სტუდენტობა თსუ-ში და დასაქმება თსუ-ს შემდეგ

17 აპრ 2017

21-ე საუკუნეში უმაღლესი განათლების მიღება არცთუ ისე ბევრ წინააღმდეგობასთანაა დაკავშირებული. უპირველესი საჭიროება ცოდნაა, მაგრამ გამართლებასა და იღბალზეც ბევრია დამოკიდებული. ბაკალავრიატის 4 წელი დიდად სანერვიულო არაა. უფრო მეტად ასაღელვებელი ბოლო კურსის ბოლო სემესტრია, მით უმეტეს მაშინ, როცა აცნობიერებ, რომ სწავლას ამთავრებ და საკუთარი პროფესიით დასაქმებაზე ფიქრი გაშინებს.
თუმცა, ამავე 21-ე საუკუნეში, კურსდამთავრებულები საკუთარი პროფესიითაც მუშაობენ. ბუნებრივია, უნივერსიტეტში შეძენილი უნარ-ჩვევები მათ დასაქმებისას პრობლემებს უმსუბუქებს. თუმცა, ასევე ბუნებრივია, რომ სწავლა და მუშაობა ცხოვრების განსხვავებული ეტაპებია და, ეს უკანასკნელი, წინააღმდეგობებსაც გულისხმობს.

მარიამ ჩიბუხაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამ-თავრებულია. ბაკალავრიატი (ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულება) მან 2016 წელს დაამთავრა. როგორც იგი ამბობს, უნივერსიტეტში მიღებულმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ და პრაქტიკოსმა ჟურნალისტმა ლექტორებმა მას იმდენი ცოდნა შეჰმატეს, რომ სამსახურში პირველი მცდელობისთანავე მიიღეს. „უნივერსიტეტში ვისწავლე, როგორ ამეწყო სიუჟეტი, როგორ ჩამეწერა სინქრონები და სხვა მრავალი ტექნიკური საკითხი. მადლიერი ვარ უნივერსიტეტის“, – ამბობს მარიამი. 
იგი ხაზს უსვამს „ბეჭდური მედიის“ სალექციო კურსს, რომლის წყალობითაც, როგორც აღნიშნავს, არაერთი ჟურნალი და გაზეთი გამოსცა მისმა ჯგუფმა. ამ საგნის ფარგლებში მარიამი საკუთარი ქალაქის კედლებს გაცდა და მასალების მოსამზადებლად სხვა ქალაქებსაც ეწვია, რამაც პრაქტიკული ცოდნა კიდევ მეტად გაუღრმავა. იმ პრაქტიკოსი ჟურნალისტების მადლიერიცაა, რომლებმაც სტუდენტებს დაანახეს – რეალურად რა მდგომარეობაა ქართულ ჟურნალისტიკაში, რას ითხოვენ დამსაქმებლები და რა უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს კურსდამთავრებული. „თუმცა, აქვე, უნდა აღვნიშნო, რომ თეორია, რომელიც კარგად ვისწავლე, სწორად მუშაობასა და ამ ყველაფრის პრაქტიკაში გადატანაში დამეხმარა“, – ამბობს მარიამ ჩიბუხაია.
მარიამი ხაზს უსვამს პრობლემებსაც, თუმცა ამბობს, რომ მუშაობის პროცესში ისეთი წინააღმდეგობა არ შეხვედრია, რაც სწავლის პერიოდში არ ჰქონია. „წინააღმდეგობა იმის გამო, რომ რამე თეორიულად არ ვიცოდი, არ მქონია. რა თქმა უნდა, რეალურ ჟურნალისტურ სივრცეში მეტი ახალი უნარის გამომუშავება დამჭირდა, როგორიცაა – დროის მენეჯმენტი, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და ოპერატიულობა“.


* * *

ასევე 2016 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულება გიორგი დვალიშვილმა. თუმცა, მიზეზების გამო, გიორგი ჟურნალისტის პროფესიით არ მუშაობს. საკუთარი პროფესიით დასაქმების მცდელობა პირველივე კურსიდან ჰქონდა, თუმცა მიხვდა, რომ შესაბამისი უნარ-ჩვევები ჯერ არ ჰქონდა და ორიენტაცია სწავლისკენ აიღო. მაგრამ მალევე იმასაც მიხვდა, რომ აუცილებელი იყო პრაქტიკა. მე-3 კურსზე რომ გადავიდა, მუშაობა შიდა ქართლის რეგიონულ მაუწყებელში, ტელეკომპანია „თრიალეთში” დაიწყო, მაგრამ 6 თვის შემდეგ, მიზერული ანაზღაურების გამო, იქიდან წამოვიდა. გიორგი ორჯერ დასაქმდა ჟურნალისტის პროფესიით, მაგრამ უარი საკუთარი ნებით თქვა. უპირველესი წინააღმდეგობა, რამაც მის მოტივაციაზე იმოქმედა, ნეპოტიზმი იყო. ამიტომაც სამსახური საკუთარი ნებით დატოვა.
გიორგი დვალიშვილი, ბუნებრივია, მის განვითარებასა და მომავალ ჟურნალისტად ჩამოყალიბებაში თსუ-ს როლზეც საუბრობს. „ძალიან კრიტიკული ვიყავი სასწავლო პროცესის შეფასებისას და სამართლიანადაც. თსუ საუკეთესო უნივერსიტეტი არ არის, თუმცა საქართველოს სხვა უნივერსიტეტებს სჯობია. მისი როლი ჩემს პიროვნულ თუ პროფესიულ ზრდაში შეუფასებელია. არაჩვეულებრივი პროფესორების წყალობით კრიტიკულ, ობიექტურ და სამართლიან პიროვნებად ჩამოვყალიბდი“, – აღნიშნავს იგი.

 

* * *

ირაკლი ჩხაიძემაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. ბაკალავრიატის საფეხური მან 2005 წელს დაასრულა, შემდეგ სწავლა მაგისტრატურაზე გააგრძელა (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი). ამის შემდეგ მან დოქტორანტურაზე ჩააბარა იმავე მიმართულებით, რისი დასრულების შემდეგაც კულტურის კვლევათა დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. ახლა ირაკლი თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევათა ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორია. 
სასწავლო და კვლევითი პროცესისადმი ინტერესმა განაპირობა ის ფაქტი, რომ ჩემი პროფესიული საქმიანობა მჭიდროდ დაუკავშირდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. თსუ-ში ჩემს დასაქმებაზე განმსაზღვრელი გავლენა იქონია კულტურის კვლევათა მიმართულებაზე არსებულმა გარემომ და დამოკიდებულებამ, რომელიც მიმართულების ხელმძღვანელთა მხრიდან იყო და არის სტუდენტებისა და ახალგაზრდა თანამშრომლების მიმართ“, – აღნიშნავს იგი.
როგორც ირაკლი ამბობს, გარდა პროფესიული უნარ-ჩვევებისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მას ადამიანებთან ურთიერთობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი ჩამოუყალიბდა, რაც მომავალ პროფესიულ საქმიანობაში ძალიან დაეხმარა. თსუ-ში მისი დასაქმება ნელ-ნელა, ყველა შესაბამისი ეტაპის გავლის შედეგად მოხდა.
ირაკლი საკუთარი პროფესიით დაუსაქმებლობის პრობლემებსა და მიზეზებზეც საუბრობს. ამ ფაქტის მთავარ მიზეზად მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონს ასახელებს: „შეუძლებელია, საქართველოს მასშტაბისა და რესურსების ქვეყანაში, ყოველწლიურად, ასობით იურისტი, ან ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა წარმომადგენელი დასაქმდეს. კურსდამთავრებულები, ხშირად, მათი პროფესიისგან სრულიად განსხვავებულ სფეროებს ირჩევენ (მაგალითად, ფილოლოგი სამუშაოდ მიდის ბანკში), რადგან საბანკო სექტორი შედარებით განვითარებულია და მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა აქვს“.


* * *

ნატა ფარულავაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. უნივერსიტეტი მან 2015 წელს დაამთავრა (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სოციალური მუშაობის განხრით). ამ დროისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოში მუშაობს სოციალურ მუშაკად. მან ჰრ.გოვ.გე-ზე გამოცხადებულ ვაკანსიაზე გააგზავნა საკუთარი რეზიუმე. ამის შემდეგ გაიარა ტესტირება, გასაუბრება და, საბოლოოდ, აღნიშნული ვაკანსიისთვის იგი შესაფერისი აღმოჩნდა. 
როგორც ნატა აღნიშნავს, გარდა მნიშვნელოვანი თეორიული ცოდნისა, მიიღო პრაქტიკული გამოცდილებაც (სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები). შესაბამისმა უნარ-ჩვევებმა განაპირობა მისი პროფესიული განვითარება და შესაბამისი ღირებულებებისა და ცოდნის განმტკიცება. იმავე უნარებმა მისი სამომავლო გეგმების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
ნატა სამსახურის ძებნასთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებაზეც საუბრობს. „თვეობით მიწევდა ვაკანსიების ძებნა. ასევე, არ აღმიქვამდნენ სერიოზულად სხვა პროფესიის წარმომადგენლები, ვინაიდან მათში დაბალია სოციალური მუშაკის ფუნქციებისა და, ზოგადად, პროფესიის ცნობადობა“, – აღნიშნავს იგი. 
როგორც ნატა მიიჩნევს, საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე, უმთავრესი პრობლემა სამუშაო ადგილების სიმცირეა; ასევე, სოციალური მუშაკის პროფესიის დაუფასებლობა და არაადეკვატური სამუშაო პირობები. „განათლებით არა-სოციალურ მუშაკებს ბევრ სამსახურში აქვთ შესაძლებლობა – დასაქმდნენ სოციალურ მუშაკებად, რაც, ასევე, ხელისშემშლელი ფაქტორია და არ უწყობს ხელს ქვეყანაში ჩვენი პროფესიის პოპულარიზაციასა და წინსვლას“, – ამბობს ნატა ფარულავა.
საკუთარი პროფესიით დასაქმების პრობლემა, საბოლოოდ, მაინც ქვეყანაში სამუშაო ადგილების სიმცირესთანაა დაკავშირებული. დასაქმებას კონკრეტული პროფესიები და შესაბამისი პროფესიის კადრების საჭიროებაც განაპირობებს. თუმცა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც კავკასიის ნომერ პირველი უნივერსიტეტი, არის ადგილი, სადაც სტუდენტები მაქსიმალურად იღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე – პრაქტიკულ გამოცდილებას. სწორედ ამიტომ არიან ისინი საკუთარი საქმის პროფესიონალები.


* * *

ელენე კურდღელიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხური საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით დაამთავრა (2016 წელს). იგი დასაქმებულია, მაგრამ არა – საკუთარი პროფესიით. როგორც ელენე ამბობს, სოციალურ მეცნიერებებში ცოტა ვაკანსიაა, მათ შორის, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებითაც. „უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის პრობლემაა ის, რომ სამუშაო ბაზარზე, ამ მიმართულებით, დასაქმების შესაძლებლობა მიზერულია. თუმცა, მე წელს დავამთავრე და ვერ ვიტყვი, რომ ჩემი პროფესიით სამსახურის შოვნის იმედი გადაწურული მაქვს,“ – აღნიშნა მან. 
როგორც ელენე ამბობს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ის უნარ-ჩვევები მისცა, რაც საკუთარ პროფესიაშია საჭირო: „მე მაგისტრატურაშიც თსუ ავირჩიე, რადგან მივიჩნევ: საქართველოში, ჩემს პროფესიაში, საუკეთესო განათლებას ისევ თსუ მომცემს“.

მარიამ ტიელიძე, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი