ ფორმატში დამუშავებას ახლავს თან.
– რა მოცულობის მასალა განთავსდება საიტზე და რა პერიოდს მოიცავს ის წარწერები, რომელიც ელექტრონული ბაზისთვის დაამუშავეთ?
– სულ არის 154 ტექსტი და ძირითადად მოიცავს პერიოდს უძველესი დროიდან ახალი წელთაღრიცხვის VII საუკუნემდე. ეს არის ძირითადად ქვაზე, თიხაზე და სხვადასხვა ნივთებზე: ბეჭდებზე, ვერცხლის ნაკეთობებზე ნახული წარწერები. მათი დიდი რაოდენობა არის აღმოჩენილი მცხეთაში: სამთავროს მონასტერში, ბაგინეთში, სვეტიცხოველში და ა.შ. საკმაოდ მრავალფეროვანი ნიმუშებია.
– როგორი იქნება საიტი, რა ინფორმაცია განთავსდება მასზე?
– საიტზე იქნება თავად ბერძნული ტექსტი, მისი აღწერილობა, თარგმანი, ფოტო და სამეცნიერო კომენტარი, ასევე ინფორმაცია – რა გამოცემებში შეიძლება მისი გაცნობა, ვინ გამოსცა და ა.შ. საიტს საკმაოდ მდიდარი საძიებო სისტემა ექნება, რაც დაინტერესებულ ადამიანს საშუალებას მისცემს, მოიძიოს იგი სხვადასხვა მაჩვენებლით – თარიღით, სიტყვით ან სხვადასხვა კომბინაციით. 
– რა მნიშვნელობა აქვს ამგვარ პროექტებს და ვისთვის იქნება ის მნიშვნელოვანი?
– ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის წიგნები, რაც იყო გამოცემული ადრე, ერთი მხრივ, არის ბიბლიოგრაფიული იშვიათობა და სტუდენტს რომ მოუნდეს მათი გაცნობა, უნდა მოვიდეს ჩემთან, მე გადმოვუღო და ვაჩვენო, ან სადმე ბიბლიოთეკაში შეიძლება აღმოჩნდეს ერთი-ორი. გარდა ამისა, რაც უნდა კარგი საძიებო სისტემა ჰქონდეს წიგნს, ის მაინც ვერ ამოწურავს თქვენს ყველანაირ ინტერესს ტექსტის მიმართ, ხოლო როცა საძიებო სისტემა კომპიუტერულია, შეგიძლიათ ნებისმიერი კაპრიზი და ინტერესი დაიკმაყოფილოთ და ერთი კონკრეტული სიტყვით ან კომბინაციით მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო ტექსტი.
მეორე მხრივ, კვლევის პროცესში ასეთი საძიებელი ძალიან ამარტივებს შრომას. თავის დროზე, როცა დისერტაციაზე ვმუშაობდი, 5 წელი მოვუნდი სასურველი ტექსტების ასლების მოგროვებას. დღეს ეს საქმე 5 წუთშია შესაძლებელი. 
ეს უმნიშვნელოვანესი ბაზაა იმ უცხოელი მეცნიერებისთვის, რომლებიც ამგვარ ტექსტებზე მუშაობენ. საშური და საჭირო საქმეა, რომ მათაც იცოდნენ – რა ბაზას ფლობს ჩვენი ქვეყანა. მათთან ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს და მოუთმენლად ელიან, რომ ეს მასალები ხელმისაწვდომი გახდეს.
იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ ამ პროექტს. ცხადია, დაფინანსებისთვისაც ვიზრუნებთ. გვაქვს მზაობა იმისა, რომ თუ რამე ახალი აღმოჩნდება, შევმატოთ ბაზას, რათა ის გამდიდრდეს სამეცნიერო ლიტერატურით და იყოს ცოცხალი პროცესი...