ახალ გამოცემებს სამშვიდობო როლიც აქვს

17 აპრ 2017

გამოიცა „ქართულ ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონი“, რომლის თსუ-ს სააქტო დარბაზში წარდგინებასაც უამრავი საინტერესო სტუმარი და ამ გამოცემის მნიშვნელობის სათანადოდ აღმქმელი აუდიტორია დაესწრო. ლექსიკონის შემდგენელი და მთავარი რედაქტორი ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნაირა ბეპიევი გახლავთ. მის გამოსაცემად, ასევე, დიდი წვლილი შეიტანეს ქართველმა და ოსმა მეცნიერებმა: აკად. ნაფი ჯუსოითმა, აკად. ავთანდილ არაბულმა, პროფ. თამერლან გურიევმა, პროფ. ნინო პოპიაშვილმა; ოსმა და უცხოელმა რეცენზენტებმა და კონსულტანტებმა: აკად. თამაზ გამყრელიძემ, პროფ. სონია-გიპერტ ფრიტცმა, პროფ. თინათინ მარგალიტაძემ; ოსური ენის სპეციალისტებმა: დოც. ევგენი ბოცოევმა, რაზიათ ქუმარიტოვამ, მერი ცხოვრებოვამ.
ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონის გამოცემა სრულიად ახალი მოვლენაა ქართველებისა და ოსების კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიაში. წიგნი გამოირჩევა მაღალი აკადემიზმით, მას ახლავს ორენოვანი ლექსიკონისთვის აუცილებელი სამეცნიერო აპარატურა. წიგნი შედგენილია ლექსიკონების შედგენის თანამედროვე მეთოდოლოგიისა და პრინციპების გათვალისწინებით. ფასეულია, რომ წიგნს ახლავს ოსური ენის მოკლე გრამატიკული ცნობარი (აკად. ვ. აბაევისა) და ქართული ენის გრამატიკული ნარკვევი (აკად. ა. არაბულისა). ეს ლექსიკონი დიდი შენაძენია როგორც ქართველი, ისე ოსი მეცნიერებისთვის, სტუდენტ-ახალგაზრდობისთვის, მკვლევართათვის, ასევე ამ ენებით დაინტერესებული მკითხველისთვის.
ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონები პირველად გამოიცა 2012 წელს ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამა „კობერმის“ ხელშეწყობით. ბუნებრივია, მკითხველთა დიდი ინტერესიც გამოიწვია. წიგნი მეორედაც გამოიცა და მალევე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. მასზე მოთხოვნილებამ განაპირობა მისი მესამედ გამოცემა. ამჯერად წიგნში მცირე შესწორებებია შესული.
გამოცემის მნიშვნელობაზე ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნაირა ბეპიევი გვესაუბრა: „წიგნი მრავალწლიანი შრომის შედეგია და, საკუთრივ, ლექსიკონის შედგენის სიძნელეებთან ერთად, გვიხდებოდა ეპოქალური, დროისმიერი სიძნელეების გადალახვა: ლექსიკონზე მუშაობა გვიწევდა ქართველებისა და ოსებისათვის საკმაოდ რთულ პერიოდში, გაძნელებული მიმოსვლისა და კონტაქტის თანამდევი სირთულეების ფონზე, მაგრამ საქმისადმი ქართველი და ოსი კოლეგების უაღრესად მაღალი მეცნიერული პასუხისმგებლობა გახდა ამ წიგნის შექმნისა და გამოცემის წინაპირობა. მთავარი იყო მიზანი, რასაც წიგნის გამომცემლები ისახავდნენ, შეევსო ამ მიმართულებით არსებული ვაკუუმი: მკითხველს მიეღო წლების განმავლობაში უაღრესად საჭირო და მოთხოვნადი სახელმძღვანელო – ორენოვანი ქართულ-ოსური და ოსურ-ქართული ლექსიკონი, ამავე დროს, მას მაღალი იდეაც ჰქონდა, ეს იყო ორივე ენის – ქართული და ოსური ენების პოპულარიზაცია. 
წიგნი, უპირველესად, საგანმანათლებლო დანიშნულებისაა, მაგრამ მას დიდი მისიაც აკისრია: ქართულ-ოსური ურთიერთობის თანამედროვე, ურთულეს ეტაპზე მას სამშვიდობო როლიც აქვს – ის ნდობის აღდგენისკენ მიმართული ერთ-ერთი მშვიდობიანი ნაბიჯია. ამისი გამოხატულებაა ამ წიგნის წინასიტყვაობაში ნათქვამი აკად. ნაფი ჯუსოითის სიტყვები: „ჩვენს ხალხებს წარსულში მეზობლურად, მეგობრულად უცხოვრიათ. რაკი ეს ასეა, მაშინ დღესაც, ჩვენს დროშიც, ჩვენს შემდეგაც საჭიროა კეთილმეზობლური ცხოვრებისკენ სწრაფვა: მტრობითა და ბოროტებით ხომ ჯერ არასდროს არავის არაფერი მოუგია“. ალბათ, ძნელია ამაზე უკეთ ამ წიგნის გამოცემის მიზნისა და იდეის ჩამოყალიბება“, – აღნიშნა პროფესორმა.

„ნართების თქმულებები ბავშვებისათვის“

კიდევ ერთი სიახლე – გამოიცა წიგნი – „ნართების თქმულებები ბავშვებისათვის“, რომელიც შეადგინა და ქართულ ენაზე თარგმნა ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა ნაირა ბეპიევმა. წიგნის მთავარი რედაქტორია თსუ-ს ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი. მის გამოცემაში დიდი წვლილი მიუძღვით აკად. ნაფი ჯუსოითს, პროფ. ზურაბ კიკნაძეს, რაზიათ ქუმარიტოვს, მერი ცხოვრებოვას და სხვებს. „ნართების თქმულებები ბავშვებისათვის“ როგორც ქართულ ენაზე, ისე ოსურ ენაზეც 150-150 ცალი გამოიცა. წიგნები დარიგდა რეგიონებში, თბილისის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში. ნაწილი გაიგზავნა ცხინვალსა და ვლადიკავკაზში. 
წიგნის ყველა გვერდი ფერადია და ბავშვებისათვის საინტერესოდ აღსაქმელი. ბავშვობის ასაკიდან შეთვისებული ნართების ეპოსი უკეთ აცნობს პატარა მკითხველს ნართების სამყაროსათვის დამახასიათებელ ტრადიციებს, რომელშიც საერთო კავკასიური მრავალი წეს-ჩვეულება იკითხება: სტუმართმოყვარეობა, უფროს-უმცროსობა, სიკეთის თესვა, ძმობა-მეგობრობა და სხვ. ამ წიგნმა გააერთიანა ქართველი და ოსი მხატვრები, ილუსტრატორები, სხვადასხვა ჟანრში მომუშავე ხელოვანები. წიგნი გაფორმებულია როგორც ქართველი, ისე ოსი მხატვრების ნამუშევრებით. წიგნს ამშვენებს დიდი ოსი მხატვრების – მახარბეგ თუღანოვისა და აზანბეგ ჯანაევის ნახატები. 
გამოცემის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ნაირა ბეპიევი გვესაუბრა.

ნაირა ბეპიევი:
– ნართების ეპოსი შედგება უძველესი თქმულებებისგან, რომელიც კავკასიის სხვადასხვა ხალხებში გვხვდება, თუმცა გამორჩეული მნიშვნელობა აქვს სწორედ ოსური ნართების თქმულებებს. ეს არის პოეტური და პროზაული თქმულებები, რომელიც ნართი ხალხების ამბებსა და საგმირო თავგადასავლებს გადმოგვცემს.
ოსური ნართების ეპოსის თარგმნას ქართულ ენაზე თავისი საინტერესო ისტორია აქვს. პირველად ნართების ეპოსის პოეტური ვერსიის ნაწილი უთარგმნიათ გ. ლეონიძეს, ს. ფაშალიშვილსა და ს. გორგაძეს XX საუკუნის 40-იან წლებში პწკარედიდან. ამ თარგმანს თავისი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ნართების თქმულებები XX საუკუნის 80-იან წლებშიც გამოიცა (მთარგმნელი მ. ცხოვრებოვა) ეს თარგმანი ეფუძნებოდა 1946 წლის ოსურენოვან გამოცემას. სულ ახლახან, 2007-2012 წლებში, ცნობილი ოსი მეცნიერების, პროფესორების თამარ ხამიცაევას და შამილ ჯიგკაევის მრავალწლიანი შრომის შედეგად ვლადიკავკაზში გამოვიდა ნართების თქმულებების შვიდტომეული ოსურ ენაზე. ამ გამოცემაში შეტანილია მრავალი ახალი თქმულება, ცნობილ თქმულებათა უცნობი ვარიანტები, კომენტარების ახლებური გააზრება. სწორედ ამ ახლად გამოცემული ნართების თქმულებათა შვიდტომეულიდან შევადგინეთ ერთტომეული და გამოვეცით ორ წიგნად, აკადემიური კომენტარებით, შენიშვნებითა და განმარტებებით ქართულ და ოსურ ენებზე. წიგნი 2015 წელს გამოიცა ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამა „ჩOBEღM“-ის ხელშეწყობით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ.
ადაპტირებული ტექსტი – „ნართების თქმულებები ბავშვებისათვის“ აქამდე არ გამოცემულა. სათაურიდანვე ჩანს, რომ ეს არის ბავშვებისათვის, მოზარდებისთვის განკუთვნილი წიგნი, რომელშიც წარმოჩენილია ნართების, ოსთა წინაპრების იდეალები, მისწრაფებები, მათთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები, საგმირო თავგადასავლები და სხვა. ნართების ეპოსის ასეთი გამოცემა ნამდვილად განსაკუთრებულია. ეს ეპოსი ეკუთვნით ბავშვებს, ახალგაზრდებს, მოზარდებს, რომლებიც თვითონ წაიკითხავენ და გაეცნობიან იმ მარადიულ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რაც ნართების ეპოსშია მოთხრობილი. ცნობილია მსოფლიო შედევრების ადაპტირებული გამოცემები. დავასახელებდი ბიბლიის საბავშვო გამოცემებს: „საბავშვო ბიბლიას“, ანტიკური ეპოსის, ჰომეროსის „ილიადასა“ და „ოდისეას“ ადაპტირებულ ვერსიებს. ცნობილია შექსპირის ნაწარმოებების საბავშვო გამოცემები, სპეციალურად ბავშვებისათვის არის გამარტივებული გოეთეს „ფაუსტი“, რომელიც არაერთხელ გამოიცა გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში და სხვა. დღეიდან ნართების ეპოსიც სწორედ ამ დიდი ნაწარმოებების საბავშვო გამოცემების გვერდით დაიკავებს ადგილს, რაც ნამდვილად მისასალმებელია. ნართების საბავშვო ქართული გამოცემა თანამედროვე ქართული ენით მოგვითხრობს გმირების თავგადასავალს, თუმცა მასში შენარჩუნებულია ოსურისთვის დამახასიათებელი ადათები, საკუთარი სახელები და გეოგრაფიული სახელები. ეს არის მართლაც ღრმა შინაარსისა და მაღალი ხარისხის გამოცემა.

* * *
წიგნების პრეზენტაციას თსუ-ს რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, სტუდენტები, პროფესორები, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები საქართველოში და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.