მაღლივის კვების ობიექტში „მოულოდნელმა“ სტუმრობამ დადებითი ემოციებით აგვავსო

19 აპრ 2017

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დღემდე ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი კვების ობიექტების არარსებობა იყო. მაშინ, როდესაც დასავლეთის უნივერსიტეტებში არსებული კაფეები სტუდენტთა სურვილების დაკმაყოფილებას ცდილობენ – იქნება ეს მყუდრო გარემო, საკვებ პროდუქტზე დაბალი ფასები თუ ჯანსაღი საკვების შეთავაზება – ლიდერი უნივერსიტეტი კავკასიაში, წლებია, ზემოხსენებულ პირობებს ვერ სთავაზობდა თავის სტუდენტებს.

გაზაფხულის სემესტრი თსუ-ში საინტერესო სიახლით დაიწყო. მაღლივ კორპუსში ახალი კვების ობიექტი გაიხსნა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კორპუსების თანამშრომლებსა და სტუდენტებსაც ემსახურება. ლოგიკურიც იყო – ჭავჭავაძის გამზირზე განთავსებული კორპუსების სტუდენტები, შეიძლება ითქვას, რომ შედარებით უკეთეს სიტუაციაში არიან. მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი სწრაფი კვების ობიექტი თუ საცხობია. მართალია, სტუდენტებს ხშირად გარეთ, ქარსა და წვიმაში, ფეხზე მდგომებს უწევთ ჭამა, თუმცა, მაღლივის სტუდენტებისგან განსხვავებით, მათ ეს „ფუფუნება“ აქვთ. რაც შეეხება X კორპუსის სტუდენტებს, საკვები ობიექტის გახსნამდე მათ საკმაოდ დიდი მანძილის გავლა უწევდათ ელემენტარული საკვები პროდუქტის მოსაპოვებლად. „სტუდენტები მუდმივად გადარბენაზე ვართ. არსებულ სტრესულ გარემოს კვების ობიექტის არარსებობა კიდევ უფრო ამძიმებდა. ვერ ვახერხებდით სრულფასოვნად კვებას, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე არ იყო მსგავსი დაწესებულება. გვიწევდა ფეხით ქავთარაძის ქუჩაზე ჩასვლა. ამდენი სირბილი კი არაკომფორტულია“, – ამბობს ჩვენთან საუბრისას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი ანი ცუცქირიძე. 
ახალი კვების ობიექტის შესახებ პოზიტიური კომენტარები მალევე გავრცელდა საუნივერსიტეტო სივრცეში. არც არის გასაკვირი, რადგან კაფეტერია ყოველთვის იყო და არის სტუდენტური ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კვალიფიციური პერსონალის გარდა, ხსენებულ ობიექტზე დასაქმდნენ ტურიზმის მიმართულების პროფესიული პროგრამების სტუდენტებიც. სამომავლოდ, ტურიზმის ფაკულტეტის ნებისმიერი სტუდენტი, როტაციის პრინციპით, შეძლებს კვების ობიექტზე პრაქტიკისა და სამუშაო გამოცდილების დაგროვებას.
მოკლედ, ბევრისთვის, გაგონილს საკუთარი თვალით ნანახი სჯობსო.. მე და ჩემმა ჯგუფელებმა, მომავალმა ჟურნალისტებმა, ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობის მოსაკლავად, გადავწყვიტეთ დაგვედგინა – თუ რამდენად შეესაბამებოდა გაგონილი რეალობას და ერთ მშვენიერ დღეს „მოულოდნელად“ ვესტუმრეთ მაღლივ კორპუსს. რთული არ აღმოჩნდა ახალი კვების ობიექტის მიგნება. სტუდენტთა მოძრაობა, ძირითადად, ერთი მიმართულებით შეიმჩნეოდა, ჰოდა ჩვენც მათ მოძრაობას გავყევით და მალევე აღმოვჩნდით ხსენებულ დაწესებულებაში. 
დიდი სივრცე, მყუდროდ მოწყობილი გარემო, სტუდენტების ჟრიამული და გაღიმებული სახეები ბევრ რამეზე მეტყველებდა. პირველი, რამაც ჩვენი ყურადღება მიიქცია, ეს საკვები პროდუქტის ფასები იყო. სასიამოვნოდ გაკვირვებულები აღმოვჩნდით, რადგან სადღაც, გულის სიღრმეში ეჭვი მეპარებოდა, რომ ფასები სტუდენტების ჯიბეზე მორგებული იქნებოდა. სულ რაღაც 3 ლარად შეძენილმა გემრიელმა ლობიანმა, ჰოთ-დოგმა და ხილის წვენმა სახტად დაგვტოვა... კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ გაგონილს საკუთარი თვალით ნახვა სჯობს. 
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახელს დაარქმევენ კვების ობიექტს, თუმცა ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულების ასისტენტის ვალერი არღუთაშვილის თქმით, ამ პროცესში მაღლივი კორპუსის ყველა სტუდენტი იქნება ჩართული. „აქ რაც კეთდება, ყველაფერი სტუდენტების ჩართულობით ხორციელდება. საკვები პროდუქციის შერჩევაც კი მათი რჩევებისა თუ სურვილების მიხედვით მოხდა. ამ დაწესებულების მიზანიც ესაა, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი და ხარისხიანი იყოს. სტუდენტებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს ამ ობიექტის გახსნაში, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი“, – ამბობს ვალერი არღუთაშვილი. 
თავად ბატონი ვალერი ობიექტის მუშაობის პროცესში მთლიანად არის ჩართული. მან საშუალება მოგვცა, ჩვენი ცნობისმოყვარეობა ბოლომდე დაგვეკმაყოფილებინა და შიდა სამზარეულოში შეგვახედა. ჰიგიენური და სანიტარული პირობები უმკაცრესად კონტროლდება და პერსონალიც მაქსიმალურად ცდილობს – გაწერილი ნორმები მკაცრად დაიცვას. ეს ადვილად შესამჩნევია, რადგან სამზარეულოში მოფუსფუსე მზარეულების დანახვა კაფეტერიის დარბაზიდანაც არის შესაძლებელი. სწორედ სამზარეულოში აღმოვაჩინეთ ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტი ლევან ლურსმანაშვილი, რომელიც ახალი კვების ობიექტში სტაჟირებას გადის. „გამიხარდა, რომ ჩვენმა უნივერსიტეტმა ამის საშუალება მომცა. ვთვლი, რომ აქ შეძენილი გამოცდილება პოზიტიურად აისახება ჩემს კარიერაზე. რაც შეეხება სწავლასა და მუშაობას, არ მიჭირს ერთმანეთთან შეთავსება, რადგან ყველაფერი სტუდენტებზეა მორგებული“, – ამბობს ლევანი. 
მოკლედ, ჩვენმა „მოულოდნელმა“ სტუმრობამ, რომელიც ინფორმაციის გადამოწმებას უფრო ჰგავდა, ვიდრე მშიერი სტუდენტების ვიზიტს, დადებითი ემოციებით აგვავსო. პროფესიონალი გუნდი, სასიამოვნო გარემო, ჯანსაღი საკვები სტუდენტებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასებში – ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რაც ჩვენ მაღლივი კორპუსის ახლად გახსნილ საკვებ დაწესებულებაში აღმოვაჩინეთ. ხსენებული ფაქტი მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი დაწესებულება თსუ-ს სივრცეში დიდი ხნის ლოდინის შემდეგ შეიქმნა; აპრილის შუა რიცხვებისთვის კი, კვების ახალი ობიექტი, პირველ კორპუსშიც გაიხსნება.

ვიკა შაუთიძე,
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი