„ისტორიულ-ეთნოგრაფიული სამხრეთი საქართველო და ქართველები თურქეთში“

03 მაი 2017

სულ ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მიერ გამოიცა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის როლანდ თოფჩიშვილის წიგნი „ისტორიულ-ეთნოგრაფიული სამხრეთი საქართველო და ქართველები თურქეთში“.
წიგნში თავმოყრილია მასალები, რომელიც შეკრებილია შავშეთ-იმერხევის, კლარჯეთ-ლიგანის, ტაოს პარხლისწყლის ხეობის, აგრეთვე შავი და მარმარილოს ზღვების რეგიონებში განსახლებულ მოსახლეობაში. მასალების მოძიება შესაძლებელი გახდა რამდენიმე ექსპედიციის შედეგად, რომელთაგან ნაწილი მკვლევართა თვითდაფინანსებით მიმდინარეობდა. დაგეგმილი სამუშაოების სრულყოფილად ჩატარების საშუალება კი მეცნიერთა ჯგუფს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დამტკიცებულმა პროექტმა – „თურქეთის ქართველები: ისტორია, სულიერი და მატერიალური კულტურა, ენობრივი ვითარება“ – მისცა. როგორც წიგნის შესავალ ნაწილშია მითითებული, სამეცნიერო პროექტი განხორციელდა თამარ მეფის უნივერსიტეტის ბაზაზე (სამეცნიერო ხელმძღვანელი არქიმანდრიტი ადამი/ვახტანგ ახალაძე), ხოლო ექსპედიციებში მონაწილეობდნენ ნოდარ შოშიტაშვილი, როზეტა გუჯეჯიანი, ინგა ღუტიძე, გიორგი ავთანდილაშვილი, მირიან ხოსიტაშვილი და სხვები. მათ პროექტის მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგაც, აღნიშნულ საკითხებზე არაერთი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნეს, როლანდ თოფჩიშვილმა კი, შეკრებილი მასალის გადამუშავების შედეგად, გამოსცა წიგნი, რომელიც დიდ სამსახურს გაუწევს თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველებით დაინტერესებულ პირებს.
წიგნი ბევრ სიახლეს მოიცავს ისტორიულ-ეთნოგრაფიული სამხრეთ საქართველოს შესახებ. აქ შესულია მასალები ტაო-კლარჯეთის ისეთი ხეობებიდან და სოფლებიდან, სადაც აქამდე საველე სამუშაოები არ ჩატარებულა, კერძოდ, ლიგანისა და მურღულის ხეობები, დევსქელისა და ქლასკურის მხარე, ჭოროხის მარცხენა მხარე (ხატალისა და ქართლას მიმდებარე სოფლები). ყველაზე მთავარი, რაც საექსპედიციო საქმიანობით გაირკვა, ისაა, რომ თითქმის დადგინდა სოფლები, სადაც თურქეთში ეთნიკური ქართველები მკვიდრობენ. ეს სოფლები, ტაო-კლარჯეთის გამოკლებით, მინიმუმ 220-ია. მარტო ბურსის რეგიონებში 70 ქართული სოფელია, სინოპში – 56. სამეცნიერო კვლევებით ასევე გაირკვა, თუ რომელ დასახლებებშია შენარჩუნებული ქართული ენა, დადგინდა მთელი რიგი დასახლების არეალები, სადაც ადრინდელ მუჰაჯირთა შთამომავლები ცხოვრობენ.
გარდა ეთნიკურ ქართველთა დასახლებების არეალის დადგენისა, ავტორი ყურადღებას ამახვილებს ქართულ გვარ-სახელთა შენარჩუნებაზე, როგორც ქართული იდენტობის გამომხატველ ფაქტორზე და ჯერ კიდევ შემონახულ ქართულ წეს-ჩვეულებებზე. ავტორს ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს იქაური ქართველებისთვის დამახასიათებელი აქამდე უცნობი ტრადიცია ე.წ. მამობილის ინსტიტუტი, რომელშიც „მამობილი“ – საქორწინო ცერემონიალის მთავარი ფიგურა, ხელოვნურად დანათესავებული პიროვნებაა. აქვე ნათქვამია, რომ „ქართველ მუჰაჯირთა სამშობლოდან აყრის ძირითადი მიზეზი ყოველთვის რელიგიური ფაქტორი არ ყოფილა, გადასახლების მიზეზს ხშირად მოსახლეობისგადამეტსახლებულობაც წარმოადგენდა“.
წიგნის ოც თავში მასალები სტრუქტურირებულია ეთნოგრაფიის, განსახლების არეალის, კონკრეტულ კუთხეში შენარჩუნებული ქართული გვარ-სახელების, ქართული იდენტობის, ქართველთა ეთნიკური ცნობიერების პრობლემების, ასევე მუჰაჯირ ქართველთა ენის, რელიგიის და ეთნიკური ცნობიერების ურთიერთმიმართების მიხედვით.
ავტორი ყურადღებას ამახვილებს ამგვარი ექსპედიციების აუცილებლობის შესახებ და შესავალ ნაწილში წერს, რომ თურქეთში, ისე, როგორც საქართველოში, მოდერნიზაციის პროცესების გამო, ბევრი ტრადიცია და წეს-ჩვეულება იკარგება და საჭიროა სწრაფად ჩაიწეროს და დაფიქსირდეს ისინი. ამას გარდა, როლანდ თოფჩიშვილის აზრით, ამგვარ ექსპედიციებში მეგზურებად აუცილებლად უნდა ჩაერთონ ადგილობრივი ქართველები. აქვე ის აღნიშნავს, რომ ექსპედიციის მუშაობა წარმატებული ვერ იქნებოდა, რომ არა იქაურ ქართველთა – გიორგი ირემაძის, ტუფან ლომინაძის, ფეჰმი უზალ-უსტიაშვილის და სხვათა დახმარება. ავტორი გამოკვეთს ასევე პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის დამსახურებას, რომელიც, მისი თქმით, ექსპედიციისთვის „თურქეთში მცხოვრები ქართველების ენობრივი, ეთნოგრაფიული, ფოლკლორული შესწავლის ერთ-ერთი ინიციატორი და ერთგვარი ხაზის გამკვალავი გახლდათ“. 
წიგნი – „ისტორიულ-ეთნოგრაფი-ული სამხრეთი საქართველო და ქარ-თველები თურქეთში“ მცირე ნაწილია იმ მასალისა, რაც ქართველმა მეცნიერებმა ექსპედიციების შედეგად ჩამოიტანეს. ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ჰუმანიტარები მომავალშიც გააგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას, რაც სასწრაფო და საშური საქმეა. 
წიგნის რედაქტორები არიან ტუფან შაფაკ ლომინაძე, ერდოღან შენოლი (ერეკლე დავითაძე), ნოდარ შოშიტაშვილი. წიგნი გამოსცა გამომცემლობა „უნივერსალმა“. გარეკანზე გამოსახულია ოშკის ფოტო, რომლის ავტორია გოგა ჩანადირი.