„ბავშვის უფლებები საერთაშორისო სამართალში“ - ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

05 ოქტ 2015

ყველაფერი ბავშვთა უფლებების შესახებ - თსუ-ში ქართულ ენაზე კიდევ ერთი სახელმძღვანელო ითარგმნა. „ბავშვის უფლებები საერთაშორისო სამართალში“ თსუ-ის რექტორის მოადგილის, აკადემიკოს ლევან ალექსიძისა და პროფესორ ქეთევან ხუციშვილის სამეცნიერო რედაქტორობით გამოიცა. სახელმძღვანელო გამიზნულია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის, ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებისთვის, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის და, ზოგადად, საზოგადოებისთვის. წიგნის პრეზენტაციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ცოდნის დეფიციტი არსებობს, სახელმძღვანელოს გამოცემა კი ამ ინფორმაციული ვაკუუმის შევსებას ხელს შეუწყობს.

წიგნის „ბავშვის უფლებები საერთაშორისო სამართალში“ ავტორები არიან ნევენა ვუჩკოვიჩ შაჰოვიჩი, იააპ ე. დოეკი და ჟან ცერმატენი. სამივე მათგანი გახლავთ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრი, საერთაშორისოდ აღიარებული სპეციალისტი როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული საქმიანობის თვალსაზრისით. ავტორები ბავშვთა უფლებებს სიღრმისეულად და, ამავე დროს, საზოგადოების ფართო წრეებისთვის გასაგებ ენაზე მიმოიხილავენ. მათ გაანალიზებული აქვთ არა ერთი აქტუალური საკითხი, მათ შორის - ბავშვობის პერიოდი და ბავშვის საერთაშორისო უფლებები, ბავშვის უფლებების კონვენცია და დამატებითი ოქმები, ოჯახური გარემო და ალტერნატიული ზრუნვა, განათლება, დასვენება, თამაში და კულტურული აქტივობები, სამართლებრივი დაცვის მიღების უფლება და ა.შ.

„საინტერესო დღეა. სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ბავშვის უფლებებს საერთაშორისო სამართალში ეძღვნება. თითქოს ამ საკითხის შესახებ ბევრი რამ ვიცით, სინამდვილეში კი ასე არ არის. ბავშვებს რომ წავაკითხოთ მათი უფლებები, ვფიქრობ, ბევრი მშობელის საქმე ცუდად იქნება. ეს სახელმძღვანელო უნიკალურია. მასში მოცემულია ინფორმაცია, რაც ნამდვილად დაგვაფიქრებს. პრეზენტაციას ვაწყობთ იმისთვის, რომ ხალხმა იცოდეს ამ გამოცემის შესახებ. წიგნი გაყიდვაში არ არის, თუმცა მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ“, - განაცხადა სახელმძღვანელოს „ბავშვის უფლებები საერთაშორისო სამართალში“ თარგმანის სამეცნიერო რედაქტორმა ლევან ალექსიძემ.

„ბავშვის უფლებები საერთაშორისო სამართალში“ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNIСEF) მხარდაჭერით, თსუ-ის პროგრამის ფარგლებში გამოიცა, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული სახელმძღვანელოების თარგმნას ითვალისწინებს. ინიციატივა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტს ეკუთვნის.

„ეს გამოცემა მნიშვნელოვანია, რადგან ქართულ სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურას მნიშვნელოვანი ნაშრომი შეემატა. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა UNIСEF-ის წარმომადგენლებს თანადგომისთვის და, ასევე, ქართველ იურისტებს, რადგან მათი ძალისხმევის გარეშე ეს წიგნი ვერ გამოვიდოდა. ამ პროცესს აკადემიკოსი ლევან ალექსიძე და პროფესორი ქეთევან ხუციშვილი ხელმძღვანელობდა და ეს მათი დიდი დამსახურებაა. სახელმძღვანელო „ბავშვის უფლებები საერთაშორისო სამართალში“ სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია და დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ისინი დაინტერესდებიან. ჩვენ ვაგრძელებთ სახელმძღვანელოების თარგმნას, ამ დროისთვის ეს გამოცემა რიგით მეოთხეა,“ - აღნიშნა თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.

გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი (UNIСEF), ასევე, მხარს უჭერს საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას. 2015 წლის იანვრიდან ძალაში შედის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი. UNIСEF-ის ბავშვთა დაცვის სექციის ხელმძღვანელის პიერ ფერის შეფასებით, ნათარგმნი სახელმძღვანელო იმდენად ინფორმაციულია, რომ იგი არა მხოლოდ ახალი პროფესიონალი კადრების მომზადებას შეუწყობს ხელს, არამედ ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების გადამზადებასაც.

„ეს წიგნი თანაბრად სასარგებლოა როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის. UNIСEF დიდი ხანია მხარს უჭერს არასრულწლოვანთა სისტემის რეფორმას საქართველოში. აქ იგულისხმება პროფესიონალი კადრების მომზადება და სპეციალისტთა გადამზადება. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს წიგნი შესანიშავია ბავშვთა უფლებების მიმართულებით ცოდნის გაღრმავების თვალსაზრისით,“ - განაცხადა UNIСEF-ის ბავშვთა დაცვის სექციის ხელმძღვანელმა პიერ ფერიმ.


„სახელმძღვანელოში მოცემული მნიშვნელოვანი აქცენტები საფუძვლად შეიძლება დაედოს ნებისმიერ სხვა წიგნს, რომელიც ბავშვთა უფლებების თემაზე დაიწერება. ამ სახელმძღვანელოში ხაზგასმით ნახსენებია, რომ კვლევები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რაზეც სახელმწიფომ ყურადღება უნდა გაამახვილოს. მინდა, სახელმწიფოს ერთგვარი გზავნილით მივმართო - ამა თუ იმ სამართლებრივი მეთოდის სხვა ქვეყანაში ინტერპრეტაცია 100%-იან შედეგს ვერ გამოიღებს. საჭიროა სამართლებრივ-კულტურული, ისტორიული კვლევების ჩატარება, რათა სამართალი იმ კონკრეტულ კულტურას და მენტალობას მოერგოს, სადაც ის უნდა გადავიტანოთ. მიმაჩნია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალ კოდექსში, გარკვეულწილად, არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესი დაკარგულია. ამ წიგნს თუ წაიკითხავენ კანონმდებლები ან ბავშვთა უფლებათა სფეროში მომუშავე ადამიანები, მიხვდებიან, რომ ბავშვთა უფლებები უმაღლესი ამოსავალი წერტილია და სხვა დანარჩენი ბავშვის ინტერესს უნდა ექვემდებარებოდეს,“ - აღნიშნა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა მორის შალიკაშვილმა.

სახელმძღვანელოს „ბავშვის უფლებები საერთაშორისო სამართალში“ ქართულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია 5 ოქტომბერს გაიმართა. ღონისძიებას სტუდენტები, აკადემიური საზოგადოება და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.