პირველი კვლევა ქართული მედიაციის ეთიკაში

03 მაი 2017

იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი, თსუ-ს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ჩიტაშვილი საქართველოში მედიაციის ეთიკაში პირველ მეცნიერულ კვლევას ახორციელებს. პროექტი მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის სტიპენდიის ფარგლებში ხორციელდება. კვლევის შედეგების გამოყენება შესაძლებელია მედიაციის ეთიკის კოდექსის შემუშავებისას, სასწავლო კურიკულუმში და მედიატორების კადრების მომზადების პროცესში.
მედიაციის ინსტიტუტის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზების მიზანს ემსახურება სამართლის დოქტორის, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, სერტიფიცირებული მედიატორისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის გამგეობის წევრის ნათია ჩიტაშვილის მიერ ჰამბურგის მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის (Max Planck Institute for Comparative and International Private Law) კვლევითი სტიპენდიის მოპოვება. კვლევა განხორციელდება ჰამბურგში, მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის დირექტორის, ემერიტუს პროფესორ კლაუს ჰოპტის ხელმძღვანელობით.
„2011 წელს მედიაციის ინსტიტუტის, როგორც დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ფორმის, საკანონმდებლო იმპლემენტაცია საქართველოში და თსუ-ს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის დაფუძნება დავის მშვიდობიანი გადაწყვეტის დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისკენ გადადგმული პროგრესული ნაბიჯი იყო. „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერამ და მედიაციის ინსტიტუტის განვითარების განვლილმა გამოცდილებამ საქართველო, როგორც ევროინტეგრაციის პროცესის განუყოფელი ნაწილი, დააყენა მედიაციის კანონმდებლობის სრულყოფის გადაუდებელი ამოცანის წინაშე. სამართლისადმი ხელმისაწვდომობის ზრდა ევროკავშირის პოლიტიკის ფუნდამენტური ღირებულებაა. აღნიშნული კუთხით საქართველოს ვალდებულება გულისხმობს დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის მხარდაჭერას არა მხოლოდ პოლიტიკურ სივრცეში, არამედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, დანერგოს დავის გადაჭრის შესატყვისი მექანიზმები ქვეყნის ფარგლებში.
საქართველო, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, ევროკავშირის სახელმწიფოების საერთო ღირებულებების მოზიარეა. საქართველოს მისწრაფებაა ჩაერთოს ევროპის საერთო სამართლებრივ სივრცეში, დანერგოს ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებები და შეუსაბამოს შიდასახელმწიფოებრივი სტანდარტები ევროკავშირის სამართლის დემოკრატიულ პრინციპებს. „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ პრეამბულაში ხაზგასმული დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის სისტემის სრულყოფის მიზანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი განმსაზღვრელი პრინციპია“, – განაცხადა ნათია ჩიტაშვილმა.
საერთაშორისო სივრცის მსგავსად, საქართველოში მედიაციის განვითარების კვალდაკვალ პროფესიული ეთიკის დამოუკიდებელი სფერო – მედიაციის ეთიკა ყალიბდება. ნათია ჩიტაშვილი ჩართულია მედიაციის კანონპროექტისა და მედიაციის ეთიკის კოდექსის შემმუშავებელ ჯგუფში, რომელშიც ასევე წარმოდგენილნი არიან სახელმწიფოსა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციათა ექსპერტები. მედიაციის კანონმდებლობის სრულყოფის ფონზე ნათია ჩიტაშვილის კვლევის მიზანია საერთაშორისო პრაქტიკის, უპირველესად, ევროპის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა მედიაციის ინსტიტუტის ეთიკური საფუძვლების რეკომენდებული მოწესრიგების, მედიატორის ქცევის წესებისა და მედიაციაში წარმომადგენლობის ეთიკური საფუძვლების განსაზღვრისთვის. მედიატორის ქცევის ეთიკური სტანდარტების შემუშავების მეცნიერული საფუძვლის მომზადება მნიშვნელოვნად დაეხმარება მედიაციის პროვაიდერებს მედიაციის ეთიკის თვითრეგულირების დამოუკიდებელი მექანიზმების იმპლემენტაციაში. კვლევის ავტორის თქმით, „მედიატორის ეთიკის სტანდარტების დადგენა არსებითად წაახალისებს სახელმწიფოს მხრიდან, მედიაციის, როგორც ეთიკურ სტანდარტებზე დაფუძნებული პროცესის, მხარდაჭერას. ეთიკის წესების უზრუნველმყოფი პასუხისმგებლობის განსაზღვრა კი ეთიკის წესებსა და ვალდებულებებს აღსრულებადს გახდის. კვლევის საფუძველზე მედიატორისა და მედიაციაში მონაწილე წარმომადგენლების ეთიკური ქცევის საფუძვლების განსაზღვრა ხელს შეუწყობს მედიაციის, როგორც მხარეთა ნებაყოფლობითობაზე, კონფიდენციალურობაზე, თვითპასუხისმგებლობასა და მედიატორის ნეიტრალურობაზე დაფუძნებული პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის გაღრმავებას და მისი, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის, წარმატებულ სახელმწიფოებრივ ინსტიტუციონალიზაციას“.
ნათია ჩიტაშვილმა კვლევის პირველი ნაწილი უკვე განახორციელა, პროექტის დასრულება აგვისტოს თვეში იგეგმება. გარდა იმისა, რომ კვლევის შედეგები მედიაციის ეთიკის კოდექსის შემუშავებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, ასევე იგეგმება მედიაციის ეთიკის კურსის დანერგვა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამაშიც და შესაბამისი სახელმძღვანელოს გამოცემაც. მედიაციის სფეროში ქართულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მედიაციის სფეროში ქართულენოვანი ლიტერატურა საკმაოდ მწირია, თუ არ ჩავთვლით თსუ-ს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო პერიოდულ ჟურნალს „დავის ალტერნატიული გადაწყვეტა – წელიწდეული“, რომელიც 2012 წლიდან ქვეყნდება და შესულია ჰარვარდის უნივერსიტეტისა და მაქს-პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო ბიბლიოთეკების ბაზებში.