სტუდენტის ერთი დღე

18 აპრ 2017

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წელს დაარსდა. მომავალ წელს მას საუკუნე უსრულდება. 100 წელი საკმაოდ ბევრ თაობას გამოზრდიდა. ხშირად მიფიქრია იმაზე და, ალბათ, ეს თსუ-ს ყველა სტუდენტს გაუვლია გულში – როგორ კედლებში, როგორი მეთოდებით სწავლობდნენ და ასწავლიდნენ უნივერსიტეტში. იმაზეც მიფიქრია, რა პრობლემები ჰქონდათ სტუდენტებს თითქმის საუკუნის მანძილზე და ხანდახან მაოცებს კიდეც, როგორ შეიძლებოდა სტუდენტის ინფორმირება წიგნების ელ. ვერსიების, ბაზების და, საერთოდ, ტექნოლოგიური წინსვლის გარეშე. თუმცა, მერე ვხვდები, რომ გავა დრო – კიდევ ასი, ორასი, ან თუნდაც ათასწლეულები და წარმოუდგენელი იქნება, თუ როგორ ვსწავლობდით ჩვენ, XXI საუკუნის თსუ-ს სტუდენტები ასეთ გაუმართავ სისტემაში. ალბათ მათ, ვინც ჩვენს უნივერსიტეტს შიგნიდან არ იცნობს (ან ვითომ არ იცნობს) გაუკვირდება, ჯავახიშვილში როგორ თუ რამე გაუმართავიაო, მაგრამ, არის და თან – ბევრი რამ, რომლებზე საუბარიც ხშირ შემთხვევაში რიგით საუბრად რჩება.
მოდით, ერთ დღეს ერთ სტუდენტს გავყვეთ, მივიდეთ მასთან ერთად სასწავლო კორპუსებში და ცალი თვალით შევიჭყიტოთ იმის გასარკვევად, თუ რა წინააღმდეგობებს აწყდება ყველა, ვინც დღეს სტუდენტის სტატუსს ატარებს.

დილა

ვერა 21 წლისაა. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს ეუფლება. მისი პროფილი პოლიტიკის მიმართულებაა. ახლა III კურსზეა. სკოლა ოქროს მედლით დაამთავრა. დედამისი მასწავლებელია. ვერა არ მუშაობს – რატომ? – უნივერსიტეტის გამო: ლექტორები ეუბნებიან, რომ ყველანაირად დაეხმარებიან და მუშაობის გამო არ დაზარალდება, მაგრამ თუ ვერ ივლის, ქულები დააკლდება. არჩევანის გაკეთება მას კარგ აკადემიურ მოსწრებასა და საკუთარ ფინანსურ შემოსავალს შორის უხდება. უკეთესი მომავლის იმედით კი 21 წლის გოგო, რომლის მშობლებიც რეგიონში ცხოვრობენ და ვერას იქიდან ეხმარებიან, უმუშევარი რჩება.
უმუშევარი ვერა მაღვიძარას დილის 7 საათზე აყენებს და, მეცადინეობისგან დაღლილს, ძილი ერევა. დილით ასე ადრე იმიტომ დგება, რომ გლდანში ცხოვრობს და ცდილობს – უნივერსიტეტში არ დააგვიანოს, მისთვის ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. წუთში ხომ უამრავი ინფორმაცია შეიძლება მოისმინოს, რაც მომავალში გამოადგება?! დილის 8 საათზე ენადამწვარი ვერა (ზედმეტად ცხელი ყავის დალევის გამო, რათა გამოფხიზლებულიყო და თან ლექციაზე არ დაგვიანებოდა) ავტობუსის გაჩერებაზე გამოდის. მის სახლთან ძალიან ახლოსაა გაჩერება, ამიტომ მეტროსკენ, რომელიც ცოტა მოშორებითაა, გზას აღარ აგრძელებს და ელოდება 51 ნომერ ავტობუსს, რომლის შესახებაც ინფორმაცია ტაბლოზე წითლად ანთია და აწერია – 02. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტობუსი ზუსტად 2 წუთში მოვა და ვერა ფიქრობს, რომ დილა კარგად დაიწყო...
ფიქრებში წასულს, თუ როგორ გააგრძელოს კარგად დაწყებული დღე, დროის შეგრძნება ეკარგება. გონს მოდის და ხედავს, რომ 20 წუთი გავიდა და უნივერსიტეტისკენ მიმავალი მისი ავტობუსი ჯერ ისევ არ ჩანს. გზას მეტროს მიმართულებით მიუყვება... სამარშრუტო ტაქსითაც შეუძლია მგზავრობა, მაგრამ მეტროს არჩევს – ასე იმ ფულსაც დაზოგავს, რომელიც მშობლებმა 3 დღის წინ გამოუგზავნეს... ფული თითქმის გათავებია, რადგან წიგნის ელ. ვერსია ვერსად იპოვა და მისი ყიდვა მოუხდა (გამოიანგარიშა, რომ „ქსეროქსი“ ბევრად ძვირი უჯდებოდა. ბიბლიოთეკაში კითხვისთვის კი ლექციების შემდეგ სულ რაღაც 2 საათი რჩება).
მეტროს ვაგონი სულ სავსეა, ხალხი ერთმანეთსაა მიტმასნილი, მაგრამ დრო ვეღარ ითმენს. თუ არ იჩქარა, ნამდვილად დააგვიანებს...
– ნატრიაშვილი ვერა – ისმის ლექტორის ბოხი ხმა და ღია კარში ვერა დგას.

შუადღე

ლექციის პირველმა საათმა საინტერესოდ ჩაიარა, მაგრამ მეორე საათზე ვერას არჩევანის გაკეთება უხდება ორ, მისთვის საინტერესო საგნებს შორის, რადგან მისი ლექციების დრო ერთმანეთს ემთხვევა (ესეც გაუმართავი ბაზები). სხვა გამოსავალი არ აქვს. არჩევანს სწრაფად აკეთებს და უნივერსიტეტის VI კორპუსიდან VIII კორპუსამდე გზას ფეხით მიუყვება. აუდიტორიაში სახეაწითლებული და აქოშინებული შედის, მაგრამ ბედნიერია, რომ არ დააგვიანა, რადგან არც ისე მოკლე გზა გამოიარა. კიდევ კარგი, დღეს სამშაბათი არაა, ვინაიდან სამშაბათს საქმე უფრო რთულად აქვს – ერთ საათში ჭავჭავაძიდან დელისზე უნდა მოხვდეს.
ესეც მეორე ლექცია... აუდიტორიაში პროექტორი ვერ ჩართეს, თუმცა მაინც საინტერესო პრეზენტაცია გამოუვიდა. არადა ზუსტად „პოწერპოინტ“-ში საპრეზენტაციო მასალების აწყობის გამო დაიძინა დილის 4 საათზე, მაგრამ არა უშავს, მთავარია, რომ თავი გაართვა. 
კიდევ ერთ ლექციამდე შუალედი სამი საათი აქვს. სახლში გასვლა და უკან დაბრუნება გამორიცხულია, არადა შია. უნივერსიტეტის აპარატში გაყინული სენდვიჩია, თანაც წინა კვირაში სწორედ ამ სენდვიჩმა მოწამლა. სენდვიჩის შეფუთვაზე მისი მოხმარების ვადას რომ დახედა, კარგა ხნის გასული იყო. მის მერე ერიდება აპარატში ნაყიდ რაღაცებს. უნივერსიტეტს სხვა სახის კვების ობიექტი არ აქვს. კაფეში დაჯდომის ფუფუნება კი სადაა... ვერა ახლო მდებარე სწრაფი კვების ობიექტს ირჩევს და საჭმელად იქ მიდის. დანაყრების იდეით გამხიარულებულ ვერას რიგი მოსდის, ის საჭმელს ყიდულობს, ბრუნდება და ხედავს, რომ უკვე ყველა ადგილი დაკავებულია. რა უნდა ქნას? აუდიტორიაში ან მისაღებში ხომ ვერ შეჭამს? – არ შეიძლება! საჭმელს აფუთვინებს და მას უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, თვალისგან მოფარებულ ადგილას შეექცევა. 
იქნებ ბიბლიოთეკაში მაინც დახვდეს ადგილი? – რამეს წაიკითხავდა...

საღამო

ბოლო ლექციაც მთავრდება. უკვე ათის ნახევარია. მადლიანმა ლექტორმა, რომელიც ლექციების დროდ სულ საღამოს უთითებს და რომლის საგანიც სავალდებულო არა, მაგრამ საჭიროცაა, ნახევარი საათით ადრე გამოუშვა სტუდენტები. ბოლო ავტობუსი გლდანისკენ წესით 10-ზეც უნდა გავიდეს... მოასწრებს! უნდა მოასწროს, თორემ ხვალისთვისაც ბევრი აქვს სამეცადინო... აჰა, ავტობუსის დალოცვილ ციფრს მოჰკრა თვალი, ფეხს უჩქარებს, მაგრამ გაჩერებაზე, რაც ხალხი იყო, ყველა ამ ავტობუსში ადის და მასში ვერას ადგილი აღარ რჩება...
მეტრომდე ფეხით ვერ ჩავა – დაღლილია... დროც არ აქვს, თანაც სამარშრუტო ტაქსი, რომელიც მის სახლთან გაივლის, უკვე გამოჩნდა. ეჰ, არადა, როგორ ეგონა, რომ ფულს დაზოგავდა...
გზაზე საცობებია. გზაში ეს ტრანსპორტიც გადაიჭედა... ვერას ახლა ცალ ფეხზე უწევს დგომა...
სახლში მისულს არაფრის თავი აღარ აქვს, მაგრამ 12 საათი დაიწყო და, რაც უფრო მალე დაიწყებს მეცადინეობას, მით მალე დაიძინებს... მეცადინეობაში დრო ისე სწრაფად გადის, რომ, როცა სწავლას ასე თუ ისე რჩება, უკვე 3 საათს გადაცილებულია... ცოტაღა დარჩა, მაგრამ ამას დილით, ავტობუსში წაიკითხავს... მაღვიძარას ამჯერად 8-ზე აყენებს.... გაუმართლა, ხვალ სემინარი 10 საათზე აქვს. ცოტას მაინც გამოიძინებს...
მაღვიძარა რეკავს. 8 საათია. უკვე დილაა, ადგომის დროა. მაგრამ ვერა ისევ დაღლილია და თითქოს წამით ჩასთვლიმაო, ისევ ეძინება. ის ძილის გრძნობას ებრძვის და სასწრაფოდ გადის სახლიდან. მისი ავტობუსის შესახებ, მთავარია, ტაბლოზე ინფორმაცია წერია – 02 წუთი...

თამარ სირბილაძე,
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი