ქართული დემოკრატიის ისტორიული გამოცდილება

19 აპრ 2017

11 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრებულის – „პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში“ – პრეზენტაცია გაიმართა. 
კრებულში თავმოყრილია ინფორმაცია და დოკუმენტური მასალები დამფუძნებელი კრების 1919 წლის 14-16 თებერვლის არჩევნებისა და 1919 და 1920 წლის დამატებითი არჩევნების შესახებ. აქვე წარმოდგენილია მასალები დამფუძნებელი კრების ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისიის შემადგენლობის, კომისიის საქმიანობის, არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების შესახებ, აქვე არის უშუალოდ საარჩევნო კამპანიის მასალები და არჩევნების შედეგების ამსახველი დოკუმენტები. 
კრებულის წარდგენას თსუ-ის რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, პროფესორები, სტუდენტები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის ფოიეში შეკრებილ საზოგადოებას კრებული წარუდგინა თსუ-ის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა კრებულის ავტორებს სალომე ჭანტურიძესა და ირაკლი ირემაძეს, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობას და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს (IFES): „დემოკრატიული საქართველოს პერიოდს ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ რამდენიმე ხნის წინ. ამას საფუძველი დაუდო დემოკრატიული რესპუბლიკის კვლევის განყოფილების შექმნამ და ქართველი ემიგრანტის მამია ბერიშვილის არქივის გადმოცემამ. სწორედ ამ განყოფილების ახალგაზრდა თანამშრომელთა აქტივობით გამოიცა კრებული, რომელშიც, გარდა საარქივო მასალებისა, შევიდა ჩვენს ბიბლიოთეკაში დაცული პერიოდული გამოცემების მასალებიც“, – აღნიშნა მან. 
უნივერსიტეტს და საზოგადოებას კრებულის გამოცემა მიულოცა რექტორის მოადგილემ მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა პორველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნების ისტორიული მნიშვნელობა. „დარწმუნებული ვარ, ყველა ინტერესით გაეცნობა ამ კრებულს. ისიც აღსანიშნავია, რომ იგი ორენოვანია და მისი გაცნობის შესაძლებლობა ჩვენს უცხოელ მეგობრებსაც შეეძლებათ“, – აღნიშნა მან.
პრეზენტაციაზე საზოგადოებას ასევე მიმართეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა საქართველოში ჟერომ ლერომ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, რომელმაც პირველი დემოკრატიული არჩევნების ისტორიულ როლზე ისაუბრა და გამოკვეთა, რომ 1919 წლის არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილია და ისტორიის პოპულარიზაციას ემსახურება. „მომავალ თაობას უნდა ახსოვდეს ჩვენი პირველი საარჩევნო ისტორია, რომელიც მნიშვნელოვანი და გამორჩეული იყო თავისი ტოლერანტობით, ქალთა ჩართულობით“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
კრებულის თანაავტორმა სალომე ჭანტურიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ წიგნის მომზადების იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს თსუ-ს ბიბლიოთეკამ მოაწყო გამოფენა, რომელიც პირველ დემოკრატიულ არჩევნებს ეძღვნებოდა. „მაშინ წარმოდგენილი გვქონდა მასალები, რომლებიც მოვიძიეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ ჟურნალ-გაზეთებსა და საქართველოს ეროვნულ არქივში. კრებული შევავსეთ და სრულყოფილი ინფორმაცია გამოვეცით პირველ არჩევნებზე საქართველოში... კრებული არის ილუსტრირებული და მასში მოთავსებულია მასალები ჩვენი პერიოდული გამოცემებიდან. გარდა ცნობებისა და დოკუმენტებისა, მოცემულია ინფორმაცია ყველა პოლიტიკური სუბიექტის შესახებ (15 პარტია მონაწილეობდა). აქვე ნახავთ პლაკატებს, ლექსებს, იმ პერიოდის დამფუძნებელი კრების წევრების ფოტოებს და სააგიტაციო მასალებს“, – აღნიშნა სალომე ჭანტურიძემ.
თსუ-ს ბიბლიოთეკის თანამშრომელმა ირაკლი ირემაძემ, რომელიც ასევე კრებულის ავტორია, განსაკუთრებით გამოკვეთა ის ტენდენციები, რომელიც პირველი დემოკრატიული არჩევნების დროს იყო შესამჩნევი: „ეს კრებული ასახავს ყველა იმ ღირებულებას, რითაც პირველი არჩევნები მსოფლიომ აღიარა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული პროცესი იმ პერიოდში და ეს არ არის მხოლოდ ქართველ პოლიტოლოგთა მოსაზრება. ამაზე წერდნენ ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი რემზეი მაკდონალდი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი კამილ ჰიუნსმანსი და ერთ-ერთი დიდი თეორეტიკოსი კარლ კაუცკი. ისინი იმ პერიოდის საქართველოს სტუმრობდნენ და თავისი თვალით ნახეს, როგორ დგამდა პირველ ნაბიჯებს ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანა. ჩვენ მაშინდელი პროცესებიდან ბევრი რამის გადმოღება შეგვიძლია დღესაც, იქნება ეს საკანონმდებლო ნორმატივები, ქალთა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში და სხვ. მართალია, 70-წლიანმა წყვეტამ შეანელა ჩვენი სვლა დემოკრატიისკენ, მაგრამ იმ პერიოდის დემოკრატიული არჩევნები იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს აქვს დემოკრატიის ისტორიული გამოცდილება“, – განაცხადა ირაკლი ირემაძემ.
კრებული, საარქივო დოკუმენტებისა და პერიოდულ გამოცემებში დაბეჭდილი მასალების გამოყენებით, მომზადდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიერ. ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) პუბლიკაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით გამოიცა.