ახალი სახელმძღვანელოები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

04 მაი 2017

დევიდ ნ. უეილი - „ეკონომიკური ზრდა“; აგნეს ბენასი-კუერი, ბენუა კიური, პიერ ჟაკი, ჟან პისანი-ფერო – „ეკონომიკური პოლიტიკა (თეორია და პრაქტიკა)“ – ეს სახელმძღვანელოები თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესურის ინიციატივით ითარგმნა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ამ მხრივ ლიდერია და მის ანგარიშზე უკვე 1000-მდე სახელმძღვანელოა.
მსოფლიოში ცნობილი უცხოენოვანი სახელმძღვანელოების პრეზენტაცია 26 აპრილს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი მიხეილ ჩხენკელი, თსუ-ს კანცლერი ნუნუ ოვსიანიკოვა, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, კონკურენციის სააგენტოსა და თსუ-ს მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ხადური, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
„ჩვენს სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური საშუალება განათლება მსოფლიოში აპრობირებული სახელმძღვანელოებით მიიღონ. მოგეხსენებათ, რომ ყველას არ აქვს საშუალება უცხოეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლის, ამ შემთხვევაში კი, ეს წიგნები ფასდაუდებელია. სასწავლო პროგრამაში ეს სახელმძღვანელოები უკვე შეტანილია და ჩვენი სტუდენტები მშობლიურ ენაზე მიიღებენ უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების, წამყვანი მეცნიერების მიერ გამოცემულ სამეცნიერო-სასწავლო პროდუქციას. ჩვენი მიზანია, აქტიურად განვავითაროთ ამ წიგნებით სწავლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“, – განაცხადა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ. 
სახელმძღვანელოს – „ეკონომიკური ზრდა“; (მე-3 გამოცემა) ქართულენოვანი თარგმანის სამეცნიერო რედაქტორია თსუ-ს მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ხადური. წიგნი თარგმნეს პროფესორებმა: მალხაზ ჩიქობავამ, ნაზირა კაკულიამ; რედაქტორია ასისტენტ-პროფესორი მანანა ლობჟანიძე. 
როგორც პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა: „უნივერსიტეტში მნიშვნელოვან საქმეს ჩაეყარა საფუძველი და დღეს, ჩვენ სტუდენტებს, შესაძლებლობა აქვთ მშობლიურ ენაზე გაეცნონ სასწავლო ლიტერატურას. აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას რექტორობის დროს ფართოდ დაინერგა პრესტიჟული სახელმძღვანელოების მთარგმნელობითი საქმიანობა, და იმედია, მომავალშიც ასე გაგრძელდება. როდესაც ავიღეთ ეკონომიკურ ზრდაში წამყვანი უნივერსიტეტების სილაბუსები, აღმოჩნდა, რომ უმეტეს ნაწილში სწორედ ეს სახელმძღვანელო იყო მითითებული, ამ წიგნის თარგმნაც ამიტომ გადავწყვიტეთ. ეს არის წიგნის მესამე გამოცემა, რომელიც გადამუშავებული და განახლებულია ახალი მონაცემებით. 
საინტერესოა წიგნის სტრუქტურა, ასევე საკითხებიც, რომელიც ეკონომიკური ზრდის არსში ჩაწვდომისთვის არის მნიშვნელოვანი. მინდა ასევე აღვნიშნო სახელმძღვანელოს ტექნიკური მხარეც, რომელიც საკმაოდ კარგად არის შესრულებული და მოიცავს სწავლების სამივე დონეს: ბაკალავრიატს, მაგისტრატურას და დოქტორანტურას. სახელმძღვანელოს ელექტრონული ფორმით აქვს ის დამატებები, სადაც სტატისტიკური ინფორმაცია იძებნება, რომელიც წიგნში მოყვანილ დებულებებს ადასტურებს. ჩვენ, ბოლო 10 წლის განმავლობაში ეკონომიკურ ზრდას სხვადასხვა მასალების კომბინაციით ვასწავლიდით, ამ სახელმძღვანელოში კი თავმოყრილია ყველა ის კვლევა, რომელიც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს“, – აღნიშნა პროფესორმა ნოდარ ხადურმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა წიგნის სარედაქციო და მთარგმნელობითი საბჭოს წევრებს წიგნზე გაწეული შრომისთვის.
წიგნის „ეკონომიკური პოლიტიკა (თეორია და პრაქტიკა)“ (ავტორები: აგნეს ბენასი - კუერი, ბენუა კიური, პიერ ჟაკი და ჟან პისანი-ფერო)“ თარგმანი მომზადდა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ინიციატივით. 
„სახელმძღვანელო დაგეხმარებათ გახდეთ კარგი მაკროეკონომისტი, კარგი ეკონომისტი. ის აყალიბებს მართებულ მიდგომებს და გაწვდით სწორ მეთოდოლოგიას თეორიული საძირკვლის ჩაყრით, თეორიის გამოყენებით მონაცემების შესასწავლად“. – ვკითხულობთ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორის ოლივიე ბლანშარის წინასიტყვაობაში. 
ის, რომ ასეთი უნიკალური სახელმძღვანელოები ითარგმნება, ამ საქმეში დიდი წვლილი აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას მიუძღვის, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი სპეციალისტების მაღალ კონკურენტუნარიანობას, რომლებიც, სამომავლოდ, რეალურ კონკურენციას გაუწევენ დასავლეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს“, – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა და წიგნის სამეცნიერო რედაქტორმა, პროფესორმა რევაზ გველესიანმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა წიგნზე გაწეული შრომისათვის თანარედაქტორებს: თსუ-ს ასოცირებულ პროფესორებს: ირინა გოგორიშვილს, გულნაზ ერქომაიშვილს და ეკა ლეკაშვილს. მან ასევე მადლიერებით მოიხსენია თსუ-ს საგამომცემლო ჯგუფის წევრები: თ. ებრალიძე და ლ. წიკლაური, რომლებმაც უზრუნველყვეს წიგნის მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემა.


ინფორმატიკა ეკონომიკასა და ბიზნესში

პრაქტიკული სახელმძღვანელო „ინფორმატიკა ეკონომიკასა და ბიზნესში“ თსუ-ს ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის პროფესორების კოლექტიური ნაშრომია. მის შექმნაში მონაწილეობდნენ: დემურ სიჭინავა, რუსუდან სეთურიძე, თინა მელქოშვილი, დარეჯან ყირიმლიშვილი, თეიმურაზ გოგნაძე, გულადი ნაკაშიძე, მზია ტიკიშვილი, ცირა ჯაფიაშვილი და ვაჟა გოგიჩაიშვილი. 
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ინფორმატიკის პრაქტიკულ სახელმძღვანელოს. მისი ძირითადი ნაწილი ეთმობა ელექტრონულ ცხრილს Mს Eხცელ 2010-ს. ნაშრომი შედგენილია თვითმასწავლებლის (მოკარნახის) პრინციპით, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ამ დისციპლინის ათვისების პროცესს. ეს მეთოდი წიგნის ავტორმა და მეცნიერ-რედაქტორმა დემურ სიჭინავამ პირველად დანერგა მსოფლიო საბაზრო პრაქტიკაში. მისი საავტორო უფლება საქართველოს საქპატენტის მიერ არის დამტკიცებული. 
პრაქტიკული სახელმძღვანელო, ძირითადად, განკუთვნილია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. იგი ასევე გამოადგება ინფორმატიკის შესწავლით დაინტერესებულ ყველა მსურველს. 
„წიგნის გამოცემის აუცილებლობა შემდეგმა ფაქტორებმა განაპირობა: ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე Mიცროსოფტ Oფფიცე-ის ბოლო ვერსიების სწრაფი ტემპით გამოსვლამ, სწავლის ხარისხის ამაღლების ახლებურმა მიდგომამ და სასწავლო დისციპლინების – „ეკონომიკური ინფორმატიკისა“ და „ბიზნეს-ინფორმატიკის“ ინტეგრაციის აუცილებლობამ. 
სახელმძღვანელოს აწერია პრაქტიკუმი, სინამდვილეში მას თეორიული დატვირთვაც აქვს. ნებისმიერი საკითხი ამ სახელმძღვანელოში მოკარნახეს სტილშია შესრულებული და ნებისმიერ პროცედურას სტუდენტი მასწავლებლის გარეშეც შეასრულებს“, – აღნიშნა პროფესორმა დემურ სიჭინავამ, რომელმაც თსუ-ს ადმინისტრაციას მიმართა წინადადებით კომპიუტერული პარკის განახლებისა და ახალი რესურ-ცენტრის გაკეთების აუცილებლობის თაობაზე, სადაც, სავარაუდოდ, 175 კომპიუტერი განთავსდება. პროფესორის თხოვნას გამოეხმაურა თსუ-ს კანცლერი ნუნუ ოვსიანიკოვა, რომელმაც აღნიშნა, რომ უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის გაერთიანებული ძალებით პროექტი გარკვეული დროის მანძილზე განხორციელდება.

* * *
უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა მიხეილ ჩხენკელმა მიულოცა ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სახელმძღვანელოების გამოცემა და მზადყოფნა გამოთქვა ამ მიმართულებით ყველა ფაკულტეტის ინიციატივის მხარდასაჭერად.
„სახელმძღვანელოების თარგმნა იმის დასტურია, რომ საქართველოში მიღებულ ცოდნასა და უცხოეთში მიღებულ ცოდნას შორის განსხვავება მცირდება. ეს ჩვენი უნივერსიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს“, – განაცხადა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.