ახალი სახელმძღვანელო ქართული ენის შესწავლის მსურველთათვის

06 ოქტ 2015

ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას  ემსახურება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, ნინო შარაშენიძის ახალი, ქართული ენის შესასწავლი სახელმძღვანელო  -  „მიდამო 1“, რომელიც    2014-2015 სასწავლო წელს შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული - მარი კიურის - „ევროკავშირში გაწევრიანების წინა პროცესის საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობები, შეზღუდვები, დაბრკოლებები და გამოწვევები“, -  პროექტის ფარგლებში.

ქართველი პროფესორი ვილნიუსის უნივერსიტეტში 2015 წლის 1 თებერვლიდან 2015 წლის 15 ივნისამდე ქართული ენის სალექციო კურსის წასაკითხად მიიწვიეს,  სადაც სამუშაო გეგმის მიხედვით,  სასწავლო პროცესში მონაწილეობის გარდა,  გეგმით გათვალისწინებული იყო საჯარო ლექციების ჩატარება ვილნიუსის უნივერსიტეტის, უცხო ენების ინსტიტუტის, ასევე სხვა ინსტიტუტების თანამშრომელთა და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

ნინო შარაშენიძის ინფორმაციით,  სწორედ კურსის წარმართვის პროცესში შეიქმნა ქართული ენის შესასწავლი სახელმძღვანელო, რომელიც აგებულია ქართული ენის კომუნიკაციური გრამატიკის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით.

„უნიკალური ქართული ანბანი, ქართული ენის თავისებური მექანიზმი, ქართული ზმნა - მხოლოდ ამ სირთულეთა დასახელებაც კი საკმარისია, რომ ნათლად გამოჩნდეს ენის შემსწავლელის წინაშე დასმული ამოცანები. წიგნში ყველაფერი ისეა მოწოდებული, რომ ქართული ენით დაინტერესებულ ადამიანებს  ამ სირთულეების დაძლევა გაუადვილდეთ და ძალიან მალე მიეცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ქართულად ამეტყველდნენ და გარკვეული მოცულობის ტექსტები დამოუკიდებლად შექმნან.  ეს მოტივაცია ენის სწავლის პროცესში მნიშვნელოვანი საკითხია მომდევნო რთული ეტაპების გავლისათვის და მეტ სტიმულს აძლევს ენის შემსწავლელს.

 „მიდამო 1“ კომუნიკაციური გრამატიკის პრინციპებზეა აგებული და წარმოადგენს ენის ფლობის A 1- A 2 დონეს. სახელმძღვანელოს მთავარი ხაზი ქართულ ენაზე კომუნიკაციის აგებაა. ამდენად, წიგნში გათვალისწინებულია ყველა ის საკითხი და თემა, რომლებზეც ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოს დასრულების შემდეგ შეძლებს საუბარს. შეძლებისდაგვარად მოწოდებულია მასალა იმ სირთულეების დასაძლევად, რომლებიც განსაკუთრებულად იგრძნობა ქართული ენის შესწავლისას,“ - ამბობს ნინო შარაშენიძე.

აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოში  მოცემულია კონკრეტულ საკითხებზე აგებული სავარჯიშოები. წიგნს  თან ერთვის სასარგებლო ინტერნეტბმულების სია,  ძირითადად, ლექსიკონები, რომლებიც ენის შემსწავლელს მუდმივად გაუწევს დახმარებას. სახელმძღვანელოს  ერთვის აუდიომასალაც,  სადაც  ჩაწერილია ყველა თემის ტექსტი და ასევე დამატებითი საკითხავის ტექტსებიც.

„შეიძლება ითქვას, რომ ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართული ენის კურსი წარმატებით დასრულდა. სასურველია, რომ ამგვარი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდეს და ქართული ენისა და კულტურის საკითხების სწავლება გახდეს ახალი და მეტად მნიშვნელოვანი მიმართულება ვილნიუსის უნივერსიტეტში, რაც ახალ სიმაღლეზე აიყვანს ორი ქვეყნის -  საქართველოსა და ლიტვის ურთიერთობას,“ - აცხადებს ნინო შარაშენიძე.