„მოგზაურობა წმინდა ქალაქს იერუსალიმსა და წმინდა ათონის მთაზედ“ – წიგნის წარდგინება

18 აპრ 2017

თსუ-ში ეპისკოპოს პეტრე კონჭოშვილის (1836-1909 წწ.) წიგნის „მოგზაურობა წმინდა ქალაქს იერუსალიმსა და წმინდა ათონის მთაზედ“ პრეზენტაცია გაიმართა. მეუფე პეტრემ წმინდა მიწაზე და ათონის მთაზე 1899 წელს იმოგზაურა და თავისი შთაბეჭდილებები ცალკე წიგნად 1901 წელს გამოსცა. შემდგომში მისი „მოგზაურობის წიგნი“ რეპრინტული წესით გამოიცა XX საუკუნის მიწურულს, 2010 წელს კი – სტამბურადაც. იგივე წიგნი 2014 წელს ინგლისურ ენაზე ითარგმნა და გამოსცა „Gეორგიას Pრესს“-მა აშშ-ში. ახალი გამოცემა გამორჩეულია, რადგან პირველად იბეჭდება კომენტარებით და ფოტო-ილუსტრაციებით, რომელიც ისტორიკოსმა ვაჟა კიკნაძემ დაურთო. 
„პეტრე კონჭოშვილი არც თუ ისე ცნობილია ქართულ საზოგადოებაში და საეკლესიო წრეებშიც მისი სახელი ახლა ნელ-ნელა იკიდებს ფეხს, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის არამარტო ქართული ეკლესიის, არამედ ქართული კულტურის წინაშე. ჩვენს ოჯახში ინახებოდა მისი ნაწერი, რომელიც მან ჩემს ბაბუას მიხეილ საყვარელიძეს მიწერა და რომელშიც მამის გარდაცვალების შესახებ ატყობინებდა. პეტრე კონჭოშვილის პიროვნებით სწორედ ამ წერილის წაკითხვის შემდეგ დავინტერესდი. იგი თავისი პერიოდის დიდი მოღვაწეა, მან შეასწორა მოსეს ხუთწიგნეული, რომელიც 1896 წელს „მოამბეში“ დაიბეჭდა. პეტრე კონჭოშვილის შესახებ ინფორმაციის მოძიება მარტივი არ გახლდათ, რადგან ყველაფერი ერთ ფონდში კი არ არის გაერთიანებული, არამედ გაბნეულია. მინდა გითხრათ, რომ მისი დაბადების თარიღი დღემდე ზუსტად ვერ დავადგინე“, – განაცხადა პროფესორმა ვაჟა კიკნაძემ. 
მეუფე პეტრე კონჭოშვილის წიგნში „მოგზაურობა წმინდა ქალაქს იერუსალიმსა და წმინდა ათონის მთაზედ“ აღწერილია წმინდა ადგილები პალესტინას, სინისა თუ ათონის მთაზე და ყურადღება გამახვილებულია ქართულ ტაძარ-მონასტრებზე, საქართველოს ისტორიაზე, ლიტერატურასა და ა.შ.
„არიან ადამიანები, რომლებიც უფრო ნაკლებად არიან ცნობილი საზოგადოებაში, ვიდრე ისინი იმსახურებენ. პეტრე კონჭოშვილი იყო ძალიან ცნობილი, ძალიან განათლებული და გავლენიანი სასულიერო პირი XX საუკუნის დასაწყისში. მას მიღებული ჰქონდა აკადემიური განათლება, იყო კირიონ II-ს მეგობარი. სამწუხაროდ, მრავალი მისი ნაღვაწი დღეს დაკარგულია. გარდა იმისა, რომ იყო საეკლესიო მოღვაწე, გახლდათ არაჩვეულებრივი მწერალიც და დღეს სწორედ ერთ-ერთი მისი ამგვარი მწერლური მოღვაწეობის პროდუქციას წარვადგენთ. დღევანდელი პუბლიკაცია გამოირჩევა იმით, რომ მას ახლავს ძალიან მაღალი დონის გამოკვლევა-შესავალი, კომენტარები, რომელთა ავტორია ისტორიკოსი, პროფესორი ვაჟა კიკნაძე. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ დღევანდელი ისტორიკოსებისა და მკვლევრებისათვის, რომლებსაც აინტერესებთ საქართველოს ისტორია და ქართული ეკლესიის ისტორია, უდავოდ მშვენიერი შენაძენი გახლავთ“, – აღნიშნა თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა. 
პეტრე კონჭოშვილის წიგნის „მოგზაურობა წმინდა ქალაქს იერუსალიმსა და წმინდა ათონის მთაზედ“ – პრეზენტაცია 10 აპრილს გაიმართა.