გიორგი კვირიკაშვილი: უნივერსიტეტი თანამედროვე აკადემიური ცენტრი ხდება

05 მაი 2017

28 აპრილს აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აშშ-ს გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმს უმასპინძლა. ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოში აშშ-ს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იან კელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვეცი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.


ფორუმი გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის პერიოდში განხორციელებული მასშტაბური სასწავლო-გაცვლითი პროგრამების შესახებ, რომლის დახმარებითაც 5 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიიღო უმაღლესი განათლება აშშ-ში: „ჩვენი ურთიერთობა არ დაწყებულა მხოლოდ 25 წლის წინ. 1918 წელს, უნივერსიტეტის დაარსების დღიდან, პირველი უცხოელი პროფესორი, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში ასწავლიდა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ბლეიკი იყო. 1987-1988 სასწავლო წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა პირველი ჯგუფი გაემგზავრა აშშ-ში. დღეს ყველა მათგანი ძალიან წარმატებულია. ამერიკელების მიერ ამ მიმართულებით დახარჯული ყოველი დოლარი არის წარმატებულად დახარჯული დოლარი. იმედია, ასეთი მასშტაბური დახმარება კვლავ გაგრძელდება“, – განაცხადა თსუ-ს რექტორმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობების 25-წლიან ისტორიაზე ისაუბრა და ფორუმის მონაწილეებს აშშ-ში სწავლის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა: „1995 წელს პირველად გავიცანი ამერიკა. იმ წელს, კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის პროფესორი, სილიკონის ველის კონცეფციის სულისჩამდგმელი და სილიკონის ველის ბანკის დამფუძნებელი რობერტ მედირისი ჯორჯ შულცთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში, რათა აქ დაეარსებინა აშშ-ს მიერ დაფინანსებული ტრენინგის პირველი პროგრამა, რომელსაც პირველ წელს ერქვა საქართველოს ბიზნესტრენინგის პროგრამა და მეორე წელს – საქართველოს საბანკო საქმის ტრენინგის პროგრამა, რომელშიც მივიღე მონაწილეობა. მე წილად მხვდა პატივი და შეიძლება ითქვას, რომ უფრო გამიმართლა, ვყოფილიყავი იმ ათ ქართველ სტუდენტს შორის, რომლებიც სამოქალაქო ომისა და ნგრევის შემდეგ პირდაპირ აშშ-ში ჩავიდნენ. ძალიან რთულია იმ ემოციების გადმოცემა, რომელიც ჩვენ ყველას ამერიკაში ჩასვლისთანავე დაგვეუფლა. ერთი თვის განმავლობაში კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტში ვესწრებოდით ლიდერობის, საბაზრო ეკონომიკის ლექციებს. შემდეგ დაგვაწყვილეს და გაგვაგზავნეს სხვადასხვა ქალაქში, ზოგი ლოს-ანჟელესში, ზოგიც – სან-ფრანცისკოში. ორი ჩვენგანი კი, ჩემი ჩათვლით, აღმოვჩნდით ფრეზნოში, კალიფორნიის შტატის სოფლის მეურნეობის ცენტრში. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ხუმრობდა კიდეც – კახეთიდან ჩამოვედი აქ, ვენახებით გარშემორტყმულ ადგილას. ჩვენ ვეხუმრებოდით, რომ ეს ადგილი ზუსტად მასზე იყო მორგებული. ხუმრობის გარეშე კი მინდა ვთქვა, რომ იქ შეძენილი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემს საბანკო კარიერაში, რადგან ის დაკავშირებული იყო სასოფლო-სამეურნეო სესხებთან. როდესაც დავბრუნდი, დავრწმუნდი, რომ ამ გამოცდილებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემს კარიერაში", – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ სწორედ იმ ორი თვის განმავლობაში მიიღო აშშ-ში სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის გადაწყვეტილება.
გიორგი კვირიკაშვილმა გაიხსენა, რომ 1997 წელს დაკმაყოფილდა მისი განაცხადი – ედმუნდ მასკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ: „ეს იყო სპეციალური სამეცნიერო და საფინანსო სამაგისტრო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც წელიწადზე ოდნავ მეტი გავატარე ილინოისის უნივერსიტეტში, კერძოდ ურბანა-შამპეინში, რომელიც არის ერთ-ერთი უძველესი ამერიკული უნივერსიტეტი და ეს გამოცდილება უნიკალური აღმოჩნდა. როდესაც ჩავედი, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ სწორედ იქ იწყებოდა ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. შევიძინე მეგობრები მთელი მსოფლიოდან. ვესწრებოდი ლექციებს, რომლებმაც მომცა ის გამოცდილება და ცოდნა, რომელიც იმ დროს ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ბევრისთვის არ იყო ხელმისაწვდომი. გვასწავლიდნენ საუკეთესო პროფესორები, ხოლო ილინოისის უნივერსიტეტი ცნობილია იმით, რომ მას ძალიან ხშირად სტუმრობენ წამყვანი ამერიკული კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ამ გამოცდილებას მე არასოდეს დავივიწყებ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 
პრემიერმა ასევე ისაუბრა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე და საქართველოს ბოლო წლების მიღწევებზე: „დღეს საქართველო არის აშშ-ს სტრატეგიული მოკავშირე. დღევანდელი საქართველო სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც ის წარმოადგენდა 20 წლის წინ. ყველა სფეროში მიღწეულია სერიოზული პროგრესი, დაწყებული ჯანდაცვითა და განათლებით და დამთავრებული ეკონომიკით, დემოკრატიით, კანონის უზენაესობითა და ადამიანის უფლებათა დაცვით. ეს მიღწევები იოლად არ მოგვეცა. გააფთრებული ბრძოლა გვიწევდა ბევრი ძალის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, როგორც გარეთ, ისე შინ, რომლებიც ცდილობდნენ ამ პროცესების შეფერხებას. ჩვენმა ერთგულმა ამერიკელმა მეგობრებმა კი ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულეს. მართალია, წინ დიდი სამუშაო გველის, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვახსენო დიდი მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს თანადგომისთვის ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტებში, აქტიური მხარდაჭერისა და წვლილისთვის საქართველოს წარმატების ისტორიის ხორცშესხმაში. მიუხედავად გარე გამოწვევებისა, საქართველოში არასოდეს განელებულა სწრაფვა მშვიდობისკენ როგორც შინ, ისე მთლიანად რეგიონში. სწორედ ეს არის ის საერთო მიზანი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს ამერიკასთან. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას უდიდესი, არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი წარმატებისთვის და ამერიკა ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია. შედეგად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ერთგული მეგობარი საქართველოს სახით, სტაბილური გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც იზიარებს ამერიკის ღირებულებებს და გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებს. ჩვენ თქვენს გვერდით ვმსახურობთ ავღანეთსა და ერაყში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენ ვართ რთულ რეგიონში დემოკრატიული ღირებულებების, სტაბილურობისა და პროგრესის მაგალითი", – განაცხადა მან და მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსებისა თუ სტიპენდიის დაწესების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის, რომელთა მიზანია, საქართველოს ჰყავდეს მომავალი ლიდერები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფორუმის მასპინძელი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თანდათან ხდება თანამედროვე აკადემიური ცენტრი და ამაში თავისი წვლილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებულმა საგანმანათლებლო პროგრამებმაც შეიტანა: „მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩემს ალმა-მატერში. მიხარია, როდესაც ვხედავ უნივერსიტეტს, როგორ გამუდმებით იცვლება, თანამედროვე აკადემიური ცენტრი ხდება, როდესაც ვხედავ, რომ აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ისეთივე აქტიურები არიან, როგორც წლების წინ. დღეს ჩვენ ვზეიმობთ აშშ-სთან ოცდახუთწლიან ურთიერთობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის წვლილი, რომელიც აშშ-ს აკადემიურმა პროგრამებმა შეიტანეს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, აკადემიური პროგრამებისა და სტიპენდიების დახმარებით საქართველოს მომავლის ლიდერების აღზრდაში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 
აშშ-საქართველო-ს ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იან კელიმ. მისი თქმით, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 25 წლის განმავლობაში საქართველოსა და აშშ-ს შორის ღრმა და ფართო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. „საქართველო იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, პატივს სცემს თავისუფალ სიტყვას. განვითარების ამ გზაზე აშშ-მ საქართველოში 4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ რეფორმებს, რომელიც საქართველოში გატარდა“, – აღნიშნა ელჩმა.
საქართველოსა და აშშ-ს შორის აკადემიური ურთიერთობა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო. ინტენსიური გაცვლითი პროგრამები თსუ-სა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებს შორის ამჟამადაც ხორციელდება, რაც ქართველ სტუდენტს აძლევს საშუალებას მიიღოს დასავლური განათლება და ცხოვრებისეული გამოცდილება.

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა ლიდერობის ფორუმის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ნიკა სამხარაძემ, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის (GFSIS) პრეზიდენტი ეკა მეტრეველი, პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) დირექტორი ალექსი ალექსიშვილი. მათ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც გაცვლით პროგრამებში მიიღეს.
ფორუმის დასასრულ, გაიმართა დისკუსია, რომელზეც გაცვლითი პროგრამების მონაწილეებმა სტუდენტებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.