მუსიკალური თერაპია და ხმამაღალი ბგერების მავნებლობა

05 მაი 2017

რა გავლენას ახდენს მუსიკა ადამიანსა და ბუნებაზე, რა უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ხმამაღალმა ბგერებმა ადამიანის ფსიქიკაზე – ამ და სხვა საკითხებზე მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით მიღებულ დასკვნას ამოიკითხავთ ნუგზარ ალექსიძის ახალ წიგნში „ადამიანი, მუსიკა და ეკოლოგია“, რომლის რედაქტორები არიან: აკადემიკოსი ნოდარ მითაგვარია, პროფესორი ნუგეშა მესხი და პროფესორი ნანა სიხარულიძე.
შესავალ ნაწილში ავტორი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი ნუგზარ ალექსიძე გვთავაზობს დასაბუთებულ მოსაზრებას მუსიკალურ ბგერათა ბიოლოგიურობის შესახებ: „1. მუსიკა ადამიანის ემოციური მდგომარეობის ბგერებით გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა; 2. ბგერა მექანიკური რხევაა, რომელიც ყურით შეიგრძნობა 20-დან 20000-მდე ჰერცის სიხშირის ფარგ­ლებში. რაც უფრო დიდია სიხშირე, მით უფრო მაღალია ბგერა. ბგერაში შედის სიხშირის ტონები, რაზეც დამოკიდებულია ტემბრი. ყველა ბგერას აქვს თავისი სპეციფიკური ძალა; 3. ბგერით ხდება ახალშობილის ემოციური აქტიურობის გამოხატვა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ არ მეტყველებს; 4. ბგერით ხდება ცხოველთა აქტიურობის ემოციური გამოვლინებაც ბუნიანობისას, როცა შეწყვ­ილების მიზნით სპეციფიკურ ბგერებს გამოსცემენ, უხმობენ პარტნიორს. ასევე მკაცრად არის განსაზღვრული მელოდიურობა მგლების ყმუილსა და მაიმუნების მიერ გამოცემულ ბგერებში მღელვარებისას“, – აღნიშნულია მასში. 
წიგნში განსაკუთრებულადაა ყურადღება გამახვილებული იმ ტენდენციებზე, რომელიც თანამედროვე ახალგაზრდობაში შეიმჩნევა და რომელსაც არც თუ დადებითი გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე; კერძოდ, დიდი დოზით უცხოური მუსიკის მოსმენას ე.წ. ფლეიერებით. ავტორი წერს: „დღეს უკ­ვე მრავალი მეცნიერი აღიარებს, რომ ყველა ერში მუსიკალური გამოსახვის შესა­ძ­ლებლობა გენეტიკურ აპარატშია ჩაწერილი და დასტურად მოჰყავთ ის უარყო­ფითი შედეგები, რაც ყურსაცვამებიანმა ფლეიერებმა გამოიწვია თინე­ი­ჯერებში. თინეიჯერები ფლეიერებით უპირატესად ჯაზურ და როკმუსიკას ისმენდნენ. შედეგად, მხოლოდ ახალგაზრდა თეთრკანიანებმა მასიურად მიმართეს ნევროპათოლოგებს თავის ტკივი­ლების, გონების დაკარგვის და გულისრევის გახშირების გამო. ვფიქრობთ, რომ ამის მიზეზია არაეთნიკური მუსიკის რხევების შეუთავსებლობა ეთნოგენეტიკური დნმ-ის რხევებთან. ცნობილია, რომ გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ) ახასიათებს სპეციფიკური „ხმები“ (რხევების შედეგად), რომელიც ზუსტად შეესაბამება სინათლის სპექტრის ფერებს, წარმოიქმნება აკუსტიკური ტალღები, ფაქტიურად დნმ „მღერის“. 
წიგნში ხაზგასმითაა გამოკვეთილი მუსიკალური ბგერებისა და ბიოლოგიური რხევების ურთიერთკავშირი. მოყვანილია უცხოელი მეცნიერების დასკვნა იმის შესახებ, რომ „მღერიან“ როგორც მცენარეული, ისე ცხოველური უჯრედები. ავტორს მაგალითად მოჰყავს კვლევა, რომლის მიხედვითაც ადამიანის ჩანასახის ემბრიონიც კი სპეციფიკურად რეაგირებს მუსიკაზე. მაგალითად, კლასიკური მუსიკის ფონზე ემბრიონში რეგისტრირებული იქნა „ღიმილი“, როკმუსიკის ფონზე კი მოხდა ემბრიონის „შეჭმუხვნა“. 
საინტერესო მონაცემებია მოყვანილი იმის დასადასტურებლად, რომ მუსიკას თავისი ფერი გააჩნია. ნუგზარ ალექსიძე ასაბუთებს, რომ ამას საფუძვლად უდევს ისეთი ფიზიკური მაჩ­ვენებლები, როგორიცაა ტალღის სიგრძე და ცალკეული „ბგერის ფერი“: დო – მწვანე (52 ნმ), დო - რებემოლი - ცისფერი (490 ნმ), რე - ლურჯი (464 ნმ), რე-მიბემოლი - იისფერი (438 ნმ), მი - იისფერი (413 ნმ), ფა - იისფერი (391 ნმ), ფა - სოლ­ბემოლი - წითელი - მეწამული (739 ნმ), სოლ - წითელი (695 ნმ), სოლ - ლაბემოლი - წითელი (657 ნმ), ლა - ნარინჯისფერი (620 ნმ), ლა - სიბემოლი - ყვითელი (585 ნმ) და სი - მწვანე (552 ნმ). ავტორი ერთმანეთს ადარებს სხვადასხვა ჟანრის მუსიკას და ასკვნის, რომ ადამიანებზე საეკლესიო საგალობლებს დადებითი, დამამშვიდებელი გავლენა აქვთ, ასევე სამკურნალო მელოდიად არის მიჩნეული „ბატონები“, რომელსაც ავადმყოფ ბავშვებს უმღერიან. წიგნში გაანალიზებულია აგრეთვე კლასიკური მუსიკის ბგერების სიძლიერის მეშვეობით ადამიანის ემოციების მართვის შესაძლებლობა. მაგალითად, „პ. ჩაიკოვსკის ცნობილი შიშის კვინტეტი ოპერიდან „პიკის ქალი“ დაწერილია ფა-დიეზ მინორში. ფა-დიეზ მინორშია დაწერილი აგრეთვე გ. ვენიავსკის პირ­ველი კონცერტი, ი. ჰაიდნის 45-ე სიმფონია, რომლებ­შიც შესანიშ­ნავა­დაა გამოყენებული აღელვებისა და შიშის გამომხატველი ბგერები და მათი შეთანხმებულობა.
ავტორი შესაბამისი მაგალითების მოხმობით ასკვნის, რომ „მაღალი ბგერები, ე.წ. „აკუსტიკური ნაგავი“ იწვევს იმ ნეირონების დაზიანებას, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება თავის ტვინში ხმოვანი რხევების გადაცემა. ბგერის გამაძლიერებლის ერთმა აკორდმა შეიძლება გაანადგუროს რამდენიმე ასეული ნეირონი. ბგერათა უძლიერესი ზემოქმედების შედეგად პრაქტიკულად ირღვევა ახალგაზრდების ფსიქოემოციური მდგომარეობა ისე, რომ არც გონება და არც სული არ ექვემდებარება ინტელექტუალურ კონტროლს, იკარგება ცნობიერება და ქვეცნობიერად იღვიძებს ცხოველური მისწრაფებები, სექსუალური ლტოლვა, აგრესია, საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლობა, მცდარი თავისუფლება.
წიგნში ცალკე თავი აქვს დათმობილი მუსიკალურ ფსიქოთერაპიას, რომელიც ფსიქოსომატურ და ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანთა სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენება. აქვე ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება აუტიზმით დაავადებული ბავშვების მიმართ. იგი წერს: „დადგენილია, რომ მუსიკის გავ­ლენით აუტიზმით დაავადებულ პაციენტებში ძლიერდება დადებითი ემოციები, რაც იწვევს მათ გააქ­ტიურებას (Kემ, 2014) და მეხსიერების გაუმჯობესებას, პარალე­ლურად აღინიშნება მუსი­კალური უნარისა და შეგრძნებების გაძლი­ერება (Hეა­ტონ, 2005), ნაწილი კი გამოირჩევა მაღალი მუსიკა­ლური პროფესიული უნარითაც (თრეფფატ, 2012)“. აქვე დასაბუთებულია, თუ როგორი ეფექტი აქვს მუსიკას ისე­თი უმძიმესი დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა ალც­ჰეიმერი. ბუნებრივად ისმის კითხვა, თუ რატომ უმჯობესდება თავის ტვინის აქტი­ურობა მუსიკალური თერაპიის შედეგად? „უნდა აღვნიშნოთ, რომ მუსიკალური ნაწარ­მოებების ბგერებისა და ფრაზების გავ­ლენით, ინტენსიურად აქტიურ­დება თავის ტვინის ნერვული უჯრედები და ნეირონული ანსამბლები, სადაც მეხსიერების ენგრა­მის დონეზე ელექტროფიზიოლოგიურადაა ჩაწერილი ადამი­ანის ქცევისა და განწყობის მთელი სამოქმედო ინფორმაცია. ცნობილია, რომ თავის ტვინის ჰიპოკინეზიურ მდგომარეობაში ხანგრძლივი დროით დატო­ვება იწვევს ნეირონული ანსამბლების დაშლას და ნეირონების სიკვდილს. სწორედ მუსიკალური რიტმების გავლენითა და მხატვრული ლიტერატურის კითხვით ხდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ნეირონების აქტი­ურ მდგომარეობაში შენარჩუნება და ახალი ფსიქო­ემოციური ადეკვატური ქცევითი რეაქციების ფორმირება“, – ასკვნის ავტორი და წიგნის ბოლოს უთითებს კლასიკური მუსიკის სხვადასხვა ნიმუშს, რომელიც ამა თუ იმ ფსიქოლოგიური ან ფსიქიკური პრობლემის მოსახსნელად არის რეკომენდებული.